განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2019
საქმის ნომერი
060100119003078094
ინსტანცია
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100119003078094

საქმე №1/ბ-589-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

26 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ----------–--ე;

 

მსჯავრდებული: ლ--------------–--ა, დაბადებული 1998 წლის 09 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ხ-----------–----–------ი, სოფელი კ---ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 120 მუხლის პირველი ნაწილით;

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ--------------–--ას ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენით: ლ--------------–--ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და დაუწესდა გამოსაცდელი ვადა 1 წლით.

 

ლ--------------–--ას 2019 წლის 10 ივნისიდან 2019 წლის 23 ივლისამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის მოხდის ვადაში.

 

განაჩენის აღსრულება დაევალა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

დადგინდა, რომ ნივთმტკიცება - წერაქვი, რომელიც ინახება შსს ხონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ფ-----------------–--ას.

 

ლ--------------–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა, მოეხსნა ბადრაგი და გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ--------------–--ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ლ--------------–--ამ, 2019 წლის 07 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ხ-----------–----–------ი სოფელ კ---ში, წერაქვის თავის არეში ჩარტყმით ფიზიკურად იძალადა მამაზე - ფ-----------------–--აზე, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----------–--ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ ლ--------------–--ასთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი იქნა პირობით მსჯავრად, ვერ იქნება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული.

 

დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სამტრედიის სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად მსჯავრდებულ ლ--------------–--ას ჩვენებით; მოწმეების: კ-----------ე და გ----------------–--ას, რ---–---------–--ს, ნ----------–-------ს, ვერა ფარულავას გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ფ-----------------–--ას და ექსპერტ შ--------------ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთმკიცებით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ბრალდების შესახებ დადგენილებითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ--------------–--ამ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ლ--------------–--ასათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ლ--------------–--ა მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შერიგებულია დაზარალებულთან, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) გარემოებები, დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი ქცევა, კერძოდ, ის რომ შეურიგდა დაზარალებულს, რაც, მის დადებით პიროვნულ მახასიათებელს წარმოადგენს, ასევე, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლ--------------–--ას მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა მისი კერძო და ზოგადი პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი, ლ--------------–--ას მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი, ლ--------------–--ას მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.ლ--------------–--ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111; 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

4.პირობით მსჯავრდებულის, ლ--------------–--ას ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;

 

5.მსჯავრდებულ ლ--------------–--ას სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 10 ივნისიდან 2019 წლის 23 ივლისის ჩათვლით პერიოდი;

 

6.მსჯავრდებულ ლ--------------–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან;

 

7.ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: წერაქვი, რომელიც ინახება შსს ხონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ფ-----------------–--ას.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/