განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100119003081076
საქმე №1/ბ-568-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
ბრალდების მხარე: ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ-----------
მსჯავრდებული: შ-------------ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზუგდიდის რაიონი, სოფელი დ------–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ-------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
- ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის ოქტომბრის თვიდან თ--------------ა და შ-------------ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 12 ივნისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ დ------–ში შ-------------მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - თ--------------ას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმ მიზეზით, რომ ის იყო მისი მეუღლე და ოჯახის წევრი, რის გამოც, მასაც უნდა ემუშავა ყანაში მოსთხოვა მუშაობა, რასაც ვერ ასწრებდა თ--------------ა ორი მცირეწლოვანი შვილის მოვლისა და სხვა საოჯახო საქმეების შესრულების გამო. აღნიშნულზე მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურში, შ-------------მა იძალადა თ--------------აზე, კერძოდ, მცირეწლოვანი შვილის - 9 თვის ლ--------------ის თანდასწრებით სააბაზანო ოთახში ლ--------------ის დასაბანად შესულს თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შემდეგაც აბაზანიდან მისაღებ ოთახში, გამოსულ თ--------------ას ასევე მცირეწლოვანი ლ--------------ის თანდასწრებით დაუწყო ჩხუბი, რის შემდეგაც რამდენჯერმე დაარტყა მარჯვენა ხელი სახის არეში და ძლიერად მოქაჩა ხელებზე, თმაზე და ამოარტყა პანღური, ძალადობის შედეგად თ--------------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი (2019 წლის 12 ივნისის ეპიზოდი);
- ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 13 ივნისს ზუგდიდის რაიონის სოფელ დ------–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში შ-------------მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - თ--------------ას თმებზე დაავლო ხელი და თავში, უკანა მხარეს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ასევე ფეხი დაარტყა მუცლისა და ზურგის მიდამოში, რის შედეგადაც თ--------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი (2019 წლის 13 ივნისის ეპიზოდი);
ზემოაღნიშნულის გამო, შ-------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის განაჩენით: შ-------------ი (პ/ნ 1----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
შ-------------ი (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
სსკ-ს 61-62-ე მუხლების თანახმად, მსჯავრდებულ შ-------------ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 14 ივნისიდან 2019 წლის 24 ივლისის ჩათვლით 41 (ორმოცდაერთი) დღე, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 05 საათი (205 საათი) და საბოლოოდ, ბრალდებული შ-------------ი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.
შ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და შ-------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დგინდება ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, ე.ი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისთვის არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა შ-------------ის ბრალეულობაში;
რაც შეეხება 2019 წლის 13 ივნისის ეპიზოდს (დანაშაული სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი) სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებული შ-------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 13 ივნისს დაზარალებულზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, რითაც თ--------------ამ ძლიერი ტკივილი განიცადა. სასამართლო დაეყრდნო წერილობით მტკიცებულებებს (დაზარალებულის განცხადება, შემაკავებელი ორდერი) და მოწმეების: რ---–--------------ს, რ---------------ს ჩვენებებს. ასევე, ნ---------------ს, ზ-------------–---–--ს ჩვენებებს, იმ საფუძვლით, რომ ისინი გამყარებულია სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით - მოწმეთა ჩვენებებით.
სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება მასზედ, რომ 2019 წლის 13 ივნისის ეპიზოდში არაა დადგენილი გარემოება, რომ თ--------------ამ ფიზიკური შეურაცყოფის შედეგად ტკივილი განიცადა; სასამართლომ გაამახვილა ყურადღება მასზედ, რომ დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, ბრალდებული ფიზიკურად ძლიერი პიროვნებაა; ასევე, საყურადღებოა ცემის ინტენსიობა და დარტყმების მიყენების ადგილები - თავის, მუცლისა და ზურგის მიდამოები. ამდენად, დაზარალებულის მხრიდან ცემის შედეგად მიყენებული ტკივილი სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----------მ და მოითხოვა შ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და დაენიშნოს სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით. აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შ-------------ის მიმართ გამოიყენა მსუბუქი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, ბრალდების მხარის პოზიციით კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება ბრალდებულის მიმართ მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს არ შეესაბამებოდა, ვინაიდან, ვერ უზრუნველჰყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს 2019 წლის 12 ივნისის ეპიზოდში შ-------------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა შ-------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
მოწმე ნ-------------მა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე (ბრალდებულის და);
მოწმე ლ-–-----------მა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე (ბრალდებულის მამა);
მოწმე ე-----------------–--მ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე (ბრალდებულის დედა);
მოწმე რ---------------მა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე (ბრალდებულის ბაბუა);
დაზარალებულმა თ--------------ამ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე (ბრალდებულის მეუღლე);
ბრალდებულმა შ-------------მა გამოიყენა დუმილის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, მოწმეების: რ---------------ს, რ---–--------------ს, ზ-------------–---–--ს და ნ---------------ს ჩვენებები მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს და ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მოწმე ნ---------------ს წინასწარ გამოძიებაში გამოკითხვის ოქმის თანახმად, თ--------------ა მისი დაა. ეს უკანასკნელი 2016 წელს ცოლად გაჰყვა ზუგდიდის რაიონის სოფელ დ------–ში მცხოვრებ შ-------------ს, ჰყავთ 2 მცირეწლოვანი შვილი. 2019 წლის 13 ივნისს თ----- შვილებთან ერთად მამამ მიიყვანა სახლში. დაზარალებულმა მოუყვა, რომ ქმარმა ცემა. ბრალდებული ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხოფას, რის გამოც განიცდიდა ძლიერ სულიერ, ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას, რაც არავისთვის არ მოუყოლია.
მოწმე ზ-------------–---–--ს წინასწარ გამოძიებაში გამოკითხვის ოქმის შესაბამისად, მან მოიპოვა ოპერატიული ინფორმაცია, მასზედ რომ 2019 წლის 12-13 ივნისს ზუგდიდის რაიონის სოფელ დ------–ში, თ--------------ას მიმართ ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტი ჩადენილი აქვს შ-------------ს.
მოწმე რ---------------ს წინასწარ გამოძიებაში გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ თ--------------ა შვილია, რომელიც ცოლად გაყვა შ-------------ს. 2019 წლის 13 ივნისს დაურეკა შვილმა და თხოვა წაეყვანა სახლში. როდესაც მიუახლოვდა შ-------------ის სახლს, გზაში შემოეგება თ----- და თან მოჰყავდა ბავშვები. უთხრა, რომ ბრალდებულთან იკამათა და ცოტახანი მასთან დარჩებოდა. შეკითხვაზე, შ---ს ხომ არ უცემია, უარი მიიღო; დ------–ის პოლიციისკენ მიმავალ გზაზე შვილმა უთხრა, რომ ბრალდებული მთელი ოთხი წლის განმავლობაში ცემდა;
მოწმე რ---–--------------ს წინასწარ გამოძიებაში გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ 2019 წლის 13 ივნისს საღამოს საათებში დაუკავშირდა ძმა რ--------------- და უთხრა, რომ მასთან მივიდა შვილი თ--------------ა, მიიყვანა ბავშვები და უთხრა ქმართან აქვს უთანხმოება და გაყოლოდა ვითარების გასარკვევად. დათანხმდა და იმავე საღამოს წავიდნენ შ-------------ის სახლში შესარიგებლად. დ------–ის პოლიციისკენ გზაზე დაზარალებულმა მათ მოუყვა, რომ 4 წლის განმავლობაში ბრალდებული აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას;
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
რაც შეეხება მოწმეების: ნ---------------ს, ზ-------------–---–--ს, რ---------------ს ჩვენებებს, 2019 წლის 12 ივნისის ეპიზოდში, ისინი გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ თ--------------ას მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, რომლებიც მიჩნეული ვერ იქნება დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული წერილობითი მტკიცებულებები, როგორიცაა: დაზარალებულ თ--------------ას განცხადება, ბრალდებულ შ-------------ის დაკავების ოქმი, შემაკავებელი ორდერი N 0-----, ამავე ორდერის ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა ვერ ადასტურებს ბრალდებულ შ-------------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებას 2019 წლის 12 ივნისის ეპიზოდში, რადგანაც ისინი გამყარებული არ არის პირდაპირი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა შ-------------ის მიერ 2019 წლის 12 ივნისის ეპიზოდში დანაშაულის ჩადენას. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა შ-------------მა გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა თ--------------ამ რომელიც მას გამოძიების ეტაპზე ამხელდა ძალადობის ჩადენაში, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შ-------------ის მიერ 2019 წლის 12 ივნისს თავისი მეუღლის _ თ--------------ას მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება შ-------------ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 13 ივნისის ეპიზოდი), სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: დაზარალებულის განცხადებით, შემაკავებელი ორდერით, მოწმეების: რ---------------ს, რ---–--------------ს, ნ---------------ს, ზ-------------–---–--ს ჩვენებებითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ შ-------------მა ჩაიდინა, სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული 2019 წლის 13 ივნისის ეპიზოდი), რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
განაჩენის მიხედვით შ-------------ი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულია, იგი შერიგებულია დაზარალებულთან, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს მომხდარს, კმაყოფაზე ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად, გაითვალისწინა მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი ქცევა, კერძოდ, ის, რომ შეურიგდა დაზარალებულს, რაც, მის დადებით პიროვნულ მახასიათებელს წარმოადგენს, ასევე, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ შ-------------ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რადგანაც, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას საზოგადოებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი, შ-------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი, შ-------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.შ-------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4.შ-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
5.სსკ-ის 61-62-ე მუხლების თანახმად, მსჯავრდებულ შ-------------ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 14 ივნისიდან 2019 წლის 24 ივლისის ჩათვლით 41 (ორმოცდაერთი) დღე, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 05 საათი (205 საათი) და საბოლოოდ, ბრალდებული შ-------------ი გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან;
6.შ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა -გაუქმებულია და შ-------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/