განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119003030217
საქმე №1ბ/1533-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა----------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ელ----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 01 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №2----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების კასპი, შ--------–---–----------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის განაჩენით ელ----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ყველა ბრალდებაში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ელ----------------ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).
ელ----------------ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 15 აპრილს, საღამოს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. კასპში, შ--------–---–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ელ----------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - გი---–-----------ეს, კერძოდ, გადაუგრიხა მაჯები, ერთხელ მოქაჩა თმებში და ხუთჯერ დაარტყა თავის არეში შეკრული ხელი, რის შედეგადაც გი---–-----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 15 აპრილს, საღამოს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. კასპში, შ--------–---–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ელ----------------ე დაემუქრა მეუღლეს - გი---–-----------ეს სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც, გი---–-----------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 20 აპრილს, საღამოს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. კასპში, შ--------–---–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ელ----------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - გი---–-----------ეს, კერძოდ, ერთხელ მოქაჩა თმებში და ოთხჯერ დაარტყა თავის არეში შეკრული ხელი, რის შედეგადაც გი---–-----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 20 აპრილს, საღამოს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. კასპში, შ--------–---–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ელ----------------ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - გი---–-----------ეს და მოუქნია დანა, რის დროსაც გი---–-----------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ქმედებებისათვის ელ----------------ეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ელ----------------ის მხრიდან მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა----------–-ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენის გაუქმება, ელ----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და აღნიშნული მუხლების სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ელ----------------ის მიმართ შერაცხული ქმედება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდა ბრალდების მიერ წარდგენილი ურთიერთშეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა და ბრალდებულის ოჯახის წევრებმა - თე---------------------ებმა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება სასამართლოს, საქმეზე მოიპოვება ელ----------------ის ბრალის დამადასტურებელი შემდეგი მტკიცებულებები - შეტყობინება დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მოწმეების - რუ-------------------ის, თე-----------–---–ისა და ალ-------------------ის გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა. აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებით სასამართლო უნდა მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ ელ----------------ეს ნამდვილად აქვს ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტები.
აპელანტმა აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს და სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას ელ----------------ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ჩადენაში, კერძოდ:
ელ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ პირდაპირ მტკიცებულებას, როგორიცაა დაზარალებულ გი---–-----------ის გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმი, რომელიც ელ----------------ეს ამხელდა მის მიერ ჩადენილ ძალადობასა და მუქარაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის − ელ----------------ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ამასთან, მართალია მოწმეები - თე-----------ე და ნა------------ე არ იყვნენ ელ----------------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების თვითმხილველები, თუმცა მათაც უარი განაცხადეს მამის - ელ----------------ის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.
აპელანტი განმარტავს, რომ დაზარალებულისა და მოწმეების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებობს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა ანალიზის საფუძველზე სასამართლო უნდა მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ ელ----------------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულები, კერძოდ, ბრალდების მხარემ მიუთითა მოწმეების - რუ-------------------ის, თე-----------–---–ისა და ალ-------------------ის გამოკითხვის ოქმებზე; შეტყობინებაზე, დანაშაულის ჩადენის შესახებ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული მტკიცებულებები მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული და მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ დასახელებულ მოწმეთა მიერ წინასწარი გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, არც ერთი მათგანი არ ყოფილა ელ----------------ის მხრიდან გი---–-----------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტის შემსწრე. მოწმე რუ-------------------ი, რომელიც არის ელ----------------ისა და გი---–-----------ის მეზობელი, აღნიშნავს, მან მხოლოდ დაზარალებულის ნაამბობიდან იცის, რომ 2019 წლის 20 აპრილს ელ----------------ემ ძალადობა და მუქარა განახორციელა მეუღლის მიმართ, თუმცა თავად აღნიშნულ ფაქტს არ შესწრებია. ხოლო გამომძიებლების - თე-----------–---–ისა და ალ-------------------ის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ მათ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს ელ----------------ის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ, რაც გი---–-----------ე 2019 წლის 24 აპრილს გამოცხადდა შსს კასპის სამმართველოში და განაცხადა მასზე 2019 წლის 15 და 20 აპრილს განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე. შესაბამისად, არც დასახელებული გამომძიებლები არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები.
აპელანტი მტკიცებულებად მოიხმობს 2019 წლის 24 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომელშიც აღწერილია გი---–-----------ის საცხოვრებელი სახლი და ცალსახადაა მითითებული, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საქმისათვის საჭირო კვალი და საგანი ნანახი და ამოღებული ვერ იქნა (იხ. ს. ფ. 33-38).
პალატა ცალკე ყურადღებას მიაპყრობს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის დამოუკიდებელ მტკიცებულებად ჩათვლის საკითხს და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი გახდა დაზარალებულ გი---–-----------ის გამოკითხვის ოქმი. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, გი---–-----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. შესაბამისად, პალატა შეუძლებლად მიიჩნევს იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შემავსებელ მტკიცებულებად ჩათვლას, რომელშიც გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის მიერ მიცემული ინფორმაციის გადამოწმება მოხდა. დასახელებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თავისი შინაარსით შემოწმებითი ხასიათისაა და ამ საგამოძიებო მოქმედების დროს სხვა სახის დამატებითი მტკიცებულება არ გამოვლენილა.
პალატა ასევე მიუთითებს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, 2019 წლის 25 აპრილს, 14:25 საათზე მოქ. გი---–-----------ეს სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დასაბუთებულად იმსჯელოს ელ----------------ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის განხორციელების ფაქტებზე, რაც საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არაა დადასტურებული.
პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ელ----------------ემ განახორციელა ოჯახში ძალადობა და მუქარა მეუღლის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ელ----------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას არასაკმარისად მიაჩნია ელ----------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ელ----------------ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ელ----------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ელ----------------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა----------–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ელ----------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
გამართლებულ ელ----------------ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე