განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
330100119003102244
ინსტანცია
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003102244

საქმე №1ბ/1438-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ რუ---------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბა---------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

რუ---------–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 08 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ფაქტობრივად მცხოვრების: აზერბაიჯანი, გ---------------------------------------------------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 214-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენით რუ---------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, რუ---------–---ს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულის საგნები - სხვადასხვა სახეობის მობილური ტელეფონები და მათთვის განკუთვნილი აქსესუარები, ჯამური საბაჟო ღირებულებით 22 077 ლარი.

 

რუ---------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანის მცდელობა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მალულად.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 7 მაისს, რუ---------–---მა (R------------) საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფი “---------”-ის მარკის ავტომანქანით (სახ. ნომ: 3------), სცადა გადაეტანა დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები, კერძოდ, 22 077 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა სახეობის მობილური ტელეფონები და მათთვის განკუთვნილი აქსესუარები.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რუ---------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბა---------------ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და რუ---------–---ისათვის სასჯელის სახით 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრა, ასევე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 22 077 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახეობების მობილური ტელეფონების და მათთვის განკუთვნილი აქსესუარების მათი კანონიერი მესაკუთრისათვის - გი-–---------------ისათვის დაბრუნება, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ მსჯავრდებულ რუ---------–---ს სამართლიანად დაუნიშნა სასჯელის სახე - ჯარიმა, მისი ოდენობა კი არის მეტისმეტად მკაცრი. სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ოჯახური და ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკმარისია ისეთი ოდენობის ჯარიმის დანიშვნა, რაც შეესაბამება ზემოაღნიშნულ გარემოებებს, კერძოდ, ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. დაცვის მხარის განმარტებით, აღსანიშნავია, რომ რუ---------–---მა გამოძიების დაწყებიდან საქმის სასამართლოში წარმართვამდე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება, უდავოდ გახადა პროკურორის მიერ სასამართლოში წარდგენილი უკლებლივ ყველა მტკიცებულება, არ არის ნასამართლევი, ქმედება განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აპელანტის აზრით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ თავად დანაშაულის საგანი - 22 077 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები არ არის პირადად რუ---------–---ის საკუთრება, არამედ ის ახორციელებდა აღნიშნული ნივთების გადატანას საზღვარზე, როგორც დაქირავებული ტაქსისტი, რაშიც მას უხდიდნენ შესაბამის ანაზღაურებას. შესაბამისად, რუ---------–---ისათვის დიდი ჯარიმის დაკისრება არ არის სამართლიანი. მას ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, იგი არის უმუშევარი და მხოლოდ ტაქსაობით არჩენს ოჯახს.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უკანონოდ გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლი, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჩამორთმეული სხვადასხვა სახეობის მობილური ტელეფონები და მათთვის განკუთვნილი აქსესუარები საბაჟო ღირებულებით 22 077 ლარი, წარმოადგენს არა რუ---------–---ის, არამედ გი-–---------------ას საკუთრებას, რომელიც მის კანონიერ მფლობელობაში იყო შემთხვევის დღეს. გი-–---------------ამ ტაქსის მძღოლს - რუ---------–---ს ისე გადასცა მითითებული საგნები საქართველოდან აზერბაიჯანში გადასატანად, რომ დარწმუნებული იყო მათი გადატანის კანონიერებაში. მისთვის უცნობი იყო, რომ შესაძლებელი იყო მისი საკუთრების გამოყენება დანაშაულებრივი საქმიანობისათვის. ამდენად, აპელანტის აზრით, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რაც შეიძლება გამხდარიყო მობილური ტელეფონებისა და მისთვის განკუთვნილი აქსესუარების კანონით გათვალისწინებული ჩამორთმევის საფუძველი.

მსჯავრდებულ რუ---------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბა---------------ას სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ირ---–------–----–--ამ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანის მცდელობის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - ნა-----–---------–-ას, ნე----------------ის, გი-–---------------ას, გი-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მომართვის წერილით საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდიდან“, თანდართული მასალით, დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას, რუ---------–---ისათვის დანიშნული სასჯელის - ჯარიმის ოდენობის შემცირების თაობაზე და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ცხოვრების პირობები, მისი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ რუ---------–---ის ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რის გათვალისწინებითაც რუ---------–---ს დაუნიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციებით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სახის სასჯელი - ჯარიმა იმ ოდენობით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს.

 

პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას რუ---------–---ისათვის ჩამორთმეული 22 077 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახეობების მობილური ტელეფონების და მათთვის განკუთვნილი აქსესუარების დაბრუნების თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

 

საქმის მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ რუ---------–---მა ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის - 22 077 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახეობების მობილური ტელეფონების და მათთვის განკუთვნილი აქსესუარების გადატანის მცდელობა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მალულად. აღნიშნული ნივთები, რომლებიც იმყოფებოდა რუ---------–---ის კანონიერ მფლობელობაში გამოყენებულ იქნა განზრახი დანაშაულის ჩასადენად. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე რუ---------–---ს უნდა ჩამორთმეოდა დასახელებული ნივთები უსასყიდლოდ, სახელმწიფოს სასარგებლოდ, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავის რესოციალიზაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის აღნიშნული მოთხოვნაც მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

ამდენად, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია რუ---------–---ისათვის დანიშნული სასჯელის შემცირება, ვინაიდან, თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ხოლო აპელანტის მეორე მოთხოვნა - დანაშაულის საგნად გამოყენებული ნივთების მესაკუთრისათვის დაბრუნების შესახებ, ვერ იქნება გაზიარებული პალატის მიერ, რადგან ამისათვის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ რუ---------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბა---------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

რუ---------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, რუ---------–---ს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვას დანაშაულის საგნები - სხვადასხვა სახეობის მობილური ტელეფონები და მათთვის განკუთვნილი აქსესუარები, ჯამური საბაჟო ღირებულებით 22 077 ლარი.

 

რუ---------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ რუ---------–---ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის „წითელი ხიდი“-ს საბაჟო გამშვები პუნქტიდან 2019 წლის 25 ივნისს გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი ერთ ერთეულ ელექტრონულ დისკზე დალუქული სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე