განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100119003071089
საქმე №1/ბ-563-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
09 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–------–------ი;
მსჯავრდებული: პ------–-------ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 3----------), უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ--------ე, დ------–-----–ის ქუჩა N-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილი; სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილი;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ------–-------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
- სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);
- ადევნება, კერძოდ, პირადად პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირის ცხოვრების წესის მნიშვნელოვანად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის;
- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა.
ზემოაღნიშნულის გამო, პ------–-------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენით: პ------–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და პ------–-------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით პ------–-------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქა წინა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის, განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით და საბოლოოდ, პ------–-------ეს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
პ------–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 მაისიდან;
პ------–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: პ------–-------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი გამორთულ და დაზიანებულ მდგომარეობაში, შავი ფერის კორპუსით, მოყავისფრო ტყავის საფულე და მასში მოთავსებული საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, საქართველოს ბანკის 4 ცალი ქვითარი, აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვითარი, თიბისი ბანკის ქვითარი, თავისივე სურათი, ფურცელი პინკოდის წარწერით, ფულადი თანხა - 65 ლარი (3 ცალი ქაღალდის 20 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი, ახალი 5 ლარიანი ქაღალდის კუპიურა), ასევე, ხურდა ფული 3 ლარი და 10 თეთრი (თანხა სულ ჯამში 68 ლარი და 10 თეთრი), რომელიც ინახება საჩხერის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს პ------–-------ეს ან მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2017 წლის თებერვლიდან, 2019 წლის აპრილამდე პერიოდში, მ----------------ეს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა პ------–-------ესთან. ამ უკანასკნელის მიერ სისტემატურად ალკოჰოლის მიღების და შეუსაბამო ქცევების გამო, მ----------------ემ მასთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულზე გაღიზიანებული პ------–-------ე, 2019 წლის 4 მაისიდან, 2019 წლის 26 მაისამდე პერიოდში, სისტემატურად ახორციელებდა მ----------------ის მიმართ არასასურველ კომუნიკაციას, როგორც ტელეფონის საშუალებით, ასევე, უშუალოდ მიდიოდა მის სამსახურეობრივ და საცხოვრებელ ადგილზე, რა დროსაც დაჟინებით ითხოვდა მასთან შეხვედრას და საუბარს. ამავდროულად, გამოხატავდა მუქარას, რაც მ----------------ის მიმართ იწვევდა ძალადობის გამოყენების, ასევე, ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და იძულებულს ხდიდა შეეცვალა სამსახურეობრივი და საცხოვრებელი ადგილი, რითაც მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება ექმნებოდა.
2019 წლის 24 მაისს, დაახლოებით 22:30 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, პ------–-------ე, ქ----------აში, გ--------ის ქუჩა N--ში მცხოვრები მ----------------ისაგან კატეგორიულად მოითხოვდა გაეღო მისთვის საცხოვრებელი სახლის, ბინის კარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა ქონების განადგურებით და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ----------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2019 წლის 25 მაისს, მას შემდეგ, რაც მ----------------ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე პ------–-------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, ამ უკანასკნელმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება და მ----------------ესთან არაერთხელ განახორციელა სატელეფონო კომუნიკაცია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ პ------–-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----------–-–---–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და პ------–-------ის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - პირობითი მსჯავრის განსაზღვრა.
აპელანტი მხარის მითითებით, პ------–-------ემ თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს არანაირი დაზიანება არ მიუღია, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ პ------–-------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენი არის ნაწილობრივ უკანონო და იგი უნდა შეიცვალოს და შემსუბუქდეს.
ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაცო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, მსჯავრდებულმა პ------–-------ემ, ასევე, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----------–-–---–მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა, სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ პ------–-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ, რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.
პირველი ინსტანციის სასამართლოში პ------–-------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მ----------------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა არ განუხორციელებია, რაც შეეხება ადევნებასა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას, აღნიშნულ ბრალდებებში, პ------–-------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს: პ------–-------ის გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - პირობითი მსჯავრის განსაზღვრას.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ პ------–-------ეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, ვინაიდან, აღნიშნული გარემოებები არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებიდან, ამასთან ერთად, არადამაჯერებელია და მიზნად ისახავს მსჯავრდებულის მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევისაკენ, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება პ------–-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენა.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.
როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, პ------–-------ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მ----------------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა არ განუხორციელებია.
წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან სადავოდ მიიჩნევდნენ მხოლოდ ჯ----------–--ის, დ------–-–--–-–---–ის და მ----------------ის გამოკითხვის ოქმებს, ხოლო დანარჩენ სხვა მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები (გარდა ჯ----------–--ის, დ------–-–--–-–---–ის და მ----------------ის გამოკითხვის ოქმებისა) სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის 3 „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ----------------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ----------აში გ--------ის ქუჩა N--ში. 2019 წლის 24 მაისს, სამსახურის შემდეგ, როდესაც დაბრუნდა სახლში, მასთან მივიდა მისი ყოფილი მეგობარი პ------–-------ე, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, აბრახუნებდა კარებზე, სთხოვდა კარების გაღებას. კარების არ გაღების შემთხვევაში კი, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ყელის გამოჭრით და სახლში გამოწვით. მუქარის გამო ძალიან შეშინდა, აღიქვა რეალურად და კარი იქმადე არ გააღო, სანამ პოლიციელები არ მივიდნენ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ------–-–--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ჭ--------ის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 24 მაისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება, რომ მ--------ესთან მისული იყო მისი ყოფილი მეგობარი, რომელიც ითხოვდა კარების გაღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულზე, მეწყვილე ჯ------–--ესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. როდესაც შვიდნენ საბარბაზოში და ავიდნენ მე-7 სართულზე, გაიგონეს მამაკაცის ხმა, რომელიც აბრახუნებდა კარებზე და ითხოვდა კარების გაღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით - ყელის გამოჭრით. პოლიციელების დანახვაზე, პ-–-------ემ შეწყვიტა კარებზე ბრახუნი და გაჩერდა. მ--------ემ მხოლოდ მას შემდეგ გააღო სახლის კარები, რაც გაიგო, რომ ადგილზე მისულების იყვნენ პოლიციელები. მოწმის განმარტებით, პ-–-------ე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ასდიოდა ალკოჰოლის სუნი.
ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჭ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ჯ----------–--ემ. მისივე განმარტებით, როდესაც მ--------ემ კარი გააღო და გამოვიდა გარეთ, ის იყო შეშინებული.
პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. შესაბამისად, პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე პ------–-------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება პ------–-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების _ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარის ჩადენა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რაც შეეხება პ------–-------ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, პალატა მიუთითებს შემდეგს:
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია: ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლოში თავად ბრალდებულ პ------–-------ის აღიარებითი ჩვენებით; მოწმეების: ჯ------------–--–---–ის, რ------------–---–ის, თ---------–---–--ის, დ-------------–--ის, შ----------------ის, მ--------------ის, მ---------------–---–ის და ა-–----------------–--ის გამოკითხვის ოქმებით; რ------------–---–ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით; მ--------------ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით; პ------–-------ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით; პ------–-------ის პირადი ჩხრეკის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით; პ------–-------ის ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების დასკვნითადა საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ პ------–-------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება - დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პ------–-------ის მსჯავრდებასთან მიმართებით პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული დანაშაულის დაცულ სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში, ამდენად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ პრეიუდიციას უკავშირდება, კერძოდ, სსკ-ის 3811 მუხლით პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელიც დაარღვევს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ვალდებულებებს.
საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლოში თავად ბრალდებულ პ------–-------ის აღიარებითი ჩვენებით; ლ----------------–---ის, მ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; N0----- შემაკავებელი ორდერით და N0----- შემაკავებელი ორდერის ოქმით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ პ------–-------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ. ამ მიმართებით, დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ასაჩივრების მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს პ------–-------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენისათვის, (რომელსაც აღიარებს და ინანიებს) დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პ------–-------ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. მართალია, მსჯავრდებული პ------–-------ის მიერ ჩადენილი ქმედებები მიეკუთვნება განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და წარსულში ნასამართლევია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, თუმცა, მან სრულად არ აღიარა ჩადენილი დანაშაულები და ბრალდების მხარის ნაწილი მტკიცებულებებისა მიიჩნია სადავოდ, აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, ვინაიდან, ქმედების ნაწილობრივ აღიარების და მით უმეტეს, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსგავსი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს ისეთ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამცირებს დამნაშავის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენების, რაც გათვალისწინებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და მსჯავრდებულს დაენიშნა მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესაბამისი სასჯელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, მის მიმართ არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და ისე განუსაზღვრავს სასჯელს.
დადგენილია, რომ პ------–-------ე მსჯავრდებულია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებული უნდა იქნეს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, ვინაიდან, სახეზეა რეციდივი.
სააპელაციო პალატის შეფასებით, პ------–-------ისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული, რასაც ადასტურებს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი, რომლითაც დანიშნულმა პირობითმა მსჯავრმა ვერ უზრუნველჰყო სასჯელის იმ მიზნების მიღწევა, რომელიც გულისხმობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და პ------–-------ემ გამოსაცდელი ვადის პერიოდში კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაულები.
ამდენად, პალატა განმარტავს, რომ არ არსებობს პ------–-------ისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის საფუძველი, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად იქნა შეფასებული მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ასევე, პ------–-------ის მიერ დანაშაულის ნაწილობრივი აღიარება და სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით განესაზღვრა მას სასჯელი - საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადითა და საქართველოს სსკ 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის ითხოვს პ------–-------ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებებში, ხოლო სასჯელის შემსუბუქებას სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - არ უნდა დაკმაყოფილდეს; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენი, რომლითაც პ------–-------ე ცნობილია დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში - უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ პ------–-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, თ----------–-–---–ის, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენი, პ------–-------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.პ------–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
- საქართველოს სსკ 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
4. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და პ------–-------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით პ------–-------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით);
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქას წინა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის, განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით და საბოლოოდ, პ------–-------ეს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
7. პ------–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 მაისიდან;
8.პ------–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა -გაუქმებულია;
9.ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: პ------–-------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი გამორთულ და დაზიანებულ მდგომარეობაში, შავი ფერის კორპუსით, მოყავისფრო ტყავის საფულე და მასში მოთავსებული საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, საქართველოს ბანკის 4 ცალი ქვითარი, აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვითარი, თიბისი ბანკის ქვითარი, თავისივე სურათი, ფურცელი პინკოდის წარწერით, ფულადი თანხა - 65 ლარი (3 ცალი ქაღალდის 20 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი, ახალი 5 ლარიანი ქაღალდის კუპიურა), ასევე, ხურდა ფული 3 ლარი და 10 თეთრი (თანხა სულ ჯამში 68 ლარი და 10 თეთრი), რომელიც ინახება საჩხერის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს პ------–-------ეს ან მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/