განაჩენი

სისხლის სამართლის 23.09.2019
საქმის ნომერი
020100118002759714
ინსტანცია
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100118002759714

საქმე №1/ბ-468-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

17 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

ბრალდების მხარე: ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ--------------ე

 

გამართლებული (დასწრების გარეშე): ბ----ი ბ------, დაბადებული 1976 წლის 04 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №62409011914), დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; რეგისტრირებული მისამართზე: გალის რაიონის სოფელი ა--------, მცხოვრები: ზუგდიდი, ბ----------------–--–-----------;

ადვოკატი: ფატმან ბერაია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ---- ბ------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 25 ნოემბერს, დღის საათებში ქ. ზუგდიდში, ბ----------------–--–-------ში N4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფმა ბ---- ბ------მ მეუღლეს - მ---------------ას, რომელთანაც იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მ---------------ას არასრულწლოვანი შვილების - ა-–--–ა ბ------სა და თ----- ბ------ს თანდასწრებით, რამდენჯერმე დაარტყა ფეხი და მუშტი სახისა და სხეულის სხვა ნაწილებში, რის შედეგადაც მ---------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნულის გამო, ბ---- ბ------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 29 მაისის განაჩენით: ბ---- ბ------ ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ბ---- ბ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ გაუქმდა და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან;

 

გამართლებულ ბ---- ბ------ს განემარტა მიყენებული ზიანი ანაზღაურების უფლება.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--------------ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ბ---- ბ------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულებმა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ ბ---- ბ------მ ჩაიდინა მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულ ბ---- ბ------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ფ--------------მ ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ბ---- ბ------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ---- ბ------ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა ბ---- ბ------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ნასვამი იყო, მივიდა სახლში, ბავშვები შემოეგებნენ, მანდარინი მიიტანა. მეუღლეს სთხოვა ყავის ადუღება. გულმოსულმა მეუღლემ უთხრა, ,,სადაც დალიე, იქ აგიდუღონო”, რის შემდეგაც გამოვიდა გარეთ, განმარტავს, რომ იგი შებრუნდა სახლში და მეუღლეს უპასუხა, ,,რა დღეში ხარ, ხალხს ესმის“, გულმოსულმა ჩაამსხვრია ფანჯრის მინები და გავიდა გარეთ, ორი საათის განმავლობაში ქუჩაში იყო, როდესაც დაღამდა, უკან დაბრუნდა სახლში, სადაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. განმარტავს, რომ მეუღლისთვის არ დაურტყამს, როდესაც სახლში დაბრუნდა მის შვილებს- ნ---ს და თ-----ს ეძინათ. ბავშვები იყვნენ გარეთ, სახლში არ შესულან. შელაპარაკება სახლში მოხდა. გარეთ გამოსვლისას უთხრა მეუღლემ ცუდი რაღაცეები. გაბრაზებულმა ჩალეწა მინები, მეუღლეს შეაგინა. მეუღლემ რომ მოაძახა, შებრუნდა სახლში და შიგნიდან ჩალეწა მინები. მინების ჩალეწვის მერე შევიდნენ შიგნით ბავშვები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე გ---------------ს ჩვენების თანახმად, შეტყობინების საფუძველზე, მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა დაზარალებული, უთხრა, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, 3 წუთი წიხლებით მცემდაო, რის გამოც, იტკიებდა სხეულის სხვადასხვა ნაწილს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ც---–---------ს ჩვენების თანახმად, 25 ნოემბერს 4:00 საათზე შემოესმა ბავშვის კივილი, დედა ცემაო მამამ და გვიშველეთო. ბრალდებული შემოხვდა კარებთან. დაზარალებული ტიროდა. ბრალდებული მთვრალი იყო. დაზარალებულმა უთხრა, უმიზეზოდ მცემაო ბრალდებულმა წიხლით და წელს იტკიებდა. ბავშვები აივანზე იდგნენ. განმარტავს, რომ დაზარალებულმა უთხრა თმები მომპუტა, წიხლი მირტყაო, წელზე იკიდებდა ხელს. ბავშვიდან ორი საწოლში იყო და იქ ტიროდნენ, ხოლო ორი გარეთ იყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე პ-----------–-------ს ჩვენების თანახმად, 25 ნოემბერს 112-დან შევიდა შეტყობინება. მ---------------ა ითხოვდა დახმარებას. მივიდნენ. დაზარალებულმა თქვა, ძალადობა მოხდაო. ბრალდებული მისულა მთვრალი, დაუწყია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ფეხით და ხელით. დაზარალებული შეშფოთებული, განერვიულებული იყო, გვერდებს იტკიებდა. ბრალდებული წასული იყო. 4 მცირეწლოვანი შვილი იყო იქ. მეზობლებიც იყვნენ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე დ----------------ს ჩვენების თანახმად, გამოკითხა არასრულწლოვნები. ესწრებოდნენ სოციალური მუშაკები და გარეშე პირები - მეზობლები, რადგან მოწმეებმა არ იცოდნენ წერა-კითხვა. ბავშვებმა თქვეს, რომ შეესწრნენ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობას. მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ, მამამ ცემაო დედა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე თ-------------ის ჩვენების თანახმად, გამოკითხა დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო ტანსაცმელი, დანიშნა ექსპერტიზა, გამოკითხა მოწმეები, ბრალდებულს წაუყენა ბრალი, გამოკითხა, აიღო ნიმუშები, მოწმეებს განემარტათ უფლებები. დაზარალებული ამბობდა, რომ ნასვამმა ბრალდებულმა ითხოვა ყავის ადუღება და გავიდა გარეთ. შინ მობრუნება სთხოვა, რაზეც ბრალდებული გაბრაზდა და შეურაცხყოფა მიაყენა, ხელებს და ფეხებს ურტყამდა და ტკიოდა. ამას შეესწრნენ შვილები. ბრალდებულიც ნაწილობრივ ადასტურებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ჟ-------------ს ჩვენების თანახმად, დაზარალებული, ბავშვები და ც---–--------- იყვნენ სახლში. შევიდა, რადგან ბავშვები ხმაურობდნენ ეზოში, ტიროდნენ. დაზარალებული ტიროდა. დაზარალებულმა უთხრა, რომ კონფლიქტი მოუვიდა ბრალდებულთან და ბრალდებული წავიდაო. დაზარალებულს არ უთქვამს, რომ ბრალდებულმა ცემა და ამიტომ იტკიებდა სხეულს. მოწმემ შემდგომ განაცხადა, რომ დაზარალებულმა უთხრა, ხელი დამარტყაო ბრალდებულმა, რასაც ბავშვებიც შეესწრნენო.

 

ზემოაღნიშნულიდნ გამომდინარე, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მოწმეები თავის ჩვენებებში უთითებდნენ მხოლოდ დაზარალებულის და არასრულწლოვანი მოწმეების მიერ გამოკითხვამდე ან გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციაზე, მათ უშუალოდ არ უნახავთ ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები სწორად ვერ იქნა მიჩნეული დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, როგორც ირიბი ჩვენებები. ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გამხდარიყო. ხოლო, უშუალოდ, ქმედების შემსწრე მოწმეებმა, რომლებზეც უთითებენ მოწმეები პირველწყაროდ, ისარგებლეს საქართვლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეები არ წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდებოდა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.

 

მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო, ბ---- ბ------ს ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის 25 ნოემბერს, ქ. ზუგდიდში, ბ----------------–--–-------ში N4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფმა ბ---- ბ------მ მეუღლეს - მ---------------ას, რომელთანაც იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა ბ---- ბ------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა მ---------------ამ, რომელიც მას გამოძიების ეტაპზე ამხელდა ძალადობის ჩადენაში, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ასევე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ბრალდებულ ბ---- ბ------ს შვილებმა. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბ---- ბ------ს მიერ 2018 წლის 25 ნოემბერს თავისი მეუღლე მ---------------ას მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და ბ----ი ბ------ სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ბ---- ბ------ს მიმართ, 2019 წლის 29 მაისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი ბ----ი ბ------ს მიმართ დარჩეს უცვლელად;

 

3.ბ----ი ბ------ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

4.გამართლებულ ბ---- ბ------ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

5.ბ----ი ბ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ გაუქმებულია.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/