განაჩენი

სისხლის სამართლის 21.10.2019
საქმის ნომერი
330100119002921377
ინსტანცია
თარიღი
21.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002921377

საქმე №1ბ/1527-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული - ს-------–-–------- (S----------------) - დაბადებული 1----–-–-----------------ს, იორდანიის სამეფოს მოქალაქე, პასპორტის N-------, ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------–----------–-);

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით)

 

სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის თებერვლის თვეში, თ--------------მ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე - ქ-------–-----–-----------–---–-------------ში, ხუთ თვის ვადით გააქირავა ვ-----------------------–------აზე. 2018 წლის ივლისის ბოლოს, მითითებულ სახლში საცხოვრებელად გადავიდა ვ-----------------------–------აზის მეგობარი - ს-------–-–-------ი. 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ს-------–-–-------მა, ქ.-----–-----–-----------–---–-------------ში თ--------------ს საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ცეცხლის წაკიდებით, განზრახ გააჩინა ხანძარი საცხოვრებელ სახლში, რის შედეგადაც დაიწვა სახლის დიდი ნაწილი, მასში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთებით, რითაც დაზარალებულ თ--------------ს საერთო ჯამში მიადგა 25928,94 ლარის მატერიალური ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ს-------–-–------- (S----------------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს-------–-–-------ის ადვოკატმა ი-----–--------მ და ითხოვა მისი გაუქმება.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს გამამატყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და ს-------–-–-------ის მიმართ გამოტანილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არ ემყარება უტყუარ, ეჭვისგამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც თავის მხრივ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს-------–-–-------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტს. ბრალდების მხარემ კი, სასამართლოს ვერ წარუდგინა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ს-------–-–-------ის ბრალეულობას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4 მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში აღნიშნა: მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხისთავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნეს დასუსტებულიისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43.).

 

ამდენად, სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და განმარტავს, რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

დაზარალებულმა თ--------------მ განმარტა, რომ დაახლოებით 2018 წლის მარტის თვეში კუთვნილი საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ-------–-----–-----------–---–-------------ში, გააქირავა ვ-----------------------–------აზე, რომელმაც შემდგომში, როგორც დამქირავებელი, ბინაში შემოიყვანა ს-------–-–-------ი. 2018 წლის ივლისის თვის ბოლოს დამქირავებლებს უნდა დაეცალათ ბინა, თ--------------ს ვ-----------------------–------აზიმ განუცხადა, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში და ბინის გასაღებს მას გადასცემდა ს-------–-–-------ი. წ-----------–---–-------------ში მცხოვრებ მეზობლებს ს-------–-–-------ი გაეცნო ჯ----ს სახელით და მას მეზობლები ეძახდნენ ჯ----ს. 2018 წლის 30 ივლისს ღამის საათებში თ--------------ს დაუკავშირდა მეზობელი ნ---------–-- და უთხრა, რომ ჯ---- ამტვრევდა სახლში ყველაფერს. მას მალევე კვლავ დაუკავშირდა ნ---------–-- და შეატყობინა, რომ ჯ----მ (ს-------–-–-------ი) ხანძარი გააჩინა სახლში. თ-------------- დილით ჩავიდა თბილისში და მივიდა მის საცხოვრებელ ბინაში, მას შემთხვევის ადგილზე დახვდა სრულიად დამწვარი სახლი. თ--------------მ აღნიშნა, რომ მისი ბინა არის 45 კვ.მ, რომელიც იყო გარემონტებული, სადაც განთავსებული იყო საყოფაცხოვრებო ნივთები, მაცივარი, სარეცხი მანქანა ა.შ. ხანძარს არაფერი არ გადაურჩა და ყველაფერი დამწვარი იყო.

 

მოწმე ნ---------–--მ დადასტურა, რომ ცხოვრობს ქ-------–--ში, წ-----------–---–-------------ში. მისი ბინა მდებარეობს იტალიური ეზოს სტილის სახლის მეორე სართულზე, ხოლო თ--------------ს ბინა პირველ სართულზე, მისი ბინიდან თ--------------ს ბინა ჩანს კარგად. 2018 წლის 30 ივლისს ღამის საათებში, ნ---------–-- გააღვიძა ხმაურმა, მან გაიხედა ეზოში და დაინახა, რომ თ--------------ს ბინიდან, რომელშიც დროებით ცხოვრობდა ჯ---- (იგივე ს-------–-–-------ი), გამოიქცა ორი გოგო, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ ეზოში, შემდეგ დატოვეს ეზოს ტერიტორია. გარკვეული პერიოდის შემდეგ თ--------------ს სახლიდან გამოვარდა მამაკაცი - ჯ---- (იგივე ს-------–-–-------ი), რომელიც ყვიროდა და ხმამაღლა საუბრობდა, შემდეგ შევიდა თ--------------ს ბინაში, რამდენიმე წუთის შემდეგ სახლიდან გამოიქცა და კარი დახურა, რასაც მალევე მოყვა მეზობლის ყვირილი, რომ თ--------------ს ბინიდან კვამლი გამოდიოდა. ნ---------–--ს განმარტებით, კვამლს მალევე მოყვა ცეცხლის ალი და თ--------------ს ბინაში გაჩნდა ხანძარი. ნ---------–--მ აღნიშნულის თაობაზე აცნობა თ--------------ს.

 

მოწმე ვ-–----------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ-------–-----–-----------–---–-------------ში, სახლი არის იტალიური ეზოს სტილის. ვ-–----------–---–ი ცხოვრობდა მე-2 სართულზე, თ--------------ს ბინაში დროებით ცხოვრობდა უცხოელი, ვინმე ჯ---- (ს-------–-–-------ი). 2018 წლის 30 ივლისს ღამის საათებში ვ-–----------–---–ს შემოესმა ნივთების მტვრევის ხმა. მან გაიხედა ეზოში და დაინახა, რომ ს-------–-–-------ი ყვიროდა, თ--------------ს სახლში ამტვრევდა გაურკვეველ ნივთებს, შემდეგ გამოვიდა სახლიდან, რასაც მოჰყვა სახლიდან კვამლის გამოსვლა და გაჩნდა ხანძარი. ს-------–-–-------ი იმდენად აგრესიულად იქცეოდა ვ-–----------–---–ს შეეშინდა არ დაემტვრია ეზოში მდგომი მანქანები და შეეცადა თავისი მანქანის გადაყენებას.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე თ-------–----------ემ.

 

მოწმე კ--------------–---–--მ განაცხადა, რომ 2018 წლის 30 ივლისს ღამის საათებში ის გააღვიძეს მეზობლებმა, რომ გაჩნდა ხანძარი თ--------------ს ბინაში და დროულად დაეტოვებინა საცხოვრებელი ბინა.

 

მოწმე ა------–-----------------მა განაცხადა, რომ მისი მეგობარს ნაქირავები ჰქონდა ქ-------–--ში, წ-----------–---–-------------ში მდებარე ბინა, სადაც მეგობრის თანხმობით ცხოვრობდა ს-------–-–-------თან ერთად. 2018 წლის 30 ივლისს არ იმყოფებოდა სახლში და მისთვის უცნობია თუ რა მოხდა და როგორ დაიწვა თ--------------ს ბინა. მოწმე ა------–-----------------მა განაცხადა, რომ როდესაც ის დაბრუნდა ბინაში, მას დამწვარი დახვდა იქაურობა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ს-------–-–-------ს და მისგან შეიტყო, რომ არც ს-------–-–-------მა არ იცოდა თუ როგორ დაიწვა თ--------------ს ბინა, ვინაიდან არ იმყოფებოდა სახლში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე დაიკითხნენ მოწმეები - ლ----------------------------–-----------–----------------------–---–-------------–----–---–-----------------–---–ი, რომლებმაც ძირითადად დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ მოწმეთა ჩვენებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სააპელცაციო პალატა მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

ბინის ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის 27 თებერვალს, თ--------------მ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ-------–-----–-----------–---–-------------ში, ხუთი თვის ვადით გააქირავა ვ-----------------------–------აზე. ბინის ქირავნობის ხელშეკრულებას თან ერთვის ვ-----------------------–------ის და ს-------–-–-------ის პასპორტების ასლები.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, თ--------------მ მისთვის წარდგენილი სამ პირს შორის ამოიცნო მარჯვნიდან პირველი, მარცხნიდან მესამე მდგარი მამაკაცი (ს-------–-–-------ი), რომელიც ცხოვრობდა მის ბინაში. თ--------------მ ს-------–-–-------ი ამოიცნო წლოვანებით, სახის მოყვანილობით, სიმაღლით, აღნაგობით, თვალის ფერით, იერით, წარბებით და ტუჩის ფორმით.

 

ხანძრის (წაკიდების) შესახებ აქტის თანახმად, 2018 წლის 30 ივლისს ხანძრის თაობაზე შეტყობინება სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მიიღო 2018 წლის 30 ივლისს 00:44 საათზე, პირველი დანაყოფი შემთხვევის ადგილზე მივიდა 00:49 საათზე, ხანძრის (წაკიდების) ლოკალიზაცია მოხდა 01:04 საათზე, ხოლო ხანძრის (წაკიდების) ლიკვიდაცია მოხდა 01:20 საათზე.

 

საცხოვრებელი სახლის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერების ოქმის თანახმად, საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქ-------–--ში, წ-----------–---–-------------ში მდებარე ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ ეზოში და წარმოადგენს თ--------------ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლს, რომელიც მდებარეობს ეზოში შესასვლელიდან მარცხნივ და პირდაპირ პირველ სართულზე. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ნამწვის ნიმუშები ოთხ ცალ პაკეტად და ე.წ. სადენის ნიმუშები. მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება.

 

საცხოვრებელი სახლის (შემთხვევის ადგილის) დამატებითი დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ-------–--ში, წ-----------–---–-------------ში მდებარე თ--------------ს საცხოვრებელ სახლში დამატებით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ანაწმენდის ნიმუშები.

 

სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, წარდგენილი სს საქმის მასალებიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ჩატარებული გამოკვლევების ანალიზის საფუძველზე, საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ხანძრის გაჩენის კერის არსებობის გათვალისწინებით, აგრეთვე ელექტრო ტექნიკური, მასალებისა და ნივთიერებების თვითაალებით ხანძრის წარმოქმნის მიზეზების ვერსიების გამორიცხვით შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ მოქ. თ---------ს საცხოვრებელ ბინაში ხანძრის წარმოქმნის უშუალო მიზეზია ცეცხლის წაკიდება. შემთხვევის ადგილის გამოკვლევით, ხანძრის განვითარების დინამიკის გათვალისწინებით და ხანძრის ინტენსიური თერმული ზემოქმედების ლოკალური ნიშნების (კვლების) გაანალიზების შედეგებიდან გამომდინარე, მოქ. თ---------ს საცხოვრებელ ბინაში დაფიქსირებული იქნა ორი ერთმანეთისგან დამოკიდებული ხანძრის გაჩენის კერის ზონა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ და გამოკვლევაზე წარმოდგენილ ელექტროსადენებზე მოკლე ჩართვის, გადატვირთვისა და დიდი გარდამავალი წინაღობის ნიშნები არ დაფიქსირდა. ხანძრის გაჩენა საცხოვრებელ ბინაში ელექტროტექნიკური, ნივთიერებებისა და მასალის თვითაალების მიზეზების გამო მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ---------–-–---–მა.

 

ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის N---------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნამწვის ნიმუშებზე ნავთობპროდუქტების კვალი არ აღინიშნება.

 

საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ქ-------–--ში, წ-----------–---–-------------ში, იტალიური ტიპის ეზოში, მდებარე თ--------------ს საცხოვრებელი სახლის ხანძრის ზემოქმედებით და მისი ჩაქრობის შედეგად წარმოქმნილი დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრება საორიენტაციოდ 19001,94 ლარით, ნორმატიული დარიცხვების ჩათვლით.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–----------------იმ.

 

სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ქ-------–--ი წ-----------–---–-------------ში მდებარე ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მოქალაქე თ--------------ს ოჯახისათვის, ხანძრის შედეგად დაზიანებებით მიყენებული ზარალის ოდენობა, დღევანდელ დღის მდგომარეობით შეადგენს 6 927 ლარს.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-----------------მ.

 

ბრალდებულმა ს-------–-–-------მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ქირით ცხოვრობდა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თ--------------ს კუთვნილ სახლში. ბინაში ცეცხლის გაჩენის დროს იმყოფებოდა მეგობარ გოგონასთან ერთად ქ.თბილისში გლდანის რაიონში და არ იცის თუ როგორ გაჩნდა ხანძარი თ--------------ს საცხოვრებელ სახლში.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ გულდასმით შეაფასა როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე აპელანტის საკვანძო არგუმენტები და განსაზღვრა თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში და რამდენად საკმარისია მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით პირის მსჯავრდებისათვის.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი მტკიცებულების საკმარისობის საკითხთან მიმართებით, რომლის თანახმად მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

დაზარალებულ თ--------------ს, მოწმე ა------–-----------------ის, ბრალდებულ ს-------–-–-------ის ჩვენებებით, ქირავნობის ხელშეკრულებით და ხელშეკრულებაზე დართულ პასპორტის ასლებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ--------------მ კუთვნილი საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ-------–-----–-----------–---–-------------ში, გააქირავა ვ-----------------------–------აზე და ს-------–-–-------ზე. 2018 წლის ივლისის თვეში ამ ბინაში ცხოვრობდა და ბინის მეპატრონის წინაშე ქირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ პასუხისმგებელი იყო ს-------–-–-------ი.

 

დაზარალებულ თ--------------ს, მოწმეების ნ---------–--ს, ვ-–----------–---–ის, თ-------–----------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 30 ივლისს ღამის საათებში წ-----------–---–-------------ში მდებარე თ--------------ს კუთვნილ ბინაში გაჩნდა ხანძარი.

 

პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ--------------მ ამოიცნო ს-------–-–-------ი, რომელიც უნდა ყოფილიყო ხანძრის გაჩენის დროს მის საცხოვრებელ ბინაში. მოწმეები ნ---------–--, ვ-–----------–---–ის არიან თვითმხილველი მოწმეები იმ ფაქტის, რომ 2018 წლის 30 ივლისს ღამის საათებში წ-----------–---–-------------ში მდებარე თ--------------ს ბინაში ხანძარი გაჩნდა მათთვის ჯ----ს სახელით ცნობილი პირის (იგივე ს-------–-–-------ის) ბინაში ყოფნის დროს და სხვა პირი ხანძრის გაჩენისას ბინაში არ იმყოფებოდა, ს-------–-–-------ის ბინიდან გამოსვლას მოჰყვა სახლში ხანძრის გაჩენა. ხანძრის გაჩენამდე ბინიდან გამოდიოდა მტვრევის ხმა და გამოვიდა ორი გოგონა. აღნიშნული ფაქტები მოწმობს, რომ ხანძრის გაჩენისას ს-------–-–-------ის გარდა სხვა პირი ბინაში არ იმყოფებოდა.

 

ხანძრის (წაკიდების) შესახებ აქტით, საცხოვრებელი სახლის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერების ოქმით, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის N---------- დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში ხანძარი გაჩნდა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კერაში, ასევე ექსპერტიზამ გამოირიცხა ელექტრო ტექნიკური, მასალებისა და ნივთიერებების თვითაალებით ხანძრის წარმოქმნის მიზეზების ვერსიები, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით მოქ. თ--------------ს საცხოვრებელ ბინაში ხანძრის წარმოქმნის უშუალო მიზეზია ცეცხლის წაკიდება.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უტყუარად დადგენლია, რომ ნაქირავებ ბინაში ხანძრის გაჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე ბინიდან გამოდიოდა მსხვრევის და ხმაურის ხმა, რის შემდეგაც ბინიდან გამოვიდა ს-------–-–-------ი და მის გამოსვლას მოჰყვა ბინაში ხანძრის გაჩენა, რისი მიზეზიც ექსპერტიზის დასკვნით არის ცეცხლის წაკიდება. ამასთან, უტყუარად არის დადასტურებული, რომ ცეცხლის გაჩენის მომენტში მსჯავრდებული საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა მარტო. ამდენად, სააპელაციო პალატა ვერაფრით გაიზიარებს მსჯავრდებულის ვერსიას იმის თაობაზე, თითქოს ხანძრის გაჩენის მომენტში იგი ქალაქის სხვა ბოლოში იმყოფებოდა, ვინაიდან საწინააღმდეგო დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით, რომელშიც გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი, სააპელაციო პალატას არ გასჩენია.

 

ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს-------–-–-------მა განზრახ ცეცხლის წაკიდებით დააზიანა ქ-------–--ში, წ-----------–---–-------------ში მდებარე თ--------------ს საცხოვრებელი ბინა, რომლის კვალიფიკაციაზე გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ს-------–-–-------ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია სხვისი ნივთის დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულის დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარი ხდება სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. ამასთან, ნივთის დაზიანების დროს შესაძლებელია მისი აღდგენა შეკეთების, რესტავრაციის და სხვა საშუალებით. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ პირის მიერ ქონების დაზიანების შედეგად დაზარალებულს მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი გარემოება - იგივე ქმედება ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად დადასტურდა, რომ ს-------–-–-------მა განზრახ ცეცხლის წაკიდებით დააზიანა ქ-------–--ში, წ-----------–---–-------------ში მდებარე თ--------------ს საცხოვრებელი ბინა, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა 25928,94 ლარის ზიანი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ამ დანაშაულისთვის დადგენილ მნიშვნელოვანი ზიანის ნიშნულს. რისი გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, შემადგენლობისთვის სავალკდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ს-------–-–-------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ს-------–-–-------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ს-------–-–-------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რითაც მსჯავრი დაედო ს-------–-–-------ს ისჯება უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ს-------–-–-------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი დანაშაული, რაც მაღალი საშიშროების მატარებელია), ასევე ბრალდებულის პიროვნებას (არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქართველოში იმყოფებოდა დროებით), ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი საგრძნობლად აღემატება ამ დანაშაულისათვის დადგენილი მნიშვნელოვანი ზიანის ნიშნულს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ს-------–-–-------ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

5.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ელექტროსადენის ოთხი მონაკვეთი დალუქული შტრიხკოდით 222243650, ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0016996, ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0016958, ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0012606, ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0016959, მინის ქილა დალუქული შტრიხ კოდით 222251083, ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს-------–-–-------ის ადვოკატ ი-----–--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ს-------–-–------- (S----------------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

ს-------–-–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

ს-------–-–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 27 თებერვლიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტროსადენის ოთხი მონაკვეთი დალუქული შტრიხკოდით 222243650, ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0016996, ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0016958, ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0012606, ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0016959, მინის ქილა დალუქული შტრიხ კოდით 222251083, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი