განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.09.2019
საქმის ნომერი
330210118002651889
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002651889

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/3778-19

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ვლადიმერ კულიში

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს მისო ,,ევროკრედიტი’’

წარმომადგენელი - ნათია ვარსიმაშვილი

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

შპს მისო ,,ევროკრედიტის’’ სასარჩელო მოთხოვნა - ვლადიმერ კულიშს შპს მისო ,,ევროკრედიტის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2810.43 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები:

 

2017 წლის 02 მაისს შპს მისო ,,ევროკრედიტსა“ და ვლადიმერ კულიშს შორის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს, 5.3%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 3000 ლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი 36 თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა, რაც ყოველთვიურად 189 ლარის გადახდას გულისხმობდა. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - მერსედეს-ბენცი. მოპასუხე მხარემ ჯეროვნად მხოლოდ 5 თვის პორციის გადახდის ვალდებულება შეასრულა, რაც შეეხება შემდეგ გადახდებს მან მეექვსე თვის ვალდებულება ნაწილობრივ, შემდეგი თვეების ვალდებულება კი აღარ შეუსრულებია. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისთვის მოპასუხეს შპს ,,მისო ევრო კრედიტი"-ის მიმართ ერიცხება დავალიანება სესხის ძირი თანხის სახით - 2810.43 ლარი, სარგებელი - 1618.46 ლარი და პირგასამტეხლო - 462 ლარის ოდენობით. გირავნობის საგნის რეალიზაციის მიზნით 2018 წლის 07 ივნისს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაიცა გირავნობის მოწმობა, მიუხედავად აღნიშნული მოწმობის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყებისა დაგირავებული ნივთის მოძიება ვერ მოხერხდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,მისო ევრო კრედიტი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ვლადიმერ კულიშს შპს ,,მისო ევრო კრედიტი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის - 2810.43 ლარის ოდენობით, სარგებელის - 1618.46 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს - 462 ლარის ოდენობით გადახდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის განჩინებით ვლადიმერ კულიშის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2018 წლის 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს მისო ,,ევროკრედიტმა’’ ვლადიმერ კულიშის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

2.2. საქმის მომზადების მიზნით მოსარჩელის წარმომადგენელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.

 

2.3. 2018 წლის 03 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა სასამართლოს, რა დროსაც მოპასუხისთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინა. აღნიშნული დოკუმენტით ირკვეოდა, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხის მეუღლემ 2018 წლის 09 ოქტომბერს ჩაიბარა.

 

2.4. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამდენად, დამტკიცებულია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხეს გააჩნია დავალიანება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-419-ე, მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლომ აღნიშნა რა, რომ საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობაზე უთითებდა განმარტა, რომ საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი არ ყოფილა არანაირი მტკიცებულება, მათ შორის მითითებული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ არც ერთ გარემოებაზე, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის წინაპირობა, რადგან მოსარჩელე მხარემ ბოროტად გამოიყენა ბაზარზე არსებული ძალაუფლება, რადგან ხელშეკრულებით ირკვევა, რომ სესხი წლიურ სარგებელი 63.69 %-ით განისაზღვრა. გარდა იმისა, რომ აპელანტი პრეტენზიას აცხადებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობაზე მისი პრეტენზია შეეხება პირგასამტეხლოსაც. აპელანტის განმარტებით გათვალისწინებით იმისა, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით, რაზეც მოსარჩელის სასარგებლოდ გაცემული იყო გირავნობის მოწმობა მას ჰქონდა მოლოდინი, რომ კრედიტორი მოთხოვნას გირავნობის საგნიდან დაიკმაყოფილებდა. გარდა ამისა აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენის ვადა, რის საფუძველზეც სასამართლოს სარჩელი განუხილველად უნდა დაეტოვებინა.

 

4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატას მიაჩნია, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. 2018 წლის 01 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ, მასვე განემარტა მისი ვალდებულების შესახებ, რომლის მიხედვითაც მას მოპასუხისთვის სასამართლო გზავნილი უნდა ჩაებარებინა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ორი თვის ვადაში სასამართლოსთვის უნდა წარდგენა.

 

4.2. 2018 წლის 03 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა სასამართლოს, რა დროსაც მოპასუხისთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა, საიდანაც ირკვეოდა, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხის მეუღლემ 2018 წლის 09 ოქტომბერს ჩაიბარა.

 

4.3. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

4.4. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 05 დეკემბერს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,მისო ევრო კრედიტის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ვლადიმერ კულიშს შპს ,,მისო ევრო კრედიტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის - 2810.43 ლარის ოდენობით, სარგებელის - 1618.46 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს - 462 ლარის ოდენობით გადახდა.

 

4.5. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ვლადიმერ კულიშმა, რომელმაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საჩივრის საფუძვლებზე, რომლითაც საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. კერძოდ, 2019 წლის 11 მარტის საჩივრით ირკვევა, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მისი ავტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის მაღალ საპროცენტო განაკვეთზე და ამ ნაწილში გარიგების ბათილობის წინაპირობის არსებობაზე უთითებდა. გარდა ამისა, საჩივრის ავტორი ყურადღებას შეუსაბამოდ მაღალ პირსაგამტეხლოზე და იმ გარემოებაზე ამახვილებდა, რომ იმ პირობებში, როდესაც სესხი უზრუნველყოფილი იყო გირავნობით, ამასთან მოსარჩელის სასარგებლოდ გაცემული იყო გირავნობის მოწმობა მას ჰქონდა მოლოდინი, რომ კრედიტორი მოთხოვნას უზრუნველყოფის საგნით დაიკმაყოფილებდა. საჩივრის ავტორი იმაზეც უთითებდა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის, არამედ სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობა, რადგან მოსარჩელეს დარღვეული ჰქონდა მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენის ვადა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის 05 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საჩივარში მის ავტორს შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე არ მიუთითებია.

 

4.6. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების დაუსაბუთებლობა იმაში გამოიხატება, რომ გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ თანხის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც მოსარჩელე მხარე მოპასუხისთვის სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვდა იურიდიულად გამართლებულად. აღნიშნულის შესახებ არც გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებლად და მისი გაუქმების საფუძვლად საჩივარში სწორედ იმ გარემოებაზე უთითებდა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მისთვის სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას, რადგან სარჩელიდანვე ცალსახა იყო, რომ უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ გაცემული იყო გირავნობის მოწმობა. გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი და პირგასამტეხლო, რაც საჩივრის ავტორის აზრით მათ შორის დაუსწრებელი წარმოების რეჟიმში გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ ყურადღება მხოლოდ იმ გარემოებაზე გაამახვილა, რომ საჩივრის ავტორის მიერ დადასტურებული ვერ იქნა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიობა, მაშინ როდესაც, როგორც უკვე აღინიშნა მხარეს შესაგებლის წარუდგენლობის საპატიობაზე საჩივარში საერთოდ არ მიუთითებია და ის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებლად მხოლოდ იმაზე უთითებდა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა.

 

ამრიგად, სწორედ ამ კონტექსტშია მნიშვნელოვანი დადგინდეს, სარჩელში მითითებული რომელი გარემოებები ამართლებს, სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მოთხოვნას, რადგან ამგვარი მსჯელობა და დასკვნები გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის ასახული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოობის შესახებ საჩივრის ავტორს არ მიუთითებია და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობად ის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლის მაღალ საპროცენტო განაკვეთზე, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოზე და მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობის მოწმობის გაცემის შესახებ უთითებდა, პასუხი უნდა გაეცეს საჩივარში დასახელებული რომელიმე საფუძველის არსებობა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას ხომ არ გამორიცხავდა, ან დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში არსებობდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი. პალატა აქვე შენიშნავს, რომ სარჩელში მითითებული ამ თუ იმ ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, აღნიშნული სამართლებრივი შეფასების საკითხია, შესაბამისად, დაუსწრებელი წარმოების ფარგლებში სასამართლო უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.05.2015წ. განჩინება საქმეზე N1125-1072-2014). სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ სწორედ აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და საჩივრის განხილვის ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვლადიმერ კულიშის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური