განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
330100119002857666
ინსტანცია
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002857666

საქმე №1ბ/1058-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ------–--------;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - დ-----------–--- (პ/ნ 6----------, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------–----------------------------------–-----–-------------ში);

 

ადვოკატი - თ--------–------;

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);

 

სასჯელი: 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 29 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ბახტრიონის ქუჩისა და პეკინის გამზირის კვეთაზე არსებულ ,,ბუკიას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ-----------------ის ავტომანქანაში მყოფი დ-----------–---, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა თ-----------------ის ოქროს ძეწკვს კულონთან ერთად, ხელჩანთას და ,,აიფონ 10“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შემდეგადაც დაზარალებულს მიადგა 3 320 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენით, დ-----------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ-----------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თ--------–------მ და ალ------------------ემ და ითხოვეს მისი გაუქმება.

 

მეორე მხარემ - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------–--------მ ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით, მათ შორის დაზარალებულის ჩვენებით არ დასტურდება ნივთების ფარულად დაუფლების ფაქტი, პირიქით, დაზარალებულმა განაცხადა, რომ ნივთები თავად გადასცა მსჯავრდებულს ნებაყოფლობით, რისი გათვალისწინებით სასამართლოს უნდა დაედგინა გამამართლებელი განაჩენი. პირველი ინსტანციის სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილზე, თუ რატომ ამოიღო დაზარალებულმა ტელეფონიდან სიმ-ბარათი, რატომ მოიხსნა ოქროს ნივთები და დადო მანქანაში. ასევე უსამართლოა სასჯელი, რაც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

მეორე მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხისთავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნეს დასუსტებულიისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43.).

 

თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და,საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, რა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ამ მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი.

 

დაზარალებულმა თ-----------------ემ განმარტა, რომ დაახლოვებით ერთი წლის წინ სლოტ-კლუბში გაიცნო ,,გ-----------------ე“, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა დ-----------–---. 2018 წლის 29 დეკემბერს ავტომანქანით იყო მისული კაზინო ,,ა-----ში“ სათამაშოდ. ადგილზე მისვლისას მანქანა გააჩერა, თავად კი წავიდა კაზინოში. უკან დაბრუნებისას მანქანაში დახვდა დ-----ი, რომელმაც მიუხედავად წინააღმდეგობისა, არ მისცა საშუალება საჭესთან დამჯდარიყო. წავიდნენ კაზინოში, სადაც დაახლოვებით 30 წუთი დაჰყო. მანქანაში ჩასხდომისთანავე დ-----------–---მ ფულადი საჭიროებიდან გამომდინარე მოსთხოვა მობილური ტელეფონი და მანქანა. უარის მიღების შემდეგ საჭესთან მჯდომმა დ-----მა დაიწყო მოძრაობა დაუსახლებელი ადგილის მიმართულებით. გზად მიმავალს ემუქრებოდა, აგინებდა. მას შეეშინდა დ-----ის, გადაწყვიტა მოძრავი მანქანიდან გადამხტარიყო, თუმცა თმებში მოქაჩვით არ მისცა საშუალება დაეტოვებინა მანქანა. მუქარის შემდეგ ოქროს საყურეები, ცეფი და კულონი დადო ავტომანქანაში სიჩქარის გადამრთველთან. ბახტრიონის ქუჩიდან პეკინის კვეთაზე მდებარე ,,ბუკიას“ პარკთან მიახლოევისას გასაღები გამოაცალა ავტომანქანას და გაიქცა შორიახლოს მყოფ ბიჭებთან, რომელთაც სთხოვა დახმარება, თუმცა ამაოდ. მანქანისკენ მობრუნებულმა დაინახა პარკით ხელში დ-----------–---, რომელმაც დატოვა ავტომანქანა და გაემართა მეტროსადგურის მიმართულებით. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მან მოისაკლისა ოქროს კულონი, ცეფი, ხელჩანთა და ,,აიფონ 10“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ნივთების ღირებულება ჯამში სულ 3 320 ლარს შეადგენდა.

 

მოწმე გ---–--------–---მა განმარტა, რომ 2019 წლის 7 იანვარს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ელ-საძახილის მეშვეობით მიიღო შეტყობინება, რომ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე თ-----------------ე ითხოვდა დახმარებას. პოლიციელები ადგილზე გამოცხადნენ, ნახეს თ-----------------ე. დაზარალებული უთითებდა სამართლადამცავ ორგანოების თანამშრომლებს იქვე მდგომ პიროვნებაზე, რომელმაც მოიპარა მისი კუთვნილი ნივთები. თ-----------------ის განმარტებით, ნივთების მოპარვის ფაქტი გაცხადებული ჰქონდა ვაკე-საბურთალოს პოლიციაში. აღნიშნულის შემდეგ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციელების მიერ დაკავებულ იქნა დ-----------–---.

 

2019 წლის 9 იანვრის ამოღების ოქმით (შეადგინა გამომძიებელმა გ-----------–--------–---–მა) დგინდება, რომ ქ-------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს ქ.რუსთავის საქალაქო სამმართველოში - გ-------------ესთან ნებაყოფლობით ამოღებული იქნა ერთი ცალი მობილური ტელეფონი ,,აიფონ 10“-ის ფირმის, რომელსაც წინა პანელის ზედა ნაწილში აღენიშნება მრავლობითი დაზაინებები, უკანა პანელი არის მოთეთრო-მოვერცხლისფრო. ასევე, ამოღებულ იქნა დ-----------–---სთან გაფორმებული ხელშეკრულება ტელეფონის ჩაბარების შესახებ. აღნიშნული ტელეფონი კანონით დადგენილი წესით დაილუქა.

 

2019 წლის 5 თებერვლის ამოღების ოქმით (შეადგინა გამომძიებელმა გ-----------–--------–---–მა) დგინდება, რომ ქ------–-----–-------–--------ში მდებარე შპს ,,მ--------------------ში“ მენეჯერ - კ-----------–----ასთან ნებაყოფლობით ამოღებული იქნა ერთი ცალი მოყვითალო ფერის ბრტყელი გრძელი ნაქსოვი ცეფი წონით 1,12 გრამი, ასევე სალომბარდე ხელშეკრულება.

 

დ-----------–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ვახტანგ გაიხარაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, მხარეთა შეთანხმებით სადავოდ არ იქნა მიჩნეული, კერძოდ, მოწმეების: გ-------–-----ის, გ-------------ის, კ-----------–----ას და ლ------------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დ-----------–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ამოცნობის ოქმი და შესაბამისად მათ პრეიუდიციული ძალა მიენიჭათ.

 

მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი მხარეებმა სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის განხილვა და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).

 

იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულის ჩვენებით, შესაძლოა დ-----------–--ის ქმედებაში იკვეთებოდეს უფრო მძიმე დანაშაულის (ძარცვის) ნიშნები, სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ბრალდების მხარე, ბრალდების შესახებ დადგენილებით, რომლის ფარგლებშიც იხილავს სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს, დ-----------–---ს ედავებოდა უფრო მსუბუქი დანაშაულის (ქურდობის) ჩადენას. სასამართლოს მიერ სხვა ისეთი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენა და მათთვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება, რასაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალდების მხარე არ ედავებოდა დ-----------–---ს ცალსახად იქნებოდა ბრალდების ფარგლების გაცდენა და ახალი ბრალდების ფორმულირება, რაც მხოლოდ ბრალდების მხარის უფლებამოსილებაა, თუმცა სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ დ-----------–--- მხოლოდ იმიტომ უნდა იქნეს უდანაშაულოდ ცნობილი, რომ მის ქმედებაში შესაძლოა იკვეთებოდეს უფრო მძიმე დანაშაულის ნიშნები.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დ-----------–--- თ-----------------ის ნივთებს მისი ნების ანუ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ამ ნივთების დაუფლების ხერხი იყო აშკარა თუ ფარული. იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულის ჩვენებით ცალსახად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ დ-----------–--- დაზარალებულის ნივთებს სწორედ მაშინ დაეუფლა, როდესაც დაზარალებული მანქანიდან იყო გადასული, შესაბამისად შეუძლებელია თ-----------------ეს სცოდნოდა, თუ რა ნივთებს დაეუფლა დ-----------–--- მისი ავტომანქანიდან.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ასევე გააანალიზა აპელანტის საკვანძო არგუმენტები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ-----------------ის ავტომანქანაში მყოფი დ-----------–---, ფარულად დაეუფლა თ-----------------ის ოქროს ძეწკვს კულონთან ერთად, ხელჩანთას და ,,აიფონ 10“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 3 320 ლარის ქონებრივი ზიანი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ დ-----------–--ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ-----------–--ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს.

რაც შეეხება ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - მნიშვნელოვან ზიანს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

ამდენად, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა, რომ დ-----------–---, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა თ-----------------ის ოქროს ძეწკვს კულონთან ერთად, ხელჩანთას და ,,აიფონ 10“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს. ამასთან დ-----------–--ის ქმედებით დაზარალებულს მიადგა 3 320 ლარის ქონებრივი ზიანი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილ მნიშვნელოვანი ზიანის ნიშნულს, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც დ-----------–--- უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ-----------–--ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ დ-----------–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს დ-----------–---ს ისჯება ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს დ-----------–--ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დანაშაული ჩადენილია ანგარებითი მოტივითა და სხვისი ქონების დაუფლების მიზნით) ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის ურყევ ნებას ჩაედინა დანაშაული), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული), ასევე იმ გარემოებას, რომ ზიანი ფაქტობრივად ანაზღაურებულია (მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთები ამოღებულია) მის პიროვნებას (წარმოდგენილი მტკიცებულებები დ-----------–--ის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა, თუმცა იგი მიდრეკილია აზარტული თამაშებისკენ) და მიიჩნევს, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა მინიმუმთან მიახლოვებული ზომით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს და ნაკლებად მკაცრი სასჯელი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება და ვერ უზრუნველყოფდა სასჯელის მიზნებს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: მობილური ტელეფონი, ყუთი და ყელსაბამი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ-----------–--ის ადვოკატების თ--------–-----ის და ალ------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი;

 

დ-----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ-----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 7 იანვრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

მობილური ტელეფონი, ყუთი და ყელსაბამი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი