განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
190100119003012467
ინსტანცია
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119003012467

საქმე № 1ბ/1489-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

გამართლებული კ------- ქ------ - დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, განქორწინებული, ნასამართლეობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული: ქ------–-------–-------–------------------------ და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------------------------------------;

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

განაჩენის მიხედვით: კ------- ქ------ გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით კ------- ქ------ გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ------- ქ------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კ------- ქ------ს მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 00:50 საათზე, ქ--–------------–----------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, კ------- ქ------მ ი--- კ-----ეს, რომელთან ერთადაც 9 წელი ეწოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ორჯერ დაარტყა ხელი მარცხენა მხარეზე. კ------- ქ------ს ძალადობრივი ქმედებებით ი--- კ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებისათვის კ------- ქ------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა კ------- ქ------ს მხრიდან ი--- კ-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ----- გ----------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა კ------- ქ------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებული და ორი პოლიციის თანამშრომლი, ერთი რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და მეორე, რომელმაც უშუალოდ გამოკითხა დაზარალებული და დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. სასამართლოზე მიცემული მათი ჩვენებები შინაარსობრივად გადმოცემულია განაჩენში. აპელანტის მოსაზრებით, სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ აღნიშნული მტკიცებეულები შეაფასა სწორხაზოვნად, რა დროსაც არ გაითვალისწინა განსახილველი საქმის სპეციფიკა, არასამართლიანად მიიჩნია - გ------ პ---------–---–ის და მ--- ჩ-------ის ჩვენებები ირიბ მტკიცებულებებად. მათ დაადასტურეს ის ინფორმაცია, რაც დახვდათ შემთხვევის ადგილზე და დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ამდენად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები შესაძლებელია ჩაითვალოს პირდაპირ ჩვენებად, რომლებიც სხვა გარემოებებთან ერთად იძლევა მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რაც საკმარისია, ამ შემთხვევაში კ------- ქ------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. აღნიშნული განაჩენით მოხდა ოჯახში ძალადობის ერთგვარი წახალისება, რადგან ამ დანაშაულის პირდაპირი მოწმეები არიან დაზარალებულები და თუ მათ ჩვენებას სასამართლოსთვის აზრი არ ექნება, სახელმწიფო ვერ შეძლებს ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვას. დაზარალებულმა სასამართლოს მისცა ჩვენება და ზუსტად აღწერა მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი და ამ ფაქტის შედეგი - ფიზიკური ტკივილი. სასამართლო პროცესზე კარგად გამოჩნდა, რომ ი--- კ-----ეს არ ამოძრავებდა რაიმე ქვენაგრძნობა კ------- ქ------ს მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებისა. ი--- კ-----ის მონაყოლის სიმართლე დასტურდება შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარებით და კ------- ქ------ს მონაყოლით. მან არ დამალა, რომ შემთხვევის დროს იყო აგრესიული ი--- კ-----ის მიმართ. მისი აგრესია, რომ ძალადობრივ ფორმაში ვლინდებოდა ეს ეტყობოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გატეხილ კარსაც. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ----- გ----------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კ------- ქ------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო პალატა იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს კ------- ქ------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ------- ქ------ს მიერ ი--- კ-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს, კერძოდ:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 05 მაისს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბარათი შედგენილია გამომძიებელ მ--- ჩ-------ის მიერ. ბარათის მიხედვით, 2019 წლის 5 მაისს ი--- კ-----ეს საცხოვრებელ ბინაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ კ------- ქ------მ.

მოწმის სახით დაიკითხულ, დაზარალებულ ი--- კ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა კ------- ქ------სთან, რომელთანაც ჰყავს საერთო შვილი. მოწმის განმარტებით, თანაცხოვრების პერიოდში, კ------- ქ------ თვეებით იკარგებოდა და არ ნახულობდა შვილს. კ------- ქ------ს მხოლოდ პერიოდულად მიჰქონდა ოჯახში 20-50 ლარი, მაგრამ აღნიშნული თანხა არ იყო საკმარისი. ვინაიდან, ოჯახს არ ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი და საჭირო იყო ბინის ყიდვა. ი--- კ-----ემ გააფრთხილა კ------- ქ------, რომ ბინის ყიდვისას, თუ ოჯახთან ცხოვრება სურდა, ბინის ღირებულების ნახევარი მას უნდა გადაეხადა, ხოლო მეორე ნახევარს გადაიხდიდა ი--- კ-----ე, რომელიც აგროვებდა ბინის ფულს და სახლის ტექნიკასაც თვითონ ყიდულობდა. 2017 წლის ნოემბერში ი--- კ-----ემ მარტომ იყიდა ბინა. კ------- ქ------მ, როდესაც ნახა ი--- კ-----ე ბინის ღირებულების ნაწილის გადაუხდელობის გამო, მართლა არ აპირებდა მის სახლში შეშვებას, კ------- ქ------ს დამ ი--- კ-----ეს მიუტანა 5000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ი--- კ-----ე კ------- ქ------ს აძლევდა სახლში შესვლის უფლებას. ამჟამად იმის გამო, რომ ი--- კ-----ემ და კ------- ქ------მ გადაწყვიტეს განქორწინება, ი--- კ-----ეს მისთვის უნდა დაებრუნებინა ბინის საყიდლად შეტანილი წილი 5000 აშშ დოლარი, რის წინააღმდეგი არ იყო ი--- კ-----ე, თუმცა მას აღნიშნულის ნოტარიალური წესით გაფორმება სურდა. კ------- ქ------ს არ ჰქონდა ვადიანი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რაც შეუძლებელს ხდიდა სანოტარო მოქმედების შესრულებას. მოწმის განმარტებით, კ------- ქ------სთან კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა რამდენჯერმე, ისიც ძირითადად მაშინ, როდესაც კ------- ქ------ იყო ნასვამი და სთხოვდა ბინის ფულს. მოწმის განმარტებით, კ------- ქ------ ზოგადად მშვიდი ადამიანია, როდესაც არ არის ნასვამი, არის უკონფლიქტო. მოწმის განმარტებით, 2019 წლის 05 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, იმყოფებოდა სახლში და აძინებდა ბავშვს, რა დროსაც ბინის შესასვლელ კარზე გაისმა ბრახუნი. კართან მისვლისას იკითხა, თუ ვინ იყო, რაზეც კარს მიღმა მყოფმა კ------- ქ------მ უსაყვედურა - ,,რატომ კითხულობდა? ვის ელოდებოდა?“. ბინაში შესვლის შემდეგ მიხვდა, რომ კ------- ქ------ იყო ნასვამი და აგრესიული და სთხოვდა ფულს, რაზედაც ი--- კ-----ემ განუმარტა, რომ როდესაც აიღებდა პირადობის მოწმობას, მაშინვე მისცემდა ფულს. კ------- ქ------ სთხოვდა დაერეკა თავისი მშობლებისთვის და ეთხოვა ფული, რადგან კონკრეტულად იმ საღამოს სჭირდებოდა. ამასთანავე უწოდებდა უცენზურო სიტყვებს. აღნიშნულის შემდეგ კ------- ქ------მ დაიწყო პირადი ბარგის ჩალაგება და თან ეუბნებოდა, რომ სჭირდებოდა 300 ლარი. ასევე ემუქრებოდა, რომ ორშაბათამდე თუ ფულს არ მისცემდა, ის დღე არ გაუთენდებოდა. ი--- კ-----ემ თავის მხრივ კ------- ქ------ს გაუმზადა საჭმელი და გაუშალა საწოლი, რათა დაეძინა. როდესაც კ-------მა დაინახა არეული საწოლი დაუწყო ჩხუბი, რამდენიმეჯერ ჩაავლო ხელი ხალათში, გაიყვანა საძინებელ ოთახში და არეულ საწოლზე მითითებით ეკითხებოდა, თუ ვინ არია საწოლი, ამასთანავე ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით. ი--- კ-----ემ განუმარტა, რომ საწოლი გაუშალა მას, რათა დაეძინა. ი--- კ-----ე რამდენიმეჯერ შევიდა თავის საძინებელ ოთახში, სადაც ეძინა მათ შვილს, იმის იმედით, რომ კ------- ქ------ც დაიძინებდა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ი--- კ-----ე დაჯდა სავარძელზე, ელოდებოდა როდის დაწვებოდა დასაძინებლად კ-------ი, თუმცა ის აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას მისი, მისი მშობლების და ნათესავების მისამართით. შელაპარაკების დროს, კ------- ქ------ წავიდა მუშტით ი--- კ-----ის მიმართულებით, თუმცა ფეხი წამოჰკრა მისივე ბარგს, წაბარბაცდა და მისი ხელი ი--- კ-----ეს მოხვდა მარცხენა მკლავზე, რითაც ი--- კ-----ემ განიცა ტკივილი. აღნიშნული დარტყმა მოწმის აზრით იყო გამიზნული. ამის შემდეგ ი--- კ-----ე შევიდა საძინებელ ოთახში და მიიხურა კარი. კ------- ქ------ ცდილობდა იმავე ოთახში შესვლას, რა დროსაც ფეხის დარტყმით ჩაამტვრია შუშა. როდესაც კ------- ქ------მ ჩაამტვრია კარის მინა, ი--- კ-----ეს შეეშინდა და მიიჩნია, რომ ის სახლში დალეწავდა ყველაფერს. კარის დაზიანები შემდეგ კ-------ი არ შესულა საძინებელ ოთახში ის გაბრუნდა უკან, დაჯდა სავარძელზე და იყო მშვიდად. ი--- კ-----ემ უთხრა, რომ აპირებდა დაერეკა 112-ში, რაზეც კ------- ქ------მ უპასუხა, რომ დაერეკა, ვინაიდან არ ეშინოდა. ი--- კ-----ემ დარეკა 112-ში. მოწმის განმარტებით, ბავშვს კონფლიქტის დროს არ გაღვიძებია და შესაბამისად, არ შესწრებია ფაქტს. მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო ორგანოში ჩვენება მისცა თავისი ნებით, იცოდა იმის შესახებ, რომ შესაძლოა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე. მოწმის განმარტებით, 112-ში დარეკა იმის გამო, რომ შეეშინდა კ------- ქ------ს რამე არ დაეშავებინა მისთვის. მას მიზანად არ ჰქონდა კ------- ქ------ს დაკავება. მოწმემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ფხიზელ მდგომარეობაში კ------- ქ------ არის მშვიდი, და ზემოხსენებული ქმედება მან ჩაიდინა იმის გამო, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, ან წაახალისა იმ ფაქტმა, რომ მის დას შერჩა მასზე ადრე განხორციელებული ძალადობა და არ დაეკისრა პასუხისგებლობა.

 

მოწმის სახით დაიკითხულ, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელის - მ--- ჩ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 05 მაისს, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში შესული ი--- კ-----ის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც გამოიკითხა დაზარალებული ი--- კ-----ე, რომლის ჩვენებიდან გამომდინარე დააკავეს ბრალდებული და ი--- კ-----ის ჩვენების შემოწმების მიზნით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შეამჩნია, რომ დაზიანებული იყო ბინის კარის მინა, შუა ნაწილში (ჩამტვრეული), მინის ნამსხვრევები ეყარა იატაკზე. დაზარალებულის მითითებით, ოთახში ეძინა მცირეწლოვან ბავშვს, ოთახის კარი ჩაკეტა იმისთვის, რომ კ------- ქ------ აღარ შესულიყო ოთახში. კ------- ქ------ სთხოვდა გაეღო კარები, რათა დალაპარაკებოდა, რა დროსაც ჩაიმტვრა კარის მინა. დაზარალებულის განმარტებით, მას კ------- ქ------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უწოდებდა უცენზურო სიტყვებს, ასვე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ემუქრებოდა, რომ თუ საღამოს არ მისცემდა 5000 აშშ დოლარს, ორშაბათს ცოცხალი აღარ იქნებოდა. მოწმის განმარტებით, მის მიერ გამოიკითხა დაზარალებული ი--- კ-----ე, გამოკითხვის დროს დაზარალებულს ზედაპირულად რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გამოიკითხა კ------- ქ------, რომელიც გამოკითხვისას არ იყო აგრესიული. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურა.

 

მოწმის სახით დაიკითხულ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორ გ------ი პ---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 05 მაისს, მის მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც საინფორმაციო სამსახურ 112-იდან მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც გავიდა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილზე მისულებს ქალბატონმა განუმარტა, რომ მისი მეუღლე ძალადობდა მასზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა, შეეხო ხელით და დაემუქრა, რომ ,,ფული მიეტანა ან/და ორშაბათამდე ვერ იცოცხლებდა“, ,,ააფეთქებდა ყველას“. ქალბატონის განმარტებით, მეუღლის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ადრეც ჰქონდა ადგილი და არ იყო პირველი შემთხვევა. შემთხვევის ადგილზე ჩამტვრეული იყო საძინებლ ოთახში შესასვლელი კარის შუშა. მოწმის განმარტებით, ი--- კ-----ეს გარეგნულად დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა, იყო აღელვებული, ტიროდა და ამბობდა, რომ აღარ სურდა კ------- ქ------სთან ცხოვრება, უკვე დიდიხანი იყო უნდოდა ცალკე ეცხოვრა, კ------- ქ------ კი არ ანებებდა თავს, ვერ იშორებდა. გამოკითხვისას ი--- კ-----ე იყო ადეკვატური. მოწმის განმარტებით, როდესაც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, კ------- ქ------ მშვიდად იჯდა სკამზე, ეტყობოდა რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა არ იყო აგრესიული და განმარტავდა, რომ მის მიერ ძალადობრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, მის მიერ გამოკითხული იქნა კ------- ქ------ც, რომელიც კითხვებზე სცემდა ადეკვატურ პასუხებს, მეუღლისგან ითხოვდა მხოლოდ ფულს და ეუბნებოდა, რომ როდესაც მისცემდა მის კუთვნილ თანხას, მაშინ წავიდოდა სახლიდან. პოლიციის თანამშრომლების ყოფნის პერიოდში მუქარას არ ჰქონია ადგილი, მეუღლეები რამდენჯერმე შეკამათდნენ (მიზეზი არ ახსოვს). მოწმის განმარტებით, რეაგირების მიზნით კ------- ქ------ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, კ------- ქ------მ, ოქმის ხელმოწერაზე უარი განცხადა, არ სურდა თანამშრომლობა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულს შესთავაზეს სამედიცინო შემოწმება, რაზედაც უარი განცხადა.

 

მოწმის სახით დაიკითხულმა კ------- ქ------მ, კატეგორიულად უარყო ი--- კ-----ის მიმართ ძალადობის ფაქტი.

 

პირველი ინსტანცის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა, დაცვის მხარის მტკიცებულება, პატრულ ინსპექტორის მიერ გადაღებული სამხრე ვიდეო კამერის ჩანაწერები. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩანაწერში დაზარალებული ძირითად ყურადღებას ამახვილებდა კარის შუშის გატეხვაზე, ხოლო კითხვაზე, განიცადა თუ არა ტკივილი ძალადობის შედეგად, დაზარალებული ი--- კ-----ე პასუხობს უარყოფითად, რის შემდეგაც მას კვლავ ეკითხება ერთ-ერთი იქ მყოფი პოლიციელი თუ იგრძნო მაინც დარტყმა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ გ------- ო------–---–ის მიერ 2019 წლის 31 მაისს, გაცემული ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ მოქ. ი--- კ-----ეს 05.05.19 წ. პირადი გასინჯვით სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებები კი არ შეიცავს კ------- ქ------ს მამხილებელ საკმარის ინფორმაციას.

 

მართალია, სააპელაციო პალატას დაზრალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კ------- ქ------ს მსჯავრდების მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

რაც შეეხება მოწმეების - გ------ პ---------–---–ის და მ--- ჩ-------ის ჩვენებებს, ისინი არ არიან შემთხვევის (ძალადობის ფაქტის) თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება კ------- ქ------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ კ------- ქ------მ ჩაიდინა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის -ი--- კ-----ის მიმართ ძალადობა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ------- ქ------ს მიერ ი--- კ-----ის მიმართ ძალადობის ფაქტს. ამასთან, დაზარალებულის ჩვენება გამყარებული არ არის სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით და, შესაბამისად, აღნიშნულს პალატა ვერ მიიჩნევს საკმარისად დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მოწმეა ძალადობის ფაქტის უშუალო თვითმხილველი. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა კ------- ქ------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ კ------- ქ------მ განახორციელა ოჯახში ძალადობა ი--- კ-----ის მიმართ.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა კ------- ქ------ს დამნაშავეობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ----- გ----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

კ------- ქ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ კ------- ქ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

გამართლებულ კ------- ქ------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი