განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160140019003106881
საქმე №1ბ/1519-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი--------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
შა------–----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 01 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №1----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ბოლნისი, ს------–---------–-- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განაჩენით შა------–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 235 საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შა------–----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 05 ივლისიდან 2019 წლის 11 ივლისის ჩათვლით - 7 დღე და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ხანგრძლივობით.
შა------–----------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 04 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ბოლნისის რაიონის ს------–---------–- მდებარე ს-------------- ფერმასთან, იმის გამო, რომ თითქოს, მა------------–---–მა მოატყუა, რომ შა------–----------მა უხამსი შეთავაზება გაუკეთა მას და აი---------–--------ს, შა------–----------მა იცოდა, რა, რომ იყო არასრულწლოვანი, ხელი გაარტყა მარცხენა ლოყაში 10 (ათი) წლის მა------------–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნი--------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და შა------–----------ისათვის უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ როდესაც ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია ჩადენილი, ყველაზე მნიშვნელოვანია სასჯელის დანიშვნა, რომელიც რეალურად მოახდენს ახალი დანაშაულის პრევენციას, იმის გათვალისწინებით, რამდენად ქმედითი ხასიათი ექნება დანიშნულ სასჯელს და რამდენად უზრუნველყოფს იგი მსჯავრდებულის გამოსწორებას. აპელანტის აზრით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი, გარემოებები, ბრალდებულის პიროვნება. ჩადენილი დანაშაული, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არის მომეტებული საფრთხის შემცველი. ბრალდებულმა წარმოშობილი უმნიშვნელო მიზეზის გამო მიაყენა არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ ბრალდებული შეურიგდა დაზარალებულს, რაც არასწორია, რადგან ეს არის მხოლოდ დაზარალებულის კეთილი ნების გამოხატვა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდებული აღარ გაიმეორებს მსგავს ქმედებას. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შა------–----------ი არ არის ადრე ნასამართლევი, რაც სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ დამნაშავის მიმართ ისეთი ჰუმანური სასჯელის დანიშვნა, როგორიც დაენიშნა შა------–----------ს, შესაძლოა, მას ახალი დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგებდეს, რადგან მას ექნება დაუსჯელობის განცდა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ შა------–----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - მა------------–---–ის, მოწმეების აი---------–--------ის, ლე-----------–---–ის, ფა---–---–------ის, არ--------–--------ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოილუსტრაციით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ შა------–----------მა ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.
მსჯავრდებულ შა------–----------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, შა------–----------ი წარსულში არ არის ნასამართლევი, ბრალდებული და დაზარალებული დღეისათვის შერიგებულნი არიან, ბრალდებულს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, არის ოჯახში ერთადერთი მარჩენალი, შა------–----------ს სასჯელი დაუნიშნა ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მითითება დანიშნული სასჯელის არაპრევენციულ ხასიათზე, არასაკმარისია მოცემულ დანაშაულზე სასჯელის უფრო მკაცრი ზომის გამოყენების მოთხოვნისათვის, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა შა------–----------ის ქმედების ხასიათთან.
პალატა ასევე ვერ დაეთანხმება აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულის შერიგება მხოლოდ მისი კეთილი ნების გამოხატვაა და არ უნდა იქნეს გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის შემამსუბუქებელ გარემოებად. პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება დაზარალებულის ნებაზე რაიმე სახით ზემოქმედების ფაქტი, რაც გახდებოდა მისი პოზიციის გაუზიარებლობის საფუძველი, ასეთი მტკიცებულება, არც ბრალდების მხარეს წარმოუდგენია სააპელაციო ინსტანციაში. რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს შეფასება არ უნდა მიეცა მსჯავრდებულის წარსულში ნასამართლობის არქონის ფაქტისათვის, იმ საფუძვლით, რომ ყველა მოქალაქე მოვალეა დაიცვას მართლწესრიგი და დანაშაულის არ ჩადენა არ არის რაიმე უპირატესობა, პალატა განმარტავს, რომ ასეთი მსჯელობა მოკლებულია ყოველგვარ არგუმენტაციას. მართალია, სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ ყველა მოქალაქის ვალია მართლწესრიგის დაცვა, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლში მითითებულია, რომ სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, რაც გულისხმობს მის მიდრეკილებებს, კანონმდებლობასთან კონფლიქტში ყოფნის ხარისხს და სხვა მახასიათებლებს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ პირი წარსულში ნასამართლევი არ არის, მას ახასიათებს დადებითად და სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ ის არ არის მიდრეკილი დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განაჩენი შა------–----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი--------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
შა------–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 235 (ორასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შა------–----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 5 ივლისიდან 2019 წლის 11 ივლისის ჩათვლით, 7 (შვიდი) დღე და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ შა------–----------ს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განუსაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ შა------–----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე