განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018002387680
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-604-2019 18 სექტემბერი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - შპს ე--- პ--–--ი
წარმომადგენელი - მ--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–-ა
წარმომადგენელი - ს--------------ე
დავის საგანი - მუსიკალური ნაწარმოების ნებართვის გარეშე საჯაროდ შესრულების აკრძალვა, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აეკრძალა შპს ე--- პ--–--ს მის ობიექტზე სასტუმრო ე--- პ--–--ში ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების ნებართვის გარეშე საჯარო შესრულება. დაეკისრა შპს ე--- პ--–--ს სასტუმრო ე--- პ--–--ში 2018 წლის მაისის თვეში ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებისათვის საავტორო ჰონორარის 113 ლარის და 23 თეთრის გადახდა ს----------–----------------------–-----------–--–-ისათვის. დაეკისრა შპს ე--- პ--–--ს სასტუმრო ე--- პ--–--ში 2018 წლის მაისის თვეში ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებისათვის საავტორო ჰონორარის ათმაგი ოდენობის, ჯამში 1130 ლარის და 23 თეთრის გადახდა ს----------–----------------------–-----------–--–-ისათვის. დაეკისრა შპს ე--- პ--–--ს ს----------–----------------------–-----------–--–-ის სასარგებლოს მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროში გაწეული მოსახურების საფასურის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელე ს----------–----------------------–-----------–--–-ა - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) და ჩაწერისა და მექანიკური რეპროდუცირების უფლებების მმართველი საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის (BIEM) ნამდვილ წევრს. ასოციაციის მიზანია საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებათა განხორციელება და დაცვა; საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებათა არალეგალური გამოყენების აღკვეთა და შემდგომი პრევენცია და სხვ. ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–-ას გააჩნია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სპეციალური სტატუსი, რაც გულისხმობს, რომ მას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის, ბერნის კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული აქვს ვალდებულება დაიცვას, როგორც ქართველი ავტორების, ისე ყველა უცხოელი ავტორის და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებები. ასოციაცია გასცემს ლიცენზიებს მოსარგებლეებზე, ნაწარმოების ამა თუ იმ სახით გამოყენებაზე (მათ შორის საჯარო შესრულებზე, საჯარო გადაცემაზე), აგროვებს და ანაწილებს საავტორო ფონორარს შესაბამის უფლების მფლობელებზე, ნაწარმოების გამოყენების პროპორციულად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს ქ. თბილისის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარემ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია. რაც იმას ნიშნავს, რომ ს----------–----------------------–-----------–--–-ა არის უფლებამოსილი ორგანიზაცია. 2.2. 2017 წლის 29 აგვისტოს №10/87 წერილით ს----------–----------------------–-----------–--–-ამ მიმართა მოპასუხე შპს ე--- პ--–--ს და მოსთხოვა მის ობიექტებზე - კერძოდ, სასტუმრო ე--- პ--–--ში (მისამართი: ქ. ბათუმი, გ-------–--ის ქ. N--) მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებისათვის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმება, რაზედაც მოპასუხე არ დაეთანხმა. 2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ე--- პ--–--ის ობიექტზე - სასტუმრო ე--- პ--–--ში (მისამართი: ქ. ბათუმი, გ-------–--ის ქN--) არსებული ტექნიკური მოწყობილობების გამოყენება თავისთავში მოიცავს მომავალში მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესაძლებლობას. საჯარო შესრულება კი ნიშნავს ცოცხალი შესრულებით ან/და რადიოს, ტელევიზორის ან სხვა ტექნიკური მოწყობილობების მეშვეობით ნაწარმოებების შესრულებას იმ ადგილებში, სადაც შესაძლებელია იგი აღქმული იქნეს იმ პირთა მიერ, რომლებიც სცილდებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო გადაცემა. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის ,,რ” პუნქტით ,,საჯარო შესრულება” განმარტებულია, შემდეგნაირად: ,,ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით, ადგილზე (ადგილებზე), სადაც საჯარო შესრულება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს”. კანონის ზემოაღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, საჯარო შესრულება ნიშნავს ცოცხალი შესრულებით ან/და რადიოს, ტელევიზორის ან სხვა ტექნიკური მოწყობილებების მეშვეობით ნაწარმოების შესრულების იმ ადგილებში, სადაც შესაძლებელია იგი აღქმული იქნეს იმ პირთა მიერ, რომლებიც სცილდებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. ასეთ ადგილს რასაკვირველია წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მათ შორის რესტორნები, კაფეები, სასტუმროები და სხვა. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ავტორს, ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ტერმინში ,,ნებისმიერი სახით გამოყენება” იგულისხმება ნაწარმოების ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გამოყენება. შპს ე--- პ--–--ის ობიექტი, რომლის მისამართია ქ. ბათუმი, გ-------–--ის ქ. N--, წარმოადგენს სასტუმროს. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ აღნიშნულ ობიექტში ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით საჯარო გადაცემა იყო, ვინაიდან, განკუთვნილი იყო არა ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრის მიმართ, არამედ ფართო საზოგადოებისადმი. 2.5. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-3 მუხლის თანახმად საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების საკითხი წყდება იმგვარად, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. მოცემული ნორმა ადგენს პრეზუმფციას, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უფლებამოსილია, წარმოადგინოს მის რეპერტუარში შემავალი ნაწარმოებებისა და მომიჯნავე უფლებების მფლობელები და დაიცვას მათი უფლებები. აღნიშნული პრეზუმფცია მოქმედებს იქამდე, სანამ მოსარგებლე არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს, ე.ი მიუთითებს ფაქტებზე, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტული ნაწარმოებები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი არ შედის მის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში იგულისხმება კონკრეტული საავტორო უფლებების ერთობლიობა, რომლებიც სამართავად გადაცემული აქვს კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას. კანონის თანახმად, დაცვის ობიექტია რეპერტუარში შემავალი ყველა ნაწარმოები, ხოლო სალიცენზიო ხელშეკრულებები, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 40-ე მუხლის თანახმად იდება რეპერტუარში შემავალ კონკრეტულ ნაწარმოებებზე. პრეზუმფცია ასევე მოცემულია 65-ე მუხლის მე-2 ნაწილში. ამ ნორმის თანახმად, კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უფლებამოსილია აგრეთვე წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. აღნიშნულის შემდგომ, მნიშვნელოვანია დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას და აქვს თუ არა ამ უკანასკნელს უფლება მოითხოვოს ნებისმიერი საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევი პირისაგან ქმედების აკრძალვა. აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილისა და დასახელებული კანონის 65-ე მუხლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, კერძოდ: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან. 2.6. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ირკვევა რომ მოსარჩელე დარეგისტრირებულია, როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, შესაბამისად, დგინდება, რომ ს----------–----------------------–-----------–--–-ა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტია. რაც შეეხება, იმ ფაქტს ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვა გადაცემული, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის 65-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ იგი უფლებამოსილია მოითხოვოს შპს ე--- პ--–--ის ობიექტში, კერძოდ სასტუმრო ე--- პ--–--ში (მისამართი: ქ. ბათუმი, გ-------–--ის ქ. N--) საჯარო შესრულების აკრძალვა. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უფლებამოსილია აგრეთვე წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში“ და „საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში“. შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რაც სრულდება ზ/აღნიშნულ ობიექტში, არ შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში მოპასუხეს აწევს, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. 2.7. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის მე-3 მუხლის თანახმად „ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება)“. მოცემულ შემთხვევაში ჰონორარის გამოთვლის საფუძველია ს----------–----------------------–-----------–--–-ის მიერ დამტკიცებულო სატარიფო განაკვეთი, რამაც სასტუმრო ე--- პ--–--ისათვის შეადგინა 113,23 ლარი. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.“ ამავე კანონის 59-ე მუხლის თანახმად საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით; დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ; ე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები; ზ) მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების გამოყენება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს ე--- პ--–--მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ის, რომ შპს ე--- პ--–--ი ახდენს ს----------–----------------------–-----------–--–-ის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებას. ის ფაქტი, რომ შპს ე--- პ--–--ს აქვს სასტუმრო ობიექტი, ეს ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე ახდენს მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებას და ამიტომ მოსარჩელესთან უნდა მოახდინოს სალიცენზიო შეთანხმების გაფორმება; სასამართლოს მოსაზრებით მომავალში შპს ე--- პ--–--ში შეიძლება ადგილი ჰქონდეს მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებას, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. აღნიშნული არასწორია, თუ მომავალში ადგილი ექნება კანონდარღვევას, შესაბამისად უნდა იმოქმედოს მოსარჩელემ, სხვა შემთხვევაში საწარმოს ავანსად დასჯა იმიტომ, რომ მან მომავალში არ დაუშვას კანონდარღვევა, ასეთ წესს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები არ ითვალისწინებს. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მოპასუხესთან არ არსებობს მუსიკალური ცენტრი ან სხვა მსგავსი დანადგარ-მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც სასტუმროში ხდება ამა თუ იმ მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულება. მხოლოდ სასტუროს ნომრებში არის კაბელური ტელევიაზია, შესაბამისად ტელევიზიით მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებას ადგილი არ აქვს. 3.3. სასტუმროში კაბელური ტელევიზიის მომსახურებაზე შპს ე--- პ--–--ი იხდის გადასახადს, რაც არ იქნა გათვალისწინებული მოცემულ შემთხვევაში. 3.4. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში; ასევე არ წარმოუდგენია ამ რეპერტუარიდან რომელი მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულება ხდებოდა მოპასუხის სასტუმროში, ამ ნაწილში სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთი არასწორად იქნა განაწილებული. სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის მიუხედავად, მოსარჩელის ვარაუდებზე და მოსაზრებებზე დაყრდნობით სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც არასწორია. 3.5. საყურადღებოა ის, რომ მოპასუხემ სადავოდ გახადა აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტანტაციის განხორციელების შეუძლებლობის თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული. აღსრულების მუშაკები სასტუმროს შემოწმების შემდეგ წავიდნენ სასტუმროდან ისე, რომ მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულება სასტუმროში ვერ დააფიქსირეს (ასეთის არ არსებობის გამო), შემდეგ მობრუნდნენ და ითხოვეს რომ სასტუმროს ნომერში შევიდოდნენ, ჩართავდნენ ტელევიზორს და ისე გადაიღებდნენ ვიდეოს, რაზეც მათ უარი ეთქვათ. აღსრულების მუშაკებს უნდოდათ ხელოვნურად შეექმნათ ისეთი შემთხვევა, რაზეც შემდგომში დავას აწარმოებდნენ. ეს საკითხი სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული, მოთხოვნის მიუხედავად ხსენებული ოქმის შემდგენი პირებიდან არავინ არ დაკითხულა და არც რაიმე დამატებითი დოკუმენტი აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოსათვის მოსარჩელეს არ წარუდგენია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, ს----------–----------------------–-----------–--–-ა - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია (მოსარჩელე) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) და ჩაწერისა და მექანიკური რეპროდუცირების უფლებების მმართველი საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის (BIEM) ნამდვილ წევრს. ასოციაციის მიზანია საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებათა განხორციელება და დაცვა; საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებათა არალეგალური გამოყენების აღკვეთა და შემდგომი პრევენცია და სხვ. ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–-ას გააჩნია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სპეციალური სტატუსი, რაც გულისხმობს, რომ მას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის, ბერნის კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული აქვს ვალდებულება დაიცვას, როგორც ქართველი ავტორების, ისე ყველა უცხოელი ავტორის და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებები. ასოციაცია გასცემს ლიცენზიებს მოსარგებლეებზე, ნაწარმოების ამა თუ იმ სახით გამოყენებაზე (მათ შორის საჯარო შესრულებზე, საჯარო გადაცემაზე), აგროვებს და ანაწილებს საავტორო ფონორარს შესაბამის უფლების მფლობელებზე, ნაწარმოების გამოყენების პროპორციულად. 4.2. შპს ე--- პ--–--ს (აპელანტი, მოპასუხე) ბათუმში, გ-------–--ის ქ. N---ში ეკუთვნის სასტუმრო „ე--- პ--–--ი“. სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი, ხოლო სასტუმრო ოთახებში - „ნომრებში“ შეყვანილი არის საკაბელო ტელევიზია. 4.3. 2017 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელემ აპელანტს წერილობით მოსთხოვა სასტუმრო „ე--- პ--–--ში“ მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებისათვის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმება, თუმცა აპელანტმა შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა. 4.3.1. მოსარჩელემ ფაქტების კონსტატაციისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და 100 ლარი გადაუხადა. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. 4.4.1. მოსარჩელეს აპელანტისაგან კონკრეტული ნაწარმოების შესრულების აკრძალვა ან ამ ნაწარმოების შესრულებისათვის თანხის ანაზღაურების დაკისრება არ მოუთხოვია. 4.4.2. იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მოპასუხე საკაბელო ტელევიზიით სარგებლობდა, მოსარჩელემ, ზოგადად, მის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების შესრულების აკრძალვა მოითხოვა. 4.4.3. ამის შესაბამისად, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა სწორედ ამ ფარგლებში უნდა შეამოწმოს. 4.5. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ლოგიკური აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის ანალიზით, რესტორანში სრულდებოდა მუსიკალური ნაწარმოებები. რესტორანი არის ის ადგილი, სადაც საჯაროდ უნდა შესრულდეს მუსიკალური ნაწარმოები. მისი შესრულება შესაძლებელია, როგორც ცოცხალი შესრულებით ისე - ტექნიკური საშუალებებით. რესტორნის არსებობა თავისთავში მოიცავს გართობას, მათ შორის მუსიკის საჯაროდ გამოყენებას. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მოპასუხე ის სუბიექტია, ვინც კომერციულ საქმიანობაში იყენებს ავტორთა ნაწარმოებებს. შპს „კ–ს“ აქვს რესტორანი „ა–ი“. ის კლიენტების მოზიდვისათვის რესტორანში ასრულებს მუსიკალურ ნაწარმოებებს. მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისათვის აუცილებელია, მას ავტორისაგან გააჩნდეს მისი გამოყენების უფლება. მოპასუხემ მოსარჩელესთან უნდა დადოს სალიცენზიო ხელშეკრულება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოიყენოს მუსიკალური ნაწარმოები. საკასაციო სასამართლო ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოხმობილ ლოგიკური განსჯის შედეგებს მსგავსი ტიპის სარჩელის დასაკმაყოფილებლად არასაკმრისად მიიჩნევს და განმარტავს, რომ სარჩელის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ფორმალური გამართულობა და საქმის განხილვისათვის დადგენილი წესების უზრუნველყოფა, არამედ, მისი საბოლოო შედეგის მიღწევის შესაძლებლობა. მოქმედი კანონმდებლობა ადგენს რა სარჩელის უფლებას, იგი სწორედ დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვაზეა ორიენტირებული, რაც არ უნდა იქნას გაგებული მხოლოდ სასამართლო პროცედურების დაცვად, არამედ, დარღვეული უფლება, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ეფექტურად უნდა აღდგეს. ამ მხრივ, საკასაციო სასამართლო, გარდა ეროვნული კანონმდებლობისა, ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისოსამართლებრივ სტანდარტებზეც: ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, კონვენციის მე-6 (§1) მუხლი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საჩივარი (იხ. Golder v. Royaume-Uni, 21 février 1975, §§ 28-36, série A no 18). სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ, ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას, ვინაიდან აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია (Bourdov v. Russie, no 59498/00, §34, CEDH 2002-III), პირის უფლება სასამართლო განხილვაზე „სამოქალაქო უფლებათა და ვალდებულებათა“ განსაზღვრისთვის პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების ხელმისაწვდომობასთან ერთად (Kreuz v. Pologne (no 1), no 28249/95, §§ 53 et 54, CEDH, 2001-VI), თანაბრად იცავს ამ პირის უფლებას სააღსრულებო წარმოებათა ხელმისაწვდომობაზეც (mutatis mutandis, Manoilescu et Dobrescu v. Roumanie et Russie (déc.), no 60861/00, CEDH 2005-VI), ანუ უფლებას, ამგვარი პროცედურის დაწყებაზე... ვინაიდან დავის საგანი ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის ქონებრივ ინტერესებს შეეხება, მისი რეგულირება სწორედ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით უნდა განხორციელდეს (კანონის პირველი და მე-3 მუხლების „ა“ ქვეპუნქტების თანახმად, ეს კანონი არეგულირებს იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები); ეს კანონი ვრცელდება: ... ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, რომლებზედაც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე). სარჩელის შინაარსიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მოითხოვს მის რეპერტუარს მიკუთვნებული სიმღერის საჯაროდ უნებართვოდ შესრულების აკრძალვას, ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ უფლების სუბიექტი არის ნაწარმოების ავტორი (იხ. ამავე კანონის 5.1. მუხლი, ასევე, 6.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი (ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც, მათ შორის, მოიცავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება), საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისათვის დგინდება, ერთი მხრივ, ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ, მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით), ფორმალური თვალსაზრისით ადასტურებს დავის საგნის არსებობას, მით უფრო, რომ ამავე კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან) შექმნილი ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს ავტორის, მომიჯნავე უფლების მფლობელის, მათი მემკვიდრეების, უფლებამონაცვლეების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების უფლებათა მართვა კოლექტიურ საფუძველზე (იხ. კანონის 64.2. მუხლი), რაც მოიცავს ორგანიზაციის უფლებას, შეასრულოს ქმედება, რომელიც საჭიროა მისთვის სამართავად გადაცემული უფლებების დასაცავად ან განსახორციელებლად, მათ შორის, წარმოადგინოს უფლების მფლობელი სასამართლოში და ისარგებლოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, განახორციელოს სხვა საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე, წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში (იხ. კანონის 64.2. მუხლი), თუმცა, როდესაც საუბარია საავტორო უფლების დაცვაზე და მას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ახორციელებს, ის უფლებამოსილია, აღძრას სარჩელი კონკრეტული დარღვევის თავიდან ასაცილებლად და არა აბსტრაქტულად, დარღვევის ყოველგვარი ფაქტის დადასტურების გარეშე. ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა თავად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც თუ ადგილი აქვს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის საჯარო შესრულებას, ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის კანონიერ გამოყენებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც სრულდება საჯარო შესრულება. აღნიშნული წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის კანონიერ გამოყენებაზე სოლიდარულად ეკისრებათ მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც სრულდება საჯარო შესრულება. სწორედ კანონის ზემოხსენებული მიზნის მიღწევის ხელშეწყობას ემსახურება 65-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაშვებული პრეზუმფცია იმის თაობაზე, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ... რომელიც საჯაროდ სრულდება, ... ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, ... შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. კანონის სხვაგვარი განმარტება, ასევე, სავარაუდო უფლების დარღვევის თაობაზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებას (ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს), რომელიც დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვას მოიაზრებს და არ არის მიმართული უფლების პრევენციული და/ან აბსტრაქტული დაცვისკენ, გარდა ამისა, გაურკვეველია, რა ფორმით უნდა განხორციელდეს უფლების დაცვა, როდესაც ქვემდგომი სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ფორმირებულ იქნა იმდენად ბუნდოვნად, რომ შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რომელი ნაწარმოების შესრულების უფლება აეკრძალა მოპასუხეს“ – (სუსგ. საქმე №ას-256-256-2018, 18 ივლისი, 2018 წელი, პ. 1.3-1.7). 4.6. როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ აღძრა აბსტრაქტული სარჩელი და მოპასუხისაგან მოითხოვა არა რომელიმე კონკრეტული ნაწარმოების, არამედ ზოგადად, მოსარჩელის რეპერტუარში შემავალი ნაწარმოებების შესრულების აკრძალვა და მოპასუხისათვის თანხის ანაზღაურების დაკისრება, არა, კონკრეტულად, რომელიმე ნაწარმოების საჯაროდ შესრულების, არამედ მათი სავარაუდოდ შესრულების გამო. 4.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული განმარტების შესაბამისად, პალატის აზრით, აღნიშნული სახით ჩამოყალიბებული მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და საქალაქო სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა იგი. 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 4.8.1. ამ ნორმის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია იგი მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყოს გამოწვეული. 4.8.2. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის საფასურის გადახდა აპელანტის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია. 4.8.3. ამის შესაბამისად, აპელანტი არ არის ვალდებული მოსარჩელეს აღნიშნული თანხა აუნაზღაუროს. 4.9. პალატა ეთანხმება მოსარჩელეს, რომ სასტუმროს მესაკუთრის მიერ სასტუმროს ნომრებში, მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით მუსიკალური ნაწარმოების შესრულება არის საჯარო შესრულება. 4.9.1. თუმცა, როგორც ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „სასამართლო თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში და შეუძლია, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შინაგან რწმენაზე დაყრდნობით დადგენა, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობით მიღების შესაძლებლობას“ – (სუსგ. №ას-1639-1536-2012, 15 მაისი, 2013 წელი). 4.9.2. იმის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება, რომ აპელანტი მოსარჩელის რეპერტუარს მიკუთვნებულ რომელიმე მუსიკალურ ნაწარმოებს საჯაროდ ასრულებდა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მეტიც, მას ის ნაწარმოები, რომელიც აპელანტმა შეასრულა, არც კი დაუსახელებია. 4.9.3. მოსარჩელის პოზიცია ეყრდნობა იმ ვარაუდს, რომ, რადგან აპელანტი საკაბელო ტელევიზიით სარგებლობდა, იგი მუსიკალურ ნაწარმოებებს საჯაროდ ასრულებდა კიდეც. 4.9.4. თუმცა, როგორც აღინიშნა, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობით მიღება არ შეიძლება. 4.9.5. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა საავტორო ჰონორარის მოთხოვნის უფლება, თუ აპელანტი მის რეპერტუარში შემავალ ნაწარმოებს გამოიყენებდა. 4.9.6. რადგან მოსარჩელემ აპელანტის მიერ მის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოების საჯაროდ შესრულების ფაქტი ვერ დაამტკიცა, მოთხოვნა ჰონორარის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელია. 4.10. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს ე--- პ--–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–-ას შპს ე--- პ--–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. შპს ე--- პ--–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება;
3. ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–-ას შპს ე--- პ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი