განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 330100119002944149
საქმე №1ბ/1570-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----–----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N007050319012) - თ---------- შ--–--ს ძე მ----–--ის (დაბადებული - 1--- წლის 5 ნოემბერს, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული ქ.თბილისში, მ----------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები ქ.თბილისში, ლ----–----ს ქ. №------------) მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბარლდების მიხედვით:
თ---------- მ----–--ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 5 მარტს, დღის საათებში, ქ.თბილისში, ფ---------------- ,,დ“ ბლოკში, ბინა №5-ში მდებარე მ--- მ----–--ის საცხოვრებელ სახლში, თ---------- მ----–--ე მ------ ო----–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მ------ ო----–--ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენით:
თ---------- მ----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----–----–---–მა, აპელანტმა ითხოვა თ---------- მ----–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
აპელანტის აზრით პირველი ინტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. აპელანტის პოზიციით, ის ფაქტი რომ მ--- მ----–--ემ სასამართლოში არ მისცა ჩვენება თ---------- მ----–--ის წინააღმდეგ მიუთითებს მის სურვილზე პასუხისმგებლობა აარიდოს მის ყოფილ მეუღლეს. ჩვენების მიცემაზე უარი არ ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს თ---------- მ----–--ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტს. თ---------- მ----–--ის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტი დასტურდება საქმეში არსებული უტყუარ მტკიცებულბათა ერთობლიობით.
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ე.წ „სქრინშოთის“ (მ--- მ----–--ის და თ---------- მ----–--ის მიმოწერა, რომელიც დათვალიერებული იქნა მ--- მ----–--ესთან ერთად) მტკიცებულებითი ძალის არ ქონასთან დაკავშირებით, სასამართლომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული „სქრინშოთის“ დათვალიერება და საქმეზე დამაგრება მოახდინა გამომძიებელმა თამაზ სოფრომაძემ და იგი არ დაკითხულა საქმის განხილვისას, აღნიშნულ „სქრინშოთს“ არ მიანიჭა მტკიცებულებითი ძალა (არ დადასტურდა მისი წარმომავლობა). სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლი ადგენს ორ შესაძლებლობას - მოწმის სახით დაიკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა მტკიცებულება ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. აპელანტის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ არ მომხდარა დათვალიერების ოქმის შემდგენი პირის სასამართლოში დაკითხვა, ბრალდების მხარემ მოწმედ დაკითხა საქმის მწარმოებელი, მთავარი გამომძიებელი- გ---- ბ-–---–---–ი, რომელთანაც საქმის სასამართლოში წარდგენამდეც ინახებოდა როგორც თავად დათვალიერების ოქმი, ასევე მ--- მ----–--ის მიერ საგამოძიებო ორგანოში წარდგენილი ე.წ „სქრინშოთი“ .
ასევე თავად მ------ ო----–--ემ სრულად არ დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ ჩვენებას ისე მოაწერა ხელი არც კი წაუკითხავს, აღსანიშნავია მისი მატერიალურად დამოკიდებულება მ----–--ის ოჯახზე, რის გამოც ჩვენებას ცვლის. აპელანტი უთითებს გამომძიებელ გ---- ბ-–---–---–ის ჩვენებას, რომ მ------ ო----–--ემ კარგად წაიკითხა მისი გამოკითხვის ოქმი, რის შემდეგაც გააკეთა ჩანაწერი „ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“. აპელანტი ყურადღებას მიაქცეს მ------ ო----–--ის ჩვენების იმ ნაწილზე სადაც მიუხედავად იმისა, რომ თ---------- მ----–--ე პირდაპირ მოკვლით არ დამუქრებია, მას მაინც შეეშინდა მისი შვილისთვის რამე არ დაეშავებინა.
ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტს მიაჩნია, რომ თ---------- მ----–--ე დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო მისი პიროვნების და მისი წარსული მრავალი ნასამართლობის გათვალისწინებით უნდა განესაზღვროს სასჯელის სახედ თავისუფელბის აღკვეთა.
სასამართლომ დაადგინა:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენი და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად; შესაბამისად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენი თ---------- მ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული მ------ ო----–--ე. საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ------ ო----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს მ--- მ----–--ესთან ძიძად. 2019 წლის 5 მარტს, დილის 08:30 საათიდან, საღამოს 18:30 საათამდე, იმყოფება მის მცირეწლოვან შვილთან. შუადღის საათებში, დაურეკა მ---მ და უთხრა, რომ ბავშვი არ ჩაეყვანა ეზოში, თვითონ დაბრუნდებოდა სამსახურიდან ადრე და გაასეირნებდა. დაახლოებით 16 საათზე, ახალი გაღვიძებული იყო ბავშვი, როდესაც მათთან მივიდა მ--- მ----–--ის ყოფილი მეუღლე, თ---------- მ----–--ე და მოითხოვა ბავშვის სასეირნოდ წაყვანა. მ------ ო----–--ემ ბავშვის წაყვანაზე უთხრა უარი, რადგან მის სასეირნოდ წაყვანას აპირებდა დედამისი. როდესაც თ---------- მ----–--ე გამოვიდა ბავშვის ოთახიდან, განაწყენებულმა, მ------ ო----–--ეს ჰკითხა თვითონაც ხომ ჰყავდა შვილი და დადებითი პასუხის შემდეგ სახლიდან წავიდა. მ------ ო----–--ემ დაურეკა მ---ს და უამბო მომხდარი ფაქტის შესახებ, რის შემდეგაც როგორც მისთვის გახდა ცნობილი, მ---ს დაურეკავს პოლიციაში. მ------ ო----–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას უარყო თ---------- მ----–--ის მხრიდან მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი. აღნიშნა, რომ თ----------ი უბრალოდ ნაწყენი იყო ბავშვი რომ არ გაატანა სასეირნოდ, თორემ მუქარა რომ განეხორციელებინა, თვითონვე დარეკავდა 112-ში. მ---ს დაურეკა იმის გამო, რომ შეეშინდა როდესაც თ----------მა ჰკითხა შვილი ხომ გყავსო. როდესაც პოლიცია მივიდა მასთან დაკითხვაზე, იყო ანერვიულებული, რადგან პოლიციასთან მანამდე შეხება არ ჰქონია, არ ჰქონდა სათვალე და არ წაუკითხავს რა ეწერა გამომძიებლის მიერ დაწერილ ჩვენებაში, ენდობოდა სამართალდამცველებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმე მ--- მ----–--ემ ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმე გ---- ბ-–---–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეშვიდე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 5 მარტს იყო მორიგე და იმყოფებოდა სამსახურში. სამორიგეო ნაწილში ნახა 112-დან შესული მ--- მ----–--ის შეტყობინება, რომლის თანახმად, მ------ ო----–--ეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ---------- მ----–--ე. რადგან თვითონ იყო მორიგე, აღნიშნული შეტყობინების გაცნობისთანავე, დაიწყო გამოძიება. მის მიერ დაკითხული იქნა მ------ ო----–--ე, რომელმაც გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მ--- მ----–--ესთან მუშაობდა ძიძად. როდესაც ბავშვთან ერთად იმყოფებოდა მ--- მ----–--ის სახლში, იქ მივიდა თ---------- მ----–--ე და უნდოდა ბავშვის წაყვანა. მ------ ო----–--ემ მას უარი უთხრა,რაზეც განაწყენდა იგი და დაემუქრა რომ გადააგდებდა ფანჯრიდან და ამოუწყვეტდა ოჯახს. მოწმის განმარტებით, მის მიერ, ასევე, გამოკითხული იქნა მ--- მ----–--ე, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლისგან მიიღო შეტყობინება, რომ ძიძამ, მ------ ო----–--ემ, მას არ გაატანა ბავშვი, რის გამოც გადააგდებდა ფანჯრიდან. ასევე, დაურეკა მ------მაც და უამბო მომხდარი ფაქტის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმე გოჩა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ მუშაობდა შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 6 მარტს, მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქ.თბილისში, ლ----–----ს ქ.№11- ის მიმდებარედ იმყოფებოდა თ---------- მ----–--ე, რომელსაც 5 მარტს ჩადენილი ჰქონდა მუქარის ფაქტი და თავის საცხოვრებელ ბინაში, ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს. აღნიშნული აცნობა ხელმძღვანელობას და გამოიკითხა გამომძიებლის მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ ქ.თბილისის შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეშვიდე განყოფილების გამომძიებლები ლ-------–---------–-–----------------------------------ა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მათ მიერ დაკავებული იქნა თ---------- მ----–--ე, რომელსაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა თ---------- მ----–--ე, რომელმაც თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა შემდეგი: მ--- მ----–--ესთან მას ჰყავს საერთო შვილი, რომელიც ცხოვრობს დედასთან. 2019 წლის 5 მარტს, იგი წავიდა ბავშვის სანახავად და სცადა ტელეფონის საშუალებით დაკავშირებოდა მ---ს, რათა შეეტყობინებინა აღნიშნული. იგი ვერ დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს და ავიდა მასთან სახლში, სადაც დახვდა ბავშვი და ძიძა. ბავშვი იყო ახალი გაღვიძებული და როდესაც აჭმევდა, თ----------მა უთხრა ძიძას, რომ უნდოდა ბავშვის გასეირნება. ძიძას პირდაპირ უარი არ უთქვამს მისთვის ბავშვის წაყვანაზე, მაგრამ მოიმიზეზა რაღაცეები და მიხვდა, რომ არ ატანდა ბავშვს. აღნიშნულზე განაწყენებულმა, ძიძას უთხრა, რომ დაელაპარაკებოდა ყოფილ მეუღლესაც და ის ბავშვის ძიძად ვეღარ იმუშავებდა. აღნიშნულზე მ.ო----–--ემ მას ჰკითხა, თუ რატომ აღარ უნდა ემუშავა ძიძად, რა ჰქონდა მისი საწინააღმდეგო, რაზეც მან ხმამაღლა უთხრა, რომ მშობლების გადასაწყვეტი იყო აღნიშნული და მას აღარ სურდა მისი შვილის ძიძა ყოფილიყო მ.ო----–--ე. ბრალდებულ თ.მ----–--ის განმარტებით, იგი არ დამუქრებია მ.ო----–--ეს სიცოცხლის მოსპობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ წარმოადგინა მ--- მ----–--ის მიერ გამოძიებაში წარდგენილი ე.წ. ,,სქრინშოტის“ (განთავსებული ერთ თაბახის ფურცელზე) დათვალიერების ოქმი, რომელიც ჩატარებულია გამომძიებელ თამაზ სოფრომაძის მიერ მ--- მ----–--ის მონაწილეობით. ფურცელზე განთავსებულია ტექსტი ლათინური ასოებით. როგორც, მ--- მ----–--ე უთითებს, აღნიშნული წარმოადგენს მასსა და თ---------- მ----–--ეს შორის განხორციელებულ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 6 მარტს, 17:40 საათზე, ქ.თბილისის შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეშვიდე განყოფილების გამომძიებელი ლ---- ნ-–-----ის მიერ, ამავე განყოფილების დეტექტივების მურმან ბარქაიასთან და ლაშა თავბერიძესთან ერთად, ქ.თბილისში, ლ----–----ს ქ.№11-ის მიმდებარედ, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა თ---------- მ----–--ე და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, დამტენი მოწყობილობა, პასპორტი, ე.წ. ,,პორტსიგარა“, სანთებელა, საფულე მასში მოთავსებული ხუთი ცალი პლასტიკური ბარათით, ,,გალფის“ ტალონით და 2,55 ლარით.
თ---------- მ----–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი და ი-----–---------------ის გამოკითხვის ოქმი მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რისი გათვალისწინებითაც მას პრეიუდიციული ძალა მიენიჭა.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისას პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტაციას, იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, თ---------- მ----–--ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმზე, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, გარდა დაზარალებულის განცდისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით დადგინდეს, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა.
აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც ცალსახად მიუთითებს მასზედ, რომ აღნიშნული გარემოების დასადგენად მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენება. განსახილველ საქმეში დაზარალებულის მხრიდან სასამართლოსთვის არ მომხდარა პირის ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება. პირიქით, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა მ------ ო----–--ემ უარყო თ---------- მ----–--ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი.
რაც შეეხება მ--- მ----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე და 50-ე მუხლების საფუძველზე უფლების გამოყენების ფაქტს „არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინაარმდეგ“, პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის მსჯელობას, თითქოსდა მ--- მ----–--ემ ჩვენების მიცემაზე უარი ყოფილი მეუღლისთვის პასუხისმგებლობის არიდების მოტივით თქვა, პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ფაქტი სასამართლოს მიერ ვერ იქნება გამოყენებული ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხის დასადგენად.
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ე.წ „სქრინშოთის“ მტკიცებულებითი ძალის არ ქონასთან დაკავშირებით, აპელანტის განმარტებით საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლი ადგენს ორ შესაძლებლობას - მოწმის სახით დაიკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა მტკიცებულება ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. აპელანტის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ არ მომხდარა დათვალიერების ოქმის შემდგენი პირის სასამართლოში დაკითხვა, ბრალდების მხარემ მოწმედ დაკითხა საქმის მწარმოებელი, მთავარი გამომძიებელი - გ---- ბ-–---–---–ი, რომელთანაც საქმის სასამართლოში წარდგენამდეც ინახებოდა როგორც თავად დათვალიერების ოქმი, ასევე მ--- მ----–--ის მიერ საგამოძიებო ორგანოში წარდგენილი ე.წ „სქრინშოთი“.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ე.წ „სქრინშოთთან“ დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. ბრალდების მხარის განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ე.წ „სქრინშოთი“ საგამოძიებო ორგანოს წარმოუდგინა მ--- მ----–--ემ. აღნიშნული „სქრინშოთი“ დაათვალიერა და საქმეზე დაამაგრა გამომძიებელმა თამაზ სოფრომაძემ. პალატამ როგორც ზემოთ მიუთითა, მ--- მ----–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც შეეხება დათვალიერების უშუალოდ მწარმოებელ და დათვალიერების ოქმის შემდგენ გამომძიებელ თამაზ სოფრომაძეს, იგი არ ყოფილა დაკითხული პირველი ინსტანციის სასამართლოში და შესაბამისად შეუძლებელია მტკიცებულებასთან დაკაშირებული ინფორმაციის შემოწმება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მინიმუმ ერთი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. პალატას მიაჩნია, რომ თ---------- მ----–--ის მიერ მუქარის განხორციელებასთან დაკავშირებით საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. დაზარალებულმა მ------ ო----–--ემ უარყო თ---------- მ----–--ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მუქარის დადასტურების თვალსაზრისით პალატა ვერ გაიზირებს იმ მოწმეთა ჩვენებებს რომლებიც მათზე მიწოდებული ინფორმაციის გადმოცემას ახდენენ. სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისთვის უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის სახეზე.
მოცემული გარემოებების გაანალიზებით ნათელია, რომ დაზარალებულის მხრიდან (რომელის მიერ მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია) პალატისთვის არ მომხდარა მუქარის ბრალდებით პირის ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, არ არის დადგენილი თ---------- მ----–--ის მხრიდან დაზარალებულის მისამართით ჰქონდა თუ არა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და რაც მთავარია არ არის დადგენილი იმას ვისაც ემუქრებოდა მსჯავრდებული გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას, იმის თაობაზე, რომ საქმეზე დაკითხული გამომძიებელი საკმარის ინფორმაციას იძლევა საქმის ფაქტობრივ გარემოებების თაობაზე, გამომძიებელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ძირითადად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას დაფიქსირებული გარემოებებს ეხება, როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა კი სასამართლოში დაკითხვისას კატეგორიულად უარყო მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით თ---------- მ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ გარდა იმისა, რომ აღნიშნული ბრალდება არ დასტურდება დაზარალებულის ინფორმაციებით, საქმეზე არ არის წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ თ---------- მ----–--ემ განახორციელა მითითებული მუხლით წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება დაზარალებულის მიმართ.
ბრალდების მხარე ბრალად წარდგენილი დანაშაულის დასადასტურებლად იშველიებს გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის მიერ მიცემულ ინფორმაციებს, რაც პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, აპელანტი უთითებს გამომძიებელ გ---- ბ-–---–---–ის ჩვენებას, რომ მ------ ო----–--ემ კარგად წაიკითხა მისი გამოკითხვის ოქმი, რის შემდეგაც გააკეთა ჩანაწერი „ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორეა და ვაწერ ხელს“. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად მოწმის (საგულისხმოა აღინიშნოს ის გარემოება, რომ დაზარალებული ჩვენების მიცემისას სარგებლობს მოწმის სტატუსით) ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს მ------ ო----–--ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მართალია სრულად არ დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, მაგრამ მოწმემ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თ---------- მ----–--ე პირდაპირ მოკვლით არ დამუქრებია, მას მაინც შეეშინდა მისი შვილისთვის რამე არ დაეშავებინა. როგორც საქმის შესწავლით დგინდება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ------ ო----–--ემ საერთოდ გამორიცხა მის მიმართ თ.მ----–--ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი. აღნიშნა, რომ განაწყენებულმა თ---------- მ----–--ემ ჰკითხა თვითონაც ხომ ჰყავდა შვილი, რაზეც შეშინდა და დაურეკა მ--- მ----–--ეს. მას რომ მუქარად აღექვა თ.მ----–--ის სიტყვები, თვითონვე დარეკავდა 112-ში.
აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებით პალატა თვლის, რომ თ---------- მ----–--ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით არ არის დადასტურებული პირდაპირი ხასიათის მქონე ისეთი მტკიცებულებით, რომელიც დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით დაარწმუნებდა ობიექტურ პირს მის ბრალეულობას, შესაბამისად წარდგენილ ბრალდებებში თ---------- მ----–--ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ამდენად, პალატამ შეაფასა საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ თ---------- მ----–--ის დამნაშავედ ცნობისთვის არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რადგან სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტზე თ---------- მ----–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არ არის საკმარისი, ხოლო მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი კი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება თ---------- მ----–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენი თ---------- მ----–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
თ---------- მ----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დამტენი მოწყობილობა, პასპორტი, ე.წ. ,,პორტსიგარა“, სანთებელა, საფულე მასში მოთავსებული ხუთი ცალი პლასტიკური ბარათით, ,,გალფის“ ტალონით და 2,55 ლარით, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი ერთი ცალი დისკი, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენი თ---------- მ----–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი:
თ---------- მ----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თ---------- მ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, თ---------- მ----–--ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ნივთმტკიცება - თ---------- მ----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დამტენი მოწყობილობა, პასპორტი, ე.წ. ,,პორტსიგარა“, სანთებელა, საფულე მასში მოთავსებული ხუთი ცალი პლასტიკური ბარათით, ,,გალფის“ ტალონით და 2,55 ლარით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი ერთი ცალი დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი