განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2019
საქმის ნომერი
340100119003063112
ინსტანცია
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 340100119003063112

საქმე №1ბ/1714-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ნოემბერი, 2019 წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა

 

გ----------------------–--------------------- პროკურორის ნ----- ტ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ო---- მ----ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------- საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--–-------------------------------------------------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 29 ივლისის განაჩენით, ო---- მ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო---- მ----ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

ო---- მ----ემ უკანონოდ შეიძინა რუსეთის ფედერაციაში მოქმედი მართვის მოწმობის ანალოგიური, 2013 წლის 30 სექტემბერს, მის სახელზე გაცემული, კუსტარულად დამზადებული, ყალბი მართის მოწმობა, რომელიც 2019 წლის 5 მაისს, “S-----”-ს მარკის (სახელმწიფო ნომრით S--------) სატვირთო ავტომანქანით და მისივე მისაბმელით, რომლის სახელმწიფო ნომერია B-------- საქართველოს საზღვრის კვეთისას, წარუდგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ლ----------“ უფროს მებაჟე ოფიცერს - შ--–-- მ------–---–ს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ----------------------–--------------------- პროკურორმა ნ----- ტ------–---–მა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. საჩივრის თანახმად, ო---- მ----ის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა ჩადენილ ქმედებასთან, ვინაიდან მსუბუქი და ზედმეტად ლმობიერია. პროკურორმა მიუთითა საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამამიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, ყურადღება უნდა მიექცეს ასევე საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სააპელაციო საჩივრის თანახმად ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ო---- მ----ე წარსულში ნასამართლევია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ყალბი მართვის მოწმობის შეძენა გამოყენების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. მართალია დღეის მდგომარეობით ნასამართლობა გაქარწყლებულია, მაგრამ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო აღნიშნული გარემოება, როგორც პიროვნების მახასიათებელი და არ გამოეყენებინა მის მიმართ მინიმალური სასჯელი, რადგან პირველი ქმედების ჩადენიდან მცირე დროში მსჯავრდებულმა კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშული.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ----------------------–--------------------- პროკურორის ნ----- ტ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ო---- მ----ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.

ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო უმტკიცებულებების, კერძოდ: მოწმეების - შ--–-- მ------–---–ის გამოკითხვის ოქმით, თავად ო---- მ----ის გამოკითხვის ოქმით, მართვის მოწმობის ამოღების ოქმით, ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო---- მ----ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გ----------------------–--------------------- პროკურორის ნ----- ტ------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა არ იზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

დასახელებული მოთხოვნების გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოს სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება.

 

მათ შორის სასჯელის ინდივიდუალურობის პრინციპის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ო---- მ----ის მიმართ, სწორად დაადგინა პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოები. კერძოდ, სწორად მიუთითა, რომ შემამსუბუქებელ გარემოებებს წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მოინანიება; სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის აღიარება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა. როგორც წესი, აღიარებით დანაშაულის ჩამდენი პირი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი, საზოგადებისათვის ზიანის მომტანი ქმედების უარყოფით ხასიათს და ცდილობს მისი შედეგების თავიდან აცილებას. ამავდროულად, დანაშაულის აღიარება ხელს უწყობს სრულყოფილ, ობიექტურ სამართალწარმოებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას. შესაბამისად ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და მათ შორის სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.

მსჯავრდებულის პიროვნების, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშული, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის მოთხოვნა სცილდება სამართლიანობის ფარგლებს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეაფრდებული ჰქონდათ გირაო და მის პირობებს იცავდა განუხრელად. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ არა თუ ამ პირობების დარღვევის შესახებ რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი, არამედ ამაზე აპელირებაც კი არ ყოფილა.

 

ამავდროულად პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, სასჯელის დანიშვნისას მსჯავრდებულის წარსულში ნასამართლობის გათვალისწინების თაობაზე, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა მართალია ო---- მ----ე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, თუმცა მას ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლის-სამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელ რაიმე ახალ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმსუბუქესთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას. ამასთან, დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა ზოგად მიდგომას, არამედ კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო---- მ----ეს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი. დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი ო---- მ----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ----------------------–--------------------- პროკურორის ნ----- ტ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 29 ივლისის, განაჩენი ო---- მ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ო---- მ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა ჩარიცხული იქნეს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი