განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020310018002539461 (3/ბ-541-18წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
ნანა კალანდაძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტები – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (მოპასუხეები), ვ--–---ი შ------ი (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ-----ა რ------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქორწინების სააქტო ჩანაწერის შესწორების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტების, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მოთხოვნა: გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება, თ-----ა რ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
1.1. აპელანტ ვ--–---ი შ------ის მოთხოვნა: გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმე დაბრუნდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და დაევალოს ხელახალი განხილვის მიზნით საქმე გადასცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2. საქმის არსსა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 11 ივლისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ-----ა რ------ის წარმომადგენელმა დ------- თ--------მ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იმავე სააგენტოს თბილისისა და წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა - თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 10.04.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 14.05.2018წ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; წალენჯიხის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული თ-----ა რ------ის ქორწინების სააქტო ჩანაწერის შესწორება, კერძოდ, შესწორდეს საცოლის სახელი ტ------, გვარი ქორწინების შემდეგ რ------ და დაემატოს ქორწინების რეგისტრაციის თარიღი 23.06.1975წ.
მოსარჩელის მტკიცებით, მისი ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 23.06.1975 წ წალენჯიხის რაიონის სოფ. ჭ--–-ში, რომელიც იმ პერიოდისთვის მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი სოფლის ტერიტორიაზე ასრულებდა მმაჩის განყოფილების ფუნქციას. რეგისტრაციისას დაშვებულია რამდენიმე უზუსტობა. არასწორად დაფიქსირდა მისი (მოსარჩელის) სახელი თ-----ი _ თ-----ას ნაცვლად, სავარაუდოდ მისი რუსულენოვანი სახელის ქართული შესატყვისის არსებობის გამო. საერთოდ არ არის მითითებული ქორწინების რეგისტრაციის თარიღი, მითითებულია რომ მოსარჩელემ შეიცვალა გვარი, რაც არ შეესაბამება რეალობას. მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და ქორწინების რეგისტრაციის თარიღის დასადგენად სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარადგინა ქორწინების მოწმობის ასლი რუსულ ენაზე ქართული თარგმანით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნა, რომ წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახური მიჩნეულ უნდა ყოფილიყო არასათანადო მოპასუხედ, რადგან სადავო სამართლებრივი აქტები გამოცემულია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა თავის შესაგებელში (რომელიც რაიონულ სასამართლოში შესულია გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, 2018 წლის 24 სექტემბერს) მიუთითა, რომ სადავო 2018 წლის 10 აპრილის N0----------- გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონის სრული დაცვით. კერძოდ, თ-----ა რ------ის წარმომადგენლის თ----- კ--–-----ს მოთხოვნის საგანს წარმოადგენდა, თ-----ა რ------ის ქორწინების აქტის ჩანაწერში საცოლის სახელის შესწორება მონაცემით - თ-----ა, საცოლის ქორწინების შემდეგი გვარის შესწორება მონაცემით - რ------, ქორწინების აქტის რეგისტრაციის თარიღის დამატება - მონაცემით - 23.06.1975 წელი, ასევე საქმისწარმოებისას გამოვლენილი სხვა უზუსტობების შესწორება. თ-----ა რ------ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები: 1975 წლის 23 ივნისს წალენჯიხის რაიონის ჭ--–-ს სასოფლო საბჭოს მიერ გაცემულ იქნა ქორწინების მოწმობა II-PЭ N714578, რომლის თანახმად თ-----ა რ------მა იქორწინა ვ--–---ი შ------თან, საცოლის ქორწინების შემდეგი გვარია - რ------ი, ქორწინების აქტის ჩანაწერის N771, რეგისტრირებულია - 1975 წლის 23 ივნისს. აღნიშნული ქორწინების მოწმობის მიმართ თ-----ა რ------ს გააჩნია კანონიერი ნდობა. თ----- კ--–----- მიუთითებდა, რომ ქორწინების მოწმობაში მითითებულ მონაცემებს არ შეესაბამება თ-----ა რ------ის ქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. კერძოდ, ქორწინების აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის თარიღი, ხოლო საცოლის სახელი თ-----ი და საცოლის გვარი ქორწინების შემდეგ შ------, მითითებულია შეცდომით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ N18 ბრძანების 58-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლების თანახმად საქმეზე მოძიებულ იქნა შემდეგი დოკუმენტები: 1. წალენჯიხის რაიონის ჭ--–-ს სასოფლო საბჭოს მიერ რეგსიტრირებული N9 ქორწინების აქტის პირველი ეგზემპლარი, რომლის თანახმად თ-----ი ს-------–--ის ასულმა რ------მა, დაბადებულმა 1946 წლის 20 სექტემბერს, იქორწინა 1944 წლის 01 აგვისტოს დაბადებულ ვ--–---ი ფ--–--ეს ძე შ------თან. საცოლის ქორწინების შემდეგი გვარია - შ------, ქორწინების აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული აქტის რეგისტრაციის თარიღი. გაცემულია ქორწინების მოწმობა N714571. ქორწინების აქტის მეორე ეგზემპლარი არ იძებნება. 2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის N2/2240-18 წერილი, რომლის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის N2/2240-18 საქმეზე მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე. თ-----ა რ------ის მინდობილი პირის თ----- კ--–-----ს 2018 წლის 12 იანვრის N0----------- განცხადების განხილვის დროს გაირკვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს წარმოება ვ--–---ი შ------სა და თ-----ა რ------ს შორის N9 ქორწიების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 26 იანვრის N0----------- გადაწყვეტილებით თ-----ა რ------ის მინდობილი პირის თ----- კ--–-----ს განცხადების განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2018 წლის 10 აპრილის ჩათვლით. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ თ-----ა რ------ის ქორწინების აქტის ჩანაწერის შესწორების საქმეში დაინტერესებულ პირად ჩართულ იქნა ვ--–---ი შ------ი. 2018 წლის 30 მარტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს N72072 განცხადებით მიმართა ვ--–---ი შ------ის მინდობილმა პირმა მ-----– ე-–---–---–მა, რომელიც არ დაეთანხმება თ-----ა რ------ის მინდობილი პირის თ----- კილანავს მოთხოვნას N9 ქორწინების აქტის ჩანაწერის შესწორების შესახებ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 10 აპრილს დანიშნულ ზეპირ მოსმენაზე ვ--–---ი სასტიკის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ თ-----ა რ------ის წარმომადგენლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ქორწინების მოწმობის სიყალბის გამო. ქორწინების მოწმობაში მითითებული სააქტო ჩანაწერის ნომერი N771 წალენჯიხის რაიონის ჭ--–-ს სასოფლო საბჭოს მიერ გაცემული 23.06.1975 წელს ბუნებაში არ არსებობს. ქორწინების მოწმობის ნომერი ნუმერაციით N714578 გაცემულია სულ სხვა მექორწინე პირებზე და ფიქსირდება წალენჯიხის რაიონის ჭ--–-ს სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებულ N6 ქორწინების აქტის ჩანაწერზე.
შესაგებელში, ასევე აღნიშნულია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა თ-----ა რ------ის წარმომადგენლის თ----- კ--–-----ს განცხადება არ დააკმაყოფილა შემდეგ გარემოებათა გამო: 1975 წლის 23 ივნისს წალენჯიხის რაიონის ჭ--–-ს სასოფლო საბჭოს მიერ გაცემულ ქორწინების მოწმობაში II-PЭ N714578 მითითებული მონაცემები არ შეესაბამება N9 ქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებულ მონაცემებს, კერძოდ, აქტის ნომერს (N9) და გაცემული მოწმობის ნომერს - 714571. ამასთან, N771 ქორწინების აქტის ჩანაწერი წალენჯიხის რაიონის ჭ--–-ს სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული არ არის, ხოლო ქორწინების მოწმობის ნომერი N714578 ფიქსირდება N6 ქორწინების აქტზე, რომელიც რეგისტრირებულია სხვა პირებზე. ამასთან, ქორწინების აქტის ჩანაწერში მექორწინეთა ხელის მოწერის გრაფაში შეინიშნება გადასწორების ნიშნები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, _ ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 10.04.2018 წ გადაწყვეტილება N0----------- თ-----ა რ------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 14.05.2018 წ. გადაწყვეტილება N0---------- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ უნდა შესწორდეს წალენჯიხის რაიონის სოფ. ჭ--–-ს სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული სააქტო ჩანაწერი N9 და მასში დაფიქსირდეს შემდეგი მონაცემები: საცოლე მოქალაქე ტ------ რ------ ს-------–--ის ასული, გვარი ქორწინების შემდეგ რ------, რეგისტრაციის თარიღი 23.06.1975. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე თ-----ა რ------ დაბადებული 20.09.1946 წ. არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტში 4----------- არის ჩანაწერი მისი ოჯახური მდგომარეობის (ქორწინების) შესახებ, რომლითაც იგი რეგისტრირებულია ვ--–---ი ფ--–--ეს ძე შ------თან დაბ. 1944 წ, ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოს სსრ ჭ--–-ს სასოფლო საბჭოში 23.06.1975წ. აღნიშნული ჩანაწერი ეფუძნება მოსარჩელესთან არსებულ ქორწინების მოწმობას, რომლის ბლანკი ორენოვანია (ქართულ–რუსული) თუმცა მასში ჩანაწერი შესრულებულია მხოლოდ რუსულ ენაზე. ამ ჩანაწერებით დადგენილია, რომ ტ------ რ------მა დაბ. 1946 წ და ვ--–---ი შ------მა იქორწინეს 23.06.1975 წ და ქორწინების შემდეგ მიენიჭათ გვარები ქმარს შ------, ცოლს რ------. ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოს სსრ წალენჯიხის რაიონის სოფ. ჭ--–-ს სასოფლო საბჭოში.
სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით წალენჯიხის რაიონის სოფ. ჭ--–-ს საბჭოს მიერ რეგისტრირებულია ქორწინების აქტის ჩანაწერი N9, რომელიც შევსებულია ქართულ ენაზე და შეიცავს მოსარჩელის ქორწინების რეგისტრაციის მონაცემებს, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში ცდომილობებით. კერძოდ, აღნიშნულ ჩანაწერში საერთოდ არ არის მითითებული აქტის შედგენის (ქორწინების რეგისტრაციის) თარიღი, არასწორი სახელით (ნამდვილის ქართული შესატყვისით) არის მითითებული მოსარჩელე და აღნიშნულია რომ მოსარჩელემ შეიცვალა გვარი.
სააქტო ჩანაწერში მითითებულია რეგისტრაციისას გამოყენებული სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის ნომერი, რომლის ასლი ინახება მოსარჩელესთან. მასში შეტანილია მისი ქორწინების და განქორწინების, ასევე წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭ--–-ში რეგისტრირებული ქორწინების შესახებ. წალენჯიხის რაიონის სოფ. ჭ--–-ს სასოფლო საბჭოში (რომელიც შესაბამის სოფელში ახორციელებდა მმაჩის განყოფილების უფლებამოსილებას) რეგისტრირებული ქორწინების #9 სააქტო ჩანაწერის პირველი ეგზემპლარი დაცულია არქივში. აქტის მეორე ეგზემპლარი არ იძებნება. ვ--–---ი შ------ის და ტ------ რ------ის ქორწინება დაადასტურეს საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმაც, მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა საოჯახო ფოტოსურათები სადაც მოსარჩელე მეუღლესთან და შვილთან ერთად არის გადაღებული.
წარმოდგენილია მოსარჩელის შვილის ი-–---- შ------ის დაბადების მოწმობა, სადაც მისი მშობლები მითითებული არიან მამა – ვ--–---ი შ------, დედა – ტ------ რ------. ი-–---- შ------ი დაბადებულია 25.02.1976 წ. მისი დაბადების მოწმობა გაცემულია 10.03.1976წ. ანუ მშობლების ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ. მოსარჩელემ წარმოადგინა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.07.2018წ. განჩინება, სადაც ასევე დადგენილ ფაქტად არის მიჩნეული თ-----ა რ------ის და ვ--–---ი შ------ის ქორწინება. მოსარჩელემ მისი ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერში დაშვებული უზუსტობების შესწორების მოთხოვნით მიმართა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ აქტი შეიცავს გარკვეულ ჩასწორებებს, მასში არ არის მითითებული თარიღი, რის გამოც ვერ დგინდება ქორწინების ნამდვილობა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა იგივე გარემოებებზე მითითებით. საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტების ქართულ ენაზე წარმოდგენილ თარგმანებში მოსარჩელის სახელი მითითებულია სხვადასხვაგვარად, მაგ. პირადობის მოწმობაში წერია სახელი თ-----ა რ------, ხოლო ქორწინების მოწმობაში და მისი შვილის ი-–---- შ------ის დაბადების მოწმობის თარგმანში - ტ------ რ------, რაც ენობრივი თავისებურებებით არის განპირობებული და დადგენილია, რომ ერთი და იმავე პირს - მოსარჩელეს ეკუთვნის.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებდა თ-----ა რ------ისა და ვ--–---ი შ------ის ქორწინების რეგისტრაციას 23.06.1975 წ, გარკვეული ცდომილებებით, რაც დაშვებული იყო რეგისტრაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის ბრალით და იგი უნდა შესწორებულიყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისად, სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. ასეთი დასკვნა სასამართლომ დააფუძნა შემდეგ სამართლებრივ მსჯელობას:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის ბათილობის ეს საფუძველი სახეზეა. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. იმავე კანონის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა. ასეთი შეცდომების არსებობა დადგენილია საქმის მასალებით და ეს შეცდომები არსებობდა მოსარჩელის მიერ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში განცხადების წარდგენისას, შესაბამისად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის დასაბუთება, რომ მას ქორწინების სააქტო ჩანაწერის ხელმოწერამდე უნდა ენახა დაშვებული შეცდომები და უნდა მიეთითებინა რეგისტრატორისთვის. ხელმოწერით მან დაადასტურა შეტანილი ინფორმაციის სისწორე, რის შემდეგ ქორწინების აქტის ჩანაწერის შესწორებაზე პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ხელმოწერა შესრულებულია აქტის მე-2 გვერდზე სადაც მოსარჩელის ხელმოწერამდე უზუსტობები დაშვებული არ არის, უზუსტობები ასევე არ არის აქტის 1-ლი გვერდის იმ ნაწილში სადაც მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციაა დაფიქსირებული, რაც შეეხება აქტის ნომრის, მისი შევსების თარიღის და მექორწინეთა შეცვლილი გვარის დაფიქსირებას ეს სწორედ რომ რეგისტრაციის განმახორციელებელი პირის მიერ სწორად შესატან ინფორმაციას წარმოადგენს და მის სისწორეზე აუცილებელი კონტროლი მოსარჩელის ტვირთად არ უნდა გადაიქცეს. აქტის ნომრის სწორად დასმის კონტროლი მოსარჩელის მხრიდან საერთოდ შეუძლებელია.
რაც შეეხება მოსარჩელეზე გაცემული ქორწინების მოწმობის ნომრის სწორად მითითების შემოწმებას, სასამართლომ მიუთითა, რომ ეს მოქმედებაც ვერ განხორციელდებოდა მოსარჩელის მიერ ქორწინების აქტზე ხელმოწერისას, რადგან თვითონ ბლანკი ამ ინფორმაციის შეტანას ითვალისწინებს მექორწინეთა ხელმოწერის გრაფის შემდეგ, აქტის ბლანკის იმ ნაწილში, სადაც მხოლოდ რეგისტრაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და შესაბამისი ბეჭედია დასმული შესაბამისად აქტის ამ ნაწილში შეტანილი მონაცემების სისწორეზე მოსარჩელე ვერ აგებს პასუხს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელისთვის გადაცემული ქორწინების მოწმობა, რომელიც წლების მანძილზე გამოიყენებოდა მოსარჩელის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში შეიცავდა ყველა რეკვიზიტს, მასში შეტანილი მონაცემები არ შეიცავდა რაიმე უზუსტობას არც მოსარჩელის სახელთან, არც მის ქორწინების შემდგომ გვართან, არც ქორწინების რეგისტრაციის თარიღთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტის მიმართ მოსარჩელეს ჰქონდა კანონიერი ნდობა და ის არ ვარაუდობდა, რომ სადავო საკითხებში არსებობდა ან შესაძლებელი იყო რაიმე ცდომილება. მოსარჩელესთან არსებული ქორწინების მოწმობის სიყალბე არ არის დადგენილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ წალენჯიხის რაიონის სოფ. ჭ--–-ს სასოფლო საბჭოს არ ჰქონდა გადაცემული ქორწინების მოწმობის ბლანკის დედანი, რომლის შევსებული და სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი მოსარჩელესთან ინახება.
მოწმეთა ჩვენებებით, წარმოდგენილი ფოტოსურათებით, მოსარჩელის შვილის დაბადების მოწმობით, ქორწინების რეგისტრაციის აქტის ჩანაწერით, ქორწინების მოწმობით, მოსარჩელის ამჟამად მოქმედი რუსეთის ფედერაციის პასპორტისა და სსრკ სიმბოლიკიანი პასპორის სათანადო აღნიშვნებით უტყუარად არის დადგენილი რომ თ-----ა რ------სა და ვ--–---ი შ------ს შორის არსებობდა ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შესაქმნელად, მათ გამოხატეს ამ კავშირის რეგისტრაციის ნება წალენჯიხის რაიონის სოფ. ჭ--–-ს სასოფლო საბჭოში მიმართვით, იქ ფიზიკურად გამოცხადებით, ქორწინების აქტის ჩანაწერზე ხელმოწერითა და ქორწინების მოწმობის მიღებით. ქორწინების რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომების შესწორებაზე უარი ეწინააღმდეგება ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტს, ლახავს მასარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. შესაბამისად მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს უნდა დაევალოს ქორწინების სადავო სააქტო ჩანაწერში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შესწორებების შეტანა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში 3/ბ-541-18 (მოსარჩელე: თ-----ა რ------, მოპასუხეები: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახური) საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება - ვ--–---ი ფ--–--ეს ძე შ------.
ზუგდიდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა და მესამე პირად ჩაბმულმა ვ--–---ი შ------მა (წარმომადგენლები: მ-----– ე-–---–---–ი, ს-------- ჯ---–--ე).
აპელანტი, სიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის დარღვევით. კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის საგანს წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 14 აპრილის N0----------- და სააგენტოს 2018 წლის 14 მაისის N0---------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს თ-----ა რ------ის სარჩელთან დაკავშირებით ეცნობა 2018 წლის 04 სექტემბერს, თუმცა არ გადმოეგზავნა ადმინისტრაციული სარჩელი და მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. აღნიშნული დოკუმენტები აპელანტს ჩაჰბარდა, მხოლოდ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 2018 წლის 14 სექტემბერს. 2018 წლის 20 სექტემბერს დაინიშნა მომდევნო სხდომა, რის გამოც მოპასუხეს არ მიეცა გონივრული ვადა პოზიციის დასაფიქსირებლად და მტკიცებულებების წარმოსადგენად, უფრო მეტიც სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს არ ჩაჰბარებია სამართალწარმოებაში ჩართული მეორე მოპასუხე მხარის, სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის შესაგებელი. სხდომაზე არ დაკმაყოფილდა ასევე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენლის შუამდგომლობა მტკიცებლებებისა და შესაგებლის წარდგენის მიზნით ვადის მიცემის თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, აპელანტი მიუთითებს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 10 აპრილის N0----------- გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ. კერძოდ, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის „ა“ პუნქტუს თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა. მოსარჩელის მიმართ რეგისტრირებული აქტის ჩანაწერში კი სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრაციის დროს დაშვებული შეცდომაც ვერ იქნა აღმოჩენილი, რაც არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ. ასევე არ იქნა გაზიარებული ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ქორწინების აქტის რეგისტრაციის დროს მომაცემების სისწორე დაადასტურა ხელმოწერით, რაზეც სასამართლომ აღნიშნა რომ ხელმოწერა შესრულებულია მეორე გვერდზე, რომელშიც შეცდომა არ არის დაშვებული. ასევე სასამართლომ განმარტა, რომ შეცდომა არ არის დაშვებული სააქტო ჩანაწერის იმ ნაწილში, სადაც ფიქსირდება მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად შეცდომა ფიქსირდება სააქტო ჩანაწერის მხოლოდ იმ გრაფაში, რომლის სისწორეზე კონტროლი არ წარმოადგენს მექორწინეთა ვალდებულებას, კერძოდ, რეგისტრაციის თარიღის და მოსარჩელის ქორწინების შემდგომი გვარის ნაწილში. 1975 წელს მოქმედი კანონის თანახმად, ქორწინების აქტის ჩანაწერზე ხელმოწერა ხორციელდებოდა სააქტო ჩანაწერის წაკითხვის შემდეგ. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით აშკარაა ის გარემოება, რომ ქორწინების აქტის ჩანაწერი წაკითხულ უნდა ყოფილიყო სრულად და არა ნაწილობრივ. მხოლოდ სრულად წაკითხვის შემდგომ უნდა მომხდარიყო აქტზე ხელმოწერის განხორციელება, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა თ-----ა რ------ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები. როგორც თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 10 აპრილის N0----------- გადაწყვეტილებიდან იკვეთება სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში განმცხადებლის მოთხოვნის საგანს წარმოადგენდა ქორწინების აქტის შესწორება II-РЭ N714578 ქორწინების მოწმობის საფუძველზე. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ დადგენილ იქნა, რომ 1975 წლის 23 ივნისს წალენჯიხის რაიონის ჭ--–-ს სოფლის საბჭოს მიერ გაცემულ II-РЭ N714578 ქორწინების მოწმობაში მითითებული მონაცემები არ შეესაბამებოდა N9 ქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებულ მონაცემებს (კერძოდ, აქტის N9-ს და გაცემული მოწმობის ნომერს 174571). ამასთან, N771 ქორწინების აქტის ჩანაწერი წალენჯიხის რაიონის ჭ--–-ს სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული არ არის, ხოლო ქორწინების მოწმობის ნომერი N714578 ფიქსირდება N6 ქორწინების აქტზე, რომელიც რეგისტრირებულია სხვა პირებზე. ასევე ქორწინების აქტის ჩანაწერში მექორწინეთა ხელის მოწერის გრაფაში შეინიშნება გადასწორების ნიშნები. შესაბამისად, წარმოდგენილი ქორწინების მოწმობა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა ვერ მიიჩნია კანონის მოთხოვნათა დაცვით გაცემულად. სასამართლო გადაწყვეტილებით კი აშკარაა, რომ სასამართლომ იმსჯელა ქორწინებს ფაქტის არსებობაზე, რითაც გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ქორწინების აქტის შესწორებასთან დაკავშირებით, თუმცა გადაწყვეტილებაში არ მიუთითა ტერიტორიული სამსახური (მიუხედავად იმისა, რომ პროცესში მოპასუხეებად ჩართული იყვნენ სააგენტოს წალენჯიხის და თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები), რომელმაც უნდა მოახდინოს თ-----ა რ------ის მიმართ რეგისტრირებული აქტის შესწორება.
აპელანტები, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და ამავე სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახური თავიანთ სააპელაციო საჩივარს, იგივე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე აფუძნებენ, რაზეც მიუთითებს სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური და დამატებით აღნიშნავენ, რომ სასამართლოს მიერ სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ ყოფილა ჩართული მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში სააგენტო). დაირღვა შეჯიბრობითობის პრინციპი. ფაქტობრივად საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით სასამართლომ არ მისცა სააგენტოს პოზიციის დაფიქსირების საშუალება.
მოპასუხე მხარის, წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რომლის მიხედვითაც დასტურდებოდა, რომ სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახური მითითებულ დავაზე არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან 2018 წლის 10 აპრილის N0----------- გადაწყვეტილება, თ-----ა რ------ის მიმართ შესწორებაზე უარის თმის შესახებ, მიღებულია სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს, სააგენტოს მიერ 2018 წლის 14 მაისის N0---------- გადაწყეტილებით ძალაში იქნა დატოვებული. კანონმდებლობით შესწორების საქმისწარმოებაზე არ არის დადგენილი ტერიტორიული ქვემდებარეობა, შესაბამისად, წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახური არ წარმოადგენს მითითებულ დავაზე მოპასუხეს. სასამართლო გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა, თუ რა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით დარჩა მოპასუხედ სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, ასვე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით არ დგინდება სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ რა ნაწილში დააკმაყოფილა სასამართლომ სარჩელი და რა ქმედების განხორციელება დაევალა მას.
მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს ვ--–---ი შ------ისა და თ-----ა რ------ის ქორწინების ფაქტს, რასაც ადასტურებს მოწმეების ჩვენებები და ფოტოსურათები. თუმცა განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს ქორწინების ფაქტის დადგენა ან/და ქორწინების ნამდვილობის დადგენა, რაც სხვა სასამართლოს განსჯადია. სადავოდ გამხდარია რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებული არასწორი მონაცემის, თუ ასეთი იარსებებს, შესწორება. წარმოდგენილი ფოტოსურათებით შეუძლებელია მექორწინეების ქორწინების შემდგომი გვარის დადგენა. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ პირის მიმართ დოკუმენტის კუთვნილების ფაქტის დადგენა არ წარმოადგენს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეზე განსჯად დავას.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის დარღვევით, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის საგანს წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 14 აპრილის N0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სააგენტოს 2018 წლის 14 მაისის N0---------- გადაწყეტილების ბათილად ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, ზუგდიდის რაიონულმა სასამართომ სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებასთან ერთად ბათილად ცნო ზემდგომი ორგანოს, სააგენტოს N0---------- გადაწყვეტილება, ისე რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის არ უცნობებია მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ, რითაც სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული შეჯიბრობითობის პრინციპი.
აპელანტ ვ--–---ი შ------ის წარმომადგენლების განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეში სავალდებულო წესით მესამე პირად ჩართული არ ყოფილა ვ--–---ი შ------ი, მაშინ როცა იგი წარმოადგენდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია არანაირი შეტყობინება აღნიშნული ადმინისტრაციული დავის შესახებ, მაშინ როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იგი მოიწვიეს მესამე პირად და მონაწილეობა მიაღებინეს გასაჩივრებული აქტის გამოცემისათვის ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო სასამართლომ იცოდა რა ვ--–---ი შ------ის შესახებ, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საქმეში სავალდებულოდ ჩასართავ პირს, არ ჩააბა იგი სასამართლო განხილვაში, რითაც უხეშად დაარღვია, როგორც საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებული ფუნდამენტური უფლებები და პრინციპები, როგორიცაა შეჯიბრებითობის პრინციპი და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამგვარად, ცალკე აღებული მხოლოდ ეს გარემოებაც კი წარმოადგენს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა საქმეზე, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარებოდა და იგი განსჯადობით უნდა გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სადავოდ გამხდარი აქტები სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საჩივრდებოდა. შესაბამისად, უხეშად არის დარღვეული უწყებრივი ქვემდებარეობის საკითხი, რაც ამავდროულად წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
ზუგდიდის რაიონული სასამართო გასცდა დავის საგანს და იმსჯელა ისეთ საკითხებზე, რომელიც მოსარჩელის მიერ დაყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, დარღვეულია ინკვიზიციურობის პრინციპიც, რაც ასევე უხეშ დარღვევას წარმოადგენს. სასამართლოს უნდა ემსჯელა მხოლოდ და მხოლოდ სადავო აქტების კანონიერებაზე და არა ვ--–---ი შ------ისა და თ-----ა რ------ის ქორწინების ფაქტის ნამდვილობაზე, მაშინ როდესაც ამ საკითზე მსჯელობა მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა. ამასთან, უნდა ითქვას რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარეებს არ მისცემიათ საშუალება წარედგინათ შესაგებელი და მტკიცებულებები, რათა კვალიფიციურად დაეცვათ გასაჩივრებული აქტების კანონიერება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა და მესამე პირის (აპელანტის) მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. რაიონული სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს დასკვნას, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს თ-----ა რ------ისა და ვ--–---ი შ------ის ქორწინების რეგისტრაციას 23.06.1975წ., გარკვეული ცდომილებებით, რაც დაშვებული იყო რეგისტრაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან, რაც ექვემდებარება შესწორებას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. პალატა იზიარებს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ რაიონული სასამართლოს ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას და დამატებით მიუთითებს შემდეგს:
საქმეში წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ასლით (საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტის ქსეროასლი, მისი თარგმანი ქართულ ენაზე) ირკვევა, რომ თ-----ა ს-------–--ის ასული რ------ი დაბადებული 1946 წლის 20 სექტემბერს (დაბადების ადგილი - სტ. დაურია ბორზინსკის რაიონი ჩიტის ოლქი - პასპორტის N4-----------. მოქალაქის საცხოვრებელი ადგილი - რეგისტრირებულია ქუჩა _ ო----------–----ი, კორპუსი 20; 2 ბინა N96; 7 ივნისი 1995 წელი). დარეგისტრირებულია ქორწინება - საქართველოს სსრ, ჭ--–-ს ს/ს - მოქალაქე ვ--–---ი ფ--–--ეს ძე შ------თან - დაბადებული 1944 წელს. ასლის სისწორე წარდგენილ დოკუმენტთან დამოწმებულია 2017 წლს 07 ივნისს ნოტარიუს ტიმოფეი დენისოვის მიერ (ქ. მოსკოვი).
საქმეში დაცული ქორწინების მოწმობის ასლით (წარმოდგენილია ქართულ ენაზე ნათარგმნი - დამოწმებული ნოტარიუს ტიმოფეი დენისოვის მიერ (ქ. მოსკოვი) - ირკვევა, რომ მოქალაქე ვ--–---ი ფ--–--ეს ძე შ------მა დაბადებულმა 1944 წელს და მოქალაქე ტ------ სტანსლავის ასულმა რ------მა იქორწინეს 1975 წლის 23 ივნისს რაზეც განხორციელდა სააქტო ცანაწერი N771. ქორწინების შედეგად ქმრის გვარია - შ------ი, ცოლის - რ------ი. რეგისტრაციის ადგილი -ს. ჭ--–-, წალენჯიხის რაიონი, საქართველოს სსსრ, ქორწინების მოწმობა გაცემულია 1975 წლის 23 ივნისს. ქორწინების მოწმობის N IIP Э N714578, დამოწმებული საქართველოს სსრ მშრომელთა დეპუტატების ჭ--–-ს სასოფლო-საბჭოს აღმასკომის მრგვალი ბეჭდით.
დაბადების მოწმობის ასლით ირკვევა, რომ ი-–---- ვ--–---ის ასული შ------ი დაიბადა 1976 წელის 25 იანვარს ჩუვაშეთის ასსრ, ქალაქ ჩებოქსარიში. სააქტო ჩანაწერი N638, 10.03.1976წ. მამა - ვ--–---ი ფ--–--ეს ძე შ------; დედა - ტ------ ს-------–--ის ასული რ------. დაბადების მოწმობა N IPЛ 368068.
საქმეში წარმოდგენილი ცნობით, გაცემული რუსჰიდრო, სსს „რუსჰიდროს“ ფილიალის „ჩიბოქსარისჰესი“ ირკვევა, რომ თ-----ა რ------ ს-------–--ის ასული ნამდვილად მუშაობდა მშენებარე ჩებოქსარის ჰესის დირექციაში: 1969 წლის 14 აგვისტოს მიღებულ იქნა საწარმოო ტექნიკური განყოფილების ინჟინრად ძირითად და სამრეწველო-სამოქალაქო ნაგებობებზე (ბრძანება მიღების შესახებ 14.08.1969 N110). 1974 წლის 20 აგვისტოს თ-----ა რ------ ს-------–--ის ასული მივლინებულ იქნა ერთი წლის ვადით ჰიდროპროექტის მოსკოვის ინსტიტუტის განკარგულებაში ინგურჰესის თაღოვანი კაშხლის პმგ-ში სამუშაოდ (ბრძანება N60 მშენებარე ჩებოქსარის ჰესის დირექციაზე 13.08.1974 წლის, საპროექტო-მომკვლევი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „ჰიდროპროექტი“ გამოძახება 09.08.1974 წლის, თ.ს. რ------ის განცხადება 12.08.1974 წლის) (ტომი 1, ს.ფ. 89).
მშენებარე ჩიბოქსარჰესის დირექციის 1974 წლის 13 აგვისტოს N60 ბრძანებით (წარმოდგენილია ასლის თარგმანი) ირკვევა, რომ სტგ უფროსი ინჟინერი თ-----ა რ------ი ს-------–--ის ასული მივლინებულ იქნა მოსკოვის ინსტიტუტის ჰოდროპროექტის განკარგულებაში 1 წლის ვადით 1974 წლის 20 აგვისტოდან 1975 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით (ტომი 1, ს.ფ. 93).
მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ივლისის სააპელაციო განჩინებაში საქმეზე N33-16270 (საქმეში დაცულია ქართულენოვანი თარგმანი) აღნიშნულია, რომ მოპასუხე ვ.ფ. შ------მა სასამართლო სხდომაზე არ ცნო სასარჩელო მოთხოვნები, მოითხოვა უარი ეთქვას თ. რ------ს ერთობლივად დაგროვილი ქონების გაყოფის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, განმარტა, რომ მხარეებს შორის ქორწინება არ შემდგარა, ქორწინების მოწმობა გაფორმებულ იქნა აუცილებლობის გამო, რადგან იმ პერიოდში ის იყო პარტიაში, რომელიც არ იცნობდა უბრალო თანაცხოვრებას. დამატებით განმარტა, რომ თ.ს. რ------თან ერთად განცხადება ქორწინების რეგისტრაციის შესახებ არ შეუტანიათ, რეგისტრაციაზე არ გამოცხადებულან, გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ თ.ს. რ------თან ქორწინების მოწმობა მიღებულია უკანონოდ. განჩინებაში ასევე მითითებულია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით სრულად დასტურდება ქორწინება 23.06.1975 წელს მოსარჩელე თ.ს. რ------ს და მოპასუხე ვ.ფ. შ------ს შორის (ტომი 1, ს.ფ. 146-157).
ქორწინების ჩანაწერის აქტი N9 (დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილია ასლის სახით) მიხედვით, რომელსაც არ აქვს თარიღი, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებია: საქმრო: გვარი ქორწინების შემდეგ - შ------, გვარი ქორწინებამდე - შ------, სახელი ვ--–---ი, მამის სახელი - ფ--–--ე, დაბადების თარიღი - 01 აგვისტო 1944 წელი, შეუსრულდა - 30 წელი. საცოლე: გვარი ქორწინების შემდეგ - შ------, გვარი ქორწინებამდე - რ------, სახელი თ-----ი, მამის სახელი - ს-------–--ი, დაბადების თარიღი - 20 სექტემბერი 1946 წელი, შეუსრულდა - 28 წელი. დოკუმენტის მექორწინეთა ხელის მოწერის გრაფაში შეინიშნება გადასწორების ნიშნები, გაცემული მოწმობის სერიის ნომერია: 714571. დოკუმენტი დადასტურებულია ბეჭდით, მმაჩის (განყოფილების) ბიუროს გამგისა და საქმის მწარმოებლის ხელმოწერებით (ტომი 1, ს.ფ 178).
მესამე პირის ვ--–---ი შატიკის წარმომადგენლის, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებების მიხედვით, ქორწინება ვ--–---ი შ------სა და თ-----ა რ------ს შორის არ შემდგარა, ასეთი კანონისმიერად შეუძლებელი იყო, ვინაიდან ვ--–---ი შ------ი ამ დროისთვის იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, რაც სხვა ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. მას არ მიუმართავს განცხადებით ქორწინების მარეგისტრირებელი ორგანოსათვის და არ მოუთხოვია ქორწინების რეგისტრაცია, წყვილი ქორწინების რეგისტრაციის დროისთვის საქართველოში არ იმყოფებოდა, მითუმეტეს ისინი რეგისტრირებულნი არ ყოფილან აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში. შესაბამისად, ჭ--–-ს სასოფლო საბჭოს არ გააჩნდა მათი ქორწინების რეგისტრაციის უფლება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის (18.06.1970 წ.) მე-2 მუხლის მიხედვით, კოდექსი ადგენდა დაქორწინების წესსა და პირობებს. მე-6 მუხლის მე-2 აბზაცით, აღიარებული იყო მხოლოდ ის ქორწინება, რომელიც რეგისტრირებული იყო მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოში. კოდექსის მე-13 მუხლით, დაქორწინება ფორმდებოდა მოქალქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოში. ქორწინების რეგისტრაცია წესდებოდა როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტრესებით, ისე მეუღლეთა და მათი შვილების პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვით. მე-14 მუხლის თანახმად, დაქორწინებისას აუცილებელი იყო დასაქორწინებელ პირთა თანხმობა და საქორწინო ასაკი (18 წელი). მე-16 მუხლის მიხედვით, დაქორწინება ფორმდებოდა 1 თვის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როცა დაქორწინების მსურველნი განაცხადს შეიტანდნენ მმაჩის სახელმწიფო ორგანოში. ცალკეულ შემთხვევებში, საპატიო მიზეზით, ერთთვიანი ვადა შეიძლებოდა შემცირებულიყო მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭო აღმასკომის თავმჯდომარის მიერ. კოდექსის 43-ე მუხლი ადგენდა ქორწინების ბათილობის საფუძვლებს.
კოდექსი ითვალისწინებდა ქორწინების ბათილად ცნობას შემდეგ შემთხვევებში: მეუღლეთა საქორწინო ასაკს მიუღწევლობის გამო (მუხ. 44), დაქოწინებისას ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების (ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან; ბ) პირდაპირი აღმავალი ან დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის, ღვიძლ და აგრეთვე არაღვიძლ დასა და ძმას შორის; გ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; დ) იმ პირებს შორის რომელთაგან თუნდაც ერთი სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, სასამართლოს მიერ ცნობილია არაქმედუნარიანად (კოდექსის მე-18 მუხ.)) არსებობისას (მუხ. 45), იძულების შედეგად მომხდარი ქორწინებისას (მუხ. 46) და ფიქტიური ქორწინებისას (მუხ. 47).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ქორწინების მოწმობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვდა ქორწინების სააქტო ჩანაწერის შესწორებას ამ დრომდე ძალაშია, არც სააქტო ჩანაწერის და არც მის საფუძველზე გაცემული ქორწინების მოწმობის ნამდვილობა მხარეებს შესაბამისი წესით სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნული აქტის საფუძველზე მოსარჩელის მიერ განხორციელებულია იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები, რომელთა განხორციელებისას ქორწინების მოწმობისა და მასში მითითებული მონაცემების ნამდვილობა ეჭვქვეშ არ დამდგარა. დადგენილია ასევე, რომ ვ--–---ი შ------სა და თ-----ა რ------ს შორის რეგისტრირებული ქორწინება დღემდე ნამდვილია და მისი ბათილობის მოთხოვნით დავა არ წარმოებულა. შესაბამისად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ქორწინების მოწმობის მიმართ, მოსარჩელეს გააჩნია კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის ობიექტია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედების (რეალაქტის) სახით. ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის არა მარტო მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი აქტის გაუქმებისაგან, არამედ ამ აქტისგან განსხვავებული ჩანაწერების გაუქმებისგანაც. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქორწინების სააქტო ჩანაწერში მოთხოვნილი შესწორებების განხორციელებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი არ დაუბრუნდებათ სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის და ვ--–---ი შ------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
ნანა კალანდაძე
მურთაზ მეშველიანი