განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001998626
საქმე №2ბ/208-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
I აპელანტი - დ----- ც--–--ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - მ--–---- გ-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ქ------- ც--–--ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი - თ------ ა-------–---–ი
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად
II აპელანტი - ქ------- ც--–--ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი - თ------ ა-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - დ----- ც--–--ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - მ--–---- გ-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ი--- მ---------ე
წარმომადგენელი - დ---- მ-----–-–---–ი
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელეებმა დ----- ც--–--ემ და ი--- მ---------ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქ------- ც--–--ის მიმართ სარჩელი აღძრეს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღიარებული იქნას, რომ ქ. თბილისში, მ--------–ის ქუჩა N25-ში, ს/კ 0--------------- ექსპროპრიაციის შედეგად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მესაკუთრეებისათვის საკომპენსაციოდ გადახდილი თანხიდან - 212 735.5 ლარიდან (რომელიც განთავსებულია ნოტარიუს მ-----ა გ------–--ის სადეპოზიდო ანგარიშზე) დ----- ც--–--ის წილი შეადგენს 73 658.72 ლარს, ხოლო ი--- მ---------ის 69 538.39 ლარს.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აღიარებული იქნა, რომ ქ. თბილისში, მ--------–ის ქუჩა N25-ში, ს/კ 0--------------- ექსპროპრიაციის შედეგად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მესაკუთრეებისათვის საკომპენსაციოდ გადახდილი თანხიდან - 212735.5 ლარიდან (რომელიც განთავსებულია ნოტარიუს მ-----ა გ------–--ის სადეპოზიდო ანგარიშზე) დ----- ც--–--ის წილი შეადგენს 23 637.28 ლარს, ხოლო ი--- მ---------ის 94 549.11ლარს.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება დ----- ც--–--ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ასევე, გადაწყვეტილება ქ------- ც--–--ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით დ----- ც--–--ემ და ქ------- ც--–--ემ გაასაჩივრეს.
6. დადგენილია, რომ 26.10.2016 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მხარეები თანასაკუთრებაში ფლობდნენ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, მ--------–ის ქუჩა N25-ში, ს/კ0---------------. ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 2332 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9. ი--- მ---------ის წილი შეადგენდა 4/9, ქ------- ც--–--ის 4/9 და დ----- ც--–--ის წილი შეადგენს 103.28 კვ.მ. (იხ. ტომი I, ს.ფ. 30).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ი--- მ---------ის, ქ------- ც--–--ის და დ----- ც--–--ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ნაწილზე, კერძოდ 442 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე მდებარე: ქ. თბილისი, მ--------–ის ქუჩა N25-ში, ს/კ 0--------------- და ამ ქონების მესაკუთრედ აღირიცხა სახელმწიფო (ს/კ 0---------------) (იხ. ტომი I, ს.ფ. 78, 32).
8. უდავოა გარემოება, რომ ექსპროპრიაციის შემდეგ მხარეთა თანასაკუთრებაში დარჩენილი ქონების ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხა შემდეგი თანაფარდობით: ი--- მ---------ე 4/9, ქ------- ც--–--ე 4/9 და დ----- ც--–--ე 1/9 წილის (ს/კ 0---------------) (იხ. ტომი I, ს.ფ. 35).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე ი--- მ---------ის, ქ------- ც--–--ის და დ----- ც--–--ის ანგარიშზე ჩაირიცხა 212 361 + 375 ლარი (იხ. ტომი I,ს.ფ. 84).
10. შპს „ა-----ის“ მიერ ი--- მ---------ის, ქ------- ც--–--ის და დ----- ც--–--ის თანასაკუთრებაში არსებული ქონების ღირებულება განისაზღვრა 212735.5 ლარით. ამავე დასკვნის თანახმად 1 კვ.მ მიწის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო საცხოვრებელი სახლის ღირებულება 649 ლარით. აქვე განსაზღვრულია სხვა ქონებების კერძოდ, ავტოფარეხის, ჭიშკრის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების განადგურებისათვის გასაცემი საკომპენსაციო და სხვა ქონებების ღირებულება (იხ. ტომი I, ს.ფ. 84-86).
11. მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული საზიარო საგანი ექსპროპრიაციის შედეგად შეფასებულია 212 735.5 ლარად.
12. საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება.
13. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.
14. სსკ-ის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
15. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. დასახელებული ნორმის დისპოზიციით განსაზღვრულია საზიარო უფლების მქონე პირის უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით, ხოლო თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია – საზიარო საგნის რეალიზაციით (სსკ-ის 964-ე მუხლი). საზიარო უფლების გაუქმებისათვის ამ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის მიერ ნების გამოვლენა საკმარისია.
საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, განეკუთვნება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.
16. კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
17. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მონაწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.
18. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა თანასაკუთრებაში იმყოფებოდა უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, მ--------–ის ქუჩა N25-ში, ს/კ0---------------. ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 2332 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9. ი--- მ---------ის წილი შეადგენდა 4/9, ქ------- ც--–--ის 4/9 და დ----- ც--–--ის წილი შეადგენდა 103.28 კვ.მ. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მესაკუთრეებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამოერთვათ 442 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობები რის სანაცვლოდაც საკომპენსაციო თანხის სახით გადახდილია 212 735.5 ლარი.
19. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
20. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ი--- მ---------ის, ქ------- ც--–--ის და დ----- ც--–--ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ნაწილზე, კერძოდ 442 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე მდებარე: ექსპროპრიაციის შემდეგ მხარეთა თანასაკუთრებაში დარჩენილი ქონების ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხა შემდეგი თანაფარდობით: ი--- მ---------ე 4/9, ქ------- ც--–--ე 4/9 და დ----- ც--–--ე 1/9 წილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე ი--- მ---------ის, ქ------- ც--–--ის და დ----- ც--–--ის ანგარიშზე ჩაირიცხა 212 361 + 375 ლარი. შპს „ა-----ის“ მიერ ი--- მ---------ის, ქ------- ც--–--ის და დ----- ც--–--ის თანასაკუთრებაში არსებული ქონების ღირებულება განისაზღვრა 212 735.5 ლარით. ამავე დასკვნის თანახმად 1 კვ.მ მიწის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით (442 კვ.მ X 45 ლარზე = 19890 ლარს), შესაბამისად მიწის ნაკვეთის მთლიანი საკომპენსაციო თანხა შეადგენს 19 890 ლარს, რომელიც უნდა განაწილდეს სამ ნაწილად და თითოეულს უნდა მიეკუთვნოს 6630 ლარი. რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის ღირებულებას, დასკვნის თანახმად ღირებულება განისაზღვრა - 649 ლარით. განსახილველ შემთხვევაში, დ----- ც--–--ის - 103.28 კვ.მ-ის ღირებულება შეადგენს 67 028.72 ლარს (103,28 X 649). აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს 192845,50 (212735,50-19890) ლარს და დარჩენილი თანხა - 125816,78 ლარი, თანაბრად უნდა განაწილდეს ქ------- ც--–--ისა და ი--- მ---------ეს შორის. შესაბამისად, ექსპროპრიაციის შედეგად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მესაკუთრეებისათვის ექსპროპრიაციის შედეგად საკომპენსაციოდ გადახდილი თანხიდან - 212 735.5 ლარიდან (რომელიც განთავსებულია ნოტარიუს მ-----ა გ------–--ის სადეპოზიდო ანგარიშზე) დ----- ც--–--ის წილი შეადგენს 73 658.72 ლარს, ხოლო ი--- მ---------ის წილი შეადგენს 69 538.39 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ქ------- ც--–--ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დ----- ც--–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აპელანტ ქ------- ც--–--ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში. აპელანტი დ----- ც--–--ე გათავისუფლებულია საელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დ----- ც--–--ის სააპელაციო საჩივრი დაკმაყოფილდეს;
2. ქ------- ც--–--ის სააპელაციო საჩივრი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
4. ი--- მ---------ის და დ----- ც--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
5. აღიარებული იქნას, რომ ქ. თბილისში, მ--------–ის ქუჩა N25-ში, ს/კ0--------------- ექსპროპრიაციის შედეგად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მესაკუთრეებისათვის საკომპენსაციოდ გადახდილი თანხიდან - 212735.5 ლარიდან (რომელიც განთავსებულია ნოტარიუს მ-----ა გ------–--ის სადეპოზიდო ანგარიშზე) დ----- ც--–--ის წილი შეადგენს 73 658.72 ლარს, ხოლო ი--- მ---------ის 69 538.39 ლარს.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, რომელიც ესწრება სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სსს კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის განჩინების გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ოთარ სიჭინავა