განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002806649
საქმე #1ბ/1341-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ზ---------------–ის, დაბადებულის 1----–-–-----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----–---------------------------–-----------------------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ---------------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ-------–--–----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე შელაპარაკებისას, ზ---------------–მა მეუღლის - ნ-------–--ს მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილის - მ-------------–ის თანდასწრებით, განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, სახისა და მუცლის არეში რამდენჯერმე ხელის დარტყმით სცემა, ასევე ხელებით მოქაჩა თმაზე და მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ---------------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის სექტემბრის დასაწყისში, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ-------–--–----–-----------------------------ში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ზ---------------–მა მეუღლის - ნ-------–--ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, სხეულზე მოჰკიდა ორივე ხელი და წააქცია იატაკზე, რის შედეგადაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის ივნისში, საღამოს საათებში, ქ-------–--–----–-----------------------------ში, ეჭვიანობის გამო მომხდარი შელაპარაკებისას, ზ---------------–მა მეუღლის - ნ-------–--ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, სახეში ძლიერად გაარტყა ხელი, რის შედეგადაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ---------------–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 11:50 საათზე, ქ-------–--–----–-----------------ის ბ-------ში, ზ---------------–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მეუღლის - ნ--------–--ს კუთვნილ, 60 (სამოც) ლარად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენით:
ზ---------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად.
ზ---------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად.
ზ---------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად.
ზ---------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები.
ზ---------------–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 3 დეკემბრიდან 2019 წლის 5 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----–-------მ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას ზ---------------–ისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების კუთხით, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ მ-----–-------ს სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ---------------–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ---------------–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული, აგრეთვე, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეების - ნ-------–--ს, ნ--–----------–---–----–--ს, მ-------------–ის, გ------------–-–---–ის, თ-----------–---–---ს, თ------–--------–---–----–--ს, ს------------------ის, თ-------------ს გამოკითხვის ოქმების, ვ----–---–--ს, მ-------------ის, ნ---------–-–---–-ს ჩვენებების, სასამართლოში ბრალდებულ ზ---------------–ის მიერ დანაშაულების აღიარების, ამოღების ოქმის, ამოღებული ტელეფონის, „ბილაინიდან“ ამონაწერის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, სასაქონლო ექსპერტიზის N2----- დასკვნის, შემაკავებელი ორდერის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ---------------–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ზ---------------–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ზ---------------–ის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი და მომეტებული საფრთხე, კერძოდ, ის გარემოება, რომ ძალადობრივი ხასიათის ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. აგრეთვე, პროკურორი აპელირებს, რომ ასეთი ლმობიერი სასჯელის დანიშვნის შემდეგ ზ---------------–ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ---------------–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ – ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ზ---------------–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ზ---------------–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს ექნება რა ლმობიერი სასჯელის მიღების განცდა, მომავალშიც ჩაიდენს ანალოგიური ხასიათის დანაშაულს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ზ---------------–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ზ---------------–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ზ---------------–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელების პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. ზ---------------–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ზ---------------–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მის მიმართ დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს, აგრეთვე, ზ---------------–მა სადავოდ არ გახადა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ---------------–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ზ---------------–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ---------------–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ზ---------------–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ზ---------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
ზ---------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
ზ---------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
ზ---------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ზ---------------–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
ზ---------------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 3 დეკემბრიდან 2019 წლის 5 ივლისის ჩათვლით პერიოდი;
პირობით მსჯავრდებულ ზ---------------–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულ ზ---------------–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ---------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათების ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს - შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე