განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002044385
საქმე №3ბ/439-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - თამარ ონიანი
მოსამართლეები - გიორგი ტყავაძე
მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენლები - ცირა გოგიჩაიშვილი, თამთა ანთია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - და-----------–---–ი
მესამე პირი - შპს „მა------------–-----------------------–---------–---–----------------ტი“
წარმომადგენელი - ნანა აბრამიშვილი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით და-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 11 ივლისის №MES 6------------ გადაწყვეტილება; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და-----------–---–ის სახელზე გაცემული M---- №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. და-----------–---–ი 2006 წლის 30 სექტემბერს (რექტორის ბრძანება №1) ჩაირიცხა მ---------------------------------------------–---ის ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის I კურსზე, სრული ზოგადი განათლების ატესტატის, განცხადებების, ტესტირების შედეგებისა და კონტრაქტების საფუძველზე.
და-----------–---–ი 2007 წლის 30 ივლისის №2--- ბრძანების საფუძველზე გადაყვანილ იქნა II კურსზე, ხოლო 2008 წლის 20 მარტის №2---- ბრძანების საფუძველზე ამორიცხულ იქნა სტუდენტთა სიიდან სხვა ინსტიტუტში გადასვლასთან დაკავშირებით.
მოსარჩელე 2008 წლის 4 მარტის №0---- ბრძანების საფუძველზე ჩარიცხულ იქნა მ-------------–-----------------------–------------------ის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის II კურსზე გადაყვანის წესით, საკუთარი განცხადების საფუძველზე. 2008 წლის 7 ივლისის №0---- ბრძანების საფუძველზე იგი გადაყვანილ იქნა III კურსზე, ხოლო 2009 წლის 20 ივლისის №0---- ბრძანების საფუძველზე გადაყვანილ იქნა IV კურსზე.
2.2.2. 2010 წელს და-----------–---–მა დაასრულა ბაკალავრიატის სრული ოთხწლიანი კურსი და 2010 წლის 11 ივლისის №1---- ბრძანების საფუძველზე მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ტურიზმის სპეციალობით. მასზე 2011 წლის 7 მარტს გაცემული იქნა დიპლომი M---- №0-----, სარეგისტრაციო №1--.
2.2.3. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2017 წლის პირველი აგვისტოს №MES 6------------ ცნობის თანახმად, და-----------–---–მა (პ/ნ 0----------) 2006 წელს გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიიღო შემდეგი შეფასებები: ქართული ენა და ლიტერატურა - 48 ქულა (სკალირებული ქულა - 140,2), ზოგადი უნარები - 44 ქულა (სკალირებული ქულა - 145,7), ინგლისური ენა - 42 ქულა (სკალირებული ქულა 143,9), მათემატიკა - 29 ქულა (სკალირებული ქულა - 141,9).
2.2.4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვლის №2------- გადაწყვეტილებით შპს „ბ----–---------------–---------------–-------------------ს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, ბ----–---------------–---------------–-------------------ი 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე გასცემდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს - დიპლომს.
შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 01 აგვისტოს №1---------------- ბრძანებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1--- ბრძანებით შპს „ბ----–---------------–---------------–-------------------ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „მ---------------------------------------------ს ინსტიტუტი“.
შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 13 თებერვლის 1------------------ ბრძანებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 04 მარტის №1-- ბრძანებით შპს „მ---------------------------------------------ს ინსტიტუტს“ ეწოდა შპს „მ-------------–-----------------------–------------------ი“, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 06 ივლისის №527 ბრძანებით - შპს „მა------------–-----------------------–---------–---–----------------ტი“.
2.2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს (საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების) 2017 წლის 14 აგვისტოს №M-------------- ცნობის თანახმად, ლეიტენანტი დ-----------------------–---–ი (პ/ნ 0----------) მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2009 წლის 1 მაისიდან დღემდე, ხოლო 2016 წლის 23 ივნისიდან დაკავებული აქვს შსს გ----------------–-------–------------------------------–----------------------–-------–-------------------–----------–-- განყოფილების უფროსის თანამდებობა.
2.2.6. საქმეში წარმოდგენილია და-----------–---–ის სახელზე გაცემული სხვადასხვა სახის გადამზადებისა თუ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ასევე მადლობის სიგელი.
2.2.7. 2017 წლის 13 ივნისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და-----------–---–მა განცხადებით მიმართა და მის სახელზე გაცემული შპს მა------------–----------------------–---------–---–-- უნივერისტეტის მიერ გაცემული M---- №0----- დიპლომის ნამდვილობის აღიარება მოითხოვა.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 11 ივლისის №MES6---------- გადაწყვეტილებით და-----------–---–ს უარი ეთქვა M---- №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-6, მე-7, 35-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. საჯარო დაწესებულებამ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისთვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
2.3.2. სასამართლომ მიუთითა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-3, მე-5, 25-ე მუხლებზე და აღნიშნა, 2017 წლის 13 ივნისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართა და-----------–---–მა და მოითხოვა მის სახელზე გაცემული M---- №0----- დიპლომის ნამდვილობის აღიარება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 11 ივლისის №MES 6------------ გადაწყვეტილებით და-----------–---–ს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
2.3.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.
სასამართლომ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხსენებული მუხლის „ღ2“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით, აგრეთვე სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით/დიპლომებით ან სერტიფიკატით;
მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და-----------–---–ის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა. ამასთან, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ცენტრში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, და-----------–---–ს არ მოუპოვებია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლება. შესაბამისად, შპს მარკეტინგული და მედია კომუნიკაციების სასწავლო უნივერისტეტის მიერ და-----------–---–ის სახელზე გაცემული ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
2.3.4. სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს, გააჩნდა თუ არა და-----------–---–ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში, - პროფესიული საქმიანობის უფლებას, სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ეკონომისტ-მენეჯერის კვალიფიკაციით. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, 601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
და-----------–---–ის სახელზე გაცემული დიპლომს აქვს ყველა საჭირო რეკვიზიტი, სარეგისტრაციო ნომერი და უნიკალური სერია და ნომერი. მოსარჩელემ დიპლომის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს (საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების) 2017 წლის 14 აგვისტოს №MIA 0 17 01946665 ცნობის თანახმად, ლეიტენანტი დ-----------------------–---–ი მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2009 წლის 1 მაისიდან დღემდე, ხოლო 2016 წლის 23 ივნისიდან დაკავებული აქვს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს „ჩარლი“ განყოფილების უფროსის თანამდებობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ და-----------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 11 ივლისის №MES 6------------ გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და-----------–---–ის სახელზე გაცემული M---- №0----- დიპლომი ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, სასამართლომ არ გაითვილისწინა ის გარემოება, რომ და-----------–---–ს სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დადგენილის წესის გვერდის ავლით. კერძოდ, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციის მიხედვით, და-----------–---–ს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლება არ მოუპოვებია. შესაბამისად, შპს „მა------------–-----------------------–---------–---–----------------ტის“ მიერ და-----------–---–ის სახელზე გაცემული ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. სადავო პერიოდში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლზე მითითებით აპელანტი აღნიშნავს, რომ აკრედიტებულ უმაღლეს საგანამანთლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულების აბსოლუტური ჯამის გადათვლა ფაკულტეტების მიერ წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით (რანჟირების კოეფიციენტი), რომლის შედეგადაც აბიტურიენტები ნაწილდებოდნენ კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე. და-----------–---–მა გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, თუმცა იგი ვერ მოხვდა აღნიშნულ რანჟირების დოკუმენტში, რაც აუცილებელი კრიტერიუმია სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხვედრისთვის.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს აქტის ბათილად ცნობის პირობებს, რადგან ცენტრმა დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.
აპელანტის მითითებით, სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფი საგანმანათლებლო სისტემის შექმნის პროცესში. ,,განათლების სისტემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განუყოფელი ელემენტია, მისი შექმნა კი უმაღლესი დონის ლეგიტიმური მიზანი.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება). ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისკენ სწრაფვა ეჭქვეშ დადგებოდა მისი ხარისხის განვითარების მექანიზმების არსებობის გარეშე. საამისოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აქვს მინიჭებული. სასამართლომ მიუთითა ცენტრის არსებობის რეალურ მიზნებსა და ამოცანებზე, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებზე, თუმცა არ გაითვალისწინა ისინი.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რითიც დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს ყველა იმ ნორმაზე, რომლითაც იხელმძღვანელა ცენტრმა და რომლის საფუძველზეც გამოიცა სადავო აქტი.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები. აპელანტი აღნიშნავს, სწორედ მითითებული კონსტიტუციური დანაწესის პრაქტიკულ რეალიზებას ემსახურება ცენტრის თითოეული ქმედება. კერძოდ, ცენტრის მიზანია, ყველას ჰქონდეს თანაბარ პირობებში განათლების მიღების უფლება, საბოლოოდ კი, ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფილი იქნეს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ცენტრის მხრიდან არათუ დარღვეულია კონსტიტუციური დებულება, არამედ პირიქით, სრულად არის იგი დაცული. მხოლოდ ხარისხიანი, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებული განათლება წარმოადგენს სამართლით დაცულ სიკეთეს. ცენტრი სწორედ ის ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე ევალება განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფილ და ჯეროვან დაცვას. სასამართლო ასევე უთითებს კონსტიტუციის მე-6 და მე-7 მუხლებზე, თუმცა ცენტრის ყოველი გადაწყვეტილება განპირობებულია განათლების უფლების ნამდვილი შინაარის გაზიარებისა და პრაქტიკული რეალიზების მოტივით, შესაბამისად, სახეზე არ არის უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - აკრედიტაციის ინსტიტუტი, რომელიც ქმედითი იყო მოსარჩელისათვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და მის სახელზე დიპლომის გაცემის დროს. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვლის №2------- გადაწყვეტილებით შპს „ბ----–---------------–---------------–-------------------ს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, იგი 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე გასცემდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს - დიპლომს.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომი ექვემდებარება დადასტურებას, ვინაიდან მოსარჩელე ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას და მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში. მითითებული გარემოებები, აპელანტის მოსაზრებით, ადასტურებს მხოლოდ პირის სამუშაო გამოცდილებას და პროფესიული ცოდნის მიღებას და არა მის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონიერი გზით ჩარიცხვის და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების მიღების ფაქტს.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებული კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მნიშვნელობა. აპელანტი აღნიშნავს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა მოსარჩელის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია. ამასთან, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სახელმწიფოსა და საზოგადოების უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე კი მეტყველებს ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი. ინსტიტუციურ აკრედიტაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოსა და საზოგადოებას გააჩნია მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით.
აპელანტი აღნიშნავს, თანასწორობის პრინციპი შეიძლება გახდეს როგორც აქტის გაუქმების, ისე მისი ძალაში დატოვების მიზეზი. ცენტრმა იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა. კონკრეტულ შემთხვევაში არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის, დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა. სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად მიანიჭა უპირატესობა და-----------–---–ის ინტერესების დაცვას და გაამართლა მისი უკანონო ქმედება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
5.1.1. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე. ამასთანავე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
5.1.2. სააპელაციო პალატა დამატებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას:
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 9 ნოემბრის №MES2---------- წერილის თანახმად, და-----------–---–მა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 2006 წელს, თუმცა მათ შორის, ვინც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა, და-----------–---–ი არ იძებნება. (ტ. 2, ს.ფ. 4-5).
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
5.2.1. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს პირდაპირ და უშუალო ინტერესს დემოკრატიული საზოგადოების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელწიფოს შექმნა წარმოადგენს, რაც, რა თქმა უნდა, ადეკვატური განათლების სისტემის გარეშე წარმოუდგენელია. განათლების უფლების რეალიზება პირის ინდივიდუალურ ინტერესს, ამავდროულად, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღირებულებას წარმოადგენს.
განათლების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული ადამიანის პიროვნული თავისუფლება იმდენად, რამდენადაც შესაბამისი განათლების გარეშე ადამიანი რთულად თუ შეძლებს საკუთარი პიროვნების თავისუფალ განვითარებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. საზოგადოებაში საღი აზრის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელწიფოს ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტიას განათლებული საზოგადოება წარმოადგენს, რომელმაც იცის თავისი უფლებები და მოვალეობები. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ განათლების უფლებით სარგებლობა მხოლოდ ამა თუ იმ პირისათვის ინფორმაციისა და ცოდნის მოგროვებას როდი ნიშნავს, მისი მიზანია, ასევე, საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა. ამასთანავე, განათლების უფლების სოციალური ფუნქცია, სწორედ, თითოეული პირის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას გულისხმობს. განათლება ხელს უწყობს ინდივიდს, საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, დამოუკიდებლად გაუძღვეს და მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, ჰქონდეს სასურველი სამუშაო ადგილი, შექმნას მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახი, თუკი ამის სურვილი ექნება და ა.შ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ, ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის.
განათლების მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას.
5.2.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას.
მითითებული საკანონმდებლო აქტით საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების უფლებამოსილება მიენიჭა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, ამავე კანონის 25-ე მუხლით კი განისაზღვრა ამ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი);
იმავე მუხლის მე-3 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბრძანების იმავე მუხლის მე-4 პუნქტი განსხვავებულ წესს ადგენს 2005 წლიდან უმაღლეს დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისთვის, რაც, ცხადია, უკავშირდება ამ პერიოდიდან განათლების მარეგულირებელი ახალი წესრიგის შემოღებას, კერძოდ, მე-4 პუნქტი მიუთითებს, რომ 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას.
იმავე წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი.
მაშასადამე, დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისთვის ცენტრმა უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა პირის სახელზე გაცემული დიპლომი, რაც თავისთავად ადასტურებს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს, შეამოწმოს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეამოწმოს სწავლის პერიოდის, საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარება და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, დაადგინოს პირისათვის მინიჭებული კვალიფიკაციის პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხი. მითითებული ნორმა განსაზღვრავს უფლებამოსილების კონკრეტულ ფარგლებს, თუ რა საკითხები უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ცენტრმა დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისას.
5.2.3. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს და მიუთითებს, რა წესით გაცემულ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს მიიჩნევს სახელმწიფო აღიარებულად. კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის მიხედვით, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით, აგრეთვე სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით/დიპლომებით ან სერტიფიკატით.
საგულისხმოა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებით, კერძოდ, 88-ე მუხლის 11 პუნქტით განისაზღვრა, რომ ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე.
დადგენილია, რომ და-----------–---–ი 2006 წლის 30 სექტემბერს (რექტორის ბრძანება №1) ჩაირიცხა მ---------------------------------------------–---ის ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის I კურსზე სრული ზოგადი განათლების ატესტატის, ასევე განცხადებების, ტესტირების შედეგებისა და კონტრაქტების საფუძველზე. იგი 2007 წლის 30 ივლისის №2--- ბრძანების საფუძველზე გადაყვანილ იქნა II კურსზე, ხოლო 2008 წლის 20 მარტის №2---- ბრძანების საფუძველზე ამორიცხულ იქნა სტუდენტთა სიიდან სხვა ინსტიტუტში გადასვლასთან დაკავშირებით. მოსარჩელე 2008 წლის 4 მარტის №0---- ბრძანების საფუძველზე კი მოსარჩელე ჩარიცხულ იქნა მ-------------–-----------------------–------------------ის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის II კურსზე გადაყვანის წესით, საკუთარი განცხადების საფუძველზე. ამასთანავე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვლის №2------- გადაწყვეტილებით შპს „ბ----–---------------–---------------–-------------------ს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, ბ----–---------------–---------------–-------------------ი 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე გასცემდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს - დიპლომს. ამდენად, უდავოდ დადგენილია, რომ 2008 წელს და-----------–---–ის მ-------------–-----------------------–------------------ის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის II კურსზე ჩარიცხვისა და სწავლის პერიოდში სასწავლებელს არ ჰქონია მინიჭებული ინსტიტუციური აკრედიტაცია, რასაც იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა სავალდებულოდ ითვალისწინებდა. ამდენად, მოსარჩელის მითითებულ ინსტიტუტში სწავლის დაწყებისთანავე დაწესებულება არ აკმაყოფილდებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარდა ამისა, პალატა მიიჩნევს, რომ გასათვალისწინებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესიც, რომელიც ასევე დარღვეულია კონკრეტულ შემთხვევაში.
5.2.4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.
გარდა იმისა, რომ მოსარჩელე სწავლობდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მას შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება. კერძოდ, სადავო პერიოდში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველ საფეხურზე სწავლის უფლებას აბიტურიენტები მოიპოვებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად. ამასთანავე, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ მონაწილეობა და მინიმალური სავალდებული ზღვრის გადალახვა არ არის საკმარისი სწავლის უფლების მოსაპოვებლად, არამედ მიღებული ქულების შესაბამისად გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით. შესაბამისად, აბიტურიენტს, ერთი მხრივ, მონაწილეობა უნდა მიეღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გადაელახა მინიმალური ზღვარი, მეორე მხრივ კი, მის მიერ მიღებული შედეგი საკმარისი უნდა ყოფილიყო გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ სიაში მოხვედრისთვის, რასაც უკავშირდებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ და-----------–---–ი მონაწილეობდა ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საკითხის გადაწყვეტისთვის განმსაზღვრელია, რომ მის მიერ მოპოვებული შედეგი არ აღმოჩნდა საკმარისი სწავლის უფლების გაგრძელების მოსაპოვებლად. კერძოდ, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 9 ნოემბრის №MES2---------- წერილის თანახმად, და-----------–---–მა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 2006 წელს, თუმცა მათ შორის, ვინც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა, და-----------–---–ი არ იძებნება.
5.2.5. რაც შეეხება კანონიერი ნდობის პრინციპს, მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომელიც შეიძლება არსებობდეს როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით. დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება. კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით ამ უფლების მატარებელს უფლება აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, 601 და 61-ე მუხლები) არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც. ამასთანავე, კანონმდებლობით გათვალისწინებულია კანონიერი ნდობის არსებობის გამომრიცხველი გარემოებები. მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით და 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას კი წარმოადგენს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განჩინებაში, ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-192-184(3კ-13), განისაზღვრა უკანონო აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები და სტანდარტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (მიუხედავად მისი უკანონობისა) განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას. ამ პირობებში უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი და თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი", რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი". ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამდენად, შეუძლებელია ცალსახად პრობლემის გადაწყვეტა. ადმინისტრაციული წარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინოს ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება.“ ამავე განჩინებაში საკასაციო სასამართლომ დაადგინა კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტის გამოკვლევისა და შეფასების სტანდარტი, რომელშიც განმარტა: „დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი ანუ სახეზე არა გვაქვს კანონიერი ნდობა, თუ: ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (მაგ: არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარმოდგენა თუ მოტყუება), ბ) ან მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო, ან უნდა სცოდნოდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დოქტრინა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ მოიცავს ორ ასპექტს. კერძოდ, თუ რა შემთხვევაშია აქტი კანონიერი ან უკანონო და მეორე მხრივ, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლწინააღმდეგობა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა, თუ ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება და ბ) ან მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო, ან უნდა სცოდნოდა.“
ამდენად, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა, რომ მოსარჩელეს იმთავითვე არ აქვს მოპოვებული სწავლის უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით და არააკრედიტებულ დაწესებულებაში დაიწყო სწავლა, ე.ი. სწავლის დაწყების მომენტიდანვე მისთვის ცნობილი იყო, რომ არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, საააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული კანონიერი ნდობის პრინციპი.
5.2.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ამდენად, და-----------–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, და-----------–---–ს უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს აადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. და-----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. და-----------–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. და-----------–---–ს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სასარგებლოდ დაეკისროს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე თამარ ონიანი
მოსამართლეები გიორგი ტყავაძე
მანანა ჩოხელი