განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2019
საქმის ნომერი
330210018002778790
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002778790

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4698-19 27 სექტემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - მ----- ფ------

 

მოწინააღმდეგე მხარე - კ----–-- ბ--------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. კ----–-- ბ--------მ თბილისის საქალაქო სასამართლოში მ----- ფ-------, თ-------–---–------ა და თ-----------------–-ს მიმართ სარჩელი აღძრა და მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 5516 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ----- ფ------ს, თ-------–---–------- და თ----------------–- მოსარჩელე კ----–-- ბ--------- სასარგებლოდ სოლიდარულად 5516 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ;

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება მ----- ფ------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2016 წლის 14 ივნისს შპს „ს--------------------------------–----“ და კ----–-- ბ--------ს შორის წერილობითი სესხის ხელშეკრულება N1---- დაიდო, რომლის თანახმადაც გამსესხებელმა სესხის სახით მსესხებელ კომპანიას 4200 ლარი გადასცა. სარგებლიანი სესხი 12 თვის ვადით, წლიური 33%-ის დარიცხვით (ყოველთვიური პროცენტი - 109.73 აშშ დოლარი), გაიცა. პროცენტის გატანა სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას უნდა განხორციელებულიყო (ტომი I, ს.ფ. 18-21).

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით (საქმე N--------), რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, თ----- ლ---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით განესაზღვრა;

 

მ----- ფ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, განესაზღვრა.

 

ამავე განაჩენით, თ----- მ---------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, განესაზღვრა.

 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე კ----–-- ბ-------- დაზარალებულად არის ცნობილი (ტომი I, ს.ფ. 22-149,146-150, 151-169).

 

7. 2016 წლის 14 ივნისის შპს „ს--------------------------------–----“ და კ----–-- ბ--------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის დაბრუნებისა და საპროცენტო სარგებლის მსესხებლისათვის გადაცემის ვალდებულება კომპანიას არ შეუსრულებია (ტომი I, ს.ფ. 22-149).

 

8. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში გამოიყენება, მაშინ როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე, კონკრეტული სამართალდარღვევისას, პირდაპირ კანონი ან ხელშეკრულება უთითებს. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ერთი კონტრაჰენტისა - მეორეს წინაშე, სამართალდამრღვევისა – დაზარალებულის წინაშე, დაკავშირებულია არა პიროვნული თავისუფლების ბოჭვასთან, როგორც ისტორიულ წარსულში, არამედ მოვალის ქონების შემცირებასთანაც. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი, დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და სამართალდარღვევის ბრალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.

 

9. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი არსებობს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

 

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;

 

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

 

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

 

4. ან მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.

 

10. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ფინანსური ზიანი, აპელანტის არამართლზომიერი ქმედებით იყო გამოწვეული. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აპელანტის მიერ შპს „ს--------------------------------–--სთვის“ გადაცემული ფულადი თანხის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვას და შესაბამისად, მისთვის ზიანის მიყენებას ედავებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, რომელიც აპელანტმა სრულად გაასაჩივრა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს მოპასუხის მიერ გამოწვეული ზიანი, მისი ოდენობის დადგენა, მიყენებულ ზიანსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს.

 

სააპელაციო პალატა უპირველესად ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ, კანონიერ ძალაში შესულ, განაჩენს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დასტურდება, რომ მ----- ფ------მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში, ჩაიდინა. კერძოდ, ბრალდებულების მიერ შპს „ს--------------------------------–--“ 2013 წლის 14 აგვისტოს დარეგისტრირდა. საზოგადოების ძირითად საქმიანობას მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება წარმოადგენდა. კომპანიის ერთპიროვნული დამფუძნებელი თ----- მ---------–ი, ხოლო დირექტორი - თ----- ლ---–----ე იყო. შპს „ს--------------------------------–--ს“ საქმიანობას, ფაქტობრივად, სრულად, თ----- მ---------–ის მეუღლე მ----- ფ------ წარმართავდა. შპს „ს--------------------------------–--ს“ დირექტორმა თ----- ლ---–----ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ----- ფ------- წაქეზებითა და თ----- მ---------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლის გარეშე, გასცა სესხები, როგორც თავად მ----- ფ-------, ასევე, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიანი საწარმოების სასარგებლოდ. ჯამურად, სესხის სახით, მ----- ფ------ზე მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „გ-----------“ - 328000 ლარი და 108300 აშშ დოლარი გაიცა, აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება არ მომხდარა. მიღებული თანხების ბრალდებულთა მიერ არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე შპს „ს--------------------------------–--მ“ მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება ვეღარ უზრუნველყო და 2 343 მოქალაქეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პრეიუდიციული ძალის მტკიცებულებას არ წარმოადგენს და იგი მოსარჩელეს მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთისგან არ ათავისუფლებს, ასევე განსახილველი დავა არც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს წარმოადგენს, რომლის განსახილველადაც კანონი განხილვის გამარტივებულ წესს ადგენს, რა დროსაც სასამართლო ზიანის მიყენების ფაქტს დადასტურებულად მიიჩნევს და მას არსებითად აღარ აფასებს. მიუხედავად ზემოაღნიშნული პირობებისა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც კ----–-- ფ-------თვის მიყენებული ზიანი უცილობლად დასტურდება, საქმეზე ერთადერთ, შეუდავებელ მტკიცებულებას წარმოადგენს. ამიტომ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი დასძლია და სასამართლოს წარმოუდგინა ზიანის მიყენების, დამდგარ შედეგსა და აპელანტის მიერ ჩადენილ ქმედებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულება, რომელიც საქმის მასალებში არსებული სხვა არცერთი მტკიცებულებით არ არის გაქარწყლებული.

 

11. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან განაჩენით ბრალდებულის მიერ ჩადენილმა ქმედებამ, კ----–-- ბ--------- მიერ კომპანიისთვის სესხად გაცემული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის უკან დაბრუნება გამორიცხა, ზიანის ოდენობად სწორედ 5516 აშშ დოლარი უნდა იქნეს მიჩნეული.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. იმ პრინციპის მხედველობაში მიღებით, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა სხვა პირს, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ სავარაუდო იყო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

საქმის მასალებში არსებობს მოსარჩელესა და შპს „ს--------------------------------–--ს შორის“ 2016 წლის 14 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ შპს „ს--------------------------------–--მ“ მოსარჩელისგან 4200 აშშ დოლარი წლიური 33%-იანი სარგებლით, ისესხა. სესხი 12 თვის ვადით გაიცა. ვინაიდან განაჩენით უტყუარადაა დადასტურებული, რომ მოპასუხეები კომპანიის ფინანსურ აქტივებს პირადი, მათ შორის, პირადი ბიზნესის წარმართვის მიზნით იყენებდნენ, რის შედეგადაც 2 343 მოქალაქე დაზარალდა, პალატა მიიჩნევს, რომ სესხის ძირითად თანხას ასევე, ის პროცენტიც უნდა დაემატოს, რომელსაც კ----–-- ბ-------- არამართლზომიერი ქმედების განუხორციელებლობის პირობებში მიიღებდა, ვინაიდან, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 412-ე მულისა, ეს არის ზიანი, რომელიც აპელანტისთვის წინასწარ სავარაუდო შეიძლებოდა ყოფილიყო.

 

12. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სააპელაციო საჩივარში მოყვანილ მსჯელობას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია პროცესუალური ვალდებულებები, საქმე მ----- ფ------- დაუსწრებლად განიხილა და ნაცვლად დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა, არსებითი გადაწყვეტილება გამოიტანა. პალატა აღნიშნულ მტკიცებას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით საქმის მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 15 მარტს ჩაინიშნა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსამზადებელი სხდომის ჩანიშვნის შესახებ აპელანტ მ----- ფ------ს კანონით დადგენილი წესით ეცნობა (ტომი I, ს.ფ. 241, 246). 2019 წლის 12 მარტს მ----- ფ------მ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოუდგინა განცხადება, რომლითაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სხდომის გადადებას მოითხოვდა. მის მიერ წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტში პირდაპირ არ იყო მითითებული მ----- ფ------- სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე. 2019 წლის 15 მარტს ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი თანამოპასუხე თ----- მ---------–ი გამოცხადდა, რომელიც ამავდროულად მ----- ფ------- მეუღლეა. ამასთან, აპელირება მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომელიც 2019 წლის 20 მარტს გაიმართა, აპელანტი არ ესწრებოდა და კანონით დადგენილი წესით მოწვეული არ ყოფილა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებაზე მხარეთა დასწრება სავალდებულო არ არის და იგი გავლენას მხოლოდ გასაჩივრების ვადებზე ახდენს, რაც აპელანტისთვის, როგორც მსჯავრდებული პირისთვის, მნიშვნელობის მქონე ვერ იქნება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები არ არსებობდა, მ----- ფ------ კანონით დადგენილი წესით იქნა ინფორმირებული სხდომის დანიშვნის თაობაზე და მისი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა ვერ გასწია.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

14. სააპელაციო პალატა ზემოთ განვითარებული მსჯელობის შესაბამისად განმარტავს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია, წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც არაორაზროვნად ადგენს დამდგარ ზიანსა და ბრალდებულად ცნობილი პირების, მათ შორის აპელანტის, მიერ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებას შორის კავშირს. აღნიშნული მტკიცებულებების გამაბათილებელი მტკიცებულება კი, აპელანტ მხარეს არ წარმოუდგენია, მისი მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შედავება სარწმუნო და წონად მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული. ამასთან, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა წერილობითი სესხის ხელშეკრულება, რომელიც ზიანის ოდენობის განსასაზღვრად საკმარის, რელევანტურ და შეუდავებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, იზიარებს დადგენილ ფაქტებსა და განვითარებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. პატიმრობაში მყოფი აპელანტი, მისთვის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებისა და სასამართლო წესით კანონიერი ინტერესების/უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ----- ფ------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი