განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002134046
საქმე №1ბ/947-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ა------–------ის
ადვოკატის: გ------------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულის: გ---------------–-–---–ის
(მომაწილეობის გარეშე)
ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ---------------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებილის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------–--------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით (ბრალდების კვალიფიკაცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ---------------–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ---------------–-–---–ი მეუღლესთან, ლ-------------–-–---–თან და შვილთან, ნ-------------–-–---–თან ერთად ცხოვრობს ქ-------–--–-------------–-----------------------------------------------ში. ბოლო ორი წლის განმავლობაში, გ---------------–-–---–სა და მის შვილს, ნ-------------–-–---–ს შორის დაიძაბა ურთიერთობა, რაც გამოიხატებოდა მამის მხრიდან შვილის მიმართ სისტემატური სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, რის შედეგადაც ნ-------------–-–---–ი თავს გრძნობდა დამცირებულად, განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
2016 წლის 26 აგვისტოს, იმის გამო, რომ ნ-------------–-–---–ი გასულიყო ოთახიდან, გ---------------–-–---–მა მასზე განახორციელა ძალადობა და დაამცირა ის. კერძოდ, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ათრევდა თმით, ურტყამდა სახეში, აფურთხებდა და ლანძღავდა, რის შედეგადაც ნ-------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა და თავს გრძნობდა დამცირებულად.
2017 წლის 11 სექტემბერს, თავის საცხოვრებელ სახლში, გ---------------–-–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის შვილს, ნ-------------–-–---–ს, კერძოდ, აგინებდა უცენზურო სიტყვებით და ურტყამდა ხელებს თავის არეში, რის შედეგადაც ნ-------------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
2017 წლის 12 სექტემბერს, თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების ნიადაგზე, გ---------------–-–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის შვილს, ნ-------------–-–---–ს და დაამცირა იგი. კერძოდ, ურტყამდა ხელებს, ითრევდა თმით, გახადა სახლის ფეხსაცმელი და ურტყამდა ქუსლით, ხელებით სცემდა სახის, თავის, ზურგის არეში და ხელებზე და აფურთხებდა მას, რის შედეგადაც ნ-------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა და თავს გრძნობდა დამცირებულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განაჩენით:
გ---------------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (სამი ეპიზოდი).
გ---------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ---------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი იყო პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, გ---------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-34-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია.
მსჯავრდებულ გ---------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 12 სექტემბრიდან 2017 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენით ჩათვლილი დრო - 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ა------–------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა - სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გ---------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის თვალსაზრისით, კერძოდ, მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა არა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), არამედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და თავისუფლების აღკვეთის სახით მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ გ---------------–-–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ---------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იგი გამოტანილი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა შესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსსკ–ის 260–ე მუხლის მიხედვით, განაჩენის დადგენისას სასამართლოს თანმიმდევრობით უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, არის თუა არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო, შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება....
როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში არ დაეთანხმა ბრალდების კვალიფიკაციას გ---------------–-–---–ის მიერ შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ და ბრალდება გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (3 ეპიზოდი).
რაც შეეხება მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ---------------–-–---–ის მიერ შვილის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების (თმებით თრევა, ხელებით ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებში, შეფურთხება, ლანძღვა-გინება უცენზურო სიტყვებით) სისტემატურობას, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე თავის სააპელაციო საჩივარში, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დასკვნას მსჯავრდებულ გ---------------–-–---–ის მიერ შვილის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით (3 დამოუკიდებელი ეპიზოდი) დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, ანუ მინიმუმ ჯამში სამჯერ მაინც, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი, ანუ მისი გამეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. ამიტომ წარმოუდგენელია ძალადობა მივიჩნიოთ სისტემატურად, როდესაც ქმედებები დროის ინტერვალით იმდენად დაშორებულია ერთმანეთისგან, რომ მათ შორის აღნიშნული სისტემური ჯაჭვი ქრება, რაც შეფასებითი ცნებაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მას სასამართლო ადგენს. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად.
მოცემულ შემთხვევაში, გ---------------–-–---–ს ბრალად ედება შვილის მიმართ სამი ძალადობრივი ქმედების ჩადენა, რომელთაგან პირველი განხორციელდა 2016 წლის 26 აგვისტოს, მეორე - 2017 წლის 11 სექტემბერს, ხოლო მესამე - იმავე წლის 12 სექტემბერს. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. აღნიშნული წესის გათვალისწინებით, თუ მივიჩნევთ, რომ პირველი ქმედება განხორციელდა 2016 წლის 26 აგვისტოს, ხოლო მეორე - 2017 წლის 11 სექტემბერს, გამოდის, რომ პირველი ძალადობრივი ქმედებიდან მეორე ქმედებამდე გასულია ერთ წელზე მეტი. სასამართლოს შეფასებით, ეს იმდენად ხანგრძლივი პერიოდია, რომ პირველ შემთხვევაში განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ხასიათისა და ხერხის (ხელის დარტყმა სახეში, შეფურთხება, გინება და თმებით თრევა) გათვალისწინებით, წარმოუდგენელია განცდილი ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა ამ ხნის განმავლობაში იმ ინტენსივობით შენარჩუნებულიყო, რომ მას სისტემატური ძალადობისთვის დამახასიათებელი ელფერი შეეძინა. შესაბამისად, გ---------------–-–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების სერიაში 2016 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი სისტემურობის თვალსაზრისით ამოვარდნილია და აღნიშნული ჯაჭვის ნაწილი ვერ გახდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანარჩენი ორი ქმედების სისტემატურობასთან მიმართებით განხილვის საფუძველი აღარ არსებობს, რადგან გ---------------–-–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სისტემატურ ძალადობას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ გ---------------–-–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებები დანაშაულს არ წარმოადგენს.
საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ---------------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები 2016 წლის 26 აგვისტოს, 2017 წლის 11 სექტემბრის და 2017 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდებში წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მოცემულ შემთხვევაში გ---------------–-–---–თან მიმართებით დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა ყველა შემთხვევაში მისი სასარგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან, მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოდ, მინიმალური სასჯელი კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის სანქცია) 6 თვეა, ხოლო მაქსიმუმი - 1 წელი (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) მაშინ, როდესაც ბრალად წარდგენილი დანაშაულის სანქციით (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილი) მინიმალური თავისუფლების აღკვეთის ვადა 1 წელი, ხოლო მაქსიმუმი - 3 წელია, რაც აშკარად სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება გ---------------–-–---–ისთვის მით უმეტეს, როდესაც მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა გ---------------–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რაც აღწერილია ბრალდების შესახებ დადგენილებაში და რაც დასტურდება საქმეში არსებული, მხარეთა შეთანხმებით, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, ჩაიდინა არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, არამედ სამი დამოუკიდებელი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 26 აგვისტოს, 2017 წლის 11 სექტემბრის და 2017 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდები). სწორედ ამ თვალსაზრისით მოხდა გ---------------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების კვალიფიკაციის შეცვლა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის ცვლილების კონტექსტში არ მომხდარა წარდგენილი ბრალდების ფარგლებს გაცდენა ფაქტის თვალსაზრისით. შეცვლილი კვალიფიკაცია მოხდა იმ ფარგლებში, რაც ბრალდების დადგენილებაშია აღწერილი, სასამართლო მხოლოდ სამართლებრივი შეფასების ნაწილში არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რაც საერთო ჯამში არ წარმოადგენს ახალ ბრალდებას დაცვის მხარისათვის შინაარსობრივი გაგებით და ამ უკანასკნელს შეეძლო ედავა იმ ძირითად საკითხებზე, რაზეც შეცვლილი კვალიფიკაციის კონტექსტშიც მოუწევდა პოზიციის დაფიქსირება. ამდენად, კვალიფიკაციის შეცვლა მოცემულ შემთხვევაში არ იწვევს დაცვის უფლების დარღვევას, ინფორმირებული იყოს მის მიმართ წადგენილი ბრალდების შესახებ და ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებები თავის დასაცავად.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ---------------–-–---–ისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს. პალატას მიაჩნია, რომ გ---------------–-–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს შვილის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განაჩენი გ---------------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვა უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განაჩენი გ---------------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ---------------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით, სამი ეპიზოდი);
გ---------------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით, სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ---------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი იყო პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, გ---------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-34-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, რაც დღეის მდგომარეობით გასულია;
მსჯავრდებულ გ---------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 12 სექტემბრიდან 2017 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენით ჩათვლილი დრო - 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე