განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119002990445
საქმე №1ბ/1275-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მზ---------–-----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 10 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №4----------- რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ა---––----------------------–-–---–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენით მზ---------–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მზ---------–-----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, ა---––----------------------–-–---–-, საცხოვრებელი სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე მზ---------–-----ემ მამას - თა------–-----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა თავი სახის არეში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მზ---------–-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების რეალურ აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი, ვერ იქნება შემაკავებელი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. განაჩენის დადგენისას სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულის მდგომარეობა, მიყენებული დამამცირებელი მოპყრობა ასაკიანი, მოხუცი მამის მიმართ, რასაც ბრალდებულის მხრიდან ალკოჰოლური სასმელის სისტემატური მიღების შემთხვევაში აქვს ადგილი. აღნიშნულ შემთხვევაში, აპელანტისთვის მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის საკითხი. ბრალდების მხარის აზრით, გასაჩივრებული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის. აპელანტის განმარტებით, განაჩენში არ იკითხება, თუ რა ფაქტორმა გამოიწვია მეტისმეტი შემწყნარებლური შინაგანი რწმენა ლმობიერი და წამახალისებელი განაჩენის დადგენისა, რაც, ერთგვარად მიანიშნებს სასჯელის უკანონობაზე, დაუსაბუთებლობასა და სიმსუბუქეზე.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნო-------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით ითხოვა სააპელაციო საჩივრის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მზ---------–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: ბრალდებულ მზ---------–-----ის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულისა და მოწმეების - ლუ----–-----ის, ნა---------------–ის და ნე-–---–-----ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №2--------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც სადავოდ არც მხარეებს გაუხდიათ.
პალატა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებაზე, რომ მზ---------–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის ერთ-ერთი მიზნის - სამართლიანობის აღდგენის, მიღწევას. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანი სასჯელის დანიშვნის გზით მიიღწევა. სასჯელის შეფარდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და სამაგიეროს მიზღვის პრინციპის განხორციელებას. სამართლიანი განაჩენი უნდა იყოს დამნაშავის რაციონალური, მიზანშეწონილი დასჯა, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეობასთან წარმატებულ ბრძოლას, კანონების, ასევე საერთო თანაცხოვრების წესების სათანადო დაცვას, მომავალში დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას.
სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ მზ---------–-----ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ასევე იმ გარემოებებს, რომ არ არის ნასამართლევი, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ დანიშნული სასჯელის რეალურად ჩათვლას, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მზ---------–-----ისათვის დანიშნული სასჯელი, რაც ჩაეთვალა პირობითად, სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, მზ---------–-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.
პალატა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და სასჯელის თანაზომიერების პრინციპებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული სასჯელი სავსებით სამართლიანია და არ არსებობს მისი შეცვლის აუცილებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი მზ---------–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მზ---------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ მზ---------–-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 19 აპრილიდან 2019 წლის 23 აპრილის ჩათვლით.
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელიადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
მზ---------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა - 3000 ლარი, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს ნა---------------–ს (პ/№ 4----------- თანხა გადახდილია სს ,,საქართველოს ბანკის" მეშვეობით, 2019 წლის 22 აპრილს).
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ერთი ცალი ელექტრო ღუმელი (გატეხილი), რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ერთი ცალი ხის ნაჭერი, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს თა------–-----ეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე