განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.10.2019
საქმის ნომერი
330210018002545371
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/4572-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

 

აპელანტი – კ--------–-----

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,მ---------------------“

წარმომადგენელი - მი----------------–-

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.02.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 16.04.2019 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.02.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

 

1. მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო და შპს მ----------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. გამოთხოვილი იქნა კ--------–-----ს, შ--–---------–---ს და ნ--–--------–---ს უკანონო მფლობელობიდან შპს მ----------------------ის“ კუთვნილი უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ნ--–------------- №---, ბინა №-- (ს/კ 0----------------------) და აღნიშნული უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეა შპს მ----------------------ს“.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

2019 წლის 8 თებერვლის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები, რომლებსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

სასამართლომ განიხილა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინებით დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 8 თებერვალს. მოპასუხე კ--------–-----ს წარმომადგენელს ბ--------–------ სხდომის თარიღის და დროის შესახებ ეცნობა ამავე სასამართლო სხდომაზე (ესწრებოდა სასამართლო სხდომას და გაფრთხილებული იქნა სათანადო ხელწერილით). რაც შეეხება მოპასუხეებს შ--–---------–---სა და ნ--–--------–--ეს, სასამართლო სხდომის თარიღის და დროის შესახებ ეცნობათ 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით.

 

2019 წლის 8 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეები არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ აცნობეს სასამართლოს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი საკუთრებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოსარჩელის განმარტებით, კომპანიის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ნივთი მდებარე - ქ. თბილისი, ნ--–------------- №---, ბინა №-- (ს/კ 0----------------------). მოპასუხეები აღნიშნულ უძრავ ნივთს ფლობენ მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

14.03.2019 წელს მოპასუხემ - კ--------–-----მ საჩივარი წარადგინა სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით. აღნიშნულ საჩივარში მითითებულია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია შემოფარგლულია საქართველოს საკანონმდებლო ნორმების აღწერით ისე, რომ მასში ასახული არ არის სამართლებრივი შეფასებები. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწევული არ ყოფილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.04.2019 წლის განჩინებით სასამართლომ არ გაიზიარა საჩივარში მითითებული გარემოებები, რის გამოც მოპასუხე, კ--------–-----ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.02.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის მოთხოვნაა, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.02.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 16.04.2019 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და განახლდეს საქმის წარმოება, ვინაიდან, საქმის განხილვისას მიწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ხოლო, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი 08.02.2019 წლის სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კ--------–-----ს და ასევე, შ--–---------–---სა და ნ--–--------–---ს სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა დანიშნული იყო 08.02.2019 წელს, 11:00 საათზე, რომელზეც არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე (აპელანტი) - კ--------–-----.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო, ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას 2018 წლის 20 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდა აპელანტის (მოპასუხის) წარმომადგენელი, რომელსაც სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის მომდევნო თარიღისა და დროის თაობაზე ეცნობა სასამართლო სხდომის დროს, რაზედაც შედგა შესაბამისი სასამართლო უწყება (იხ. ს/ფ. 112). ამდენად, სასამართლო უწყება მოპასუხე მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად. შესაბამისად, კ--------–-----ს აპელირებას იმის თაობაზე, რომ იგი სასამართლო სხდომის თაობაზე არ იყო ინფორმირებული სათანადო წესით, პალატა ვერ გაიზიარებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აპელანტი მხოლოდ განმარტავს, რომ იგი არ იყო სასამართლო სხდომაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით ინფორმირებული, თუმცა, კონკრეტულად არ მიუთითებს ფაქტებსა და გარემოებებზე.

 

ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კ--------–-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.02.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 16.04.2019 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი