განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2019
საქმის ნომერი
040100119003096566
ინსტანცია
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 040100119003096566

საქმე №1/ბ-636-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა------ გ---–-ს ძე რ----–---–ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ცაგერის რაიონი, სოფელი ჩ-------–-;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა------ რ----–---–მა ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილოის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

სახერხი საამქროს მფლობელმა, ა------ რ----–---–მა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-------–ში, თავის საკარმიდამო ეზოში, დაამონტაჟა სახერხი დანადგარი და მოწყობილობა ისე, რომ ელექტრონულად არ დაურეგისტრირებია ელექტრონულ სისტემაში შესაბამის ვებ-პორტალზე (---------------------- ა------ რ----–---–ის დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლენილ იქნა ცაგერის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ 2019 წლის 27 მაისს.

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენით ა------ რ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა: ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ----- შ--–--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ა------ რ----–---–ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ხოლო სახერხი დანადგარი, რომელიც წარმოადგენს დანაშაულის იარაღს, რაც ინახება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-------–ში, ა------ რუსუშვილს ჩამოერთვას სახელმწიფოს სასარგებლოდ.

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა------ რ----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა------ რ----–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: მ------ რ----–---–ის და ნ---- რ----–---–ის დაკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო საინჟინრო ექსპერტიზის N5--------- დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ა------ რ----–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას სახეხრი დანადგარი.

 

ა------ რ----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ა------ რ----–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება; პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად პალატას მიაჩნია, რომ ა------ რ----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი, ჯარიმის სახით, არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთოვნას სახერხი დანადგარის მსჯავრდებულისათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს და ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელის - ქონების ჩამორთმევის კონსტიტუციურობა, თუმცა განმარტა, რომ დამატებითი სასჯელის სახით დანაშაულის საგნის, იარაღის და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა მაშინ არის გამართლებული, როდესაც ის მხოლოდ იმ მიზნისთვის გამოიყენება, რომლის მისაღწევადაც არის შერჩეული როგორც ყველაზე ეფექტური საშუალება. ამისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა პირობების დაკმაყოფილებასთან ერთად, ყოველ კონკრეტულ საქმეზე სწორად უნდა შეფასდეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში საეჭვო გახდება როგორც საჯარო მიზნის მიღწევა, ისე საკუთრების უფლებაში ჩარევის მართლზომიერება. ასევე განიმარტა, რომ სასამართლომ ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს, რეალურად არსებობს თუ არა დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის შეფარდებისათვის აუცილებელი შემდეგი პირობები: ეს საჭიროა თუ არა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ან/და ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. კონკრეტული გარემოებების შესწავლის შედეგად უნდა გაირკვეს არის თუ არა რეალური საფრთხე სხვათა უფლებების დარღვევისა, ასევე, რომ გარდაუვალია ამ ქონებით ახალი დანაშაულის ჩადენა და სხვა. ამ დროს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის გარემოება, ასეთი ქონების არჩამორთმევით რეალურად მიადგება თუ არა სახელმწიფოს, საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს ის ზიანი, რომლის თავიდან აცილების მიზანსაც ემსახურება ეს ნორმა. ასევე ძალზე ზუსტად უნდა განიჭვრიტოს, ქონების ჩამორთმევით მართლაც მიიღწევა თუ არა დასახელებული მიზნები.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, მსჯავრდებულ ა------ რ----–---–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩაემოერთვას სახერხი საამქრო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ა------ რ----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ----- შ--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ა------ რ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

განაჩენი რეაგირებისთვის გადაეგაზვნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - სახერხი დანადგარი, რომელიც ინახება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-------–ში, გადაეცეს ა------ რ----–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე