განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2019
საქმის ნომერი
330100119003017359
ინსტანცია
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119003017359, №1ბ/1264-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;

 

მსჯავრდებული - ი-----–- დ------ს ძე დ---–ი - დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------–--------–-------------------------------------------------------;

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასჯელი:

 

თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ვადით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ი-----–- დ---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო, დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ხასიათთან და ქმნის ოჯახური ძალადობის კვლავ განხორციელების მომეტებულ საფრთხეს, რის გამოც მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი და საპატიმრო სასჯელი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

დაცვის მხარის პოზიცია სააპელაციო საჩივრის შესაგებლით - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. შესაგებელი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ი-----–- დ---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 02 მაისიდან 04 მაისის ჩათვლით, ქ------–--–---------------------------------------------------ში ყოფნის დროს, ქ------- ფ--–-–---–ს ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა ყოფილი მეუღლე ი-----–- დ---–ი და ეჭვიანობის ნიადაგზე, გამუდმებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კერძოდ, თუ არ დაშორდებოდა მეგობარ მამაკაცს - გაუხვრეტდა შუბლს და მოკლავდა მასაც, მის მეგობარ მამაკაცსაც და საკუთარ შვილსაც. აღნიშნულის შედეგად ქ------- ფ--–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ი-----–- დ---–ის ქმედებით ქ------- ფ--–-–---–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის განაჩენით ი-----–- დ---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-44-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ოდენობით.

 

ი-----–- დ---–ს სასჯელის ვადის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 07 მაისიდან - 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით და განაჩენის გამოცხადებისას გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი-----–- დ---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები (დაზარალებულის, მოწმეების გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი, მოკლეტექსტური შეტყობინებების ამონაბეჭდი, მათი დათვალიერების ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ადასტურებენ მსჯავრდებულ ი-----–- დ---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–- გ-------–--ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრს ასევე წარმოადგენს ყოფილი მეუღლე.

მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული - ქ------- ფ--–-–---–ი არის ი-----–- დ---–ის ყოფილი მეუღლე, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია 111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, არის სწორი.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე მუხლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით. კონვენცია მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გაატარონ ყველა საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ზომები იმისათვის, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი, ეფექტური, დამაფიქრებელი და თანაზომიერი. 46-ე მუხლით კონვენცია განსაზღვრავს დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალს, რაც მხედველობაში უნდა მიიღონ სასამართლოებმა სასჯელის დანიშვნის დროს. დამამძიმებელი გარემოებები კი შემდეგია:

ა. დანაშაული ჩადენილი იყო ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;

ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;

გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;

დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;

ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;

ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;

ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;

თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;

ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი ი-----–- დ---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს, სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეული აქვს ბრალდებულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, რაც არ აქვს გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნისას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით (2018 წლის 30 ნოემბრის N3772-Iს კანონით გათვალისწინებული ცვლილება), ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. პალატას მიაჩნია, რომ ი-----–- დ---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი 9 თვით თავისუფლების აღკვეთა არაა შესაბამისობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებთან, ვინაიდან დანაშაული ჩადენილია 2019 წლის მაისის თვეში, ანუ 2018 წლის 30 ნოემბრის N3772-Iს კანონით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის განაჩენში და ი-----–- დ---–ს სასჯელის სახედ და ზომად, ნაცვლად 9 თვით თავისუფლების აღკვეთისა, განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის სახედ და ზომად სასჯელის მაქსიმალური ვადის განსაზღვრა გამომდინარეობს კანონის დანაწესიდან, რომელიც რაიმე სახის გამონაკლისს არ ითვალისწინებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დროს დანიშნულ თავისუფლების აღკვეთასთან მიმართებით.

 

რაც შეეხება დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას, ამ ნაწილში პალატას დასაბუთებულად და კანონიერად მიაჩნია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარში დანაშაულის ხასიათზე მითითება ვერ გახდება უპირობოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით ი-----–- დ---–ს განესაზღვრა სანქციით გათვალისწინებული მაქსიმუმი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას ბრალად წარდგენილი ჰქონდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რაც აღიარა და გულწრფელად მოინანია, არ იყო ნასამართლობის მქონე. აღნიშნული გარემოებები საკმარისია დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლისთვის. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევით ი-----–- დ---–მა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და გარდა ამისა, მას გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს.

 

პალატა იმედოვნებს, რომ დანიშნული პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელთან და პატიმრობაში გატარებულ დროსთან ერთად, იქნება შემაკავებელი ხასიათის და დამაფიქრებელი ი-----–- დ---–ისთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ოჯახური დანაშაულების ხასიათი და სიმძიმე როგორც დაზარალებულზე, ასევე შვილზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ლ-–- გ-------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის განაჩენში ი-----–- დ---–ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–- გ-------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ი-----–- დ---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით, რომლის სახესაც განსაზღვრავს პრობაციის ბიურო და რომლის ხანგრძლივობაც დღეში არ უნდა აღემატებოდეს 8 (რვა) საათს.

 

ი-----–- დ---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 07 მაისიდან - 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ი-----–- დ---–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე