განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2019
საქმის ნომერი
010100119002936858
ინსტანცია
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119002936858

საქმე №1/ბ-575-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 სექტემბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ----- ა-----ს ძე ს------–---–ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, დაუოჯახებელი, მცხოვრები: ქ. ბათუმი, დ-------–-----–-- ქ. N20, ბინა N23;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ შ----- ს------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 09 მარტს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ბათუმში, ა----–-----–-- ქუჩა N20, ბინა N23-ში ყოფნისას, შ----- ს------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მარცხენა მხარეზე ხელის მოჭერით, ასევე წაქცევით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - რ----- ს------–---–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის განაჩენით შ----- ს------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ----- ს------–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 09 მარტიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის განაჩენში და მსჯავრდებულ შ----- ს------–---–ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, საშიშროება, მსჯავრდებულის პიროვნება და დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი შ----- ს------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ შ----- ს------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - ო-–-- ც--–--ის, რ---- ჩ----ის, შ------- ს------–---–ის, რ----- ს------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ შ----- ს------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი.

 

გასაჩივრებული განაჩენით შ----- ს------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ შ----- ს------–---–ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას ასევე გაითვალისწინა, რომ შ----- ს------–---–მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში და საბოლოო სასჯელი განუსაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით.

 

სააპელაციო პალატას შ----- ს------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

შ----- ს------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განაჩენით, შ----- ს------–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ დაემატოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ----- ს------–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ შ----- ს------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 09 მარტიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 112 -დან მიღებული აუდიოჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რომელიც დალუქული ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე