განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100119002927103
საქმე №1/ბ-435-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
ბრალდების მხარე: სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ-------------------ია
გამართლებული: პ---------------, დაბადებული 1973 წლის 12 ივნისს, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ს-------------------–--–---–----------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი);
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პ---------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, პ---------------მ ქ-------------–-, ნ-----–--–---–--------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, იმის გამო იძალადა ფიზიკურად მეუღლეზე, ნ---------–----ეზე, რომ ამ უკანასკნელმა უარი უთხრა თავისი პენსიის მიცემაზე და ასევე, სთხოვა, ვანის რაიონის სოფელ ჭ---–ში, დედასთან, გაშვება. კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის - 18.06.2011 წელს დაბადებული ნ-------------ს - თანდასწრებით, ნ---------–----ეს ძლიერად მოქაჩა თმებში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე, პ---------------მ ქ-------------–-, ნ-----–--–---–--------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, იმის გამო იძალადა ფიზიკურად მეუღლეზე, ნ---------–----ეზე, რომ არ მოეწონა ამ უკანასკნელის მოდუღებული ყავა, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის - 18.06.2011 წელს დაბადებული ნ-------------ს - თანდასწრებით, მეუღლეს ზურგის არეში დაარტყა მარჯვენა ფეხი, რის შედეგადაც, ნ---------–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზემოაღნიშნულის გამო, პ---------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით: პ--------------- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე, 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 მარტის ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
პ---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში;
გამართლებულ პ---------------ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
სააპელაციო საჩივრის არსი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილე დ-------------------იამ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, პ---------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით: მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულებმა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ პ---------------მ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს პ---------------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პ---------------ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, დანაშაულების (ორი ეპიზოდი) ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა პ---------------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში;
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა: მსჯავრდებულის მეუღლე ნ---------–----ემ და შვილმა - არასრულწლოვანმა ნ-------------მ - გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---–-------–----ემ განმარტა, რომ იგი არის პ---------------ს მეუღლის, ნ---------–----ის, დედა. მის შვილს და სიძეს, წლების მანძილზე, ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა. მას, 2019 წლის 13 მარტს, დაურეკა შვილმა, ნ---------–----ემ და უთხრა, რომ მეუღლესთან, პ---------------სთან, ჰქონდა უთანხმოება, იმ დროს პ--------------- ყოფილა ნასვამ მდგომარეობაში. ვინაიდან, მისი შვილი ეპილეფსიით არის დაავადებული, შეეშინდა და დარეკა პოლიციაში. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენება სწორად ვერ იქნა მიჩნეული დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, როგორც ირიბი ჩვენება. ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გამხდარიყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლის თანამდებობაზე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ნ---------–----ის განცხადების საფუძველზე, მის მიერ მოხდა დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვა. მან, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით სერტიფიცირებულმა გამომძიებელმა, მოცემულ საქმეზე განახორციელა მცირეწლოვანი ნ-------------ს გამოკითხვაც. მის მივერვე, პ---------------ს ძმის, დ---------------ს, მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა. დაზარალებულ ნ---------–----ის გამოკითხვის შემდგომ, საჭირო გახდა პ---------------ს დაკავება, რის გამოც, იგი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებთან ა-–------------------–--თან და კ--------------სთან ერთად, მივიდა პ---------------ს სამუშაო ადგილზე, სადაც მოხდა ბრალდებულ პ---------------ს დაკავება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–------------------–--მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტრორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან მოცემულ საქმეზე, გამომძიებელ ზ--------------ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც ჩატარდა ქ-------------, ნ-----–--–---–--------------ში, რა დროსაც, ნ---------–----ემ მიუთითა ის ადგილები, სადაც მისმა მეუღლე პ---------------მ განახორციელა მის მიმართ ძალადობა. ასევე, დეტექტივ-გამომძიებელ ზ--------------ისა და ინსპექტორ- გამომძიებელ კ--------------სთან ერთად, მონაწილეობა აქვს მიღებული პ---------------ს დაკავებაში.
2019 წლის 28 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ---------–----ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ზემოაღნიშნული დასკვნის ირგვლივ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გ----------------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ მიცემული დასკვნის სისწორე.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეები არ წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდებოდა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.
მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო, პ---------------ს ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, ასევე, 16:30 საათზე, ქ-------------–-, ნ-----–--–---–--------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, პ---------------მ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს - ნ---------–----ეს, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა პ---------------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ნ---------–----ემ, რომელიც მას გამოძიების ეტაპზე ამხელდა ძალადობის ჩადენაში, გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პ---------------ს მიერ 2019 წლის 12 მარტს თავისი მეუღლე ნ---------–----ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და პ--------------- სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ, პ----------------ს მიმართ, 2019 წლის 29 მაისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილე დ-------------------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი პ---------------ს მიმართ დარჩეს უცვლელად;
3.პ--------------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 12 მარტის ორი ეპიზოდი).
4.გამართლებულ პ---------------ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
5.პ---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატომრობა _ გაუქმებულია.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/