განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
190100119003065188
ინსტანცია
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119003065188

საქმე №1ბ/1395-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ გო---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გო---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 23 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №3----------, საშუალო განათლებით, ნასამართლევის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის ქ. თბილისში, ს--------------------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრების: გარდაბნის რაიონის ს------–----–----–-- მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონის, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით გი----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

გი----------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 24 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის თანახმად, გი----------------ე ცნობილ იქნა მოძალადედ, ხოლო მა---------------ე მსხვერპლად. დამცავი ორდერის საფუძველზე, გი----------------ეს აეკრძალა მა---------------ესთან ურთიერთობა, მათ შორის სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება, მის საცხოვრებელ სახლთან და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. 2019 წლის 28 მაისს, დაახლოებით 12:40 საათზე გი----------------ემ დაარღვია მის მიმართ 2019 წლის 24 მაისს გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და მივიდა მა---------------ის სამუშაო ადგილზე, მდებარე ქ. რუსთავი, მ-----------–--------------- ტერიტორიაზე მეორადი მოხმარების ტანსაცმლის მაღაზიაში, სადაც მა---------------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოთქვა უკმაყოფილება დამცავი ორდერის გამოცემის გამო.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გი----------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მისთვის დანიშნული უმაღლესი სასჯელის შემსუბუქება იმ საფუძვლით, რომ რუსთავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან არ დაკითხულან მის მიერ დასახელებული პირები, კანონიერად და ობიექტურად არ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა უსამართლო გადაწყვეტილების გამოტანა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გი----------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

ამავე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში გი----------------ემ საჩივარი წარადგინა მისთვის დანიშნული უმაღლესი სასჯელის გამო გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების კუთხით, თუმცა, ასევე მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რა მიმართებითაც სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აპელანტს არ მიუთითებია, კონკრეტულად რაში გამოიხატა ფაქტობრივი გარემოებების არასათანადოდ შეფასება სასამართლოს მიერ. გი----------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:

თავად გი----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან აღიარა დედამისის სიახლოვეს მდებარე მაღაზიაში მისვლის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ დედამისთან არ მისულა და იგი იქ არ უნახავს. გი----------------ის აღნიშნული განმარტება არ არის თანხვედრაში დაზარალებულ მა---------------ის ჩვენებასთან, რომლის თანახმად, იმ დღეს მაღაზიაში რომ მივიდა, გ------- ძალიან აგრესიული იყო, მან დაინახა როგორ შემოუხვია გ-------მ, ერთმანეთი დაინახეს, შეეშინდა და დაიმალა, გ------- ეძებდა სად დაიმალაო. დაზარალებულის განმარტებით, გ------- აგრესიული იმის გამო იყო, თუ რატომ გამოაცემინა დამცავი ორდერი. ის ყვიროდა მისი მისამართით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ყვიროდა სად არისო, ამბობდა სახლში მივალ და იქ ნახე რას ვუზამო, სახლში შვილიშვილები ჰყავს და შეეშინდა, მართლა არ მისულიყო სახლში. გი----------------ე პოლიციამ რომ წაიყვანა ამის შემდეგ უთხრეს გამოსულიყო და აკანკალებული გამოვიდა სამალავიდან.

 

გი----------------ის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი ასევე დადასტურებულია მოწმეების - ზა---------------–---–ის, და--------–--–---–ის და ან---------–--ის ჩვენებებით, რომლებიც არიან შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლები და დაადასტურეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. გი----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი ასევე დადგენილია გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, გი----------------ის დაკავების ოქმით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების გაუზიარებლობის რაიმე წონადი არგუმენტი გი----------------ეს არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას მისთვის დანიშნული სასჯელის უმაღლესი ზომის შესახებ, პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გი----------------ისათვის სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ასევე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ გი----------------ე რამდენჯერმეა ნასამართლევი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის, ყველა შემთხვევა უკავშირდება ძალადობას, იგი არ ნანობს და ვერ აცნობიერებს მისი მხრიდან ჩადენილი ქმედებების სამართლებრივ შედეგებს და დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება გი----------------ის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ხოლო, მესამე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულმა გი----------------ემ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა განახორციელა ოჯახის წევრის - დედის მიმართ, რის გამოც მისი ქმედება განისაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლზე მითითებით, რომლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

დასახელებული ნორმების დანაწესებიდან გამომდინარე, გი----------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილშიც ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გი----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გი----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

გი----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

გი----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 28 მაისიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე