განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
160140019002969448
ინსტანცია
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160140019002969448

საქმე № 1ბ/1577-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

გამართლებული - თ-----ი ნ-----ი, დაბადებული: 1----–-–----------------–-, პასპორტის N----------, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–---–---–------------------;

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

განაჩენის მიხედვით: თ----- ნ-----ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით თ----- ნ-----ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ----- ნ-----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

თ----- ნ-----ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ-----------––---–---–-------------------------ში მდებარე ზ----- ა-------ას და თ----- ნ-----ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თ----- ნ-----მა, ზ----- ა-------ას თხოვნის გამო, რომ ნასვამი არ გასულიყო სახლიდან, მუშტის შუბლის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ზ----- ა-------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა თ----- ნ-----ის მხრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ზ----- ა-------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- მ-------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა თ----- ნ-----ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ზ----- ა-------ამ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეების მიერ არ გახდა სადავოდ და შესაბამისად აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვანა, დაზარალებულ ზ----- ა-------ას სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმი, დაზარალებულ ზ----- ა-------ას და მოწმე გ---–----- ა-------ას ჩვენებები. რაც შეეხება ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას, აღნიშნულს უშვებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში, თუ არსებობს სათანადოდ გამაწონასწორებელი ფაქტორები. აპელანტს ასეთ დამაბალანსებელ ფაქტორად მიაჩია ის გარემოება, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა სწორედ ბრალდებულის დაცვის და მისი გადარჩენის ინტერესს ემსახურებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ თ----- ნ-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გთავლისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- მ-------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თ----- ნ-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო პალატა იზიარებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს არგუმენტებს თ----- ნ-----ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ----- ნ-----ის მიერ არარეგისტრირებულ ქოწინებაში მყოფი მეუღლის - ზ----- ა-------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზ----- ა-------ამ (თ----- ნ-----ის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით: სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, 2019 წლის 16 აპრილის ვითარების აღდგენის ოქმით, 2019 წლის 16 აპრილის ზ----- ა-------ას სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, მოწმე გ---–----- ა-------ას გამოკითხვის ოქმით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მსჯავრდებულ თ----- ნ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში უდავო მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად დგინდება, რომ პირადი გასინჯვის მონაცემებით (17.04.2019) ზ----- ა-------ას აღენიშნება სისხლჩაქცევა შუბლზე ცენტრალურად და ოდნავ მარცხნივ, რაც განვითარებულია რაიმე მკივრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

2019 წლის 16 აპრილის ზ----- ა-------ას სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ზ----- ა-------ას შუბლზე აღენიშნება დაზიანება, რომელიც აქვს შესიებული ე.წ. ,,კოპის“ სახით.

2019 წლის 16 აპრილის ვითარების აღდგენის ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა დაზარალებული ზ----- ა-------ა. ვითრება აღდგენილ იქნა ქ-----------––---–---–-------------------ში მდებარე დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში. დაზარალებულმა გამომძიებელს მიუთითა, თუ სად განახორციელა თ----- ნ-----მა მასზე ძალადობა.

2019 წლის 4 აპრილის შემაკავაბელი N0----- ორდერით დგინდება, რომ თ----- ნ-----მა ზ----- ა-------ას მიმართ განახორციელა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა.

2019 წლის 16 აპრილის დაკავების ოქმის თანახმად ირკვევა, რომ თ----- ნ-----ი დაკავებულ იქნა 2019 წლის 16 აპრილს, 21:55 საათზე.

მოწმე გ---–----- ა-------ას გამოკითხვის ოქმის თანახმად დგინდება, რომ ზ----- ა-------ა და თ----- ნ-----ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჰყავთ წლის და შვიდი თვის შვილი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უდავო მტკიცებულებებით, დადგენილ იქნა, რომ ზ----- ა-------ა და თ----- ნ-----ი წარმოადგენენ ოჯახის წევრებს, ასევე დადასტურებულია, შემთხვევის დღეს, თ----- ნ-----ის მიერ ზ----- ა-------ას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, თუმცა ზემოხსენებული მტკიცებულებებით არ დგინდება დაზარალებულზე არსებულმა დაზიანებებმა, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, გამოიწვია თუ არა ზ----- ა-------ისთვის ფიზიკური ტკივილი. ამასთან, მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და ნათელი მოეფინა ამ საკითხისთვის, არის თავად დაზარალებული ზ----- ა-------ა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და თავისი მეუღლის - თ----- ნ-----ის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. შესაბამისად ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს არსებობდა თუ არა ოჯახში ძალადობის შემადგენლობის ყველა ნიშანი, კერძოდ, თ----- ნ-----ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა თუ არა ზ----- ა-------ამ ფიზიკური ტკივილი. მხოლოდ ფიზიკური ძალადობა და ფიზიკური დაზიანებების არსებობა არ არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად ფიზიკური ტკივილის განცდის მხრივ. იმის გათვალისწინებით, რომ თ----- ნ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალის მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა თ----- ნ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება თ----- ნ-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ თ----- ნ-----მა არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ზ----- ა-------ას მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა თ----- ნ-----ის დამნაშავეობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- მ-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

თ----- ნ-----ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ----- ნ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

გამართლებულ თ----- ნ-----ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი