განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100119003101304
(საქმე №1/ბ-559-2019წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
ბრალდების მხარე: ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ---------------ე
მსჯავრდებული: მ---------------ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხ---------–ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნ--------ი; რეგისტრირებული: ქ---–----ი, წ---------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ---------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენით: მ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი;
მ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. შესაბამისად, გაუქმდა ხ---------–ის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის N1----2019 განჩინებით, მ-----------ის (პ/ნ 5----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე - (მდებარე: ქ---–----ი, წ------------------------ ), საკადასტრო კოდით - N6------------------ დადებული ყადაღა;
მ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 20 ივნისიდან, 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით;
საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, მ---------------ეს დაეკისრა მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
- მ---------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის აპრილში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ღამის საათებში, ხ---------–ის რაიონის სოფელ ნ--------ში, მეუღლის საცხოვრებელ სახლში, მ---------------ემ, განაწყენების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან გერს - გ-----------------ეს სამჯერ დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგადაც გ-----------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ---------------ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ მ---------------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ თვით მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ განხორციელებული დანაშაულის ხასიათის, კერძოდ დანაშაულებრივი ქმედება განხორციელებულია არასრულწლოვნის მიმართ და ქმედების გაგრძელების მაღალი რისკის გათვალისწინებით, მ---------------ისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველჰყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად ბრალდებულ მ---------------ის აღიარებითი ჩვენებით; არასრულწლოვანი დაზარალებულის გ-----------------ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების - მ--------------ის, თ----------–--–--–---–ის, გ-----------------ის, დ----------–----ის და ნ---–-----------ის, ხ-----------------ის, ლ--–----------ის, რ---–-----–--–------ის, ვ------------–----ის გამოკითხის ოქმებით; ბრალდებულ მ---------------ის გამოკითხვის ოქმითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ---------------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
განსახილველ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მ---------------ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
მ---------------ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის სოციალურად დაუცველი და იღებს შემწეობას, ოჯახში ცხოვრობს მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი მსჯავრდებულს.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირობითი მსჯავრის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები, ბრალდებულის პიროვნება და კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალის აღიარებისა და მონანიების გამო დანიშნული სასჯელი სწორად ჩათვალა პირობითად, რითაც, მსჯავრდებულს მისცა შესაძლებლობა, გამოსაცდელ ვადაში დაამტკიცოს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა და ამისათვის საკმარისია გამოსაცდელ ვადაში დაწესებული სხვა მოვალეობების შესრულებაც.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ---------------ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა, მისი კერძო და ზოგადი პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი, მ---------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი, მ---------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.მ---------------ე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი;
4.მსჯავრდებულ მ---------------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გაუქმდეს ხ---------–ის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის N1----2019 განჩინებით, მ-----------ის (პ/ნ 5----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე - (მდებარე: ქ---–----ი, წ------------------------), საკადასტრო კოდით - N6------------------ დადებული ყადაღა;
6.საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, მ---------------ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/