განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/7698-18 11 ივნისი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გელა ქირია
დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი – თ-------- გ-----–-–---–ი;
წარმომადგენელი – ა-----–--------–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე – დ------ მ--------ე;
წარმომადგენელი - ლ--–----------–---–-;
დავის საგანი - უძრავი ქონების 2/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დ------ მ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დ------ მ--------ე ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე - ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ჭ--------ი, საკადასტრო კოდი- №5----------- , ორი მესამედის მესაკუთრედ.
შესაბამისი ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრში: დ------ მ--------ე დარეგისტრირდა ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ჭ--------ი, №5----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 2/3 ნაწილის მესაკუთრედ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე დ------ი მ--------ე და მამკვიდრებელი ნ---- მ--------ე დედა-შვილი არიან, ხოლო მოპასუხე თ-------- გ-----–-–---–ი ნ---- მ--------ის შვილიშვილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.2. ნ---- მ--------ე გარდაიცვალა 2011 წლის 02 ნოემბერს. 2012 წლის 27 დეკემბერს დედოფლისწყაროს ნოტარიუსმა მარინე ახალაურმა გასცა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, რითაც დ------ი მ--------ემ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო ნ---- მ--------ის სამკვიდრო ქონება სრულად, სამკვიდროში შემავალი აქტივებით და პასივებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 36);
2.3. მამკვიდრებლის ნ---- მ--------ის ოჯახი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 06/03/2017 წელს გაცემული №36/24451 საარქივო ცნობა, რომლის მიხედვით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭ--------ის საკომლო წიგნებში:
- 1986-1996 წლებში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ---- ტ-----ის ასული მ--------ე; კომლში ირიცხებიან : დ------ი მ--------ე-შვილი, რომლის გასწვრივ მითითებულია ,,გადახაზულია 17.08.1987 წ ქ. ყ------------ან ამოწერილია 23.03.1988;
- დ------ი მ--------ე- შვილი , ქ. ყ------------ან 19.09.1991წ.
კომლს ერიცხება 1960 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი: 1986 წელს -50 კვ. მ, 1987 წელს -56 კვ. მეტრი . 1986-1996 წლებში კომლს ერიცხება მიწის ფართობი 0.31 ჰა .
-1997-2006 წლებში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ---- ტ-----ის ასული მ--------ე; კომლში ირიცხებიან: დ------ი მ--------ე-შვილი, თ-------- გ---------ს ძე გ-----–-–---–ი -შვილიშვილი, ჩაეწერა 1999 წ;
კომლს ერიცხება 1960 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი, საერთო სასარგებლო ფართი- 56 კვ. მეტრი. მიწის ფართობი 1.25 ჰა .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საარქივო ცნობა (ს.ფ. 26-27)
2.4. 2013 წლის 23 მაისს საჯარო რეესტრში დ------ი მ--------ის და თ-------- გ-----–-–---–ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭ--------ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 5-----------. რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს ეროვნული არქივის ლაგოდეხის არქივის მიერ 22/07/2011 წელს გაცემული საარქივო ცნობა.
სარჩელს ერთვის საქართველოს ეროვნული არქივის ლაგოდეხის არქივის მიერ 22/07/2011 წელს გაცემული საარქივო ცნობა, სადაც მითითებულია, რომ სოფელ ა-----ს საკრებულოს 1997-2006 წლების საკომლო წიგნებში ნ---- ტ-----ის ასული მ--------ე რეგისტრირებულია ცალკე კომლად. მისი კომლის წევრები არიან: თვითონ ნ---- მ--------ე; დ------ი მ--------ე-შვილი; თ-------- გოგოლაშვილი-შვილიშვილი, მის გასწვრივ მითითებულია: ჩაეწერა 1999 წ. კომლს ერიცხება 56 კვ. მ. საცხოვრებელი სახლი და 1.25 ჰა მიწის ფართობი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19) .
-საარქივო ცნობა (ს.ფ. 21) .
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების ხელშემშლელ გარემოებად მოთხოვნის უსაფუძვლობა და ხანდაზმულობა მიუთითა. მხარის მტკიცებით, მოსარჩელის მიერ დარღვეულია ხანდაზმულობის ვადა, რაც მის დაკმაყოფილებას გამორიცხავს. აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა
შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 138. მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება და ქონების მიკუთვნება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მოთხოვნაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ათ წელს. მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წელს, როცა მას უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2018 წელს, ამიტომ მოსარჩელეს მოთხოვნის ვადა არ დაურღვევია, და ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველი არ არსებობს
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2011 წელს გარდაცვლილი ნ---- მ--------ის ოჯახი ყოფილ საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა, რომლის სამართლებრივი რეჟიმი 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით იყო რეგულირებული, ამიტომ სადავო ურთიერთობების ნაწილი შესაბამისი ნორმებით უნდა მოწესრიგდეს.
ზემოაღნიშნული სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ხოლო ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კომლის არსებობა სამართლებრივად დაკავშირებული იყო კოლმეურნეობის არსებობასთან. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №21 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან კოლმეურნეობები გაუქმდა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა, ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 122-ე და 125-ე მუხლების (1964 წლის რედ) შესაბამისად, კომლის ქონება თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა კომლის წევრებზე და გახდა იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც 1993 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომლის წევრებს წარმოადგენდნენ. სასამართლოს აღნიშნული განმარტება შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან, რომლის მიხედვით, ,,1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის „(სუს27.07.2006წ-ის განჩინება№ას-988-1242-05);
ამდენად, 1993 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და იგი გახდა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზეც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი ვრცელდება.
ამდენად, კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა იხსნება სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით და ამ დროს არ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლი, რომელიც სამკვიდროს გახსნის დროს სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესისაგან განსხვავებულად ადგენს, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო იხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნ---- მ--------ის გარდაცვალებით კომლის ქონებიდან მის წილზე მემკვიდრეობა არ გახსნილა, რადგან საკოლმეურნეო კომლის ქონება არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზეც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი ვრცელდება. შესაბამისად, კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა ზოგადი წესების მიხედვით იხსნება, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად, ნ---- მ--------ის გარდაცვალების გამო მის წილზე გაიხსნა სამკვიდრო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით, 1. სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. 2. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.
ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამავე კოდექსის 1421-ე მუხლით, 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ხოლო ამავე კოდექსის 1433-ე მუხლით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2011 წელს გარდაცვლილი ნ---- მ--------ის ოჯახი ყოფილ საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა, რომლის წევრებიც 1993 წლის მდგომარეობით ნ---- მ--------ე და დ------ი მ--------ე იყვნენ, ხოლო 1999 წელს კომლში რეგისტრირებულია თ-------- გ-----–-–---–ი, ანუ საკოლმეურნეო კომლის ლიკვიდაციის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის გამოცხადების დროისათვის თ-------- გ-----–-–---–ი კომლის წევრს არ წარმოადგენდა და იგი უფრო გვიან არის კომლში რეგისტრირებული, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე თ-------- გ-----–-–---–ის, როგორც კომლის წევრის, საკუთრების უფლებას სადავოდ არ ხდის, მხარეებს შორის სადავოა წილები, ანუ წილი, რომელიც თითოეულ მათგანს საზიარო ქონებაში ეკუთვნის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, ამიტომ სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ---- მ--------ის კომლზე რიცხული ქონება გახდა მისი წევრების: ნ---- მ--------ის, დ------ი მ--------ის და თ-------- გ-----–-–---–ის საერთო საკუთრება თანაბარ წილში, ანუ თითოეულის წილი შეადგენდა კომლის ქონების 1/3 ნაწილს. მხარეთა შორის დავის საგანსაც სწორედ ნ---- მ--------ის კუთვნილი 1/3 ნაწილის, როგორც სამკვიდრო ქონების, მიკუთვნება წარმოადგენს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2012 წლის 27 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობით დ------ მ--------ემ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო ნ---- მ--------ის სამკვიდრო ქონება სრულად, სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით. შესაბამისად, დ------ მ--------ეს ნ---- მ--------ის სამკვიდროში შემავალ აქტივებზე და პასივებზე, მათ შორის სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2013 წლის 23 მაისს საჯარო რეესტრში დ------ი მ--------ის და თ-------- გ-----–-–---–ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭ--------ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 5-----------. რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს ეროვნული არქივის ლაგოდეხის არქივის მიერ 22/07/2011 წელს გაცემული საარქივო ცნობა, რომლის მიხედვით, სოფელ ა-----ს საკრებულოს 1997-2006 წლების საკომლო წიგნები ნ---- ტ-----ის ასული მ--------ე რეგისტრირებულია ცალკე კომლად და ოჯახის უფროსად. მისი კომლის წევრები არიან: თვითონ ნ---- მ--------ე; დ------ი მ--------ე-შვილი; თ-------- გოგოლაშვილი-შვილიშვილი. კომლს ერიცხება 1960 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი და 1.25 ჰა მიწის ფართობი .
ამდენად, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭ--------ში მდებარე სადავო უძრავი ქონება, ს/კ 5----------- წარმოადგენს ნ---- მ--------ის კომლის ქონებას, საიდანაც ნ---- მ--------ეს ეკუთვნის 1/3 წილი, რაზეც 2011 წელს, ნ---- მ--------ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, ხოლო 2012 წლის 27 დეკემბერს გაცემული ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობით დ------ მ--------ემ, როგორც პირველი რიგის კანონით მემკვიდრემ, მიიღო ნ---- მ--------ის სამკვიდრო ქონება სრულად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამკვიდროს გახსნის დღიდან დ------ი მ--------ეს ნ---- მ--------ის კუთვნილ 1/3 წილზე წარმოეშვა საკუთრების უფლება, ამიტომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭ--------ში მდებარე სადავო უძრავი ქონებიდან ს/კ 5-----------, დ------ი მ--------ეს ეკუთვნის 2/3 (1/3 +1/3) წილი, ხოლო თ-------- გ-----–-–---–ს- 1/3 წილი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე თ-------- გ-----–-–---–ი ასევე წარმოადგენს ნ---- მ--------ის 1 რიგის კანონით მემკვიდრეს, რადგან მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს გარდაცვლილი იყო მისი დედა, რომელიც მამკვიდრებლის 1 რიგის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და მოპასუხეს ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს სამკვიდრო, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მოპასუხეს მამკვიდრებლის მემკვიდრედ ყოფნის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, ანუ მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მისი დედის გარდაცვალების დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სწორედ მოპასუხეს ეკისრება. ამასთან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირის გარდაცვალების შესახებ გარემოება მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე არ შეიძლება დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, ხოლო შესაბამისი მტკიცებულება, რაც შეიძლება იყოს გარდაცვალების მოწმობა, გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წამოუდგენია.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების, მდებარე ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ჭ--------ი, საკადასტრო კოდი- №5----------- , ორი მესამედის მესაკუთრედ აღიარების და საჯარო რეესტრში აღნიშნული ქონების მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ, დასაბუთებულია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სამკვიდრო მასაში ლაგოდეხის რ-ნი სოფელ ჭ--------ში მდებარე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი არ შედიოდა, ვინაიდან 2011 წელს გარდაცვლილი ნ---- მ--------ე არ იყო კომლის უკანასკნელი წევრი. დ------ი მ--------ემ თვითინვე აღიარა რომ სადავო ქონება არ წარმოადგენდა სამკვიდროს როდესაც მან მიმართა საჯარო რეესტრს და სწორედ მისი მოთხოვნით და წარდგენილი საარქივო ცნობით ქონების ½-ის მესაკუთრედ თავად დარეგისტრირდა, ხოლო ½-ის მესაკუთრედ თ-------- გ-----–-–---–ი.
3.2. აპელანტის მითითებით, ის ფაქტი, რომ თ-------- გ-----–-–---–ი ნ---- მ--------ის პირველი რიგის მემკვიდრეა და ის ფაქტობრივი ფლობით შეუდგა სამკვიდროს ფლობას, აღნიშნული არც მოსარჩელეს გაუხდია სადავოდ, როდესაც მისივე ინიციატივით და განცხადებით მოხდა თ-------- გილიგაშვილის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. შესაბამისად სასამართლომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას არასწორი ინტერპრეტაცია მისცა და სათანადოდ არ შეაფასა.
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის შესაბამისად, „კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან“.
1336-ე მუხლი „შვილიშვილები, ... კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა“.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელ ად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. დადგენილია და მხარეთა შორის სადავოდ არ ხდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ოჯახი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 6 მარტის ცნობით დგინდება, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭ--------ის საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ---- ტ-----ის ასული მ--------ე, კომლში ირიცხებიან: - ნ---- ტ-----ის ასული მ--------ე - ოჯახის უფროსი, დ------ი გიორგი ძე მ--------ე-შვილი, რომლის გასწვრივ მითითებულია
,,გადახაზულია“, 1987 წ. 17.08. ქ. ყ------------ან, გასწვრივ მითითებულია ფრჩხილებში „(ასე იკითხება)“ ამოწერილია 23.03.1988; დ------ი მ--------ე- შვილი, ქ. ყ------------ან 1991წ. 19.09.
კომლს ერიცხება 1960 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი: 1986 წელს - 50 კვ. მ, 1987 წელს -56 კვ. მეტრი და 1986-1990 წლებში კომლს ერიცხება 0.31 ჰა მიწის ფართობი
სოფელ ჭ--------ის 1997-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ---- ტ-----ის ასეული მ--------ე, კომლში ირიცხებიან: ნ---- ტ-----ის ასული მ--------ე - ოჯახის უფროსი, დ------ი გიორგი ძე მ--------ე-შვილი, თ-------- გ---------ს ძე გ-----–-–---–ი, გასწვრივ მითითებულია, რომ ჩაწერა განხორციელდა 1999 წელს.
შესაბამისად, პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის ჩაწერა კომლში განხორციელდა 1999 წელს (იხ. საარქივო ცნობა (ს.ფ. 26-27)
4.2. დადგენილია, რომ ნ---- მ--------ე გარდაიცვალა 2011 წლის 2 ნოემბერს და 2012 წლის 27 დეკემბერს, მის სამკვიდროზე გაიცა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მოსარჩელე დ------ი მ--------ემ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (შვილი) მიიღო ნ---- მ--------ის სამკვიდრო ქონება სრულად, სამკვიდროში შემავალი აქტივებით და პასივებით (იხ. სამკვიდრო მოწმობა ტ. 1, ს.ფ. 36).
4.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე დ------ი მ--------ის და მოპასუხე თ-------- გ-----–-–---–ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭ--------ში მდებარე უძრავი ქონება დაზუსტებული ფართობი 2981.00 კვ.მ. ს/კ - 5-----------.
უფლების რეგისტრაციის თარიღია 19.06.2013წ. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საარქივო ცნობა დამოწმების თარიღი 22.07.2011წ.
აღნიშნულ საარქივო ცნობაში მითითებულია, რომ ლაგოდეხის არქივში დაცული სოფელ ა-----ს საკრებულოს 1997-2006 წლების საკომლო წიგნებში ნ---- ტ-----ის ასული მ--------ე რეგისტრირებულია ცალკე კომლად და ოჯახის უფროსად. მისი კომლი შედეგბა შემდეგი წევრებისაგან: მ--------ე ნ---- ტ-----ის ასული; მ--------ე დ------ი გიორგის ძე - შვილი; გოგოლაშვილი თ-------- გ---------ს ძე - შვილიშვილი, მის გასწვრივ მითითებულია: ჩაეწერა 1999 წ. ცნობის თანახმად, კომლს ერიცხება 56 კვ. მ. საცხოვრებელი სახლი და 1.25 ჰა მიწის ფართობი (იხ. ტ.1, ს.ფ. 19-21)
სამართლებრივი დასაბუთება
4.4. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: „საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით-საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არცერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის - არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონება და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრება იყო, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის კომლის წევრების საერთო საკუთრება თანაბარი წილით. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი“ (შდრ. სუსგ №ას-1778-1756-2011, 29.06.2012წ).
ამდენად, კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა იხსნება სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით და ამ დროს არ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლი, რომელიც სამკვიდროს გახსნის დროს სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესისაგან განსხვავებულად ადგენს, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო იხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან. მითითებულიდან გამომდინარე პალატა არ აიზიარებს მოპასუხის მოტივაციას, რომ ლაგოდეხის რაიონი, სოფელ ჭ--------ში მდებარე სადავო უძრავი ქონება 2981.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შესაბამისი შენობა ნაგებობა არ შედიოდა სამკვიდრო მასაში, ვინაიდან 2011წ. გარდაცვლილი ნ---- მ--------ე არ იყო კომლის უკანასკნელი წევრი.
დადგენილია, რომ 1993 წლის მდგომარეობით, კომლის წევრებს წარმოადგენდნენ ნ---- მ--------ე და დ------ი მ--------ე, რაც უდავოდ მიუთითებს იმ გარემოებაზე, კომლის ქონება 1993 წლიდან წარმოადგენდა მხოლოდ ამ პირთა თანასაკუთრებას. ამასთან, 2012 წლის 27 დეკემბერს გაცემული ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოსარჩელეს მიღებული აქვს ნ---- მ--------ის სამკვიდრო ქონება. რაც შეეხება, თ-------- გ-----–-–---–ს ირკვევა, რომ ის კომლში დარეგისტრირდა 1999 წელს, ამდენად საკოლმეურნეო კომლის ლიკვიდაციის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის გამოცხადების დროისათვის თ-------- გ-----–-–---–ი კომლის წევრს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, შეუძლებელია დ------ მ--------ეს წარმოშობოდა მოთხოვნის უფლება, როგორც კომლის წევრს. მიუხედავად აღნიშნულისა დგინდება, რომ მოსარჩელე მოპასუხის საკუთრების უფლებას ნივთის 1/3 ნაწილზე სადავოდ არ ხდის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, კი, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოსარჩელის წილი 2/3-ით, ხოლო მოპასუხის 1/3-ით, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, აპელანტს რაიმე დასაბუთებული არგუმენტები სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
4.5. საბოლოოდ, სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ იძლევა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ-------- გ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: გელა ქირია
დავით ახალბედაშვილი