განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002105805
საქმე №3ბ/1776-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
წარმომადგენელი - ზ------------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ--ა ს-----ე
მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
წარმომადგენელი - ს--–---------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოწინააღმდეგე მხარე - ლ--ა ს-----ე სააპელაციო შესაგებლით არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
2.2. მესამე პირის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ--ა ს-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 4----------ს №1------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 2017 წლის 2-----–---ს განცხადებასთან (განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 2-----–--ი, №1-------) დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ლ--ა ს-----ემ 2009 წლის 3--------ს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, მ----------–-–---------–-------------------------–----------------–----------------–---------------------–-----------------–--------------------–----–-------------------------------------–------------------------.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 2--------–ის №2---------- წერილით ლ--ა ს-----ეს, მიმართვის პასუხად, განემარტა, რომ საკითხის გარკვევისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიების მიზნით განმცხადებელს უნდა მიემართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის.
2017 წლის 2-----–--ს მოსარჩელის წარმომადგენელმა - ზ-----ბ ი--–---–მა განცხადებით (განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 2-----–--ი, №1-------) მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, კერძოდ, რომელი ნოტარიუსის/ნოტარიუსების სამკვიდრო უბანში შედიოდა ქ-------–--–-------------–---–------–--------–--------------------------------------------–-–-----------–-–---------------–-----------–----–---------------------------------------------------------
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2017 წლის 0-----------ს №1------ წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს და გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელი ნოტარიუსის სამუშაო უბანს წარმოადგენდა თბილისში მდებარე ჯ--------–---–------–---------------------- ქუჩა.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 0-----------ს №1------ წერილით ზ-----ბ ი--–---–ს ეცნობა, რომ ნოტარიუსთა პალატაში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რომელი ნოტარიუსის სამუშაო უბანს ეკუთვნოდა თბილისში მდებარე ჯ--------–---–------–---------------------- ქუჩა. ასევე განემარტა, რომ ინფორმაციის მოძიების მიზნით მიმართულ იქნა იუსტიციის სამინისტროსთვის, რომლის პასუხის თაობაზეც დამატებით ეცნობებოდა მხარეს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს 2017 წლის 04----------ს №4--- წერილით საქართველოს ნოტარიუსთა პალატას 2017 წლის 0-----------ს №1------ წერილის პასუხად ეცნობა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ნოტარიუსის სამუშაო უბანს ეკუთვნოდა თ---–--–----------------------–---–------–----------------------------------------------–-–--–-, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არქივში არ ინახება.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 04----------ს №1------ წერილით ზ-----ბ ი--–---–ს ეცნობა, რომ ნოტარიუსთა პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 1928-1941 წლებში თბილისში მდებარე ჯ--------–---–------–----------------------------- ქუჩის ნოტარიუსის სამუშაო უბნის კუთვნილებასთან დაკავშირებით. იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოდან წარმოდგენილი წერილის შესაბამისად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ეცნობა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არქივში ინფორმაცია არ ინახება. შესაბამისად, მხარეს განემარტა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია მხარისათვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით.
2017 წლის 0-----------რს ლ--ა ს-----ის წარმომადგენელმა - ზ-----ბ ი--–---–მა განცხადებით (რეგისტრაციის ნომერი - 1-------) მიმართა საქართველოს ნოტარიუთა პალატას და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა, კერძოდ, 1928 წლის მაისის თვიდან 6 თვიანი ვადის გასვლამდე, ანნა ნიკოლოზის ასული ამილახვარის სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსთან შეტანილი იქნა თუ არა ანნა ნიკოლოზის ასული ამილახვარის მემკვიდრეების მიერ განცხადება და ვინ მიიღო მისი სამკვიდრო ან ხომ არ იქნა სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსის მიერ, ანნა ნიკოლოზის ასული ამილახვარის სამკვიდრო აღწერილი და დანიშნული მმართველი (თუ დანიშნული იქნა მისი ვინაობის შესახებ ინფორმაციის გაცემა), ასევე 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, წარმოებული იქნა თუ არა მისი სამკვიდროს უმკვიდროდ გამოცხადებისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის სამართლებრივი პროცედურა და როგორც უმკვიდრო, გადაეცა თუ არა სახელმწიფოს. ამავე თარიღის განცხადებით (რეგისტრაციის ნომერი - 14096/16) მხარემ ასევე მოითხოვა ინფორმაციის გაცემა - 1931 წლის სექტემბრის თვიდან 6 თვიანი ვადის გასვლამდე, ელ--ე ევგენის ასული კუვიაზევას სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსთან შეტანილი იქნა თუ არა ელ--ე ევგენის ასული კუვიაზევას მემკვიდრეების მიერ განცხადება და ვინ მიიღო მისი სამკვიდრო ან ხომ არ იქნა სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსის მიერ, ელ--ე ევგენის ასული კუვიაზევას სამკვიდრო აღწერილი და დანიშნული მმართველი (თუ დანიშნული იქნა მისი ვინაობის შესახებ ინფორმაციის გაცემა) ასევე 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, წარმოებული იქნა თუ არა მისი სამკვიდროს უმკვიდროდ გამოცხადებისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის სამართლებრივი პროცედურა და როგორც უმკვიდრო, გადაეცა თუ არა სახელმწიფოს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის №16/11842 და №16/11841 წერილებით ზ-----ბ ი--–---–ს ეცნობა, რომ პალატის არქივში დაცული დოკუმენტებიდან ინფორმაციის გაცემა და/ან დოკუმენტის ასლის დამოწმება ხორციელდებოდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის 2011 წლის 10 ნოემბრის #35 §1 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივიდან დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის გაცემის წესის შესახებ“ სამსახურებრივი ინსტრუქციისა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად. მხარეს განემარტა, რომ სამსახურებრივი ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სანოტარო არქივიდან დოკუმენტის/ინფორმაციის მიღების მსურველმა დაინტერესებულმა პირმა განცხადებას თან უნდა დაურთოს წინასწარი გადახდის ქვითარი. ხოლო „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, რომლის თხოვნითაც ან რომლის მიმართაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, ან მის წარმომადგენელზე. თუ განმცხადებელი არ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, დოკუმენტის მისაღებად მან უნდა წარადგინოს სანოტარო აქტის მონაწილე მხარის მიერ მის სახელზე გაცემული დავალების ხელშეკრულება (რწმუნებულება) ან სანოტარო აქტის მონაწილეთა თანხმობა.
ნოტარიუსთა პალატამ განმცხადებელს მიუთითა, რომ ვინაიდან განცხადებებს არ ერთვოდა წინასწარი გადახდის ქვითარი, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, ამ ეტაპზე დაეკმაყოფილებინათ მისი მოთხოვნა. ხოლო ზემოაღნიშნული პირობების დაცვით შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაიწყებოდა ინფორმაციის მოძიების პროცესი. განმცხადებელს დამატებით ეცნობა, რომ ინფორმაციის მოძიების მიზნით განაცხადით უნდა მიემართა თბილისში და/ან საქართველოს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე ნებისმიერი იუსტიციის სახლისათვის.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 4----------ს №1------ წერილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან.
საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი) 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. თავის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო-და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. როგორც აღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის მიმართ. საჯარო ინფორმაციის ამგვარი სახით არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მის მომთხოვნზე გასცეს იგი სრულყოფილი სახით, მის მიერ არჩეული საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, კერძოდ, რომელი ნოტარიუსი/ნოტარიუსების სამოქმედო ტერიტორიაში შედიოდა ქ.თბილისში, ჯორჯიაშვილის (ამჟამინდელი გ.ჭანტურიას) №3 ჩიხი 1928 წლიდან 1941 წლამდე პერიოდში და სად შეიძლება ამ ნოტარიუსის/ ნოტარიუსების არქივის მოძიება, თავისი ფორმით ექცევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიაში.
საქართველოში ნოტარიატის მოწყობისა და ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა შესრულების ძირითად მოთხოვნებს განსაზღვრავს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის თვითმმართველობის პრინციპით აგებული ნოტარიუსების გაერთიანება და ემყარება ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობას. ნოტარიუსები ნებაყოფლობით საწყისებზე შეიძლება იყვნენ ნოტარიუსთა საზოგადოებრივი გაერთიანების წევრები. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა წარმოადგენს და იცავს ნოტარიუსთა ინტერესებს, ეხმარება მათ სანოტარო საქმიანობაში, ორგანიზებას უწევს ნოტარიუსობის კანდიდატთა სტაჟირებას, ზრუნავს ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე. ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, რომელიც მისი სამუშაო ადგილია. სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობას ირჩევს ნოტარიუსი. ასევე ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის, აგრეთვე მისი შეცვლის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხე - საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია 1928-1941 წლებში თბილისში მდებარე ჯ--------–---–------–---------------------- ქუჩის ნოტარიუსის სამუშაო უბნის კუთვნილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში არ იძებნებოდა. იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს წერილით ნოტარიუსთა პალატას ეცნობა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არც მათ არქივში ინახებოდა ინფორმაცია. მხედველობაშია მისაღები ასევე 2018 წლის 23 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება, რომელმაც ერთი მხრივ განმარტა, რომ 2017 წლის 2-----–---ს განცხადებით მოთხოვილი ინფორმაცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში ვერ იქნა მოძიებული, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნა, რომ 1928-1941 წლების პერიოდის რამდენიმე ნოტარიუსის სანოტარო საქმეები, სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არის დაცული ნოტარიუსთა პალატაში, თუმცა სრულყოფილად არ არის სანოტარო დოკუმენტაცია.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
საქმეში არსებული მასალები და მხარეთა პოზიციები სასამართლოსათვის ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით უარი უთხრა მოსარჩელე მხარეს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ, მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, მოპასუხემ უნდა დაადგინოს არის თუ არა დაცული საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში მხარის მიერ მოთხოვილი ინფორმაცია, გამოიკვლიოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავს ან დაადასტურებს 2017 წლის 2-----–---ს განცხადებით (განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 2-----–--ი, №1-------) მოთხოვნილი ინფორმაციის საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში არსებობის/არარსებობის ფაქტს.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 4----------ს №1------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 2017 წლის 2-----–---ს განცხადებასთან (განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 2-----–--ი, №1-------) დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის მოსარჩელის 2017 წლის 2-----–---ს განცხადებით (განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 2-----–--ი, №1-------) მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალებაზე, ვინაიდან აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა დამოკიდებულია მოპასუხის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოცემული ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსზე.
4.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიუთითა მოსარჩელის მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსადმი მიმართვის ფაქტი, რითიც ხაზს უსვამს ნოტარიუსთა პალატისადმი მიმართვის საფუძვლიანობას. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო არასწორად დაეყრდნო არაკომპეტენტური ორგანოსადმი განმცხადებლის მიმართვის ფაქტს და იმსჯელა დავის საგანთან კავშირში არმყოფ გარემოებაზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რომ არ გააჩნია ინფორმაცია საქართველოში სანოტარო უბნების შესაძლო მდებარეობების შესახებ, ეს გარემოება სასამართლომ არ შეაფასა.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელემ საჯარო ინფორმაციის მიუღებლობა ახსნა იმ გარემოებით, თითქოს ადმინისტრაციულმა ორგანომ მისი 2017 წლის 5 სექტემბრის განცხადებების პასუხად შეგნებულად დამალა „არსებული“ ინფორმაცია და მოითხოვა მომსახურების საფასურის გადახდა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, მიუხედავად იმისა, რომ სხდომებზე დეტალური და ამომწურავი განმარტებები გაკეთდა სანოტარო არქივიდან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაცემის წესის, არსებული საკანონმდებლო შეზღუდვებისა და შესაბამისი მომსახურების დადგენილი რეგულაციების შესახებ. კერძოდ, ნოტარიუსთა პალატის არქივიდან ინფორმაცია გაიცემა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N165/ს ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივიდან დოკუმენტის ასლის და ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ“ სამსახურებრივი ინსტრუქციის და „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N507 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად. სანოტარო აქტივიდან დოკუმენტის/ინფორმაციის მიღების მსურველმა დაინტერესებულმა პირმა განცხადებას თან უნდა დაურთოს წინასწარი გადახდის ქვითარი. ნოტარიუსთა პალატის არქივში მატერიალური სახით დაცულია უფლებამოსილებაშეწყვეტილი/შეჩერებული ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები საქმეები და ნოტარიუსთა პალატა აწარმოებს სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრს, სადაც შეტანილია მონაცემები მამკვიდრებლების თაობაზე (მიუხედავად მათი გარდაცვალების თარიღისა). სასამართლომ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საარქივო მომსახურება ფასიანია. გარდა ამისა, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განმტკიცებულია სანოტარო მოქმედების კონფიდენციალურობის პრინციპი, რაც გამორიცხავს ამ ტიპის ინფორმაციის საჯარო ხასიათს. სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რომ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს სთხოვდა ორი სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის გაცემას. კერძოდ, ერთ შემთხვევაში პირი ითხოვდა საჯარო ინფორმაციას - კონკრეტული მისამართის სანოტარო უბნის კუთვნილების შესახებ, ხოლო მეორე შემთხვევაში ითხოვდა ინფორმაციას სანოტარო არქივიდან, რაზეც ვრცელდება შესაბამისი საკანონმდებლო შეზღუდვები და მოქმედებს მომსახურების წესები, რაც ფასიანია.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო არღვევს პროცესუალურ ნორმას - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რადგან სადავო საკითხი არ ეხება ინფორმაციის დამალვას, დაფარვას და/ან არსებული ინფორმაციის გაცემაზე უარს. სადავო ურთიერთობა შეეხება ორგანოში არარსებული ინფორმაციის გაცემაზე უარს და გარკვეულწილად იმის გარკვევას, სანოტარო მოქმედებები არის თუ არა საჯარო. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს სანოტარო არქივში იკვლიოს საჯარო ინფორმაცია, რომელიც ვერ იქნა მოძიებული და შეუძლებელია დადგინდეს, რომელი ნოტარიუსის სანოტარო უბანს განეკუთვნებოდა 1928-1941 წლებში თბილისში, ჯ--------–---–------–---------------------- ქუჩა. ნოტარიუსთა პალატას ის ცნობებიც კი არ მოეპოვება, მითითებულ პერიოდში მოქმედებდა თუ არა საერთოდ სანოტარო უბნები საქართველოში, არ მოეპოვება ასევე ნორმატიული ბაზა, რომელიც განამტკიცებდა აღნიშნულ წესს. ამასთან, ნოტარიუსთა პალატის არქივის სპეციფიკის გათვალისწინებით, სანოტარო აქტები დალაგებულია ნოტარიუსის სახელის/გვარის, სანოტარო აქტის დამოწმების თარიღის (წელი, თვე, რიცხვი) და რეესტრის ნომრის მიხედვით. შესაბამისად, სანოტარო არქივში დოკუმენტის მოძიება მისი შინაარსის, კერძოდ, რა მისამართზე მდებარე უძრავ ქონებაზე დამოწმდა სამკვიდრო მოწმობა, არის შეუძლებელი. გასათვალისწინებელია, რომ 1928-1941 წლებში ნაწარმოები სანოტარო საქმეების რაოდენობა არის რამდენიმე ათასი ცალი. ასევე, სანოტარო აქტის შინაარსში მითითებული უძრავი ქონების მისამართების შესახებ ინფორმაციის კოდიფიცირება და აღრიცხვა არ წარმოადგენს ნოტარიუსთა პალატის ძირითად საქმიანობასა თუ ვალდებულებას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს ამ ინფორმაციას და მისი არარსებობის მიზეზით უცხადებს უარს განმცხადებელს/მოსარჩელეს.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, იმისათვის, რომ ნოტარიუსთა პალატამ მოიძიოს რომელი ნოტარიუსის სანოტარო უბანს განეკუთვნებოდა 1928-1941 წლებში თბილისში, ჯორჯიაშვილის ქუჩა, უნდა დადგინდეს შემდეგი გარემოებები: 1. უნდა გაირკვეს, არსებობდა თუ არა მოცემული პერიოდისთვის სანოტარო უბნები; 2. მოძიებულ იქნეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომლითაც განაწილებული იყო ნოტარიუსების სამუშაო უბნები და მასში მოძიებულ იქნეს განმცხადებლისათვის საინტერესო ქუჩის მიხედვით კონკრეტული სანოტარო უბანი/ნოტარიუსი; 3. მოძიებულ იქნეს პალატის არქივში სხვადასხვა სანოტარო აქტი, სადაც შეიძლება ფიგურირებდეს აღნიშნული მისამართი/ქუჩა/უბანი. აპელანტი აღნიშნავს, რომ ამოწურა ყველა მითითებული შესაძლებლობა, დამატებით მიმართა იუსტიციის სამინისტროს და მხოლოდ ამის საფუძველზე გასცა პასუხი განცხადებაზე.
აპელანტი აღნიშნავს, საჯარო ინფორმაცია რაიმე სახით უნდა არსებობდეს საჯარო დაწესებულებაში. სხვა შემთხვევაში საკითხი ვერ იქნება განხილული ამ კოდექსით დადგენილი ნორმების ფარგლებში, რადგან არარსებული ინფორმაციის გაცემის დავალდებულებას არ იცნობს კანონმდებლობა. სასამართლო მიღებული გადაწყვეტილებით ირიბად ავალებს ნოტარიუსთა პალატას, რომ კანონით დაკისრებული სანოტარო მოქმედებების საიდუმლობის დაცვა უგულებელყოს და გვერდი აუაროს საარქივო მომსახურებისათვის დადგენილ წესებსაც. აღსანიშნავია, რომ „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N507 დადგენილების 41-ე მუხლით განსაზღვრულია სანოტარო არქივიდან დოკუმენტის/ინფორმაციის გაცემისათვის მომსახურების საფასურები. ამ წესით ხორციელდება საარქივო მომსახურება და უფლებამოსილ პირებს მიეწოდებათ საარქივო ცნობები კანონით დადგენილი წესით. სასამართლო მიიჩნევს, რომ პალატამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სათანადო ძიების განხორციელების ფაქტს. აპელანტის მითითებით, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს, რადგან ამგვარი პროცედურა და შესაბამისი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ცალკე რაიმე სახის აქტის და/ან ოქმის შედგენას.
სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, ნოტარიუსთა პალატა აწარმოებს სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრს, სადაც შეტანილია მონაცემები მამკვიდრებლების თაობაზე (მიუხედავად მათი გარდაცვალების თარიღისა), ნოტარიუსთა პალატაში, სანოტარო ბიუროებში და საარქივო ფონდის საცავებში არსებული სამემკვიდრეო საქმეების საფუძველზე. გარდაცვლილი პირის სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის და/ან წერილობითი განცხადების მოძიებისთვის მნიშვნელოვანი მონაცემია მამკვიდრებლის სახელი/მამის სახელი/ გვარი, პირადი ნომერი და გარდაცვალების თარიღი და არა ის ინფორმაცია, თუ რომელი ნოტარიუსის სამუშაო უბანი იყო კონკრეტული მისამართი. შესაბამისად, სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებული მიზნებისთვის, სადაც საუბარია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 2--------–ის წერილით მოთხოვნილ ინფორმაციაზე - თბილისში, მე-2 საპოლიციო უბანში, ბარიატნიკის ჩიხი N3-ში მდებარე ქონება აღიარებული არის თუ არა უმკვიდროდ, არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემული ქონების მესაკუთრეს (სახელი/გვარი) და არა მისამართს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერლის გადაწყვეტილება არის უკანონო, უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო პალატა დამატებით დადგენილად მიიჩნევს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის N16/9213 წერილის შესაბამისად, დამატებით განხორციელებული ძიების შედეგად ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო საქმეთა ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი ელ--ე ევგენის ასულ კუვიაზევას სამკვიდრო ქონებაზე ალექსანდრა ბებურის ასულ ურუშაძის სახელით 1931 წლის სექტემბრის თვიდან 1932 წლის აპრილის თვემდე პერიოდში დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების თაობაზე.
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის N16/9227 წერილის შესაბამისად, დამატებით განხორციელებული ძიების შედეგად ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო საქმეთა ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი ანნა ნიკოლოზის ასულ ამილახვარის სამკვიდრო ქონებაზე ალექსანდრა ბებურის ასულ ურუშაძის სახელით 1928 წლის მაისის თვიდან დეკემბრამდე პერიოდში დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების თაობაზე.
სააპელაციო წესით საქმის განხილვისას, 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია - არის თუ არა მათთან დაარქივებული 1928-1941 წლებში ქ. თბილისში ნოტარიუსების დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებები, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში არის თუ არა დანიშვნის ბრძანებებში მითითებული ნოტარიუსების სამოქმედო ტერიტორია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის 20 ნოემბრის N11917 მომართვით სააპელაციო სასამართლოს გამოეგზავნა სამინისტროს არქივში დაცული, 1928-1941 წლებში თბილისში ნოტარიუსების დანიშვნის/გათავისუფლების თაობაზე ბრძანებების ასლები.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის N16/16214 მომართვით სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ ნოტარიუსთა პალატაში არ ინახება 1928-1941 წლებში თბილისში ნოტარიუსების დანიშვნის/გათავისუფლების თაობაზე ბრძანებები და მათთვის სამოქმედო ტერიტორიების განაწილების შესახებ ინფორმაცია.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულად დაადგინა და გამოიკვლია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განმარტა კანონი, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლო, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება. კერძოდ, ლ--ა ს-----ე ნოტარიუსთა პალატისგან ითხოვს ინფორმაციის გაცემას იმის თაობაზე, რომ 1928 წლიდან 1941 წლამდე პერიოდში რომელი ნოტარიუსის/ნოტარიუსების სამკვიდრო უბანში შედიოდა ქ. თბილისში, ჯორჯიაშვილის (ამჟამინდელი გ.ჭანტურია ქუჩა) ჩიხი №3 და სად შეიძლება ამ ნოტარიუსის/ ნოტარიუსების არქივის მოძიება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი) 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით ასევე დადგენილია, რომ ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. იმავე კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.
ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ამავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებებისა, ღიაა, თუ იგი შექმნილი, გაგზავნილი ან მიღებულია 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, ამ ინფორმაციაში მოხსენიებული პირების იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით მათი სიცოცხლის განმავლობაში.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყველა პირს აქვს უფლება, მოითხოვოს და გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, რასაც უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. ამასთან, ინფორმაციის გაცემისას გასათვალისწინებელია როგორც იმ გარემოების დადგენა, რამდენად წარმოადგენს იგი საჯაროს და ხომ არ შეიცავს სახელმწიფო, სხვა პირის პროფესიულ, კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს, ისე განმსაზღვრელია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდეს ასეთი ინფორმაცია. კანონმდებლობა ცალსახად მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსგან საჯარო ინფორმაციის მიღება გულისხმობს ასეთ ორგანოში არსებული (მიღებული, დამუშავებული, გაგზავნილი, გამოქვეყნებული) ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას და არ უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნებისმიერი, მასთან არარსებული საჯარო ინფორმაციის მოძიებისა და გაცემის ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ლ--ა ს-----ე ითხოვს საჯარო ინფორმაციის გაცემას, თუმცაღა როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვევა ასეთი ინფორმაცია აპელანტს (მოპასუხეს) არ გააჩნია, არ არის ნოტარიუსთა პალატაში დაცული. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოითხოვა ეს ინფორმაცია, თუმცაღა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის N16/16214 მომართვით სააპელაციო სასამართლოს, სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინების პასუხად, ეცნობა, რომ ნოტარიუსთა პალატაში არ ინახება 1928-1941 წლებში თბილისში ნოტარიუსების დანიშვნის/გათავისუფლების თაობაზე ბრძანებები და მათთვის სამოქმედო ტერიტორიების განაწილების შესახებ ინფორმაცია. ამასთანავე, ინფორმაცია სასამართლომ გამოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგანაც, რომლის 2018 წლის 20 ნოემბრის N11917 მომართვით სააპელაციო სასამართლოს, სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინების პასუხად, გამოეგზავნა სამინისტროს არქივში დაცული, 1928-1941 წლებში თბილისში ნოტარიუსების დანიშვნის/გათავისუფლების თაობაზე ბრძანებების ასლები. საყურადღებოა, რომ მითითებული ბრძანებების ასლები მოსარჩელის მოთხოვნილ ინფორმაციას, კერძოდ, ნოტარიუსის/ნოტარიუსების სამოქმედო უბნის საზღვრებთან დაკავშირებით ინფორმაციას, სადაც ისინი ახორციელებდნენ სამემკვიდრეო მოწმობების გაცემას, არ შეიცავს. შესაბამისად, არ არის ის ინფორმაციაც თბილისში, ჯორჯიაშვილის (ამჟამად გ.ჭანტურიას ქ) ჩიხი 3 რომელი ნოტარიუსის სამოქმედო უბანში შედიოდა. ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ იგი არ ფლობს, მასთან დაცული არ არის მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რაც შეუძლებელს ხდის ლ--ა ს-----ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა, რადგან „მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-861-853(კ-16)). „სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება და სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან მისი დადგენა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-380-375(2კ-16)). სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევა სავსებით შესაძლებელს ხდის სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. იმავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, რადგან მოპასუხე მხარე არ ფლობს მოთხოვნილ ინფორმაციას და აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განცხადება დააკმაყოფილოს. ამრიგად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
7. საპროცესო ხარჯები:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ლ--ა ს-----ეს უნდა დაეკისროს აპელანტის - სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ლ--ა ს-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: მანანა ჩოხელი