განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100119003071004, №1ბ/1312-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
მსჯავრდებული - გ--------- ზ------ის ძე კ------–--ე - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------–-----------------–------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------------------–--------------–----------–---------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ--------- კ------–--ის მიმართ უფრო მკაცრი და საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო, ვინაიდან არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და დანაშაულის სიმძიმე. გამოყენებული მსუბუქი სასჯელი ქმნის ოჯახური ძალადობის კვლავ განხორციელების მომეტებულ საფრთხეს, რის გამოც მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს მძიმე საპატიმრო სასჯელი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).
დაცვის მხარის პოზიცია სააპელაციო საჩივრის შესაგებლით - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი (ვრცლად იხ. შესაგებელი).
სასამართლომ დაადგინა:
გ--------- კ------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 22 მაისს, დაახლოებით 21:06 საათზე, ქალაქ თ---–--–-----–--------------–----------–-----------ში მყოფ გ---–- ბ-----–---–ს ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე გ--------- კ------–--ე და საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა მას. აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის 24 მაისს, დაახლოებით 11:21 საათზე, გ--------- კ------–--ე ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა თ---------- ბ-----–---–ს და დაემუქრა, რომ მოკლავდა მის შვილს, გ---–- ბ-----–---–ს და ჯოჯოხეთში გაუშვებდა მას. აღნიშნული მუქარების შედეგად, გ---–- ბ-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად გ---–- ბ-----–---–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის განაჩენით გ--------- კ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64- ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
გ--------- კ------–--ეს სასჯელის ვადის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 31 მაისიდან - 2019 წლის 22 ივლისის ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ--------- კ------–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები (დაზარალებულის, მოწმეების გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი, მობილურ ტელეფონში არსებული შეტყობინებების დათვალიერების ოქმი, მოკლეტექსტური შეტყობინებების ამონაბეჭდები, მათი დათვალიერების ოქმები და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები) ადასტურებენ მსჯავრდებულ გ--------- კ------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–- გ-------–--ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრს ასევე წარმოადგენს ყოფილი მეუღლე.
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული - გ---–- ბ-----–---–ი არის გ--------- კ------–--ის ყოფილი მეუღლე, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია 111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, არის სწორი.
,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე მუხლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით. კონვენცია მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გაატარონ ყველა საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ზომები იმისათვის, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი, ეფექტური, დამაფიქრებელი და თანაზომიერი. 46-ე მუხლით კონვენცია განსაზღვრავს დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალს, რაც მხედველობაში უნდა მიიღონ სასამართლოებმა სასჯელის დანიშვნის დროს. დამამძიმებელი გარემოებები კი შემდეგია:
ა. დანაშაული ჩადენილი იყო ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;
ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;
გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;
დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;
ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;
ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;
ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;
თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;
ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი გ--------- კ------–--ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეული აქვს ბრალდებულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, რაც არ აქვს გათვალისწინებული სასჯელის ზომის განსაზღვრისას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით (2018 წლის 30 ნოემბრის N3772-Iს კანონით გათვალისწინებული ცვლილება), ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. პალატას მიაჩნია, რომ გ--------- კ------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი 9 თვით თავისუფლების აღკვეთა არაა შესაბამისობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებთან, ვინაიდან დანაშაული ჩადენილია 2019 წლის მაისის თვეში, ანუ 2018 წლის 30 ნოემბრის N3772-Iს კანონით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის განაჩენში და გ--------- კ------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად, ნაცვლად 9 თვით თავისუფლების აღკვეთისა, განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის სახედ და ზომად სასჯელის მაქსიმალური ვადის განსაზღვრა გამომდინარეობს კანონის დანაწესიდან, რომელიც რაიმე სახის გამონაკლისს არ ითვალისწინებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დროს დანიშნულ თავისუფლების აღკვეთასთან მიმართებით. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შესაგებელში დაფიქსირებულ პოზიციას, რომლის თანახმად, განაჩენი არ საჩივრდება სასჯელის ნაწილში. ეს არგუმენტი წინააღმდეგობაშია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებთან, რაც პირდაპირ ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენში ცვლილების შეტანას მათ შორის სასჯელის ნაწილშიც.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა და მსხვერპლის დაცვა, შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება-შეფასება. სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში დააფიქსირა, რომ სააპელაციო საჩივარში დანაშაულის ხასიათზე მითითება ვერ გახდება უპირობოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი საპატიმრო სასჯელის განსაზღვრის მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის ნაწილში და მიაჩნია, რომ შესაბამისობაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების მოთხოვნებთან: გ--------- კ------–--ეს ბრალად წარდგენილი ჰქონდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რაც მან აღიარა და წარსულში არ ყოფილა ნასამართლობის მქონე. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევით მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, პალატა ეთანხმება დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას გ--------- კ------–--ის მიმართ და იმედოვნებს, რომ დანიშნული საბოლოო სასჯელი, პატიმრობაში გატარებულ დროსთან ერთად, იქნება შემაკავებელი ხასიათის და დამაფიქრებელი მისთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ოჯახური დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ ლ-–- გ-------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის განაჩენში გ--------- კ------–--ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–- გ-------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
გ--------- კ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
გ--------- კ------–--ეს სასჯელის ვადის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 31 მაისიდან 2019 წლის 22 ივლისის ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ--------- კ------–--ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
გ---–- ბ-----–---–ის ტელეფონის დათვალიერების დროს გადაღებული ვიდეო, ჩაწერილი კომპიუტერულ დისკზე, თ---------- ბ-----–---–ის ტელეფონის დათვალიერების დროს გადაღებული ვიდეო, ჩაწერილი კომპიუტერულ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე