განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002619700
საქმე №1/ბ-303-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - გ--–- თ----ის
ადვოკატის - მ------ ზ----ის
მსჯავრდებულის - ი-–-- კ--–-----–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-–-- ი-–--ს ძე კ--–-----–---–ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, ზ-------------------–-----------------
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი-–-- კ--–-----–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წ;ოს 04 აპრილის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული ი-–-- კ--–-----–---–ი, რომელსაც ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 წლით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანპორტო საშუალების მართვის უფლება, 2018 წლის 25 მაისს ქ. ბათუმში, შ--–---ის ქუჩაზე კვლავ მართავდა ,,მერსედეს ბენც სპრინტერის’’ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით M--------.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენით ი-–-- კ--–-----–---–ი მსჯავრდებულ იქნა დაუსწრებლად, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ი-–-- კ--–-----–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ი-–-- კ--–-----–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა განესაზღვრა დაკავების დღიდან.
ძებნილი მსჯავრდებული ი-–-- კ--–-----–---–ი დაკავებულ იქნა 2019 წლის 17 აპრილს.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ------ ზ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ი-–-- კ--–-----–---–ს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვროს არასაპატიმრო სასჯელი, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით კი საბოლოოდ განესაზღვროს მინიმალური სასჯელი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, მ------ ზ----ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორს გ--–- თ----ეს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-–-- კ--–-----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ი-–-- კ--–-----–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ასევე საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაუხდია.
მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილისა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 04 აპრილის განაჩენით, მოწეების: ლ---- კ-----ის, ჯ----– ვ-–-----ის, გ--–- ს---–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–--ლის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ი-–-- კ--–-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამნაშავის პიროვნება და წარსული, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე ის გარემოებები, რომ ი-–-- კ--–-----–---–ი არ ცხადდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და რომ მან საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
სააპელაციო პალატას ი-–-- კ--–-----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ის ინტრესების დამცველი ადვოკატის მ------ ზ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-–-- კ--–-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის განჩინებით (განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ) განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 11 თვით და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩეთა ერთობლიობიოთ, ი-–-- კ--–-----–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 17 აპრილიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე