განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2019
საქმის ნომერი
010100119003033443
ინსტანცია
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119003033443

საქმე №1/ბ-614-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ო-–-----------–---–ი

 

მსჯავრდებული: ჯ----–-----–----ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №61001067627), დასაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ბ------------------–------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები;

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ----–-----–----ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის განაჩენით: ჯემალ ასლანის ძე ბოლქვაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 09 მაისიდან 2019 წლის 11 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ჯ----–-----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და დადგინდა, რომ გირაოს სახით გადახდილი თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, ნ---------–----ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთმტკიცება - ჯ----–-----–----ისგან ამოღებული მაისური და შარვალი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს ჯ----–-----–----ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ----–-----–----ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 07 მაისს, დაახლოებით 05:40 საათზე, ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩა N91-ში მდებარე საშაურმის მიმდებარედ, ჯ----–-----–----ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თ--------------------ეს ხელის სახის არეში დარტყმით და ფეხის ბარძაყის არეშე ჩარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ, ჯ----–-----–----ემ, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ-----------–---–ს ხელის სახის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც ამ უკანასკნელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისსი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო-–-----------–---–მა და მოითხოვა მსჯავრდებულ ჯ----–-----–----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.

დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: დაზარალებულების: მ-----------–---–ის და თ--------------------ის ჩვენებებით, მოწმეების: თ-----------–---–ის, ო-–----------ის, ი-----–-------–--ის, დ---------------ის, ვ-------------------ეს, ჯ----–-----–----ის ჩვენებებით, 2019 წლის 07 მაისს და 05 ივნისს შედგენილი პირის ამოცნობის ოქმებით, რომელთა თანახმად, დაზარალებულებმა და მოწმემ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნეს ბრალდებული ჯ----–-----–----ე, რომელმაც 2019 წლის 07 მაისს, თანმხლებ პირთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-----------–---–ს და თ--------------------ეს; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N0-------5 და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ჯ----–-----–----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ჯ----–-----–----ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

გამამტყუნებელი განაჩენის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, პირველ რიგში, უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ჯ----–-----–----ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, შერიგებულია დაზარალებულებთან, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს, შერიგებულია დაზარალებულთან, რაც მის დადებით პიროვნულ მახასიათებლებზე მიუთითებს) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მისი ქცევა ქმედების ჩადენის შემდგომ, მისი სოციალური მდგომარეობა და ისე განუსაზღვრა სასჯელი.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ჯ----–-----–----ის მიმართ, დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რადგანაც მსჯავრდებულის მიმართ, განაჩენით დანიშნული ჯარიმა ოდენობა, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის განაჩენი, ჯ----–-----–----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის განაჩენი, ჯ----–-----–----ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.ჯ----–-----–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 09 მაისიდან 2019 წლის 11 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3500 (სამიათასხუთასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.ჯ----–-----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და შესაბამისად, გირაოს სახით გადახდილი თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, ნ---------–----ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

5.ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ჯ----–-----–----ისგან ამოღებული მაისური და შარვალი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს ჯ----–-----–----ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/