განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119002964712
საქმე №1/ბ-423-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ-----------ე;
მსჯავრდებული: ზ---------------ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №1----------), განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-------------–-------–------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი);
სასჯელი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (დანაშაულთა ერთობლიობით), ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ---------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).
ზემოაღნიშნულის გამო, ზ---------------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით: ზ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის თვის ეპიზოდი), სსკ 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის თვის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, ზ---------------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ზ---------------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 15 მარტიდან, 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით), დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა - შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა 1800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით; დამატებით სასჯელზე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ზ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის N12/8-2019 განჩინებით, მ-----–---------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ზ------------------–----–----------------–------–-----------------------------------------------); ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: ზ---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ზ---------------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; სსიპ 112-ის დეპარტამენტის ჩანაწერი დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:
ზ---------------ემ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2000 წლიდან 2009 წლამდე თ---------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ---------------ესთან. 2018 წლის 14 თებერვალს, თ---------------ე, მეორედ დაქორწინდა ქალაქ გორში მცხოვრებ გ--------------–---–ზე, რაც გახდა ყოფილ მეუღლესთან უკმაყოფილების მიზეზი. 2018 წლის ზაფხულში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ---------------ემ, მობილურ ტელეფონზე დაურეკა ყოფილ მეუღლეს - თ---------------ეს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. აღნიშნული მუქარა, თ---------------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2000 წლიდან 2009 წლამდე, თ---------------ე, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ---------------ესთან. 2018 წლის 14 თებერვალს, თ---------------ე, მეორედ დაქორწინდა ქალაქ გორში მცხოვრებ გ--------------–---–ზე, რაც გახდა ყოფილ მეუღლესთან უკმაყოფილების მიზეზი. 2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, ზ---------------ეს ყოფილ მეუღლესთან, თ---------------ესთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი, რა დროსაც, ზ---------------ემ თ---------------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. აღნიშნული მუქარა, თ---------------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სააპელაციო საჩივრების არსი:
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ-----------ე სააპელაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ზ---------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, იმ საფუძვლით, რომ ზ---------------ისათვის დანიშნული სასჯელი არ არის მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი, რის გამოც, ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას.
დაცვის მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ზ---------------ის გამართლებას საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის მარტის ეპიზოდში) დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და 500 ლარის ოდენობით ჯარიმის შეფარდებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარის მიერ არ იქნა მოპოვებული ზ---------------ის მიერ 2018 წლის ზაფხულში თ---------------ისა და ნ--------------ის ტელეფონებზე ზარის განხორციელების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, დაზარალებულ თ---------------ის და მისი დედის - ნ--------------ის ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან ვერც ერთი ვერ უთითებს ზ---------------ის მიერ ზარის განხორციელების დროს და თარიღს, მხოლოდ ზოგადად მიუთითებენ 2018 წლის ზაფხულს. აპელანტის მითითებით, ნ--------------ე არის დაინტერესებული პირი და მისი ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული. შესაბამისად, ზ---------------ე უნდა გამართლდეს 2018 წლის ზაფხულის ეპიზოდში წარდგენილ ბრალდებაში. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის მარტის ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებას, ზ---------------ემ ამ ეპიზოდში, როგორც გამოძიებისას, ისე სასამართლო სხდომაზე, თავი ცნო დამნაშავედ, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება, იგი არის უმუშევარი და არ აქვს შემოსავალი, რის გამოც, საბოლოო სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის-1800 ლარის გადახდა მისთვის არის შეუძლებელი. შესაბამისად, აპელანტი ამ ნაწილში ითხოვს სასჯელის შემსუბუქებასა და ჯარიმის 500 ლარის ოდენობით შეფარდებას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, პროკურორმა კ-----------ემ, მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ასევე, ითხოვა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის უარყოფა; მოწინააღმდეგე მხარემ, მსჯავრდებულმა ზ---------------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ფ-----------------მა, მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი უარყოფა, ხოლო ითხოვეს მათ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
იმის გათვალისწინებით, რომ მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა, ორივე მხარის სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ-----------ისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
იმისათვის რომ მოხდეს წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ, რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.
პალატა ვერ გაიზიარებს, დაცვის მხარის პოზიციას, რომ ზ---------------ეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი), ვინაიდან, აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებიდან, ამასთან ერთად, არადამაჯერებელია და მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევისაკენ.
საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული დაზარალებულის თ---------------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის ზაფხულში, ყოფილმა მეუღლემ, ზ---------------ემ, მას დაურეკა კუთვნილ მობილურ ტელეფონზე, რამდენჯერმე შეაგინა დედის მისამართით... უთხრა, რომ "მუცელგამოფატრულს ნახავდა დედამისი, ყელს გამოჭრიდა და დაამახინჯებდა’’, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოწმის ჩვენაბაშივე მითითებულია, რომ აღნიშნულ სატელეფონო ზარამდე, დედამისს, ნ--------------ეს ტელეფონზე დაუკავშირდა ზ---------------ე და უთხრა: "შენს შვილს ნახავ მუცელგამოფატრულს და ყელგამოჭრილს....".აღნიშნული მას ტელეფონზე უამბო დედამისმა, ნ--------------ემ. სწორედ აღნიშნული სატელეფონო კავშირის და შემდეგ უკვე მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარის გამო, თ---------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოწმე ნ--------------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის ზაფხულში, ზ---------------ემ მას დაურეკა კუთვნილ მობილურ ტელეფონზე, შეაგინა დედის მისამართით და განუცხადა, რომ შვილს ნახავდა მუცელ გამოფატრულს და ყელგამოჭრილს. მოგვიანებით, აღნიშნული საუბრის შესახებ ტელეფონზე უამბო შვილს - თ---------------ეს.
შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების შესახებ და თავადვე მიიჩნევენ მათ უდავოდ, რაც არ მოითხოვს დამატებით დამტკიცებას და არ ექვემდებარება გონივრულ დავას. სისხლის სამართლის პროცესის თანახმად, პრეიუდიციად მიიჩნევა მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც პროცესის არცერთ მონაწილის მიერ არ არის საეჭვოდ მიჩნეული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროცესის მონაწილეთა დამოკიდებულება განაჩენით დასადგენი ფაქტობრივი გარემოებებისადმი, აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, სწორად მიიჩნია გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად დაზარალებულ თ---------------ის და მოწმის ნ--------------ის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდნენ მსჯავრდებულს და არ ეწინააღმდეგებოდნენ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებათა გამოკვლების შედეგებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, აპელანტის მოთხოვნას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი) ზ---------------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, ასევე, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ზ---------------ის მიერ, მის მიმართ წარდგენილი ბრალდების, კერძოდ, 2018 წლის ზაფხულის ეპიზოდში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც დადასტურებულია დაზარალებულის თ---------------ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების - ზ------------------ს, მ--------------ის, თ-----------------------–ის, თ------------ს, ნ--------------ის და მ---------------ის გამოკითხვის ოქმებით; დათვალიერების ოქმებით; ალკოჰოლური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით; შემაკავებელი ორდერითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა სწორად მიიჩნევს გასაჩივრებულ განაჩენში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლოს მე-2 მუხლის მიმართებით ჩამოყალიბებულ განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევეში შეუძლია უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, თუმცა, სასამართლოში არცერთი მტკიცებულება არ გამოკვლეულა და ყველა მტკიცებულება სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებად, იმის გამო, რომ მხარეთა მიერ ისინი მიჩნეული იქნა უდავოდ და აქედან გამომდინარე, მათი შინაარსი სწორად იქნა გამოყენებული სასამართლოს მიერ ზ---------------ის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელ, ერთმანეთთან შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებებად მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში, რადგანაც აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ გაბათილდებოდა ზ---------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით, მითუმეტეს, რომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ორივე ეპიზოდში მოკვლით ემუქრებოდა დაზარალებულს.
რაც შეეხება ზ---------------ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი), სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად ბრალდებულ ზ---------------ის მიერ ბრალდების ამ ნაწილში აღიარებითი ჩვენებით; დაზარალებულის თ---------------ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების - ზ------------------ს, მ--------------ის, თ-----------------------–ის, თ------------ს, ნ--------------ის და მ---------------ის გამოკითხვის ოქმებით; დათვალიერების ოქმებით; ალკოჰოლური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით; შემაკავებელი ორდერითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ---------------ემ ჩაიდინა, სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი), რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემცირების ნაწილში, რომლითაც დაცვის მხარე ითხოვს ზ---------------ისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი) სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის შემსუბუქებას 500 ლარის ოდენობამდე, სააპელაციო პალატა მხარის ამ მოთხოვნას არ ეთანხმება.
ამასთან, პალატა არ ეთანხმება ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ---------------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე, ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი და ზ---------------ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება, როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი, რომლითაც ზ---------------ე ცნობილია დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (ორი ეპიზოდი), უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვს ზ---------------ისათვის სასჯელის გამკაცრებას და ასევე, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ-----------------ის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვს ზ---------------ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი), ხოლო სასჯელის შემსუბუქებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის მარტის თვის ეპიზოდი) - არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.მსჯავრდებულ ზ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ფ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
4.ზ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის თვის ეპიზოდი), დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის თვის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, ზ---------------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ზ---------------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 15 მარტიდან, 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით), დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა - შეუმსუბუქდეს და განესაზღვროს ჯარიმა 1800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით;
7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებრივი სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნული სასჯელის ღონისძიების აღსრულება და მასზე კონტროლი;
8.ზ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის N12/8-2019 განჩინებით, მ-----–---------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ზ------------------–----–----------------–------–-----------------------------------------------);
9.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ზ---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ზ---------------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- სსიპ 112-ის დეპარტამენტის ჩანაწერი დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ. სვანიძე/