განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130210018002720774
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3484-19 09 ოქტომბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები – თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - მ--–-----–----
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ-------------ი“
თავდაპირველი მოპასუხეები - კ-----------------–---–--------------------
გასაჩივრებული განჩინება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ლ-------------მა“ ხაშურის რაიონულ სასამართლოში მ--–-----–-----, კ-----------------–---–-სა და დ--------------ის მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 3691,03 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს სს „ლ-------------ის“ მიმართ სოლიდარულად 3691,03 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ. ამავე სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
4. აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით მ--–-----–----მ გაასაჩივრა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2018 წლის 13 ნოემბერს ხაშურის რაიონულ სასამართლოს სს „ლ-------------ის“ წარმომადგენელმა მიმართა, მ--–-----–-----, კ-----------------–---–-სა და დ--------------ის მიმართ, სოლიდარულად, 3691,03 ლარის გადახდის ვალდებულების დაკისრება მოითხოვა (ს.ფ. 2-53).
6. სასამართლოს მიერ სარჩელი განსახილველად იქნა მიღებული და მოსარჩელე მხარეს მოპასუხისთვის სარჩელის და თანდართული საბუთების ჩაბარების ვალდებულება დაეკისრა (ს.ფ. 56-59).
7. სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეებს სარჩელში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ, რაც, მ--–-----–----- მეუღლე - რ-------------------–---–-- და კ-----------------–---–-ს დედა - ნ---------------–---–- 2018 წლის 12 დეკემბერს, ხოლო, დ--------------ეს - 2019 წლის 08 იანვარს, ჩაბარდათ. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს 10 დღის ვადა ჰქონდათ დანიშნული (ს.ფ. 62-64).
8. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.
9. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაგებლის წარუდგენლობა არასაპატიო იყო. შესაბამისად, 2019 წლის 08 თებერვალს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა (ს.ფ. 66-68).
10. ხაშურის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 19 მარტს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრით მ--–-----–----მ მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს რესპუბლიკიდან გასული იყო, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ იმყოფებოდა და აღნიშნულის გამო სასამართლოში შესაგებელი ვერ წარადგინა. სარჩელის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც მეუღლემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ შეატყობინა (ს.ფ. 74).
11. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ საჩივრის განხილვის მიზნებისთვის 2019 წლის 04 აპრილს სხდომა გამართა, იგი დაუსაბუთებლად მიიჩნია და ამავე დღეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება გამოიტანა (ს.ფ. 84-95).
12. 2019 წლის 22 აპრილს მ--–-----–----მ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივარი წარადგინა, რომლითაც რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა. (ს.ფ. 97-106).
13. თბილისის სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე მხარეს სარჩელი და თანდართული მასალა კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, ასევე, 10 დღის ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგებიც განემარტა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი და თანდართული მასალა 2018 წლის 12 დეკემბერს მ--–-----–----- მეუღლე - რ-------------------–---–- ჩაბარდა. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების წესს, კერძოდ, საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. აღნიშნული დასაშვებია, როდესაც ადრესატი სასამართლო გზავნილის მიტანის მომენტში მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს მეუღლის მიერ საპროცესო დოკუმენტების ჩაბარების ფაქტი ან/და უწყების უკუგზავნილზე მის მიერ გაკეთებული ხელმოწერა სადავოდ არ გაუხდია. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის ერთ-ერთი დანიშნულება არაკეთილსინდისიერი მხარის მიერ უწყების ჩაუბარებლობის მინიმუმამდე დაყვანაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი პირი, რომელიც სამოქალაქო ვალდებულების შესრულებას თავს აარიდებდა და უწყების ჩასაბარებლად მისულ პირს მისამართზე არ დახვდებოდა, მის წინააღმდეგ სასამართლოში საქმისწარმოების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რაც უდავოდ გამოიწვევს დაინტერესებული პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ საჩივრის ავტორს სარჩელი და თანდართული მასალა კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა (ს.ფ. 62).
14. პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საჩივრის ავტორის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული არ იყო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში მ--–-----–----მ შესაგებელი არ წარადგინა, მოგვიანებით კი, აღნიშნული საპროცესო ვადის გაშვების მიზეზად საქართველოში არყოფნა დაასახელა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. განსახილველი მუხლი მართალია იმპერატიული არ არის და საპატიო მიზეზების აბსოლუტურ ჩამონათვალს არ განსაზღვრავს, თუმცა აკეთებს სავალდებულო დათქმას, რომლის თანახმად, მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ან/და სხვა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას საფუძვლად განსაკუთრებული ობიექტური გარემოება უნდა დაედოს. როდესაც მხარე სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ ახორციელებს საპროცესო მოქმედებას, აღნიშნული საპროცესო ვადის აღდგენა და მისი გაშვების საპატიოდ ცნობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. სააპელაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არყოფნა შესაძლებელია ისეთ მიზეზს წარმოადგენდეს, რომელსაც საპროცესო კოდექსი საპატიო მიზეზთა წრეს მიაკუთვნებს, თუმცა, დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, აღნიშნული გარემოების დამტკიცება უტყუარი მტკიცებულებებით უნდა მოხდეს.
განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, მისი უტყუარობისა და რელევანტურობის შეფასებაც შეუძლებელია.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას განამტკიცებს, რომელიც სასამართლოს მიერ საქმის დროულად და ეფექტურად გადაწყვეტის ვალდებულებასაც გულისხმობს. იმ პირობებში, თუ პროცესში მონაწილე მხარეებს სხდომის გადადების ან საპროცესო მოქმედებების შესასრულებელი ვადის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული მიზეზების არსებობისას, მაშინ საქმის დროული და ეფექტური გადაწყვეტა შეუძლებელი გახდება, რაც უდავოდ დაარღვევს, როგორც მოსარჩელე მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლებას ასევე, ეჭვქვეშ დააყენებს პროცესში მონაწილე მხარეთა უფლებების თანაბრად დაცვის ვალდებულებას.
15. სააპელაციო პალატა იზიარებს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის განჩინებაში მოყვანილ მსჯელობას 2019 წლის 08 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით, ანუ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარდგენა არ მოხდება და აღნიშნული არასაპატიო მიზეზითაა გამოწვეული, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ეთანხმება ხაშურის რაიონული სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოში არყოფნას მიუთითებდა, რაც რელევანტური მტკიცებულებით დადასტურებული არ ყოფილა.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის ანალიზიდან ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ლეგიტიმურობისთვის აუცილებელია მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობასთან ერთად, არსებობდეს უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად უნდა ამართლებდეს. სარჩელში მითითებული გარემოებები კი, სასამართლოს მიერ, ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, დამტკიცებულად მიიჩნევა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი).
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქვემდგომმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რასაც სააპელაციო პალატაც იზიარებს და მიიჩნევს, რომ ისინი სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა, კერძოდ, 2013 წლის 21 დეკემბერს სს „ლ-------------სა“ და მ--–-----–----ს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო. კრედიტის მოცულობა 7500 ლარით განისაზღვრა. კრედიტის მოქმედების ვადა - 72 თვეს შეადგენდა, საპროცენტო განაკვეთი - 17,5%-ით შეთანხმდა, ხოლო, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმავე დღეს, სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ერთი მხრივ, სს „ლ-------------სა“ და მეორე მხრივ, კ-----------------–---–-- და დ--------------ეს შორის თავდებობის ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლის საფუძველზეც აღნიშნულმა პირებმა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იკისრეს. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა 12191,90 ლარს შეადგენდა. ასევე, 2013 წლის 16 ნოემბერს მ--–-----–----ს ოვერდრაფტი გაუაქტიურდა, რომელზეც ათვისებულმა და დაუბრუნებელმა თანხამ 496,98 ლარი შეადგინა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვიეს, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სს
„ლ-------------ის“ წინაშე ვალდებულება არ შეუსრულებიათ. მოსარჩელე მოპასუხეებისგან სოლიდარულად, 3691,03 ლარის დაკისრებას მოითხოვდა, საიდანაც 2980,71 ლარი ძირი თანხაა, 297,41 ლარი - პროცენტი და ჯარიმა - 412,91 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ასევე, 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. 891-ე და 896-ე მუხლებით განმარტებულია, რომ თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელთან ერთად წარმოდგენილ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებები, მოვალეთა მიერ გადასახდელი თანხის გრაფიკი და მათი ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ს.ფ. 60). სააპელაციო პალატა ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასკვნის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულ მართებულობას არ შეეხება და შესაბამისად, განსახილველ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხე მხარემ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაადასტურა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებისა, არ არსებობს.
17. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
აპელანტმა მხარემ სასამართლოს წინაშე სარწმუნო დოკუმენტაცია ან/და სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიც პალატას საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ ცნობის ლეგიტიმურობაში დაარწმუნებდა, ვერ წარმოადგინა. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთს კი კანონმდებელი მას აკისრებდა. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) გაუქმების სამართლებრივი წანამძღვრები.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლისა აპელანტი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე 55-ე, 46-ე მუხლებით იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ--–-----–----- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. აპელანტი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებულია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები თამარ ალანია
თამარ ზამბახიძე