განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.09.2019
საქმის ნომერი
080210017002206838
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210017002206838

№2/ბ-848-2019

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამარათლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - დ---თ ყ------ი

წარმომადგენელი - კ---ა ს-----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „მ---ო“

წარმომადგენელი - ა----ა ლ--------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „მ---ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე დ---თი ყ------ს (პ/ნ 6----------) შპს ,,მ---ოს’’ სასარგებლოდ დაეკისრა 2790.63 ლარის გადახდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება:

 

2.2. 2016 წლის 16 თებერვალს, შპს ,,მ---ოს’’ და ფიზიკურ პირს - დ---თ ყ------ს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №L16022016/0214, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 12 000 ლარის ოდენობით, თანხის გაცემის საკომისიო - 408 ლარის ოდენობით, (ჯამში -12 408 ლარი), აღნიშნულ თანხას გამოაკლდა დ---თ ყ------ის მიერ შპს „მ---ოს“ ანგარიშზე ჩარიცხული 1800 ლარი, რის შემდეგაც ლიზინგის ღირებულებამ შეადგინა - 10608 ლარი.

 

2.3. დ---თ ყ------ის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, კომპანიამ გამოიყენა ლიზინგის №L16022016/0214 ხელშეკრულების - 14.3.1. პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება, გავიდა ხელშეკრულებიდან და ხელშეკრულების 14.7 პუნქტის შესაბამისად, დავალიანების ამოღების მიზნით გაყიდა სატრანსპორტო საშუალება. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 10000 ლარით. აღნიშნული თანხით მოპასუხის დავალიანება დაიფარა ნაწილობრივ, კერძოდ, 10000 ლარს გამოაკლდა კომპანიის მიერ სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისათვის გაწეული ხარჯი - 418.40 ლარი, მათ შორის ლიზინგის საგნის დაბრუნებაზე გაწეული სასამართლო და აღსრულების ხარჯი - 230 ლარი, საწვავის ხარჯი - 6.4 ლარი, ევაკუატორის ხარჯი - 150 ლარი და წერილების ხარჯები. ხარჯების შემდგომ შეტანილი თანხიდან დაიფარა ვალდებულების ჯარიმა - 682.93 ლარი, პროცენტი - 1081.3 ლარი და ძირითადი თანხა 7817.37 ლარი.

 

2.4. მოპასუხე დ---თ ყ------ს შპს „მ---ოს“ წინაშე დარჩა დავალიანება ძირითადი თანხის სახით, 2790.63 ლარის ოდენობით (10608-7817.37=2790.63), რომელიც მოპასუხემ უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს

 

2.5. სასამართლომ, სათანადო მტკიცებულებების წარმოუდგენლობის მოტივით, არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრება, მოსარჩელისათვის ლიზინგის საგნის გადაცემით, მოპასუხის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების თაობაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ მოსარჩელის წერილობით მტკიცებულებებს (ლიზინგის ხელშეკრულება; ავტომანქანის შეფასების აქტი; გაფრთხილების წერილები) დაუპირისპირა მხოლოდ ახსნა-განმარტება.

 

2.6. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 576-ე, 5805-ე, 115-ე მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს მხარეებს შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან. დ---თ ყ------ს შპს „მ---ოს“ წინაშე ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო წარმოეშვა დავალიანება, რაც სარჩელის აღძვრის პერიოდში შეადგენს - 2790.63 ლარს, რომელიც მოპასუხემ უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხე სადავოდ ხდიდა მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ - ავტომობილის შეფასების ფურცელს, რომელშიც ავტომობილის ღირებულება - 12 000 ლარი არის გადასწორებული, ამასთან, ის შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, კერძოდ, კომენტარში მითითებულია, რომ ავტომანქანა არის საშუალო მდგომარეობაში, დაზიანებული აქვს გადაცემათა კოლოფი, ხოლო იმავე დოკუმენტის გადაცემათა კოლოფის მდგომარეობის გრაფაში მონიშნულია - კარგი მდგომარეობა.

 

3.2. სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია მოხდა თუ არა რეალურად ავტომანქანის გასხვისება და რა თანხად გასხვისდა ის. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ავტომანქანის რეალიზაციის დამადასტურებელი მასალები, სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ავტომანქანის 10 000 ლარად რეალიზაციის ფაქტი, მაშინ როცა ავტომანქანის საბაზრო ღირებულება შეადგენდა გაცილებით მეტს და ის სრულიად საკმარისი იყო დავალიანების დასაფარავად.

 

3.3. სასამართლომ შეფასების გარეშე გაიზიარა მოსარჩელის მითითება 418.40 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა ამგვარი ხარჯის გაწევის დამდასტურებელი მტკიცებულებები.

 

4. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

4.1. მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, იმ მოტივით, რომ სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა სწორად და სწორი სამართლებრივი შეფსება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმე, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გამოიკვლია სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმეში არსებული მტკიცებულებები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ დ---თ ყ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

5.3. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დ---თ ყ------ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.5. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითებს:

 

5.6. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2016 წლის 16 თებერვალს მოსარჩელე შპს „მ---ოსა“ და მოპასუხე დ---თ ყ------ს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №L16022016/0214.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება - ს. ფ. 21-29;

- გადახდის გრაფიკი - ს.ფ.18-20;

 

5.7. ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება „CHEVROLET CRUZE“, გამოშვების წელი - 2009, ფერი - შავი. ავტომანქანის ღირებულება განისაზღვრა 12 000 ლარით. სახელშეკრულებო საკომისომ შეადგინა 408 ლარი. დ---თ ყ------მა 16.02.2016 წელს შპს „მ---ოს“ ანგარიშზე შეიტანა 1800 ლარი, რის შემდეგაც ფინანსური ლიზინგის თანხა განისაზღვრა 10 608.00 ლარით, თვეში 4.78%-ის დარიცხვის პირობით. ლიზინგის ვადა განისაზღვრა 6 წლით, 2022 წლის 16 თებერვლის ჩთვლით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება - ს. ფ. 21-29;

- გადახდის გრაფიკი - ს. ფ.18-20;

- სალაროს შემოსავლის ორდერი #357 - ს. ფ. 34;

- ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა - ს. ფ. 35;

 

5.8. ხელშეკრულების მიხედვით, დ---თ ყ------ს სატრანსპორტო საშუალების სარგებლობისთვის ყოველთვიურად (ჯამში 6 წლის მანძილზე) უნდა გადაეხადა 525.56 ლარი. ლიზინგის თანხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 16 რიცხვში. ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემდეგ, მხარეთა შეთანხმებით, დ---თ ყ------ი იძენდა ავტომანქანაზე საკუთრების უფლებას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელების ვადის გადაცილების შემთხვევისთვის, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, ერთჯერადად ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1%-ის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება - ს. ფ. 21-29;

- გადახდის გრაფიკი - ს. ფ.18-20;

 

5.9. ხელშეკრულების 14.7 პუნქტით, ლიზინგის გამცემი (შპს „მ---ო“) აღიჭურვა უფლებით, ლიზინგის მიმღების მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის ან ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, გაასხვისოს ავტომანქანა (ლიზინგის საგანი) ნებისმიერ ფასად, ხოლო გასხვისებით მიღებული თანხა მიმართოს დავალიანებისა და იმ ხარჯების დასაფარავად, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების ამოღებასთან, დანაკლისების/დაზიანების აღმოფხვრასთან და მის გასხვისებასთან. ამავე ხელშეკრულების 6.6. პუნქტით შპს „მ---ოს“ მიენიჭა უფლება დავალიანების დაფარვის რიგითობა განესაზღვრა თავისი შეხედულებისამებრ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება - ს. ფ. 21-29;

 

5.10. დ---თ ყ------მა დაარღვია ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიზინგის თანხა, შპს „მ---ოს“ სასარგებლოდ, დადგენილი გრაფიკის მიხედვით არ გადაიხადა. დ---თ ყ------ს გაეგზავნა წერილი ვალდებულების შესრულების, დავალიანების დაფარვის ან სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესახებ, ასევე, ეცნობა მოსალოდნელი შედეგების თაობაზე. წერილი დ---თ ყ------ს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 15 აპრილს, თუმცა უშედეგოდ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გაფრთხილების წერილები - ს. ფ. 40; 41

- შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარებაზე - ს. ფ. 45;

- შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარებაზე უარის შესახებ - ს. ფ. 43;

 

5.11. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ დ---თ ყ------ს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანები არ გადაუხდია. ეს გარემოება კი, ხელშეკრულების 14.7 პუნქტის შესაბამისად, ლიზინგის გამცემს უფლებას ანიჭებდა დაებრუნებინა ლიზინგის საგანი და გაესხვისებინა ის ნებისმიერ ფასად. ვალდებულების დაფარვისა და სატრანსპორტო საშუალების მიღება-გასხვისებასთან დაკავშირებული ხარჯის დაფარვის რიგითობის განსაზღვრა ლიზინგის გამცემის - შპს მ---ოს“ პრეროგატივას წარმოადგენდა.

 

5.12. დადგენილია, რომ დავალიანების ამოღების მიზნით შს „მ---ომ“ დაიბრუნა ლიზინგის საგანი - სატრანსპორტო საშუალება „CHEVROLET CRUZE“ და გაყიდა ის. საქმეში წარმოდგენილი შპს „მ---ოს“ საბუღალტრო პროგრამიდან ამონაწერით (ს. ფ. 47) ირკვევა, რომ ავტომანქანა გასხვისდა 2017 წლის 04 იანვარს (ზედნადების N----------), ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 10000 ლარით. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია აპელანტის პრეტენზია, ავტომანქანის საბაზრო ღირებულებით გათვალიწინებულ თანხაზე ნაკლებ ფასში გაყიდვის შესახებ, რაიმე მტკიცებულება რაც ამ გარემოებას დაადასტურებდა აპელანტს საქმეზე წარმოდგენილი არ აქვს. ამასთან, ლიზინგის გამცემი, შპს მ---ო“, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უფლებამოსილი იყო ნებისმიერ ფასად მოეხდინა ავტომანქანის რეალიზაცია. მიუხედავად ამისა, სასამართლო, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, აფასებს რა შპს „მ---ოს“ მიერ ავტომაქანის 10 000 ლარად რეალიზაციის ფაქტს, მიიჩნევს, რომ მის მიერ ავტომანქანა რეალიზებული არ ყოფილა არაგონივულად დაბალ ფასში. საქმეში წარმოდგენილი ავტომანქანის შეფასების ფურცლით (ს. ფ. 31) დგინდება, რომ 2016 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით, ავტომაქანა შეფასდა 12 000 ლარად, ანალოგიურად განისაზღვრა ავტომანქანის ღირებულება ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებითაც, რასაც სრულად დაეთანხმა დ---თ ყ------ი. დადგენილია, რომ ავტომანქანა რეალიზებული იქნა შეფასებიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ, 2017 წლის 04 იანვარს (ზედნადების N----------), 10 000 ლარად. შესაბამისად, ავტომანქანის არაგონივრულად დაბალ ფასში რეალიზაციასთან დაკავშირებით აპელატის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

 

5.14. დადგენილია, რომ შპს „მ---ომ“ სატრანსპორტო საშუალების დაბრუნება უზრუნველყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით, რისთვისაც გასწია ხარჯი 230 ლარის ოდენობით (სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი) ავტომაქანის გადაყვანისათვის ევაკუატორის ხარჯმა შეადგინა 150 ლარი, საწვავის ხარჯმა - 6.40 ლარი; პროფილაქტიკაში ავტომანქანის შემოწმებისა და წერილებისათვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 35 ლარი, (საიდანაც მოთხოვნილია 32 ლარის ანაზღაურება).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 46;

- ამონაწერი შპს „მ---ოს“ საბუღალტრო პროგრამიდან - ს. ფ. 47 - ს. ფ. 45;

- ქვითარი (საგადახდო დავალება) სააღსრულებო ხარჯის - 230 ლარის ბიუჯეტში გადარიცხვის შესახებ, (№L16022016/0214) - ს. ფ. 48;

- ნავთობრპოდუქტების საგადასახო ანგარიშფაქტურა და დანართი - ს. ფ. 50;

- მიღება-ჩაბარების აქტი (ევაკუატორის ხარჯი) - ს. ფ. 51;

 

5.15. დადგენილია, რომ ავტომანქანის გასხვისებით მიღებული თანხიდან - 10 000 ლარიდან , შპს „მ---ომ“, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პირველ რიგში დაფარა ავტომანქანის ამოღებისა და გასხვისებისათვის გაწეული ხარჯი - 418.40 ლარი, ასევე, ლიზინგის მიმღების მიერ ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლო (ჯარიმა) - 682.93 ლარი და სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტამდე დარიცხული პროცენტი - 1081.30 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 7817.37 ლარი, მიმართა დ---თ ყ------ის ძირითადი დავალიანების - ლიზინგის თანხის 10 608.00 ლარის დასაფარავად. შპს „მ---ოს“ წინაშე არსებული ძირითადი დავალიანება დაიფარა ნაწილობრივ, დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 2790.63 ლარი.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება მოსთხოვოს. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

5.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576.1. მუხლის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

 

5.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის თანახმად, ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის თანახმად: ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი. ამავე კოდექსის 5807 მუხლის თანახმად: ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, მოითხოვოს ლიზინგის საგნის იძულების წესით მისთვის მფლობელობაში დაბრუნება სააღსრულებო დაწესებულებისთვის ლიზინგის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე, თუ ლიზინგის საგანია „?????? ????????? ???????“ ??????????? ??????? 53-? ?????? ??????? ??????? ???????????????? სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება. მითითებული ხარჯები ლიზინგის მიმღებს ეკისრება.

 

5.19. დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომელიც შეწყდა ვადამდე ლიზინგის მიმღების მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო. ლიზინგის გამცემმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაიბრუნა ლიზინგის საგანი და განკარგა ის, წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით.

 

5.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

5.21 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

5.22. პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ლიზინგის მიმღებმა - დ---თ ყ------მა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ლიზინგის საგნის რეალიზაციის მიუხედავად, მისი დავალიანება სრულად ვერ დაიფარა. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოპასუხე მხარის დავალიანება შეადგენს - 2790.63 ლარს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა აპელანტზე დაკისრებული.

 

5.23. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი მოქმედებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამათლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

5.24. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხის მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას მოითხოვს, შესაბამისად, მას ასეთი ვალდებულების არსებობის მტკიცების ვალდებულება გააჩნდა. მოსარჩელემ წარმოადგინა მხარეთა შორის არსებული ლიზინგის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, ასევე მტკიცებულებები სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო ლიზინგის გამცემის მიერ დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ.

 

რაც შეეხება მოპასუხეს, ის მხოლოდ სიტყვიერი შეცილებით შემოიფარგლა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ თანხის დაკისრების მართლზომიერებას, მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტებების გაბათილება და საწინააღმდეგოს მტკიცება წარმოადგენდა. დავალიანების არარსებობის შესახებ მტკიცებულება კი, აპელანტი მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტმა მხარემ, სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის სტანდარტი სათანადოდ ვერ დასძლია.

 

5.25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ დ---თ ყ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

განსახილველ საქმეზე დავის საგნის ღირებულება 2790.63 ლარია. სსკ-ის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის მიხედვით, დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივარზე უნდა განისაზღვროს 150 ლარის 1/2-ით.

 

დადგენილია, რომ აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილია 112 ლარი, საიდანაც 75 ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 37 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, როგორც ზედმეტად გადახილი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ---თ ყ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტს - დ---თ ყ------ს (პ/ნ 6----------), სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გიორგი სებუას მიერ, 2019 წლის 31 ივლისს, სს „ს----------–--------ის“ #8247697990 საგადახდო დავალებით, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 112 (ას თორმეტი) ლარის ნაწილი - 37 (ოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით, რაც ჩარიცხულია შემდეგ ანგარიშზე - სახელმწიფო ხაზინა, TRESGE22, სახაზინო კოდი - 300183150.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩნების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი