განაჩენი

სისხლის სამართლის 28.10.2019
საქმის ნომერი
160141318002664307
ინსტანცია
თარიღი
28.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141318002664307

№1ბ/1536-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ოქტომბერი 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივანი: მერი ლაბარტყავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი ძიძიგური

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზ---– დ-------ა

გამართლებული: ე---- წ------ი, დაბადებული: 1----–-–------------ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: გ---–-----–--------------------–--------–--ა, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ----------------–----–---–------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ძიძიგურმა და მოითხოვა, ე---- წ------ის მიმართ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 17 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამართლებულ ე---- წ------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში. აპელანტს მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი, ე---- წ------ის მიმართ არის დაუსაბუთებელი, უკანონო და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულ ლ-----ა ს----–---ის მატერიალური დამოკიდებულება გამართლებულ ე---- წ------ზე, ის და მისი შვილები, რომ არ დარჩენილიყვნენ შემოსავლის წყაროს გარეშე, ლ-----ა ს----–---მა იქორწინა ე---- წ------ზე და ისარგებლა წარმოშობილი უფლებით, არ მიეცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ლ-----ა ს----–---ის ოჯახის წევრების გამოკითხვის ოქმები, რომლებსაც დაზარალებულმა უამბო, რომ ხელი მოტეხა ე---- წ------მა, უდავოა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმადაც, ლ-----ა ს----–---ს მიყენებული ჰქონდა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. შესაბამისად, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, კერძოდ დაზარალებულის ოჯახის წევრების ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტ ბ---- მ-------–--ის გამოკითხვის ოქმი, ლ-----ა ს----–---ის მიერ გამოძიებისას მიცემული განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ექიმ ა-–---------- ს--------ის ჩვენებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ ე---- წ------მა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს ე---- წ------ი დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დაენიშნოს შესაბამისი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ე---- წ------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---– დ-------ამ და მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 17 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ძიძიგურმა, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, ე---- წ------ის მიმართ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 17 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამართლებულ ე---- წ------ის დამნაშავედ ცნობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და შესაბამისი სასჯელის დანიშნვა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, გამართლებულმა ე---- წ------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---– დ-------ამ მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი, ე---- წ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

წარდგენილი ბრალდება:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ე---- წ------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ბ---–------------------------–------------ში მდებარე ე.წ. მჟავე წყლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდორში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე მომხდარი შელაპარაკების გამო, ე---- წ------მა ლ-----ა ს----–---ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტები და ფეხები სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის მარჯვენა ხელში, რამაც გამოიწვია ლ-----ა ს----–---ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე---- წ------ის ბრალეულობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ-----ა ს----–---მა (ბრალდებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე (გამომძიებელი) თ----------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2018 წლის 4 ოქტომბერს გამომძიებელმა კ--- რ-----–---–მა დაიწყო გამოძიება. თავად მოწმის სახით გამოკითხა ლ-----ა ს----–---ი და მისი და ნ---- ს----–---ი. ლ-----ა ს----–---ი მის მიერ ასევე გამოიკითხა დაზარალებულის სახითაც. გამომძიებელმა დაადასტურა, რომ ლ-----ა ს----–---ს გამოკითხვისას ხელი ჰქონდა მოტეხილი და ვერ შეძლო გამოკითხვის ოქმზე ხელმოწერა, რის გამოც გამოკითხვის ოქმი დადასტურებული იქნა გარეშე პირის მიერ. თ----------–---–მა განმარტა, რომ ლ-----ა ს----–---მა, როგორც მოწმის სახით, ასევე დაზარალებულის სახით გამოკითხვისას გამოძიებას მიაწოდა ერთიდაიგივე ინფორმაცია და განმარტა, რომ ბოლნისში, მჟავე წყლების მიმდებარედ მოხდა მასსა და ბრალდებულ ე---- წ------ს შორის შელაპარაკება. შემდეგ იგი წაიყვანა ბრალდებულმა მინდორში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულის მიერ მითითებული გარემოებები დაადასტურა ასევე ნ---- ს----–---მა. მოწმემ დაადასტურა, რომ დაზარალებული მოწმის სახით გამოკითხა 5 ოქტომბერს, დღის განმავლობაში, ზუსტი საათები არ ახსოვდა. ასევე განმარტა, რომ შესაძლოა დაკითხვის ოქმში რიცხვი მის მიერ შეცდომით იქნა მითითებული. მოწმის განმარტებით მას ექსპერტი ელოდებოდა და მოწმის დაკითხვის შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

 

მოწმე (გამომძიებელი) კ--- რ-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება ლ-----ა ს----–---ის განცხადებასთან დაკავშირებით. დაზარალებული გამოიკითხა თ----------–---–ის მიერ და ამ ჩვენების საფუძველზე, მოხდა ბრალდებულის დაკავება. კ--- რ-----–---–მა განმარტა, რომ ელოდებოდა დაზარალებულის დაკითხვას და ამის შემდეგ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

 

მოწმე (გამომძიებელი) თ------ გ--–-----მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. განმარტა, რომ მოწმის სახით გამოკითხა მორიგე ექიმი ფ------- ქ----–-----ე.

 

მოწმე ა-–---------- ს--------ემ, განმარტა, რომ არის ექიმი ტრავმატოლოგი, მასთან მიყვანილ იქნა ლ-----ა ს----–---ი, რომელმაც განუცხადა, რომ დაზიანება ხელზე, მიიღო დაცემის შედეგად. დაზიანება იყო მარჯვენა მხარის სხივის მოტეხილობა. ასევე განმარტა, რომ ჩანაწერებში დაშვებულია მექანიკური შეცდომა მარჯვენის ნაცვლად მითითებულია მარცხენა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სიტყვა-სიტყვით არ ახსოვდა რა განაცხადა პაციენტმა, თუმცა რომ ყოფილიყო კრიმინალი ამის თაობაზე აუცილებლად შეატყობინებდა შესაბამის ორგანოებს.

 

2018 წლის 5 ოქტომბერს 02:15 წუთზე ბოლნისის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი. ორდერში მითითებულია, რომ 2018 წლის 25 სექტემბერს ლ-----ა ს----–---ს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეგობარმა ე---- წ------მა.

 

2018 წლის 5 ოქტომბერს 10:10 საათიდან 10:25 საათამდე პერიოდში გამომძიებელ კ--- რ-----–---–ის მიერ ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდნენ მოწმე ლ-----ა ს----–---ი და გარეშე პირი ჯ---–----ა ა--–------–---–ი. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ბ---–-------------–---------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლის გასასვლელში არსებულ ე.წ. ,,მჟავე წყლებთან“, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს არსებულ დანგრეულ შენობასთან. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული არაფერი არ ყოფილა.

 

2018 წლის 10 ოქტომბერს გამომძიებელ კ--- რ-----–---–ის მიერ დათვალიერდა ე---- წ------ის ავტომანქანა. დათვალიერების შედეგად ავტომანქანის სალონში რაიმე სახის ლაქები ან დაზიანებები ვერ იქნა აღმოჩენილი.

 

ლევან სამხარაულის სახელობის 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სამედიცინო N0-------- დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, მოქ. ლ-----ა ს----–---ს 28.09.18წ. ამბულატორიულად დაესვა დიაგნოზი: მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობა ცდომით, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით; ლ-----ა ს----–---ს 05.10.18წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხრის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ძიძიგურის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი გამართლებულ ე---- წ------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).

 

სასამართლო პალატა, ააანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ უდავო და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არსებულ მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ე---- წ------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

მოწმე ნ---- ს----–---ის გამოკითხვის ოქმის შეფასებისას, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მისი უტყუარ მტკიცებულებად მიღება შეუძლებელია მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში აღმოჩენილი სადავო გარემოებების გამო. კერძოდ: გამომძიებელმა კ--- რ-----–---–მა განმარტა, რომ ე---- წ------ის დაკავება 2018 წლის 5 ოქტომბერს 01:30 საათზე, დ-------------------------–------------ გზაზე, მოხდა მოწმების ლ-----ა ს----–---ის და ნ---- ს----–---ის ინფორმაციის საფუძველზე. მაშინ როდესაც, გამოკითხვის ოქმების შესაბამისად, ლ-----ა ს----–---ი პირველად გამოკითხული იქნა 2018 წლის 5 ოქტომბერს 11:50 საათიდან 12:10 საათამდე პერიოდში. ნ---- ს----–---ი კი - 2018 წლის 5 ოქტომბერს 02:22 საათიდან 03:15 საათამდე პერიოდში. შესაბამისად, იმ დროს როდესაც გამოკითხვის ოქმების მიხედვით ჯერ მოწმე და დაზარალებული არ იყვნენ დაკითხულნი. გამომძიებელმა, ვერ ახსნა თუ რით იყო აღნიშნული უზუსტობები გამოწვეული და განმარტა, რომ მოწმეთა გამოკითხვა მოახდინა დღის საათებში და სავარაუდოდ შეეშალა რიცხვი, რაც ფიზიკურად გამორიცხულია, ვინაიდან საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 4 ოქტომბერს 22:39 საათზე და შესაბამისად ე---- წ------ის დაკავებამდე, დღის საათებში შეუძლებელი იყო მოწმის გამოკითხვა. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი თუ აღნიშნული დარღვევებს არ ექნებოდა ადგილი მოწმის გამოკითხვისას, სააპელაციო პალატა განმარტავს, ნ---- ს----–---ი და ვ----------–---ი, არ შესწრებიან ე---- წ------ის მხრიდან ლ-----ა ს----–---ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს და მხოლოდ ლ-----ა ს----–---ის მონათხრობით იციან, რომ ე---- წ------მა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მიიღო მხრის სხივის მოტეხილობა. ნ---- ს----–---ის და ვ----------–---ის ინფორმაცია ირიბი ჩვენებებია, ინფორმაციის წყაროა ლ-----ა ს----–---ი, რომელმაც გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოში არ მისცა ჩვენება ე---- წ------ის წინააღმდეგ. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, ზემოხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

ლევან სამხარაულის სახელობის 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სამედიცინო N0-------- დასკვნის შეფასებისას, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეფასებას და დამატებით განმარტავს, ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ ბ---- მ-------–--ის გამოკითხვის ოქმი, ადასტურებს, რომ ლ-----ა ს----–---ს ჰქონდა მარჯვენა (დაზუსტებული იქნა ექიმ-ტრავმატოლოგის მიერ) სხივის ძვლის მოტეხილობა, მიყენებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით, ასევე აღენიშნებოდა სისხლანჟღენთები, თუმცა აღნიშნული დაზიანებები, რომ მიყენებული იყო ე---- წ------ის მიერ, არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით, ან მასთან შეჯერებული რაიმე პირდაპირი მტკიცებულებით. პირიქით ექიმი-ტრავმატოლოგის ა-–---------- ს--------ის ჩვენებით, როგორც ახსოვს, აღნიშნულ დაზიანებებთან მიმართებაში პაციენტმა ლ-----ა ს----–---მა შემოწმებისას განუმარტა, რომ დაზიანებები მიიღო დაცემის შედეგად. აღნიშნული გარემოების და იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე და არ არსებობს თვითმხილველის ან დაზარალებულის სასამართლოში გადმოცემული ინფორმაცია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად ე---- წ------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

აპელანტის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ე---- წ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ასევე ადასტურებს, დაზარალებულ ლ-----ა ს----–---ის გამოკითხვის ოქმში და მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში არსებული ინფორმაცია, სააპელაციო პალატა განმარტავს, დაზარალებულმა ლ-----ა ს----–---მა გამოიყენა კონსტიტუციური უფლება და არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ამასთან მოწმის ჩვენება, არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, ლ-----ა ს----–---ის გამოძიების დროს მიცემული ინფორმაციის გამოყენება დაუშვებელია და ხელყოფს მის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას. აქვე, პალატა განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, კერძოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ექსპერიმენტი ჩატარდა 2018 წლის 5 ოქტომბერს 10:45 საათიდან 11:35 საათამდე პერიოდში, ლ-----ა ს----–---ის მოწმის სახით გამოკითხვის შემდეგ, მაშინ როდესაც, ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებებით ლ-----ა ს----–---ი გამოკითხული არ ყოფილა და მისი პირველი გამოკითხვა წარმოებდა 2018 წლის 5 ოქტომბერს 11:50 საათიდან 12:10 საათამდე პერიოდში.

 

საქმეზე არსებული ყველა სხვა მტკიცებულება კი ან არაფერს ადასტურებს და არარელევანტურია ან ირიბ ინფორმაციას წარმოადგენს, რასაც სასამართლო ვერ დაეყრდნობა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე. მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მათ უტყუარობაზე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული, სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა და შეთანხმებული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ე---- წ------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ე---- წ------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გიორგი ძიძიგურის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი გამართლებულ ე---- წ------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გიორგი ძიძიგურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი ე---- წ------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

ე---- წ------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ე---- წ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულ ე---- წ------ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე