განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100119002929241
საქმე №1/ბ-390-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
10 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა--------------
მსჯავრდებული: გ--–----------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: შ--------------------------–---------–--;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი; მასვე აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები 2 (ორი) წლის ვადით;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ--–----------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით: გ--–----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები 02 (ორი) წლის ვადით, კერძოდ: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.
მსჯავრდებულ გ--–----------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავების დრო - 2019 წლის 26 თებერვლიდან 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.
გ--–----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და მოეხსნა ყადაღა გ-----------ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ-----------------------------------------------------------------------------------------------------
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--–----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, შ--------------–----–------ის ს------–--------–--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ--–----------ემ, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - შვილების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრ მეუღლე ვ---------–-----ეს თმების ქაჩვითა და იატაკზე დაგდებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----------–----ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ გ--–----------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი იქნა პირობით მსჯავრად, ვერ იქნება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული.
დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ა--------------მ მხარი დაუჭირა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----------–----ის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა; მოწინააღმდეგე მხარემ, მსჯავრდებულმა გ--–----------ემ, მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც მართლსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----------–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად ბრალდებულ გ--–----------ის გამოკითხვის ოქმით; დაზარალებულ ვ---------–-----ის გამოკითხვის ოქმით; სამედიცინო ექსპერტიზის №0--------- დასკვნით; შემაკავებელი ორდერით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ--–----------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს გ--–----------ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
გ--–----------ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულთან შერიგებულია, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. გ--–----------ე ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) გარემოებები, დანაშულებრივი ქმედების შემდგომი ქცევა, კერძოდ, ის რომ შეურიგდა დაზარალებულს, რაც, მის დადებით პიროვნულ მახასიათებელს წარმოადგენს, ასევე, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ--–----------ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა მისი კერძო და ზოგადი პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----------–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი, გ--–----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი, გ--–----------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.გ--–----------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება;
4.მსჯავრდებულ გ--–----------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავების დრო - 2019 წლის 26 თებერვლიდან 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით;
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ--–----------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ გ--–----------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ--–----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო _ გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ყადაღა გ-----------ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ-----------------------------------------------------------------------------------------------------;
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ. სვანიძე/