განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030100119002823454
საქმე №1/ბ-421-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ე---–------------
მსჯავრდებული: ზ---–-------------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №4----------), დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ქ--------------–----–-----------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ---–-------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით: ზ---–-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულ ზ---–-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 04 იანვრის 22:22 საათიდან; ზ---–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა, დადგინდა, რომ საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი შეშის ნაჭერი, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ----------------ეს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ---–------------ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 04 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ---–-------------ემ ქ--------–-------–----–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, იმის გამო, რომ ალკოჰოლური სასმელების მიღებას უშლიდა დედა - ლ----------------ე, ამ უკანასკნელს შეშის ნაჭრის რამდენიმე დარტყმით მარჯვენა წინამხრის არეში, ნახეთქი ჭრილობის სახით, მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო შემდეგ წააქცია ლოგინზე და ხელი დაარტყა რამდენჯერმე სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ---–------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-------------მ, რომელმაც ითხოვა ზ---–------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
მსჯავრდებული ზ---–------------ე წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ, ვინაიდან, მას დედისთვის არანაირი დაზიანება არ მიუყენებია. მან სასამართლო სხდომაზე მისცა ჩვენება, რომ დედასთან მართლაც მოუვიდა შელაპარაკება ალკოჰოლური სასმელის მიღებასთან დაკავშირებით, რა დროსაც, დედა შეუძლოდ გახდა და თავადვე დარეკა 112-ზე და გამოუძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რის შემდეგაც ელოდებოდა სასწრაფოს მისვლას, რასაც მიჰყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს;
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ----------------ემ ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის - შვილის - წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე მ--------------მ, რომელიც არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, განმარტა, რომ როდესაც მივიდა ადგილზე, დახმარება აღმოუჩინა ლ----------------ეს, რომელსაც ნაკაწრი ჰქონდა ხელზე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–--ემ ბრალდების მხარის კითხვაზე უპასუხა, რომ ტკივილი განიცადა თუ არა დაზარალებულმა ვერ უპასუხებს, რადგან ეს არის ინდივიდუალური და ტკივილის განცდის შეფასება ექსპერტს არ შეუძლია. რაც შეეხება საგანს, თუ რითი არის დაზიანება მიყენებული, ვერ განსაზღვრა. დასკვნაში ხანდაზმულობაზე მსჯელობა არ ყოფილა და მას იგი არ განუსაზღვრავს.
აპელანტი მხარის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ ზ---–------------ის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს, რაც არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ზ---–------------ის ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-------------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა ზ---–------------ის გამართლება.
სააპელაციო წესით საქმის განხილვაში მონაწილე პროკურორმა ე---–------------მ ითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ---–------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ, რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.
პალატა ვერ გაიზიარებს, დაცვის მხარის პოზიციას, რომ ზ---–------------ეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან, აღნიშნული გარემოება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებიდან, ამასთან ერთად, არადამაჯერებელია და მიზნად ისახავს მსჯავრდებულის მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევას.
შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ზ---–------------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე აპელანტის მოთხოვნას სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ზ---–------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, სახელდობრ:
მოწმე თ--------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ექიმ-ტრამვატოლოგი და ზ---–-------------ეს მეზობელი. მასთან სამსახურში მივიდა ლ----------------ე, რომელსაც ჰქონდა უმნიშვნელო ნაკაწრი ჭრილობა წინა მხრის მარჯვენა თუ მარცხენა მიდამოში, ზუსტად არ ახსოვს. მას ლ----------------ემ განუმარტა, რომ დაზიანება მიიღო კონფლიქტურ სიტუაციაში, მაგრამ არ უთქვამს თუ ვისთან ჰქონდა კონფლიქტი და თვითონაც არ უკითხავს ამის შესახებ. ის განმარტავს, რომ ლ----------------ე ტკივილს უჩიოდა ნაკაწრ ჭრილობასთან დაკავშირებით;
მოწმე გ---------–-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 04 იანვარს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ინსპექტორ-გამომძიებელ კ-----------–-----სთან ერთად, რა დროსაც, ფოთის საქალაქო სამმართველოდან დაუკავშირდნენ და განუმარტეს, რომ შეტყობინება იყო შემოსული ქ-------–-------–----–-----------დან ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მან როგორც იცის, ფოთის საქალაქო სამმართველოში დარეკა ზ---–-------------ემ და ითხოვა პოლიციის დახმარება. ის, კ-----------–-----სთან ერთად, გაემართა აღნიშნულ მისამართზე, სადაც მათ დახვდათ საწოლზე წაქცეული ლ----------------ე და ზ---–-------------ე, რომელიც ადგა თავზე ლ----------------ეს და ხელს ურტყამდა სხეულზე. მოწმის განმარტებით, ლ----------------ეს ხელი ჰქონდა სისხლიანი და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს იტკიებდა, რის გამოც მის მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება. ლ----------------ემ მას განუმარტა, რომ აღნიშნული დაზიანება მას შეშის ნაჭრის ხელზე ჩარტყმით მიაყენა მისმა შვილმა ზ---–-------------ემ. მოწმის განმარტებით, მათ მიერ მოხდა ზ---–-------------ის დაკავება და გადაყვანა ფოთის საქალაქო სამმართველოში. დაკავების ოქმი შეადგინა კ-----------–-----მ;
მოწმე კ-----------–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 04 იანვარს იყო მორიგე ჯგუფში, რა დროსაც, დაუკავშირდნენ ფოთის საქალაქო სამმართველოდან და განუმარტეს, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი ქ--------------–----–-----------ში. ის, გ---------–-------სთან ერთად, წავიდა აღნიშნულ მისამართზე, სადაც სახლის კარები დახვდათ ღია და ისე შევიდნენ სახლში, რომ ზ---–-------------ეს და ლ----------------ეს არც გაუგიათ მათი შესვლა. ის განმარტავს, რომ სახლში შესულებს დახვდათ შემდეგი სურათი: ლ----------------ე იყო ლოგინზე წაქცეული, ზ---–-------------ე კი ედგა თავზე და ხელს ურტყამდა სხეულზე. მათ მიერ მოხდა დედა და შვილის გაშველება. ლ----------------ეს მარჯვენა ხელი ჰქონდა სისხლიანი და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს იტკიებდა, როცა ჰკითხეს თუ რა მოუვიდა, მან უთხრა, რომ მისმა შვილმა ზ---–-------------ემ შეშის ნაჭრით მიაყენა დაზიანება. მან განუმარტა ზ---–-------------ეს მისი უფლებები, დააკავა, შეადგინა დაკავების ოქმი და გ---------–-------სთან ერთად გადაიყვანა სამმართველოში. სასწრაფოში ვინ დარეკა არ იცის;
მოწმე მ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის სასწრაფო დახმარების ექიმი. 2019 წლის 04 იანვარს ჰქონდა გამოძახება ქ--------------–----–-----------ში, სადაც ქალბატონს სჭირდებოდა დახმარება. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას დახვდათ ლ----------------ე, რომელიც იწვა თავის საწოლში და ხელს იტკიებდა, რისთვისაც ზედაპირულად დამუშავება დასჭირდა. ლ----------------ემ მას განუმარტა, რომ მოუვიდა კონფლიქტი შვილთან ზ---–-------------ესთან, რომელმაც შეშის ნაჭრით მიაყენა ხელზე დაზიანება, ლ----------------ე იყო აფორიაქებული მაგრამ აზროვნებით ნორმალურად აზროვნებდა და დალაგებულად პასუხობდა მის შეკითხვებს. მას აღნიშნულ მისამართზე დახვდა პოლიციელები, გამომძიებელი ლ--–--------–--–---–ი და როგორც ახსოვს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც იყვნენ. ზ---–-------------ე მას იქ არ დახვედრია, რომელიც მისთვის ნაცნობია, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად უწევს მის გამოძახებაზე მისვლა, ხან წელის ტკივილს უჩივის, ხან თავი სტკივა, ხან ნაბახუსევია, ხოლო ლ----------------ესთან იშვიათად თუ ყოფილა გამოძახებული. მის მიერ ლ----------------ეს გაეწია სამედიცინო დახმარება, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე კი დაზარალებულმა ლ----------------ემ უარი განაცხადა;
მოწმე ლ--–--------–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან გამოკითხა ლ----------------ე, რომელმაც უთხრა, რომ შვილთან, ზ---–-------------ესთან, მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც, მან მარჯვენა ხელზე შეშის ნაჭერი დაარტყა, რომელსაც იტკიებდა და რომელიც შეხვეული ჰქონდა სამედიცინო შესახვევით და ამ შესახვევზე ეტყობოდა სისხლი. მასთან ერთად გამოკითხვის შემდეგ დაბრუნდნენ ლ----------------ესთან სახლში, სადაც ამ უკანასკნელმა აჩვენა შეშის ნაჭერი, რომელიც ეგდო საწოლთან, რომელიც მისი თქმით დაარტყა მისმა შვილმა. შეშის ნაჭერი განცალკევებული იყო სხვა შეშის ნაჭრებისგან, რომლებიც იყო ფეჩთან. მან ნებაყოფლობით ამოიღო აღნიშნული შეშის ნაჭერი, რომელიც ერთვის საქმეს ნივთმტკიცების სახით.
მოწმის წესით დაკითხულმა ბრალდებულმა ზ---–-------------ემ განმარტა, რომ იყო ნაბახუსევი და ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. ის გავიდა მაღაზიაში და იყიდა არაყი, რათა გამოსულიყო მდგომარეობიდან. ლ----------------ემ რომ დაინახა, რომ დალევას აპირებდა ატეხა ისტერიული კივილი და ცუდად გახდა, მან აიყვანა ხელში და საწოლში დააწვინა, რის შემდეგაც გამოიძახა სასწრაფო დახმარება და გავიდა ეზოში, რათა დალოდებოდა მათ მოსვლას. ამ დროს ხედავს, რომ მის ეზოში შემორბოდნენ პოლიციელები: ო---–----- და ლ-------, ამ უკანასკნელმა მას დაუძახა: "რა იყო დედაშენს ეჩხუბეო". პოლიციელების მოსვლის შემდეგ მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, რომელსაც მოყვა ექიმი მ--------------, რომელმაც გასინჯა ლ----------------ე და აღნიშნა, რომ იყო უმნიშვნელო დაზიანება ნახეთქი ჭრილობის სახით. სასწრაფო დახმარების მოსვლის შემდეგ წაიყვანეს სამმართველოში, იქიდან გადაიყვანეს სენაკის დროებით დაკავების იზოლატორში. უარყო დედაზე, ლ----------------ეზე, მისი მხრიდან ძალადობის განხორციელების ფაქტი.
2019 წლის 22 იანვრის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი N2---ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ლ----------------ეს გაეწია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 04.01.2019 წელს დიაგნოზით: სხეულის დაზიანება წინასწარ განზრახვით ან შემთხვევით. ჭრილობა ნახეთქი წინამხრის არეში. თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ფოთის ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2---ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N2-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 05.01.2019) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ლ----------------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 05.01.2019 წელს 12:25 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 13:25 საათზე, დიაგნოზით: ნაკაწრი ჭრილობა მარჯვენა წინამხრის არეში. დაზიანების - ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია დაზიანების (ჭრილობის ურთიერთგამომრიცხავი და არასრული მორფოლოგიური სურათის გამო, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად);
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შეკითხვაზე - არსებული დაზიანება რამდენად იქნებოდა მტკივნეული ლ----------------ისათვის - დადებითად უპასუხა.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ----------------ემ ისრგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი შვილის მიმართ ჩვენების მიცემაზე.
ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ---–------------ეს არ ჩაუდენია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და რომ გასაჩივრებული განაჩენი ემყარება მოწმეთა არასარწმუნო და არაობიექტურ ჩვენებებს და, შესაბამისად, გაზიარებული არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაკითხული პოლიციელების ჩვენებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის არ არსებობს რაიმე არსებითი წინააღმდეგობა. პოლიციის თანამშრომლები გამოძახების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და როგორც თავის ჩვენებებში მიუთითებენ უშულოდ შეესწრნენ მსჯავრდებულის მხრიდან მის დედაზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. საქმეში კი არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბად დაადასტურებდა მათ მიკერძოებას, საქმის შედეგით დაინტერესებასა და სასმართლოში განზრახ ცრუ ჩვენებების მიცემას, აქედან გამომდინარე, დაცვის მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ბრალდების მხარეს არ სურდა ჭეშმარიტების დადგენა და სასამართლო შეცდომაში შეიყვანა, რის შემდეგ მხოლოდ მოწმე - პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი”, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი ერთ-ერთი კონსტიტუციური პრინციპია და ამ პრინციპის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის თანასწორუფლებიანობის დასაცავად. კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია, ეს შეეხება, როგორც ყველა მოქალაქეს, ასევე, იურიდიულ პირსაც და იქ მომუშავე ყველა მოხელეს, რომელთა რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია ან პირიქით, მათთვის რაიმე უპირატესობის მინიჭება - დაუშვებელია. სისხლის სამართალში ეს იმას ნიშნავს, რომ მართლზომიერი ქმედება ყველა დელიქტუნარიანი პირისათვის (მათ შორის, პასუხსაგებ თანამდებობაზე მყოფ პირთათვის) თანაბრად სავალდებულოა. ე.ი. კანონის თანახმად, აუცილებელია მართლზომიერი ქმედების ვალდებულებისადმი სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლური დამოკიდებულება, რომელიც მართლზომიერი ქმედების განხორციელების ერთ-ერთი პირობაა. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა ძალადობრივი ფაქტის უშუალო შემსწრე პოლიციელების ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში სწორად განსაზღვრა მათი მტკიცებულებითი მნიშვნელობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.
პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანის უტყუარობა ზ---–------------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ---–------------ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების _ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ზ---–------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, დ-------------ს, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი, ზ---–------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ზ---–------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, დ-------------ს, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი, ზ---–------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.ზ---–-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.მსჯავრდებულ ზ---–-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 04 იანვრის 22:22 საათიდან, რომელიც ამჟამად მოხდილია;
5.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზ---–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი შეშის ნაჭერი, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ----------------ეს.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ. სვანიძე/