განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
330100119002983277
ინსტანცია
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002983277

საქმე №1ბ/1481-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხა------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლე-----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 18 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ს----------–---------------------------------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენით ლე-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ლე-----------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

 

2019 წლის 11 მარტს, დაახლოებით 01:50 საათიდან 02:10 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში, მ------------------------------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ს----–-“, ლე-----------ეს შელაპარაკება მოუვიდა ტრანსგენდერ ლა–-------–--–---–თან მისი გენდერული იდენტობის გამო. შელაპარაკებისას, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ლე-----------ემ რამდენჯერმე დაარტყა სახეში ხელი ლა–-------–--–---–ს, წააქცია და წაქცეულს სხეულზე ურტყამდა ხელებსა და ფეხებს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან აღნიშნული არ დადასტურდა სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხა------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ლე-----------ის დამნაშავედ ცნობა გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ მოწმეთა, მათ შორის დაზარალებულის ჩვენებებით დასტურდება ლე-----------ის მიერ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა. კონფლიქტი დაიწყო იმის გამო, რომ ტრანსგენდერი ქალი ესაუბრებოდა მამაკაცს. სწორედ ამიტომ მივიდა მათთან ლე-----------ე და დაზარალებულს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მისი გენდერული იდენტობის გამო. კონფლიქტი გაგრძელდა მაღაზიაშიც. ლე-----------ე მაღაზიაში შესვლის შემდეგ წავიდა სწორედ იმ მიმართულებით, სადაც იმყოფებოდნენ დაზარალებული და მისი თანმხლები მამაკაცი, სადაც გააგრძელა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. გაშველების შემდეგ მან ლუ--------ეს განუმარტა, რომ გააღიზიანა ტრანსგენდერი ქალის მიერ ნასვამი მამაკაცისადმი „ხელების ფათურმა“. თავად ლა–-------–--–---–მა დაადასტურა, რომ ბრალდებული მას უწოდებდა „პიდარასტს“, ასევე მიმართავდა, რომ მისნაირები არ იმსახურებდნენ არსებობას.

აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა ლა–-------–--–---–ის ინციდენტის ღამეს გამოკითხვა, ვინაიდან თუნდაც მსუბუქი სიმთვრალე არ გამხდარიყო არასანდო და დაუზუსტებელი ინფორმაციის მიღების საფუძველი. რაც შეეხება სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმს, რომლის თანახმად, ლა–-------–--–---–ს დაუდგინდა სიმთვრალე 3.507%-ით, ალკოტესტის ქვითრით დასტურდება, რომ შემოწმება ჩატარებულია 2----–-–-------------, ხოლო ლა–-------–--–---–ი ცემეს 2019 წლის 11 მარტს, შესაბამისად, აღნიშნული ალკოტესტი არ უნდა გახდეს დაზარალებულის ჩვენების გაუზიარებლობისა და მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულმა ლე-----------ემ, რომლითაც აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლე-----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ საჩივარი წარადგინა ლე-----------ის მხრიდან ლა–-------–--–---–ის გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ცემის ნაწილში და უსაფუძვლოდ მიიჩნია აღნიშნული მახასიათებლის ამორიცხვა ბრალდების ფორმულირებიდან, რა მიმართებითაც სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

უპირველეს ყოვლისა, პალატა მიიჩნევს, რომ ლე-----------ის მიერ ლა–-------–--–---–ის ცემის ფაქტი დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

დაზარალებულ ლა–-------–--–---–ის, მოწმეების - ნა---------–----ის, ლუ--------ის, ბე---------------–-–---–ის, გი-------–------–-–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ლე-----------ემ ნამდვილად ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. ლე-----------ემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ ლა–-------–--–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა იმიტომ, რომ პირველად მან დაარტყა რამდენჯერმე, ამდენად ცემის ფაქტი მას არ უარუყვია და არც პირველი ინსტანციის განაჩენი გაუსაჩივრებია ამ მიმართებით, მან უარყო დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით შეურაცხყოფის მოტივით.

 

აპელანტის მიერ მთავარი აქცენტი გაკეთებულია ცემის ჩადენის მოტივზე - გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის თაობაზე და მიაჩნია, რომ სწორედ ეს მოტივი ამოძრავებდა ლე-----------ეს ლა–-------–--–---–ის ცემის დროს. აღნიშნული მოსაზრების დასადასტურებლად ბრალდების მხარე ძირითადად მიუთითებს ტერმინებზე, რომლითაც ლე-----------ე მიმართავდა დაზარალებულს.

 

ამ მიმართებით პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ გენდერული იდენტობა არის ადამიანის გენდერული თვითაღქმა, როდესაც ის თავს მიაკუთვნებს რომელიმე გენდერს. პიროვნება შეიძლება ახდენდეს თვითიდენტიფიკაციას მამაკაცად ან ქალად. ზოგიერთ შემთხვევაში კი მისი თვითაღქმა მამაკაცურობისა და ქალურობის სოციალურ კონსტრუქტებს შორისაა ან საერთოდ სცილდება მას. გენდერული იდენტობა შეიძლება იყოს ან არც იყოს ადამიანის დაბადების სქესთან თანხმობაში. იქედან გამომდინარე, რომ გენდერული იდენტობა შინაგანი მოცემულობაა, ის არ არის ხილული სხვებისთვის და იგი განსხვავდება სექსუალური ორიენტაციისგან.

 

პალატა ასევე მხედველობაში იღებს, რომ ზოგადად მოტივი წარმოადგენს მოთხოვნილებითა და ინტერესით განპირობებულ ქმედით ძალას, რომელიც ადამიანის მიერ დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილების მიზეზი ხდება. მოტივის განსაზღვრა შესაძლებელია ძირითადად მაშინ, თუ დანაშაულის ჩადენამდე, ჩადენის პროცესში ან მის შემდეგ შესაძლო დამნაშავის ნება გამჟღავნდა საზოგადოებაში რაიმე ფორმით და ობიექტურად შეცნობადი გახდა სხვებისათვის, როგორც დაზარალებულის, ისე გარშემომყოფებისათვის. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავის მხრიდან შეუწყნარებლობის დემონსტრაცია არ არის მოტივის იდენტიფიცირების ერთადერთი საშუალება. დიდ გავლენას ახდენს ინფორმაცია მისი წარსული ქცევების შესახებ, როგორიც შეიძლება იყოს რადიკალური, სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის გავრცელება და სხვა.

 

აღნიშნული მსჯელობის შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ ლე-----------ის მხრიდან ლა–-------–--–---–ის მისამართით წარმოთქმული მხოლოდ ჰომოფობიური ტერმინები, არ შეიძლება შეერაცხოს მას ცემად გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მით უფრო, რომ აღნიშნული ტერმინების წარმოთქმას ადასტურებს მხოლოდ დაზარალებული, მისი ჩვენება ამ ნაწილში კი არ არის გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი რომელიმე მტკიცებულებით.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს დაზარალებულის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული შემოწმება დაზარალებულს ჩაუტარდა ინციდენტიდან მეორე დღეს, რაც უკარგავს მას მტკიცებულებით ძალას და იგი არ შეიძლება გახდეს დაზარალებულის მიერ რეალური ვითარების აღქმის გამომრიცხავი გარემოება. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის გამო, შემთხვევის ღამეს არ მოხდა ლა–-------–--–---–ის გამოკითხვა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მსგავსი დანაშაულის ფაქტის არსებობისას არსებითი ყურადღება ექცევა მსხვერპლის მიერ კონკრეტული ქმედების აღქმის საკითხს. თუ მსხვერპლი აღიქვამს, რომ დანაშაულის საფუძველი მისი სექსუალური ორიენტაცია ან/და გენდერული იდენტობა გახდა, აღნიშნული აღქმის ობიექტური დადასტურების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს. მსხვერპლის მოსაზრება და აღქმა, როგორც წესი, პირდაპირი ინდიკატორია, რომ დანაშაული კონკრეტული მოტივის საფუძველზე განხორციელდა, რადგანაც აღნიშნული აღქმა ეფუძნება მსხვერპლის პირად გამოცდილებას, თავდასხმის გარემოებებს, დამნაშავის იდენტიფიკაციას და სხვა მრავალ ფაქტორს. ამდენად, პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას დაზარალებულის მიერ მისი ცემის მოტივების სწორად აღქმასთან დაკავშირებით და კვლავ განმარტავს, რომ სიფხიზლე-სიმთვრალეზე შემოწმების ოქმით ლა–-------–--–---–ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 3.507%-ით, რაც პალატის აზრით, ეჭვქვეშ აყენებს მის მიერ რეალურ აღქმას, რომ მის მიმართ გენდერული იდენტობის გამო ხდებოდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

 

პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას ლე-----------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ ლე-----------ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლე-----------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი ლე-----------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხა------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ლე-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ლე-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე