განაჩენი

სისხლის სამართლის 04.11.2019
საქმის ნომერი
330100119003120403
ინსტანცია
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003120403

საქმე № 1ბ/1599-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

გამართლებული - მ------- ღ----–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, დაბადებული 1----–-–------------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: კ-------------–------------–----–----–----------–--–----------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–-------------------------------------------------------------ში;

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

განაჩენის მიხედვით: მ------- ღ----–---–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით მ------- ღ----–---–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------- ღ----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

მ------- ღ----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ-------–----------–-------------–-----------------------------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ------- ღ----–---–მა შვილიშვილს ს--–---- ღ----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხში, ხოლო შემდეგ თავისი მარჯვენა ხელი გაარტყა მარცხენა ლოყაში, რა დროსაც ს--–---- ღ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მ------- ღ----–---–ის მხრიდან არასრულწლოვანი შვილიშვილის ს--–---- ღ----–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ---------------- რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მ------- ღ----–---–ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, ისეთი კატეგორის საქმეებზე, როგორიც არის ოჯახური ძალადობა უფრო სიფრთხილით უნდა შეფასდეს, რადგან ზოგადად მსგავსი ხასიათის კატეგორიის დანაშაულები ხასიათდება ლატენტურობის მაღალი ხარისხით და დაზარალებულები მხოლოდ მაშინ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, როდესაც სიტუაცია უკიდურესად იძაბება და შეიძლება ფატალური შედეგიც დადგეს, ხოლო სახელმწიფოს, საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, აქვს პოზიტიური ვალდებულება დაიცვას მსხვერპლი მოძალადისგან და დროულად და ეფექტურად მოხდეს ოჯახში ძალადობის საქმეზე რეაგირება. ,,ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ მ------- ღ----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გთავლისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, გამართლებულ მ------- ღ----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- ლ--–--–---–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ--------------- სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მ------- ღ----–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს მ------- ღ----–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ------- ღ----–---–ის მიერ შვილიშვილის ს--–---- ღ----–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

2019 წლის 20 ივნისის შეტყობინებით დადგენილია, რომ ,,112-ში“ შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, შეტყობინების ინიციატორი იყო ს--–---- ღ----–---–ი, რომელიც აცხადებდა, რომ ბაბუა, რომელიც არის ონკო პაციენტი, ძალადობს ფიზიკურად და მორალურად შეტყობინების ინიციატორზე.

2019 წლის 22 ივნისის შემაკავაბელი N0----- ორდერით დადგენილია, რომ გამოიცა შემაკავებელი ორდერი მ------- ღ----–---–ის მიმართ, ხოლო შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, ინციდენტის ფაბულაში მითითებულია, რომ მ------- ღ----–---–მა 2019 წლის 20 ივნისს ს--–---- ღ----–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

დაზარალებულმა ს--–---- ღ----–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - პაპის, მ------- ღ----–---–ის, წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

მოწმე ლ--–-------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის, მ------- ღ----–---–ის, წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

გამომძიებელ ი-----–----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 20 ივნისს, რადიოსადგურ ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი ს--–---- ღ----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, პაპამ მ------- ღ----–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ფეხი ჩაარტყა ფეხში და ხელი გაარტყა სახეში.

ს--–---- ღ----–---–მა გამოძიების ეტაპზე უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. ფიზიკური ძალადობა ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება მ------- ღ----–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

სააპელაციო პალატის შეფასებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ------- ღ----–---–ის მიერ შვილიშვილის ს--–---- ღ----–---–ის მიმართ ძალადაობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული ფიზიკური ძალადობის მატერიალური ფაქტი, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ერთადერთი მოწმის - გამომძიებლის ი-----–----------ის ჩვენების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს ძალადობის მატერიალური ფაქტი და შეაფასოს ფიზიკური ტკივილის კომპონენტი, რადგან ი-----–----------ის ჩვენება არის ირიბი ხასიათის, ვინაიდან მის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება (ინფორმაცია) ეფუძნება დაზარალებულის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მისი ჩვენება, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა წონადი მტკიცებულება ან მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ბრალდებულის ბრალეულობაში. მოცემულ საქმეში დაზარალებულმა ისარგებლა პროცესუალური იმუნიტეტით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - პაპის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ოჯახის სხვა წევრმა, ლ--–-------------–---–მა ასევე ისარგებლა პროცესუალური იმუნიტეტით და სასამართლოში უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. გამოძიების ეტაპზე დაზარალებულმა უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება, თუმცაღა, მხოლოდ ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისთვის. მოწმე ი-----–----------ის ზეპირი ჩვენება მისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს ირიბ ინფორმაციას. რაც შეეხება შემაკავებელი ორდერისა და მის ოქმს, შეტყობინებას, აღნიშნული მტკიცებულებები მართალია ადასტურებენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა პირდაპირი მოწმის ჩვენების ან/და ექსპერტიზის დასკვნის ან სხვა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად.

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მ------- ღ----–---–მა ჩაიდინა შვილიშვილის ს--–---- ღ----–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, გარდა მოწმე ი-----–----------ის ჩვენების, შეტყობინების, შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმისა, არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ------- ღ----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები გამყარებული არ არის სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით და, შესაბამისად, აღნიშნულს პალატა ვერ მიიჩნევს საკმარისად პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ მ------- ღ----–---–მა შვილიშვილის ს--–---- ღ----–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა.

 

პალატის შეფასებით, მართლმსაჯულების როლს ოჯახში ძალადობისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასათან ბრძოლის პროცესში, სასამართლო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მოძალადის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. ამავე დროს, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ პირის მსჯავრდება არ უნდა მოხდეს ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებების დარღვევის ხარჯზე.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ--------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

მ------- ღ----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ------- ღ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;

 

გამართლებულ მ------- ღ----–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი