განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.05.2019
საქმის ნომერი
330310017001680680
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001680680

საქმე №3ბ/616-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თამარ ონიანი

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ი-----–- კ----–-–---–ი

 

თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1.2. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის ი-----–- კ----–-–---–ის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი-----–- კ----–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაეკისრა ი-----–- კ----–-–---–ის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის ი-----–- კ----–-–---–ის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის სახით 2900 ლარის დაკისრების ნაწილში) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2 დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. 2016 წლის 5 ნოემბერს, 00:25 საათზე, თბილისში, ჭ--------------------- - თან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ი-----–- კ----–-–---–ი, რაზეც შედგენილ იქნა 2016 წლის 5 ნოემბრის №აო 0-------- ადმინისტრაციული დაკავების ოქმი. ოქმში დაკავების მოტივად მითითებულია, რომ თბილისში, ჭ----------- ქ. №10-თან, სასტუმრო „--------“ მიმდებარედ დაკავებული იქნა ი-----–- კ----–-–---–ი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, მასზედ, რომ იგი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და ხელს უშლიდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტზე 2016 წლის 5 ნოემბერს ი-----–- კ----–-–---–ის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №აკ0--------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

 

2016 წლის 5 ნოემბერს ასევე შედგენილია №აჟ 0-------- ოქმი პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შესახებ, რომელშიც ი-----–- კ----–-–---–ისათვის რაიმე ნივთის ჩამორთმევა არ ფიქსირდება.

 

2.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2016 წლის 5 ნოემბერს საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მ---–-------------------–------------–----–ის მიერ განსახილველად შეტანილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები ი-----–- კ----–-–---–ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის დადგენილებით (საქმე №4/8------) ი-----–- კ----–-–---–ის მიმართ 2016 წლის 5 ნოემბრის №აკ 0-------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაწყებული №4/8------ საქმის წარმოება შეწყდა.

 

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „2016 წლის 11 ნოემბრის სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორი ლ-–-------–-–---–ი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი) და პატრულ-ინსპექტორი ლ------------------ე დაეთანხმნენ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და დამატებით განმარტეს, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შეამჩნიეს პირი, რომლის მიმართაც მათი მხრიდან არსებობდა გონივრული ვარაუდი მასზედ, რომ შესაძლოა აღნიშნულ პირს თან ჰქონოდა ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საჭიროდ მიიჩნეს ი-----–- კ----–-–---–ის ზედაპირული შემოწმება, დათვალიერება. პატრულ-ინსპექტორთა განმარტებით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, პოლიციელებს არ მისცა საშუალება განეხორციელებინათ მათი უფლებამოსილება, რის გამოც მოხდა ი-----–- კ----–-–---–ის ადმინისტრაციული წესით დაკავება.“

 

დადგენილებაში მითითებულია, რომ „განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმის ჩვენების, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების (ვიდეო - ფირი) შეფასების შედეგად, დგინდება, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის - ი-----–- კ----–-–---–ის კანონით გათვალისწინებული ზედაპირული დათვალიერების საფუძველი. საქმის მასალებიდან არ იკვეთება ობიექტურად აღქმადი გარემოების არსებობის ფაქტი, რომელიც გაუჩენდა პოლიციის თანამშრომელს ვარაუდის საფუძველს და რომელზე დაყრდნობითაც აუცილებელი და გამართლებული იქნებოდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა, მისი ზედაპირული დათვალიერება. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ი-----–- კ----–-–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია პატრულ-ინსპექტორთა შეურაცხყოფას, ან/და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას, ადმინისტრაციულ 4 პასუხისგებაში მიცემულ პირს დაკავების შემდეგ არ აღმოაჩნდა რაიმე ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“ სასამართლომ მიიჩნია, რომ „განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული ქმედების წინაპირობები, რაც აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობის ფაქტს დაადასტურებდა.“

 

2.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის დადგენილება გასაჩივრებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის დადგენილებით საჩივარი დარჩა განუხილველი, დადგენილების გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

2.2.4. 2016 წლის 2 დეკემბერს ი-----–- კ----–-–---–მა საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და ადმინისტრაციული დაკავების უკანონოდ ცნობა მოითხოვა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 30 დეკემბრის №2--------- გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ი-----–- კ----–-–---–მა უარი განაცხადა ზედაპირულ დათვალიერებაზე. ვინაიდან იგი კატეგორიულად არიდებდა თავს საეჭვო ტყავის ბუდის პოლიციელისათვის წარდგენასა და ზედაპირულ დათვალიერებას, საქმის მწარმოებელ პოლიციელებს გაუჩნდათ ზედაპირული დათვალიერების კანონიერი საფუძველი. გამომდინარე იქიდან, რომ პატრულ-ინსპექტორებმა ვერ მოახდინეს პიროვნების ადგილზე დათვალიერება (გასინჯვა), რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული საქმის წარმოებას, ამ საქმის წარმოების სწორად და ობიექტურად გადაწყვეტისათვის კანონიერად იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავება.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.3.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 1005-ე მუხლებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2003 წლის 24 მარტის №3გ-ად-329-კ-02 გადაწყვეტილებაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოთ მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას და მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი უკანონოდ იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

2.3.2. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა განიმარტოს, რამდენად ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე და ადმინისტრაციული დაკავების უკანონობა გულისხმობს თუ არა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს პროკურატურაში დაკავების გასაჩივრების შედეგად დაკავების უკანონოდ ცნობას, რადგან, მართალია, მოსარჩელის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, მაგრამ ადმინისტრაციული დაკავება უკანონოდ არ არის ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, 22-ე მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 251-ე მუხლებზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ 244-ე მუხლით გათვალისწინებული ჩარევა თავისუფლების ძირითად უფლებაში - ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთა, საქმის დროული და სწორი განხილვა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული დადგენილების აღსრულება. აღსანიშნავია ისიც, რომ პირის ადმინისტრაციულ დაკავებას კანონი მხოლოდ მას შემდეგ ითვალისწინებს, როცა ამოიწურება ზემოქმედების სხვა ზომები. ამდენად, პირის ადმინისტრაციული დაკავება არის ოქმის შემდგენისთვის მინიჭებული შესაძლებლობა, კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით მოახდინოს პირის დაკავება სამართალდარღვევის აღსაკვეთად, სამართალდარღვევაზე რეაგირების მოსახდენად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოქმედების სხვა ზომები ამოწურულია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების გასაჩივრების წესი. მოსარჩელემ ადმინისტრაციული დაკავების გასაჩივრების მიზნით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებას. სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, მოსარჩელის ადმინისტრაციული დაკავება კანონიერად არის მიჩნეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თუმცაღა დაკავების გასაჩივრებასა და დაკავების უკანონოდ აღიარებას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისათვის მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც პირი ცნობილი იქნება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, რაც იმთავითვე არ გამორიცხავს ადმინისტრაციული დაკავების უკანონობას. მოსარჩელის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა, სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო, რაც ავტომატურად განაპირობებს ადმინისტრაციული დაკავების უკანონოდ მიჩნევას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისათვის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება კონკრეტულ მიზნებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აღჭურვილნი არიან სამართალდარღვევის აღკვეთისთვის საჭირო ფართო უფლებამოსილებებით, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგნენ პირის მიმართ ზემოქმედების ისეთი ზომების გამოყენებას, რომლებიც იწვევს პირისთვის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეზღუდვას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო წესრიგის დაცვა შეუძლებელი იქნება და მოხდება პირთა კანონით დაცული ინტერესების შელახვა. ამასთან, ადმინისტრაციული დაკავებისას არსებული ფაქტობრივი გარემოებები, შესაძლებელია, პოლიციის თანამშრომლებს უქმნიდეს დასაბუთებულ ეჭვს, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა და აუცილებელია მისი დაკავება, მაგრამ საქმის განხილვისას და სასამართლო დადგენილებით დადგინდეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღება, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულ პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, პირის ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა პირს, რომლის ქმედებაშიც სამართალდარღვევის ნიშნების არსებობა არ დადასტურდა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და აქედან გამომდინარე, ქმედების უკანონობაც, რაც მოცემული მუხლის მიზნებისთვის არ უნდა იქნას გაიგივებული მხარის მიერ დაკავების გასაჩივრების აუცილებლობასთან. პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეწყვეტით დასტურდება, რომ პირს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, რომლის აღკვეთის ან რომელზეც სათანადო რეაგირების მოხდენის მიზანსაც ემსახურება ადმინისტრაციული დაკავება. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გარემოებების არსებობა საკმარისია პირისთვის ზიანის ანაზღაურებისთვის და აუცილებელი არ არის, პირს გასაჩივრებული ჰქონდეს ადმინისტრაციული დაკავება ან დაკავება უკანონოდ იქნას აღიარებული შესაბამისი ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს არ ექნებოდა ზიანის ანაზღაურების რეალური შესაძლებლობა.

 

2.3.3. სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელმაც დაადგინა ფუნდამენტური განსხვავება კონვენციის მე-5 მუხლიდან გამომდინარე თავისუფლების აღკვეთასა და გადაადგილების თავისუფლებას შორის. თავისუფლების აღკვეთასა და პირის გადაადგილების თავისუფლების აღკვეთას შორის განსხვავება ინტენსიურობისა და ხარისხის საკითხი უფროა, ვიდრე მისი ბუნების, ან არსის (იხ. ,,გუზარდი იტალიის წინააღმდეგ“ (1980). შეიძლება გაკეთდეს მცირე განზოგადება და ყოველი საქმისათვის დამახასიათებელი გარემოებები გამოკვლეულ იქნას დეტალურად. ყველა კრიტერიუმი, როგორიცაა ტიპი, ხანგრძლივობა, სადავო ღონისძიების განხორციელების ფორმა და მისი შედეგები, მთლიანობაში უნდა იქნას განხილული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ დაკავებასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას შორის განსხვავება არის მის ინტენსივობასა და ხარისხში, ამასთან, ადმინისტრაციული დაკავება არის უზრუნველყოფის ღონისძიება, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა წარმოადგენს ადმინისტრაციული სახდელის სახეს, თუმცაღა თავისი არსით, პირისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების - თავისუფალი მიმოსვლის უფლების შეზღუდვა და დამდგარი ნეგატიური შედეგები, რაც გამოიხატება კონკრეტულ დაწესებულებაში გარკვეული დროით მოთავსებაში, პირის რეპუტაციაზე გავლენის მოხდენაში, უარყოფითი განცდების წარმოქმნაში, ისინი ერთმანეთს ჰგვანან. სწორედ ამიტომ, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული დაკავება არ ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობაში.

 

2.3.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 და 413-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.

 

საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-7, მე-17 მუხლებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ადმინისტრაციული დაკავებით მოხდა მისი ღირსებისა და თავისუფალი მიმოსვლის უფლებების შელახვა, რაც წარმოადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე. ამასთან, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული დაკავება განახორციელეს სწორედ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, შესაბამისად, დამდგარი ზიანი სწორედ მათი ქმედების პირდაპირი და გარდაუვალი შედეგია და ზიანის მიმყენებელს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც დამოუკიდებლად აგებს პასუხს მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს სწორედ იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება და რომლის აღნიშნულმა ქმედებამაც გამოიწვია ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების საფუძველი გახდა მოსარჩელის ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დაკავება, ამრიგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის დაკავებას, ასევე, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას, რომელიც მოსარჩელეს ზიანს მიაყენებდა. ამდენად, მის მიმართ ზიანის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

2.3.5. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები.

 

სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რა დროსაც შეიზღუდა მისი თავისუფალი მიმოსვლის უფლება, შეილახა პირის ღირსება, ამასთან, სამართალდარღვევის მასალები გონივრულ ვადაში და დროულად იქნა წარდგენილი სასამართლოში. შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მორალური ზიანის სახით ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს 100 (ასი) ლარი.

 

3.1. აპელანტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის საფუძველი

 

აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არასწორად შეაფასა, არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ ადმინისტრაციული დაკავების უკანონოდ აღიარებას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც პირი ცნობილ იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, რაც იმთავითვე არ გამორიცხავს ადმინისტრაციული დაკავების უკანონობას. აპელანტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე და 250-ე მუხლებს, ადმინისტრაციული დაკავების საფუძვლებსა და მიზნებს. განსახილველ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული დაკავება არის კანონიერი.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლში კანონმდებელმა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაუკავშირა მხოლოდ ისეთ შემთხვევას, როდესაც დადგენილია ქმედების უკანონობა. საქმეში კი არ მოიპოვება იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე დაკავებული იყო უკანონოდ. აპელანტის მოსაზრებით, ი-----–- კ----–-–---–ი დაკავებულ იქნა კანონით განსაზღვრული საფუძვლით და საქმის წარმოების შეწყვეტა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისი დაკავების უკანონობის დამადასტურებლად, მით უფრო, როდესაც კანონით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული დაკავების გასაჩივრების შესაძლებლობა.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები, რადგან არ დგინდება ზიანის მიყენების ფაქტი.

 

3.2. ი-----–- კ----–-–---–ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სარჩელით მოთხოვნილი იყო როგორც ზიანის ანაზღაურება, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმება და დაკავების უკანონოდ ცნობა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.

 

საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ ი-----–- კ----–-–---–ის ადმინისტრაციული წესით დაკავება იყო უკანონო და მისი გასაჩივრება მოხდა კანონით დადგენილი წესით. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა დაკავება კანონიერად მიიჩნია და გამოსცა საჩივრის დაკამყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საჩივრის ავტორი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტსა და მე-601 მუხლზე მითითებით, აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ექვემდებარებოდა გასაჩივრებას სასამართლოში და სასამართლო ვალდებული იყო, ემჯელა მის კანონიერებაზე.

 

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ დაკავებაზე ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საქმეებზე „ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშერიშვილი და სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, „ლევან იზორია და დავით მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ საჩივრის ავტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“; „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი ჩამოთვლის ადმინისტრაციული დაკავების საფუძვლებს, ხოლო დაკავების ოქმში არ არის მითითებული კონკრეტულად რა მიზნის მისაღწევად განხორციელდა ი-----–- კ----–-–---–ის დაკავება, ოქმში დაკავების მოტივად მითითებულია მხოლოდ ის გარემოებები, რაც პოლიციის შეფასებით სამართალდარღვევას წარმოადგენდა და არა დაკავების კონკრეტული საფუძველი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების თანახმად კი, დაკავების სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა ის გარემოება, რომ ი-----–- კ----–-–---–მა არ მისცა პოლიციის თანამშრომლებს ზედაპირული შემოწმების ჩატარების უფლება და ვერ მოხერხდა მისი ადგილზე „გასინჯვა“.

 

საჩივრის ავტორი მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-12, მე-13 მუხლებზე და აღნიშნავს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ პოლიცია არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა ი-----–- კ----–-–---–ის ზედაპირული დათვალიერება, რაც ასევე დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ი-----–- კ----–-–---–ის სამართალდარღვევის საქმეზე გაკეთებული განმარტებით. იმ ვითარებაში, როდესაც არ დადასტურდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლებოდა, რომ დაკავება საწყის ეტაპზე კანონიერი იყო (რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს), პოლიცია ვალდებულია, დაამტკიცოს, რატომ იყო აუცილებელი დაკავება იმ ხანგრძლივობით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. მოპასუხე ადასტურებს, რომ დაკავების შემდეგ ი-----–- კ----–-–---–ის შემოწმებისას მას არ აღმოჩნდა რაიმე აკრძალული ნივთი. პოლიცია ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა დაკავებული პირი. მოცემულ შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაარღვიეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული თანაზომიერების პრინციპი, გამოყენებული ზემოქმედების ზომა იყო თვითნებური და უკანონო.

 

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, ადმინისტრაციული დაკავება ასევე არ ემსახურებოდა პიროვნების დადგენის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის მიზნებს. ამასთან, თუ დაკავება ოქმის შედგენის მიზნით ხორციელდება, დაკავების ვადა არ უნდა აჭარბებდეს იმ დროს, რასაც ოქმის შედგენის დრო მოითხოვს (დაახლოებით, 15-20 წუთი). ამასთან, უნდა დადასტურდეს, რომ დაკავების გარეშე ოქმის ადგილზე შედგენა შეუძლებელია. მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარეზეა. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ დაკავება ამ მიზნებით არ განხორციელებულა. რაც შეეხება პირის დაკავებას სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა დადასტურდეს, რომ დაკავების გარეშე აღნიშნული მიზანი მიღწეული ვერ იქნება, რასაც პოლიცია მოცემულ შემთხვევაში ვერ ადასტურებს.

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს დაკავების შესაძლებლობას სხვადასხვა საფუძვლით, მოცემულ საქმეზე ვერ დასტურდება ვერცერთი საფუძვლით დაკავების განხორციელების კანონიერება, რაც ადასტურებს იმას, რომ დაკავება ატარებდა თვითნებურ ხასიათს.

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ზიანის სახით პირველი ისნტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 100 ლარი არ არის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურება. აპელანტი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე საქმეზე Nბს-78-7895-1200.

 

საჩივრის ავტორი მიიჩნევს, იმ ფაქტის დადასტურება, რომ დარღვეულია კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 379-ე მუხლის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.

 

5.2 სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში და შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა შეგებებულ სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

5.2.2. სააპელაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებზე. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყევტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, რომელიც მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები არ არსებობს.

 

მოსარჩელის მიერ კი წარმოდგენილია შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 30 დეკემბრის №2--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2016 წლის 05 ნოემბერს ი-----–- კ----–-–---–ის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული წესით დაკავების უკანონოდ ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის ი-----–- კ----–-–---–ის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული დაკავების უკანონოდ ცნობის თაობაზე წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულია 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც №3/------ ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 30 დეკემბრის №2--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 2016 წლის 05 ნოემბერს ი-----–- კ----–-–---–ის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული წესით დაკავების უკანონოდ ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილში დაუშვებლობის გამო. ამასთან, მხარეს განემარტა მოცემული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესი და ვადა. მიუხედავად ამისა, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული დაკავების უკანონოდ ცნობის თაობაზე საქმის წარმოების შეწყვეტა კანონიერად არის მიჩნეული, განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებს მითითებული სასარჩელო მოთხოვნების მიმართ.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი შეფასების საგანს წარმოადგენს ი-----–- კ----–-–---–ისთვის ადმინისტრაციული დაკავებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა და გადაწყვეტა.

 

5.2.3. საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით ასევე განსაზღვრულია, რომ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი, მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება, თუმცაღა კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას. პალატა აღნიშნავს, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოთვლის იმ საფუძვლებს (უკანონო მსჯავრდება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენება, ადმინისტრაციული პატიმრობა ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრება), რომელთა არსებობაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობას განაპირობებს, განსახილველი დავის ფარგლებში, ერთი მხრივ, უნდა განიმარტოს, რამდენად ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე და, მეორე მხრივ, ქმედების უკანონობის თვალსაზრისით უნდა განისაზღვროს, ადმინისტრაციული დაკავების უკანონობა გულისხმობს თუ არა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს პროკურატურაში დაკავების გასაჩივრების შედეგად დაკავების უკანონოდ ცნობას, თუ საკმარისია ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტა.

 

5.2.4. საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია, ხოლო 22-ე მუხლის მიხედვით, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ ადამიანის თავისუფლება დაცულია, ხოლო მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო პერიოდში მოქმედი კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის, მისი პირადი თავისუფლების უფლებას, ის ფუნდამენტური უფლებების ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს და, კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო დაცვას ექვემდებარება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უნდა განიხილებოდეს როგორც ultima ratio“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის პირველი მუხლით გაცხადებულია, რომ მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I თვაში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

 

კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებულია თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება. კერძოდ, პირველი პუნქტის ,,c" ქვეპუნქტის მიხედვით, ყველას აქვს თავსუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავსუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია: c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებმოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა; მე-5 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის დაცვა პირის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებას წარმოადგენს და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პირი შესაბამისი მატერიალურ-პროცესუალური უფლებებით. ამასთან, ცხადია, რომ მოცემული უფლება არ არის აბსოლუტური და სახელმწიფოს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს მასში ჩარევა, რაც აუცილებლად უნდა იყოს კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებული, დაცული შესაძლო სახელისუფლებლო თვითნებობისაგან, უნდა მოემსახუროს ლეგიტიმურ მიზანს - ამა თუ იმ საჯარო თუ სხვა პირთა ინტერესის დაცვას, როდესაც ამ უფლების განხორციელება იმგვარად უპირისპირდება სხვა ინტერესს, რომ შეიძლება ზიანი მიაყენოს მას. ვინაიდან ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას, თუ ასეთი ზიანის შესაძლებლობა იმთავითვე გამორიცხულია, არც მისი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის დადგენაა შესაძლებელი.

 

პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. ამავე კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან.

 

უკვე აღინიშნა, რომ ადამიანის თავისუფლების ადმინისტრაციული წესით შეზღუდვა კონვენციითა და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში იმგვარი ჩარევაა, რომლის გამოყენება აუცილებლად უნდა მიემართებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ. კონკრეტული ნორმა ლეგიტიმურ მიზნად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთას განსაზღვრავს, ასევე - დარღვევაზე რეაგირება, ოქმის შედგენა, საქმის დროული და სწორი განხილვა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირის ადმინისტრაციულ დაკავებას კანონი მხოლოდ მას შემდეგ ითვალისწინებს, როცა ამოიწურება ზემოქმედების სხვა ზომები. ამდენად, პირის ადმინისტრაციული დაკავება არის ოქმის შემდგენისთვის მინიჭებული შესაძლებლობა, კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით მოახდინოს პირის დაკავება სამართალდარღვევის აღსაკვეთად, სამართალდარღვევაზე რეაგირების მოსახდენად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოქმედების სხვა ზომები ამოწურულია.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ კანონმდებლობა არ იცნობს ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეჭვის ან დარღვევის არსებობის თაობაზე ვარაუდისათვის საკმარისი საფუძვლის გამო. ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება კონკრეტულ მიზნებს და ხორციელდება კონკრეტული საფუძვლით. კერძოდ, ადმინისტრაციული დაკავების გამოყენება ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დარღვევაზე სათანადოდ რეაგირების, მისი აღმოფხვრის მიზნით, რასაც მოწმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ნაწილიც, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებებით ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას შორის რეგლამენტირებული პირდაპირი კავშირი თავის მხრივ ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა იმთავითვე არ გულისხმობს ადმინისტრაციული დაკავების მართებულობას, იმავდროულად, თუკი დადასტურდა, რომ პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ადმინისტრაციული დაკავებაც უსაფუძვლოდ და უკანონოდ უნდა იქნეს მიჩნეული. შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობა ადმინისტრაციული დაკავების მიზნის არარსებობაზე მიუთითებს, რაკიღა კანონმდებელი დაკავების ლეგიტიმურ მიზნად სამართალდარღვევის აღკვეთას მიიჩნევს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის პირობებში კი ადმინისტრაციული დაკავების უკანონობის საფუძველი შეიძლება სამართალდარღვევაზე რეაგირების უკიდურესი ზომის - დაკავების გამოყენების საჭიროების არარსებობის დადგენა გახდეს, რაც უფლებამოსილ ორგანოში ადმინისტრაციული დაკავების გასაჩივრების საფუძველზე მიღებული აქტით უნდა დადგინდეს. მაშასადამე, დაკავების მიზანი კანონით განსაზღვრულია, მაგრამ ასეთი განსაზღვრა აზრს იქნება მოკლებული და მიიღებს მხოლოდ ფორმალურ დატვირთვას, თუ სამართალდარღვევის არარსებობის შემთხვევაში დაკავების ლეგიტიმურ მიზნად სხვა გარემოებები განისაზღვრება გარდა მართლმსაჯულების განხორციელებისა, ანუ პირის დაკავება იმ დროს, როდესაც სახეზე არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, არ არის ლეგიტიმურ მიზნანთან თანხვედრაში მიღწევას.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო შეწყვეტა ავტომატურად განაპირობებს ადმინისტრაციული დაკავების უკანონოდ მიჩნევას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისათვის.

 

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის დადგენილების (საქმე №4/8------) მიხედვით, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმის ჩვენების, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების (ვიდეო - ფირი) შეფასების შედეგად დგინდება, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის - ი-----–- კ----–-–---–ის კანონით გათვალისწინებული ზედაპირული დათვალიერების საფუძველი. საქმის მასალებიდან არ იკვეთება ობიექტურად აღქმადი გარემოების არსებობის ფაქტი, რომელიც გაუჩენდა პოლიციის თანამშრომელს ვარაუდის საფუძველს და რომელზე დაყრდნობითაც აუცილებელი და გამართლებული იქნებოდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა, მისი ზედაპირული დათვალიერება. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა გარემოება, რომ ი-----–- კ----–-–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია პატრულ-ინსპექტორთა შეურაცხყოფას, ან/და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას, ადმინისტრაციულ 4 პასუხისგებაში მიცემულ პირს დაკავების შემდეგ არ აღმოაჩნდა რაიმე ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“ სასამართლომ მიიჩნია, რომ „განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული ქმედების წინაპირობები, რაც აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობის ფაქტს დაადასტურებდა.“ ამრიგად, გარდა იმისა, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოებული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველმა სასამართლომ ცალსახად მიუთითა და დაადგინა ადმინისტრაციული დაკავების უკანონობა და უსაფუძვლობა.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელი „ქმედების უკანონობა“ და „მარეაბილიტირებელი გარემოება“ სახეზეა, რამეთუ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღება, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ პირს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. ქმედების უკანონობა კი არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ პირს, რომლის ქმედებაშიც სამართალდარღვევის ნიშნების არსებობა არ დადასტურდა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გარემოებების არსებობა საკმარისია პირისთვის ზიანის ანაზღაურებისთვის.

 

5.2.5. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილი ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს უკანონო ადმინისტრაციული პატიმრობის და არა უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისას, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვა ფართო ცნებაა, რომელიც გულისხმობს პირის დაკავებას, დაპატიმრებას, თავისუფლების სხვაგვარ შეზღუდვას. მათ შორის განსხვავება ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაშია. ამასთან, ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა აფერხებს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის პირის მიერ სხვა უფლებების გამოყენებასაც. თავისუფლების შეზღუდვა, მიუხედავად მისი გამოყენების ფორმისა, მსგავს გავლენას ახდენს პირის თავისუფალი გადაადგილების შეუძლებლობაზე, პიროვნებაზე, მისი განვითარების შესაძლებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული დაკავება არის უზრუნველყოფის ღონისძიება, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა წარმოადგენს ადმინისტრაციული სახდელის სახეს, ორივე მათგანი იწვევს პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას, კონკრეტულ დაწესებულებაში გარკვეული დროით მოთავსებას, ნეგატიურ გავლენას ახდენს პირის რეპუტაციაზე, წარმოქმნის უარყოფით განცდებს და მათი თმენის ვალდებულება შესაძლებელია დაეკისროს მხოლოდ იმ პირს, რომლის მიმართაც კანონიერად იქნა გამოყენებული თავისუფლების შეზღუდვის საშუალება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-5 პუნქტი, რომელიც მიუთითებს, რომ ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება, ერთმანეთთან ათანაბრებს ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის თვალსაზრისით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირისა და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებას და დაკავებას კომპენსაციის მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევს.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ადმინისტრაციული დაკავებისა და პატიმრობის ნეგატიური შედეგების მსგავსების გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 309-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავების ვადა ჩაითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში. ამდენად, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისა და მისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა აითვლება ადმინისტრაციული დაკავების მომენტიდან. შესაბამისად, კანონმდებელი ერთმანეთისგან არსებითად არ განასხვავებს ადმინისტრაციულ პატიმრობასა და ადმინისტრაციულ დაკავებას მათი შედეგების მიხედვით. შესაბამისად, რადგან თავისი არსით, პირისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების - თავისუფალი მიმოსვლის უფლების შეზღუდვითა და დამდგარი უარყოფითი შედეგებით ადმინისტრაციული დაკავება და პატიმრობა ერთმანეთის თანაბარია, ადმინისტრაციული დაკავება ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობაში.

 

5.2.6. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. განსახილველ შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს ქმნის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ისტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, რადგან ი-----–- კ----–-–---–ის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა დარღვევის არარსებობის გამო და მის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავება უკანონოა.

 

5.2.7. რაც შეეხება დაკისრებული არაქონებრივი ზიანის ოდენობას, „მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც იგი ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, თუმცა ანაზღაურების მოცულობის გასაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება №ბს-509-506(2კ-17)).

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას პირველი ინსტანციის სასამართლოს სწორად გაამახვილა ყურადღება გამოყენებული თავისუფლების შეზღუდვის ღონისძიების სახესა და სიმძიმეზე, რომ მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, სამართალდარღვევის მასალები გონივრულ ვადაში და დროულად იქნა წარდგენილი სასამართლოში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მორალური ზიანის ოდენობა განსაზღვრულია სადავო შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა არსებითი გარემოების გათვალისწინებით. ამასთან, ზიანის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომელმაც განახორციელა მოსარჩელის დაკავება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე. შესაბამისად, დამდგარი ზიანი სწორედ აპელანტის ქმედების პირდაპირი და გარდაუვალი შედეგია და ზიანის მიმყენებელს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც დამოუკიდებლად აგებს პასუხს პასუხს მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრისა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უნდა დაუბრუნდეს ი-----–- კ----–-–---–ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მოცემულ საქმეზე 2018 წლის 24 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ი-----–- კ----–-–---–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დაუბრუნდეს ი-----–- კ----–-–---–ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მოცემულ საქმეზე 2018 წლის 24 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე თამარ ონიანი