განაჩენი

სისხლის სამართლის 26.09.2019
საქმის ნომერი
330100119002894896
ინსტანცია
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#330100119002896905

საქმე №1ბ/1294-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ხვ-----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 10 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------- საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, რ------–---–---------–-- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენით ხვ-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, ხვ-----------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 31 იანვრიდან 2019 წლის 05 ივლისის ჩათვლით) დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით ჩაეთვალა მოხდილად.

 

ხვ-----------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე ქ. თბილისში, რ------–---–---------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ხვ-----------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის - ქე----------------ას მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, მარჯვენა მუშტი სამჯერ დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ქე----------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, საერთო თანაცხოვრებისას ხვ-----------ე 2019 წლის 23 იანვრამდე სისტემატურად ახორციელებდა ქე----------------ას მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა. ქე----------------ას მიმართ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა მისი არასრულწლოვანი შვილი 14 წლის მა-------------ე.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა--------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და ხვ-----------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას არ იქნა გათვალისწინებული ხვ-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინტენსივობა, კერძოდ, დანაშაულებრივი ქმედება იყო ძალადობრივი ხასიათის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, ამასთან, ხვ-----------ე არ აღიარებდა დანაშაულს და მთელი პროცესის განმავლობაში დაცვის მხარე ახდენდა დაზარალებულის დისკრედიტაციას. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ხვ-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათთან და არ არის უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, უპირველესად, სასჯელის პრევენციული მიზანი.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ხვ-----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ ხვ-----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე განიხილა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ქე----------------ას ჩვენებით, მოწმეების - მა-------------ის, კო------------ას, თი------------ის, გი-------------ის, მა---------–------–---–ის და თა-----–--–----–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ხვ-----------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

მსჯავრდებულ ხვ-----------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხარისხი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, ხვ-----------ეს სასჯელი დაუნიშნა რესოციალიზაციის, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მითითება დანიშნული სასჯელის არაპრევენციულ ხასიათზე, არასაკმარისია მოცემულ დანაშაულზე სასჯელის უფრო მკაცრი ზომის გამოყენების მოთხოვნისათვის, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა ხვ-----------ის ქმედების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენი ხვ-----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ხვ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, ხვ-----------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 31 იანვრიდან 2019 წლის 05 ივლისის ჩათვლით) დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით, მოხდილია.

 

ხვ-----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე