განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002835198
საქმე #1/ბ-1507-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ლევან თევზაძემ
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
მსჯავრდებული - შა-–-----------------------–--ნი, დაბადებული 1--- წლის 8------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: გ---–-----–-, სოფელი მ------- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ------------------ ქუჩა N2--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით შა-–----------–--ნი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და შა-–----------–--ნისთვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ შა-–----------–--ნის მიმართ გამოიყენა ზედმეტად მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ შესაძლოა მან მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება და ჩაიდინოს ახალი დანაშაული. ბრალდებულის პიროვნების და ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც ჩადენილი დანაშაულის გარემოებები მიუთითებს შა-–----------–--ნის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენას, სასამართლოს პირობითი სასჯელი არ უნდა გამოეყენებინა.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის სექტემბერში, შა-–----------–--ნი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მი-–----------–---–ის კუთვნილ ათ ლიტრიან „ეკო პრემიუმის“ ტიპის საწვავის ტალონებს, რითაც დაზარალებულ მი-–----------–---–ს მიაყენა 257 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შა-–----------–--ნის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორ გი-------–--------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული ქმედება ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მსჯავრდებულ შა-–----------–--ნისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარებისა და მონანიების, გამოძიებასთან თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის გათვალისწინებით, შა-–----------–--ნისთვის განსაზღვრული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ შა-–----------–--ნი, რომელიც არ არის ნასამართლევი, აღიარებს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენას, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. პირობითი მსჯავრის გამოყენებით, 3 წლის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, გამოიტანს სათანადო დასკვნას და მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ შა-–----------–--ნის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, პალატა მხედველობაში იღებს, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ შა-–----------–--ნი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს მეუღლე და ოთხი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალია, ასევე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი), არ გააჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შა-–----------–--ნს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განუსაზღვრა სამართლიანი, პროპორციული და ადეკვატური სასჯელი, რომლის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე სხვა მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე. აპელანტის მითითება, მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებსა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე, ვერ გახდება შა-–----------–--ნისთვის სასჯელის მაქსიმალურ ზომასთან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის შეფარდების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორ გი-------–--------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენი შა-–----------–--ნის მიმართ დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორ გი-------–--------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენი შა-–----------–--ნის მიმართ დარჩეს უცვლელი.
შა-–----------–--ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით, შა-–----------–--ნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ შა-–----------–--ნს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს – პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ერთი „ეკო პრემიუმის“ ტიპის საწვავის ტალონი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე