განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100119003053159
საქმე №1/ბ-655-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ----- ჯ----ს ძე მ-----ეს მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ქ. სამტრედია, ლ-–--------------- N61/2;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ----- მ-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
თ----- მ-----ემ 2019 წლის 22 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. სამტრედია, ლ-–-----------------ის N61/2 მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა, დაბადების დღეზე წასვლის გამო, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას - კ-–---- ბ------–---ს, შემდეგ კი თავის არეში ორჯერ დაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განაჩენით თ----- მ-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილე დ------- ვ-----------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი თ----- მ-----ეს მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს ამ მუხლით შესაბამისი სასჯელი.
ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი თ----- მ-----ეს მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ თ----- მ-----ეს ბრალეულობას ოჯახურ ძალადობაში.
გამართლებულ თ----- მ-----ეს ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ-----–-- ქ-----–-- წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი თ----- მ-----ეს მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ----- მ-----ეს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა კლარა ბ------–---მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის, შვილის (თ----- მ-----ეს) წინააღმდეგ.
მოწმე გ------- ნ-–--–-–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 22 მარტს, სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მოქალაქე დ------, იგივე კ-–---- ბ------–---ი განმარტავდა, რომ შვილი თ----- მ-----ე ახორციელებდა მის მიმართ ძალადობას. იგი ექსპერტთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც კ-–---- ბ------–---მა განუცხადა, რომ 22 მარტს მიდიოდა დაბადების დღეზე, ამით განაწყენებულმა მისმა შვილმა, თ----- მ-----ემ კი მას დაუმტვრია საჩუქრად ნაყიდი ჭიქების ნაკრები, დაბადების დღიდან დაბრუნებულს, შვილი კვლავ დახვდა აგრესიული და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მან მიუთითა საძინებელ ოთახში ადგილი, სადაც მას მისმა შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე დაუმტვრია ჭიქების ნაკრები.
მოწმე გ------- ა-–------ემ განმარტა, რომ იგი არის ექსპერტი, ჯგუფის უფროსი. მას მოცემულ საქმეზე 2019 წლის 22 მარტს დეტექტივ-გამომძიებელთან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც რაიმე ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა. დათვალიერებას ასევე ესწრებოდა კ-–---- ბ------–---იც, რომელმაც მიუთითა ის ადგილები, სადაც მისმა შვილმა მის მიმართ განახორციელა ძალადობა.
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, მოწმე გ------- კ--------–-ას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ. სამტრედიაში, რ---------–-- ქუჩის N10/15-ში, ჰყავს დედა კ-–---- ბ------–---ი, რომელიც ცხოვრობს ლ-–-----------------ა N61/2-ში, მის ძმასთან თ----- მ-----ესთან ერთად. თ-----ს დაბადებიდან აქვს ფსიქიკური პრობლემები და აღრიცხვაზე იმყოფება ფსიქიატრიულ დისპანსერში. ფსიქიკური პრობლემების გამო იგი პერიოდულად მკურნალობის კურსს გადიოდა ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, იგი იმავდროულად არის ალკოჰოლური სასმელის მომხმარებელიც, როგორც ფხიზელი ასევე მთვრალი გამოხატავს აგრესიას დედის კ-–---- ბ------–---ის მიმართ. 2019 წლისა 22 მარტს იგი მისული იყო დედასთან სტუმრად, დაახლოებით იქნებოდა 19 საათი, როდესაც გაიგონა დედამისის კივილი, რა დროსაც შევიდა ბინაში და დაინახა საძინებელ ოთახში მყოფი დედა, კ-–---- ბ------–---ი და მისი ძმა თ----- მ-----ე, რომელიც ლანძღავდა და აგინებდა მას, თან მისკენ იწეოდა, მაგრამ მან დედასთან მიახლოების საშუალება არ მისცა. დედამ მას უამბო, რომ თ-----მა მას დაუმსხვრია მის მიერ დაბადების დღის საჩუქრად წასაღები ჭიქების ნაკრები, შემდეგ ორჯერ დაურტყამს ხელი თავის არეში. იგი შეეცადა თ-----ის დამშვიდებას, რომელიც იყო ძალიან აგრესიული და არ წყნარდებოდა, ამასთან, დედას ემუქრებოდა ცემით და მოკვლით.
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 17 ივნისის N----------- დასკვნის მიხედვით, თ----- მ-----ეს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა, (კოდი F07.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებით ფსიქიკის მხრივ. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა-ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ის იმგვარი, ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ის თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ის შეიძლება წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.
თ----- მ-----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, თ----- მ-----ეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა კ-–---- ბ------–---მა ისარგებლა საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია თ----- მ-----ეს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 22 მარტს თ----- მ-----ემ იძალადა დედაზე - კ-–---- ბ------–---ზე. მოწმე გ------- კ--------–-ას გამოკითხვის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ მის ძმას, თ----- მ-----ეს ბავშვობიდან აქვს ფსიქიკური პრობლემები, 2019 წლის 22 მარტს, იგი შეესწრო იმ ფაქტს, რომ თ----- მ-----ე ლანძღავდა და აგინებდა დედას, კ-–---- ბ------–---ს, იწეოდა მისკენ, თუმცა მან დედასთან მიახლოების საშუალება არ მისცა. დედამ მას უამბო, რომ თ-----მა მას დაუმსხვრია მის მიერ დაბადების დღის საჩუქრად წასაღები ჭიქების ნაკრები, შემდეგ ორჯერ დაურტყამს ხელი თავის არეში. რაც შეეხება მოწმე პოლიციის თანამშრომლის გ. ნ-–--–-–---–ის ჩვენებას, მან სასამართლოს მოუთხრო კ-–---- ბ------–---ისაგან მიღებული ინფორმაცია, ამ უკანასკნელს კი სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია, შესაბამისად, მოწმე გ. ნ-–--–-–---–ის ჩვენება წარმოადგენს ირიბს ჩვენებას, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით თ----- მ-----ეს ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ----- მ-----ეს მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განაჩენი თ----- მ-----ეს მიმართ დარჩეს უცვლელი:
თ----- მ-----ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულ თ----- მ-----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე