განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2019
საქმის ნომერი
330100119003011095
ინსტანცია
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003011095

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

საქმე №1ბ/1301-19 1 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ა---– შ-------–---–ი (პირადი № 5----------) დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.-----–--------------–-----------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 3-ე ნაწილის ”ა” და ”ე” ქვეპუნქტები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით ა---– შ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” და ”ე” ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა

თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---– შ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

მსჯავდებულ ა---– შ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 18 აპრილიდან.

 

ა---– შ-------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავდებულმა ა---– შ-------–---–მა და მოითხოვა მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.

 

ქ.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილემ ი----- ხ--–-–---–მა მსჯავდებულ ა---– შ-------–---–ის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება..

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ა---– შ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ა---– შ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით (აღნიშნული გამოსაცდელი ვადა დასრულდა 2018 წლის 13 ნოემბერს), რასაც მთლიანად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 24 აპრილის წერილის თანახმად, აღსრულებული არ არის. 2019 წლის 18 აპრილს, 15:38 საათზე ქ.თ---–--–-------------------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ნასამართლევი ა---– შ-------–---–ი, რომელმაც უკანონოდ შეიძინა და შარვლის მარჯვენა ჯიბეში უკანონოდ ინახავდა 11 (თერთმეტ) ცალად დაფასოებულ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ”ჰეროინს”, საერთო წონით 0,3845 გრამი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა---– შ-------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: 2019 წლის 18 აპრილის ა---– შ-------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, მოწმე ვ--------------ის, კ---------------------ის, თ----------------–--ას, ი-----–--------ს გამოკითხვის ოქმებს, 2019 წლის 18 აპრილის ამოღების ოქმს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 18 აპრილის ნარკოლოგიური გამოკვლევის №7------ დასკვნას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 19 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის №2--------------- დასკვნას, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენებს, საქარათველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 24 აპრილის წერილს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა---– შ-------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა---– შათირიშივლმა 2019 წლის 18 აპრილს, 15:38 საათზე, ქ.თ---–--–-------------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეიძინა და შარვლის მარჯვენა ჯიბეში ასევე უკანონოდ ინახავდა 11 (თერთმეტ) ცალად დაფასოებულ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ”ჰეროინს” საერთო წონით 0,3845 გრამი, დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ”ე” ქვეპუნქტებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა---– შ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა - დანაშაულის რეციდივი.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ. პალატის აზრით ა---– შ-------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 12 ივლისის გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასჯელის განსაზღვრის დროს ზედმიწევნით სწორი შეფასება მისცა მითითებულ გარემოებებს. გათვალისწინებული იქნა, რომ ა---– შ-------–---–ი ქმედების ჩადენამდე იყო ნასამართლევი. კერძოდ: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ა---– შ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 24 აპრილის წერილის თანახმად, აღსრულებული არ არის. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დროს - 2019 წლის 18 აპრილს, ა---– შ-------–---–ს ჰქონდა გაუქარწყლებელი ნასამართლობა და კვლავ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით. აღნიშნული მუხლის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, რის გამოც პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.

 

ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არაადეკვატურია მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა---– შ-------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ა---– შ-------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი ა---– შ-------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავდებულ ა---– შ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი ა---– შ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ა---– შ-------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებითგათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა

6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---– შ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა---– შ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ა---– შ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 აპრილიდან.

 

ა---– შ-------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: პატრულ-ისპექტორ ვ--------------ისგან ამოღებული ა---– შ-------–---–ის კუთვნილი ”ჰეროინის” შემცველი ნივთიერება და აღნიშნული ნივთიერების შესაფუთი მასალა, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე