განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100119002995090
საქმე №1/ბ-593-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
ბრალდების მხარე: ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ-----------ე
გამართლებული: რ-------------ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ--------------------------–------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ-------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
რ-------------ე, დედასთან, ი------------–--ესთან ერთად ცხოვრობს ზ----------–-, მ-------–-------------ში. 2018 წლის 17 ნოემბერს, რ-------------ე იმყოფებოდა სახლში, ქ-------------ი, მ-------–-------------ში, სადაც, ასევე, იმყოფებოდა დედა - ი------------–--ე. ღამის საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, მათ, ერთმანეთში მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც რ-------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ი------------–--ეს. კერძოდ, ორივე ხელით მოქაჩა თმებში, მიანარცხა კედელზე და მუშტი ჩაარტყა ზურგში. ასევე, ორივე ხელები მოკიდა მკლავებში და გაიყვანა გარეთ. აღნიშნული ქმედების შედეგად, ი------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ზემოაღნიშნულის გამო, რ-------------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით: რ-------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
რ-------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და დადგინდა, რომ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
გამართლებულ რ-------------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
დადგინდა, რომ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, 3 (სამ) ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ-----------ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, რ-------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით: მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ რ-------------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს რ-------------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ-------------ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა, მსჯავრდებულის დედა - ი------------–--ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-----–-----–------მა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2019 წლის 3 თებერვალს, გამომძიებელ კ-------–-----------–---–თან, ი------------–--ესთან და რ-------------ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქ-------------ი, მ-------–-------------ში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, არაფერი ამოღებულა. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგა ადგილზე, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია საქმეზე არსებული წერილობითი მტკიცებულებები და ასევე, აღარ მოითხოვა მოწმეების: კ-------–-----------–---–ის, რ-------------ის, ა---------–----------–---ის, ნ------------–--ის, გ-------------–--ის, ნ----------ის, ი-----–---------ის, დ---------------–--ის, ნ------------–---ის და გ----–---–---ის დაკითხვა.
მოწმე დ---------------–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ი------------–--ისგან იცის, 2018 წლის ნოემბრის თვეში, მას შვილმა რ-------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: თმებში მოქაჩა და მიანარცხა კედელზე, შემდეგ ზურგში ჩაარტყა მუშტი და ძალის გამოყენებით გაიყვანა გარეთ. ასევე, სახლში დააზიანა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
მოწმე ნ------------–--ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ, როგორც ი------------–--ისგან იცის, 2018 წლის ნოემბრის თვეში, მას შვილმა რ-------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, სახლში დაამტვრია ავეჯი. დეტალები, კონკრეტულად რა ფორმით მიაყენა შეურაცხყოფა, იამზესთვის არ უკითხავს, არ დაინტერესებულა.
მოწმე ი-----–---------ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ, როგორც დედისგან - ი------------–--ისგან სატელეფონო საუბრით გახდა მისთვის ცნობილი, 2018 წლის ნოემბრის თვეში, მისმა ძმამ რ-------------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ი------------–--ეს, ასევე, სახლში დაამტვრია ავეჯი.
მოწმე გ-------------–--ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ, როგორც ი------------–--ისგან იცის, ერთხელ, მას, რ-------------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სახლში დაამტვრია ნივთები, თუმცა როდის უთხრა აღნიშნული მას იამზემ, არ ახსოვს.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეები არ წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდებოდა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.
შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, რომლებიც მიჩნეული ვერ იქნება დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო რ-------------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის 17 ნოემბერს, ზ----------–-, მ-------–----------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, რ-------------ემ, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას ი------------–--ეს, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ი------------–--ემ, რომელიც მას გამოძიების ეტაპზე ამხელდა ძალადობის ჩადენაში, გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ-------------ის მიერ 2019 წლის ნოემბრის თვეში დედის - ი------------–--ის - მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის განაჩენში სწორად არის მითითებული, რომ სასამართლო მოკლებულ იყო შესაძლებლობას ემსჯელა ირიბი მოწმეების გამოკითხვის ოქმებში მითითებულ ინფორმაციის სისწორეზე, რადგანაც ვერ მოხდა ირიბი მოწმეების მიერ მიცემული ჩვენების გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველ წყაროსთან - დაზარალებულ ი------------–--ესთან, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სააპელაციო პალატა, ასევე იზიარებს გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ იმ გარემოებას, რომ ტკივილის შეგრძნება, რომლის არსებობაც აუცილებელია ამ შემადგენლობისათვის ინდივიდუალურია და დაზარალებული წარმოადგენს სწორედ იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, რომ მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია ტკივილი. განსახილველ შემთხვევაში კი, აღნიშნული დადგენილი არ არის, იმის გამო რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რაც მიუთითებს წარდგენილი ბრალდების შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი ნიშნის არარსებობის შესახებ.
მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და რ-------------ე სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ, რ-------------ის მიმართ, 2019 წლის 31 ივლისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი, რ-------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.რ-------------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4.გამართლებულ რ-------------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
5.რ-------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
6.ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, 3 (სამ) ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/