განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100119002871628
საქმე № 1ბ/1520-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მოსამართლე: მაკა გველესიანი
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
გამართლებული თ------ ვ-------, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–-------------------, პირადი N5----------, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: წ--–---------------------–--------------;
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილი.
განაჩენის მიხედვით: თ------ ვ------- გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენით თ------ ვ------- გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ------ ვ------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
თ------ ვ-------ს მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, წ--–---------------------–------------ში მდებარე ვ------ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თ------ ვ------მა შელაპარაკებისას, ნიჩბის თავის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით, ჯანმრთელობა განზრახ დაუზიანა მამას - რ----- ვ------ს, რამაც შედეგად გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით.
აღნიშნული ქმედებისათვის თ------ ვ------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა თ------ ვ-------ს მხრიდან მამის -რ----- ვ-------ს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- ს----–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა თ------ ვ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს, აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები: მოწმე (ექიმი) ე------ ჯ---------ის ჩვენება, ა------- ვ-------ს გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გამომძიებლების - ნ-----–----–--------------------–--–---–--------–--------------- ჩვენებები, სქმეზე დართული ნიჩაბი და დაზარალებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, გამართლებულ თ------ ვ-------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ--------------–----------------------–---–-- წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც ითხოვეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ს----–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებისა მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თ------ ვ-------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო პალატა იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს არგუმენტებს თ------ ვ-------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ------ ვ-------ს მიერ მამის -რ----- ვ-------ს მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ფაქტს, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა რ----- ვ------მა უარი განაცხადა თ------ ვ-------ს (შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
N9---- შეტყობინების მიხედვით ირკვევა, რომ რ----- ვ------მა განაცხადა, რომ შვილმა თ------ ვ------მა თავის არეში მიაყენა დაზიანება.
N2-- სამედიცინო ბარათის მიხედვით (14.01.2019, 18:27) დადგენილია, რომ რ----- ვ------- იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, აღენიშნებოდა თავის ტრავმა, ნახეთქი, მცირე სისხლდენით.
მოწმე ე------ ჯ---------ის (ექიმი) ჩვენებით დადგენილია, რომ გამოძახებაზე გავიდნენ, მისვლისას გზაში შეეგება რ----- ვ-------, თავზე სისხლი აღენიშნებოდა, თხემზე ჰქონდა ორი ჭრილობა, გაკერვა არ დასჭირდა, ხოლო მაჯაზე ნაკაწრი. თავიდან თქვა, რომ ყინულზე დაეცა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ სახლში შესვლის შემდეგ თქვა რომ შვილმა გალახა, ნიჩაბიც ახსენა. დაზარალებული იყო ნასვამი, თუმცა ადეკვატური.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ რ----- ვ------მა მიუთითა ადგილზე, სადაც თავისმა შვილმა შელაპარაკებისას თავში ჩაარტყა ნიჩაბი.
სასამართლო სხდომაზე ნიჩაბის დათვალიერებით დადგენილია, რომ მას რაიმე კვალი, მათ შორის - სისხლის, არ აღენიშნება.
მოწმე ლ----- კ-----------ის (თარჯიმანი) ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული იყო ნასვამი, მაგრამ ადეკვატურ პასუხებს იძლეოდა. იგივე აღნიშნა გამომძიებელმა ნ-----–-- ლ------მ.
სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმით დადაგენილია, რომ რ----- ვ------ს თავზე, თხემის მიდამოში ჰქონდა დოლბანდით შეხვეული, ასევე მარჯვენა ხელის მტევანზე ჰქონდა დოლბანდით შეხვეული.
ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ რ----- ვ------ს დაუდგინდა 0,660 პრომილი, შესაბამისად, ალკოჰოლური სიმთვრალე.
მოწმე ა------- ვ-------ს (მ----------) (თ------ ვ-------ს დედა) გამოკითხვის ოქმის თანახმად (რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებმა არ გახადეს სადავოდ) დადგენილია, რომ დაზარალებულს დალეული ჰქონდა ჭაჭა, თავად არაფერი უნახავს, მეუღლემ უთხრა, რომ თ------მა ერთხელ ჩაარტყა ნიჩაბი თავის არეში.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, რ----- ვ------ს ამბულატორიულად დაესვა დიაგნოზი: ნახეთქი ჭრილობები თავისა და მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოებში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თ------ ვ------მა განმარტა, რომ მამამისი იყო მთვრალი, ფეხი დაუცდა და თავი ყინულზე დაარტყა, თუმცა თავად არ უნახავს, იგინებოდა და აღნიშნულზე გავიდა გარეთ. უთხრა, რომ ცოტა დაელია უკვე ასაკში იყო, ფეხზე ააყენა და სახლში შეიყვანა. მას არაფერი დაურტყამს.
მოწმე ე----- გ---–----ს (მეზობელი) ჩვენებით დადგენილია, რომ მან დაზარალებული როდესაც ნახა დაზიანების მიზეზად ყინულზე წაქცევა დაასახელა.
მოწმეების - ნ-----–----–----------------------------------- (გამომძიებლები) ჩვენებებით დადგენილია, რომ თავად არ შესწრებიან მომხდარ ფაქტს, ან არაფერი იციან, ან გამოძიების პროცესში შეიტყვეს.
მოწმე მ----------–--–---–ის (გამომძიებელი) ჩვენებით დადგენილია, რომ მან ჩაატარა დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერება მას შემდეგ, რაც რ----- ვ------ს სამედიცინო დახმარება გაეწია, აღნიშნა, რომ რ----- ვ-------ს გადმოცემით, ფეხი დაუცდა და წაიქცა, ხელზე მიიღო დაზიანება. უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებები კი არ შეიცავს თ------ ვ-------ს მამხილებელ საკმარის ინფორმაციას.
მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება თ------ ვ-------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
სააპელაციო პალატის შეფასებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება თ------ ვ-------ს მიერ მამისთვის ნიჩბის დარტყმის ფაქტი. საქმეზე არ არსებობს არცერთი პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, რომ დაზარალებულზე არსებული დაზიანებები, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას წარმოადგენს, თ------ ვ-------ს დაზარალებულზე ძალადობის შედეგია. უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებული შემთხვევის მომენტში იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ასევე მოწმეებიც მიუთითებენ, რომ გარეთ იყო ყინული. თავად დაზარალებული მოწმეებს ესაუბრებოდა, რომ წაიქცა, ხოლო შემდეგ ნიჩბის დარტყმაც ახსენა. გამოძიების მიერ ამოღებული იქნა ნიჩაბი, რომელზეც დაზარალებული მიუთითებდა დანაშაულის იარაღად, თუმცა არ შემოწმებულა დაზარალებულის ბიოლოგიური კომპონენტების არსებობა ნიჩაბზე, მინიმუმ სისხლის კვალი (იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს ნახეთქი ჭრილობები ჰქონდა და სისხლი მოსდიოდა). ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექიმის განცხადებით, დაზარალებულს თავზე ორი ჭრილობა ჰქონდა. სხეულის ვიზულარი დათვალიერების შესახებ ოქმით დგინდება, რომ მოხდა თავშეხვეული დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერება, ნახვევების მოხსნის გარეშე. გამომძიებელს თავად არ შეუმოწმებია შეხვევის მიზეზი მართლაც ჭრილობების არსებობა იყო თუ სხვა რამ. გამოძიების მიერ არ არის დადგენილი, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა ორი ჭრილობა, ერჯერადი დაზიანების შედეგად, თუ სხვა ვითარებაში, ასევე თუ ადგილი ჰქონდა ასეთ ჩარტყმას, ნიჩბის რა ნაწილი მოხვდა დაზარალებულს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის N561აპ-15 გადაწყვეტილებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულ რ----- ვ------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილ იქნა, რომ შემთხვევის დღეს დაზარალებულს ნიჩაბი ჩაარტყა თ------ ვ------მა. აღნიშნული მტკიცებულების შეფასებისას, გასათვალისწინებელია, რომ რ----- ვ-------ს მონაწილეობით აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია, ღამის საათებში, სულ რამდენიმე საათში, რაც დაზარალებულს შემოწმების შედეგად დადგინილი ჰქონდა ალკოჰოლური სიმთვრალე. ამასთან, რ----- ვ------- ნაწილ პირებთან (მოწმეებთან) ჭრილობების მიღების მიზეზად წაქცევას ასახელებდა და ნაწილთან ჩარტყმას. მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და ნათელი მოეფინა იმ საკითხისთვის რა ვითარებაში და როგორ მიიღო დაზიანება, არის თავად დაზარალებული რ----- ვ-------, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და თავისი შვილის - თ------ ვ-------ს წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. იმის გათვალისწინებით, რომ თ------ ვ-------ს მსჯავრდების მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (ისიც საეჭვო მტკიცებულების) არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება მოწმეების - ე------ ჯ---------ის, ნ-----–-- ლ------ს, დ------- გ----------ის, მ----------–--–---–ის ჩვენებებს, ა------- ვ-------ს (მ----------) გამოკითხვის ოქმს, ისინი არ არიან შემთხვევის (ნიჩბის დარტმის ფაქტის) თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება (ინფორმაცია) ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ თ------ ვ------მა ჩაიდინა მამის - რ----- ვ-------ს მიმართ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, გარდა დაზარალებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა, არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თ------ ვ-------ს მიერ რ----- ვ-------ს მიმართ ნიჩბის თავში ჩარტყმის ფაქტს. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულება გამყარებული არ არის სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით და, შესაბამისად, აღნიშნულს პალატა ვერ მიიჩნევს საკმარისად დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მოწმე არ არის ძალადობის ფაქტის უშუალო თვითმხილველი. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა თ------ ვ-------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ თ------ ვ------მა მამას - რ----- ვ------ს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა თ------ ვ-------ს დამნაშავეობაში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ს----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
თ------ ვ------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ------ ვ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
გამართლებულ თ------ ვ------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივმტკიცება - ნიჩაბი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი