განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100117001907095
საქმე #1ბ/917-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ე-–------------–---–ის
ადვოკატის: გ--------------–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულის: ბ-–------------–ის
(მონაწილეობის გარეშე)
ღია სასამართლო სხდომაზე, კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე-–------------–---–ის და მსჯავრდებულ ბ-–------------–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ბ-–------------–ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №4----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ყ-----–--------------------–-------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით და 373-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ-–------------–მა ჩაიდინა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა. მანვე ჩაიდინა გამოსაკითხი პირისადმი მიმართვა ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ-–------------–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, ყ-----–--------------------–-------ში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს „ვ---------“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ,,W------“, რომელსაც მართავდა მართვის უფლების არმქონე მძღოლი ბ-–------------–ი. ბ-–------------–ი არ დაემორჩილა მათ და გააგრძელა მოძრაობა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. შემდეგ ავტომანქანა გააჩერა ქუჩაში, თავის სახლთან მოშორებით, თვითონ კი მიიმალა. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა, შესაბამისი პროცედურული წესების დაცვით, მოახდინეს ბ-–------------–ის ავტომანქანის სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანა. აღნიშნული ფაქტის თაობაზე ბ-–------------–მა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რის საფუძველზე კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში ბ-–------------–ი გამოიკითხა, რა დროსაც იგი გაფრთხილებული იქნა ცრუ დასმენისთვის მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, ბ-–------------–მა განახორციელა დანაშულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა პოლიციელების მიმართ. კერძოდ, განაცხადა, რომ ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომანქანის წაღების დროს, სცემეს მის მეუღლეს თ--------–----–---–ს, იმავე დროს უკანონოდ გადაიყვანეს მისი ავტომანქანა სპეციალურ ავტოსადგომზე და არ მისცეს ფულადი თანხა, რაც, თითქოსდა, ავტომანქანაში ჰქონდა შენახული. ასევე, მიმდინარე გამოძიების ფაგლებში, 2016 წლის 2 აპრილს, ბ-–------------–მა მიმართა მის თანასოფლელ რ--------------------ს, მოუწოდა მას, რომ ყოფილიყო ცრუ მოწმე, გამოძიებისათვის მიეწოდებინა ცრუ ინფორმაცია და განეცხადებინა, თითქოს, პოლიციელების მიერ მისი ავტომანქანის წაღების დროს მანქანაში ბ-–------------–ს შენახული ჰქონდა ფულადი თანხა, რაც პოლიციის თანამშრომლებმა მანქანასთან ერთად წაიღეს. ბ-–------------–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია არ დადასტურდა, რაც მიუთითებს, რომ მან განახორციელა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა და გამოსაკითხი პირისადმი მიმართვა ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით:
ბ-–------------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბ-–------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ-–------------–ს 2017 წლის 21 მარტიდან 2017 წლის 10 მაისის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა მისი შემდგომი მოხდისაგან.
ბ-–------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
2016 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, ყ-----–--------------------–-------ში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს „ვ---------“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ,,W------“, რომელსაც მართავდა მართვის უფლების არმქონე მძღოლი ბ-–------------–ი. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა, შესაბამისი პროცედურული წესების დაცვით, მოახდინეს ბ-–------------–ის ავტომანქანის სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანა. აღნიშნული ფაქტის თაობაზე ბ-–------------–მა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რის საფუძველზე, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში ბ-–------------–ი გამოიკითხა, რა დროსაც იგი გაფრთხილებული იქნა ცრუ დასმენისთვის მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, ბ-–------------–მა განახორციელა დანაშულის ჩდენის შესახებ ცრუ დასმენა პოლიციელების მიმართ. კერძოდ, განაცხადა, რომ ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა გ----------------–-–---–მა, ავტომანქანის გადაყვანის დროს, ცემა მისი მეუღლე თ--------–----–---–ი.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ე-–------------–---–მა, აგრეთვე, მსჯავრდებულმა ბ-–------------–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა ე-–------------–---–მა მოითხოვა ბ-–------------–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ბ-–------------–ი დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, აგრეთვე, 373-ე მუხლის პირველი ნაწილში დამნაშავედ იქნას ცნობილი ბრალდების კვალიფიკაციით - ბრალდებიდან არ ამოერიცხოს მითითება დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენაში ავტომანქანის უკანონო წაყვანისა და ფულადი თანხის მიტაცების ეპიზოდებში და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი აღნიშნული კვალიფიკაციების სანქციის ფარგლებში.
მსჯავრდებულ ბ-–------------–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ბ-–------------–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდებისა და დაცვის მახრეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის და მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ბ-–------------–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ-–------------–ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს, აგრეთვე, 373-ე მუხლის პირველი ნაწილში ბრალდებიდან დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენაში ავტომანქანის უკანონო წაყვანისა და ფულადი თანხის მიტაცების ეპიზოდების ამორიცხვას. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს ბრალდების ამ ეპიზოდებში საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმედ დაკითხულმა რ--------------------მა აჩვენა, რომ ბ-–------------–ი მას არ დამუქრებია და არ უთქვამს, რომ დადგომოდა ტყუილ მოწმედ. მან (რ--------------------მა) ბ-–------------–ის ავტომაქანის ჩამორთმევის შესახებ იცის გ----------------–-–---–ისგან, რომელმაც უთხრა, რომ გამოძიებისთვის მიეცა ჩვენება, თითქოს, მას (მოწმეს) ბ-–------------–ი აიძულებდა ეთქვა, რომ ავტომანქანაში ედო ფული. მან (რ--------------------მა) გამოძიებას მისცა ჩვენება გ----------------–-–---–ის მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად და გამოკითხვის ოქმში მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას, რომ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბ-–------------–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედოს მოწმე რ--------------------ის გამოძიებაში გამოკითხვის ოქმი, რომელშიც მოწმე ამხელდა ბ-–------------–ს, რომ ამ უკანასკნელმა სთხოვა რ--------------------ს, დადგომოდა ცრუ მოწმედ, თითქოს, პოლიციელების მიერ მისი (კ--------–ის) ავტომანქანის წაღებისას მანქანაში ედო ფული და პოლიციამ მანქანასთან ერთად ეს ფულიც წაიღო, რაზეც უთხრა უარი და ბ-–------------–თან ამ საუბრის შესახებ შეატყობინა პოლიციის ინსპექტორ გ----------------–-–---–ს. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ, როგორც აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმედ დაკითხულმა რ--------------------მა არ დაადასტურა ბ-–------------–ის თხოვნა, რომ ყოფილიყო ცრუ მოწმე ამ უკანასკნელის ავტომანქანიდან პოლიციელების მიერ თანხის მითვისებაში, ხოლო გამოძიებაში გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია ახსნა პოლიციელების ზეწოლით. პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოწმე რ--------------------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით არ დადასტურდა ბ-–------------–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ხოლო ბრალდების ამ ეპიზოდში ბ-–------------–ის ბრალეულობის დასადასტურებლად სახელმწიფო ბრალმდებელს არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ბ-–------------–მა ჩაიდინა გამოსაკითხი პირისადმი მიმართვა ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ბ-–------------–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ბ-–------------–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებიდან დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენაში ავტომანქანის უკანონო წაყვანისა და ფულადი თანხის მიტაცების ეპიზოდების ამორიცხვას, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენაში იგულისხმება კონკრეტული პირის დადანაშაულება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ამა თუ იმ ქმედების ჩადენაში, რაც სინამდვილეში ამ კონკრეტულ პირს არ ჩაუდენია, ანუ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს დამნაშავე პირის მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება პირს ბრალად შეერაცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების (ცრუ დასმენა) ჩადენა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილი მაკვალიფიცირებელ გარემოებებად უთითებს იგივე ქმედებას (დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენას), თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში. აღნიშნული დეფინიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენის შემთხვევაში ადგილი უნდა ჰქონდეს კონკრეტული პირის ტყუილად დადანაშაულებას (დასმენას, დაბრალებას), რომ ამ პირმა, თითქოსდა, ჩაიდინა დანაშაული, რაც სინამდვილეში არ მომხდარა, ვინაიდან ბრალი, ბრალდება თავისი არსით მოიცავს მხოლოდ კონკრეტული სუბიექტის დადანაშაულებას დანაშაულის ჩადენაში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სრულად იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას, რომ საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ბ-–------------–მა ვინმე კონკრეტული პირი დაასმინა მისი კუთვნილი ავტომანქანიდან თანხის მითვისებაში, არამედ გამოძიებაში ბ-–------------–ი გამოკითხვის ომებსა და განცხადება-საჩივრებში ყველგან მიუთითებდა, რომ საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანილ მის ავტომანქანაში შენახული ჰქონდა ფული და ითხოვდა ამ თანხის უკან დაბრუნებას. იგივე განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოში თავის ჩვენებაში ბრალდებულმა ბ-–------------–მა, რომ ავტომანქანაში მას ედო ფულადი თანხა, რომლის დაბრუნებასაც ითხოვდა, ხოლო ის, რომ ვინმესთვის დაებრალებინა ფულის აღება ან მოპარვა, მას არ განუცხადებია. სააპელაციო პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას პოლიციელთა მიერ ბ-–------------–ის კუთვნილი ვაზ 2107 მარკის ავტომანქანის ევაკუატორით საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის ფაქტობრივი გარემოების შეფასების ნაწილში. აღნიშნული, ბ-–------------–ის შეფასებით, წარმოადგენდა პოლიციელთა მხრიდან უკანონო ქმედებას, ბ-–------------–ი გამოძიებაში და სასამართლოშიც მიიჩნევდა, რომ პოლიციელებმა მისი კუთვნილი ვაზ 2107 მარკის ავტომანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე კანონის დარღვევით გადაიყვანეს და ასევე კანონის დარღვევით შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ვინაიდან იმთავითვე არ ეთანხმებოდა იმ გარემოებას, რომ ზემოხსენებულ ავტომობილს თვითონ მართავდა და არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას, გაეჩერებინა ავტომანქანა, რაც რეალურად გახდა კიდეც ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის მიზეზი. ზემოხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ-–------------–ის საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებიდან დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენაში ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე უკანონო წაყვანისა და ფულადი თანხის მისაკუთრების ეპიზოდების ამორიცხვით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო კანონიერი და მართებული გადაწყვეტილება.
იმავდროულად, სააპელაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ ბ-–------------–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში (პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, თითქოსდა, მსჯავრდებულის მეუღლის ცემის ფაქტი) თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ-–------------–ის მიერ აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი სრულად დადგენილი და დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ბ-–------------–მა განაცხადა, რომ 2016 წლის 24 თებერვალს, იმყოფება სახლში, ყ-----–--------------------–-------ში. ავტომანქანა გაჩერებული ყავდა საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან. სახლში ყოფნისას გაიგონა დაძახების ხმა, რაზეც გავიდა გარეთ და დაინახა ვ----–---------–---–ი, პოლიციის ავტომანქანა და გ----------------–-–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ იგი ეძახდა. იგი (ბ-–------------–ი) ამ დროს შებრუნდა სახლში, რა დროსაც გაიგო ხმა - „მიდი ბიჭო დაურეკეო“ ასევე - „ვ-–-----, კ--------–ი საჭესთან ვერ დავიჭირეო“. ამის შემდეგ შევიდა სახლში წამლების ასაღებად და დაბრუნდა ეზოში, სადაც დაინახა იარაღ მომარჯვებული პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ავტომანქანას უღებდნენ სურათებს. იგი (ბ-–------------–ი) გარეთ აღარ გასულა და შებრუნდა სახლში. შემდეგ საკუთარი ღორები გაექცა მეზობლის ნაკვეთში, რომელთაც გაეკიდა და დაახლოებით ერთ საათში დამწყვდია საღორეში, შევიდა სახლში, გამოიცვალა ტანსაცმელი და გავიდა გარეთ, სადაც დაინახა, რომ მისი ავტომანქანა არ იდგა ჭიშკართან. ამის შემდეგ გავიდა ქუჩაში, სადაც იქ მყოფი ბიჭებისგან გაიგო, რომ ავტომანქანა პოლიციელებმა გადაიყვანეს ევაკუატორზე. ადგილზე მისვლისას იკითხა, რატომ მიყავდათ ავტომანქანა, რაზეც გ----------------–-–---–მა უპასუხა, რომ მათ მიყავდათ მანქანა. ამ დროს ადგილზე მივიდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლებიც, ასევე მისი (ბ-–------------–ის) მეუღლე თ--------–----–---–ი, რომელიც კითხულობდა, თუ რატომ გადაყავდათ ავტომანქანა და გააჩერა ევაკუატორი. ამ დროს გ----------------–-–---–მა თ--------–----–---–ს ჰკრა ხელი, რაზეც თ--------–----–---–ი ჩავარდა რუში, ცხვირი დაარტყა ასფალტზე და წამოუვიდა სისხლი. იგივეს აცხადებდა ბ-–------------–ი გამოძიებაში გამოკითხვის ოქმებსა და განცხადებებში.
სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, შს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ----------------–-–---–მა აჩვენა, რომ 2016 წლის 24 თებერვალს, მ-----–--–---–---–თან და დ--------–--------–---–თან ერთად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინახეს ბ-–------------–ი, რომელიც მისი კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდებოდა სოფელში. იმის გათვალისწინებით, რომ იცოდნენ - ბ-–------------–ს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, მიყვნენ უკან და ხმამაღალი მოლაპარაკით მოსთხოვეს ავტომანქანის გაჩერება, რაზეც ბ-–------------–ი არ დაემორჩილა, ავტომანქანა გააჩერა მისივე საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან და შევიდა სახლში. მან (გ----------------–-–---–მა) ბ-–------------–ს დაუძახა გამოსულიყო გარეთ, რათა მისთვის შეედგინათ საჯარიმო ქვითარი, რასაც ეს უკანასკნელი კვლავ არ დაემორჩილა. ამის შემდეგ მათ (პოლიციელებმა) გამოიძახეს ევაკუატორი, რომელზეც მოათავსეს ავტომანქანა. მანამდე ევაკუატორის მძღოლმა დაათვალიერა ავტომანქანა და შეადგინა სათანადო ოქმი. ამ დროს მათთან მივიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გამოგზავნილი ჰყავდა ბ-–------------–ს და სთხოვა ავტომანქანიდან სიგარეტის ამოღება, რაც ამ უკანასკნელს გადასცეს. ამის შემდეგ, სანამ ავტომანქანას წაიყვანდნენ საჯარიმო ავტოსადგომზე, მათთან მივიდა ბ-–------------–ის მეუღლე, რომელიც ევაკუატორს უდგებოდა წინ და არ აძლევდა წასვლის საშუალებას, რომელიც გადაიყვანეს გზის გვერდულზე, რის შემდეგ ავტომანქანა გადაიყვანეს საჯარიმო ავტოსადგომზე. ავტომანქანაში სიგარეტის მეტი არაფერი ყოფილა. არც მისი (გ----------------–-–---–ის) და არც სხვა პოლიციელების მხრიდან თ--------–----–---–ის მიმართ არ ყოფილა უხეში მოპყრობა, მას არავითარი ტკივილი ან დაზიანება არ მიუღია, ეს უკანასკნელი პოლიციელებმა უბრალოდ გზიდან გადაიყვანეს გვერდულზე. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, შს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა დ--------–--------–---–მა და მ-----–--–---–---–მა. ამ უკანასკნელმა დამატებით განმარტა, რომ, როდესაც ავტომანქანა უკვე იდო ევაკუატორზე, ამ დროს ბ-–------------–ის მეუღლე ევაკუატორს გადაუდგა წინ და არ აძლევდა გადაადგილების საშუალებას, რა დროსაც მას უთხრა, თუ არ გადავიდოდა, დააკავებდა ადმინისტრაციული წესით, რის შემდეგ მოკიდეს ქალბატონს ხელი და გადაიყვანეს გვერდულზე ისე, რომ არავის არც ხელი დაურტყამს მისთვის და არც რაიმე ძალადობა განუხორციელებიათ.
მოწმე გ-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2016 წელს მუშაობდა ყვარლის შს სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2016 წლის თებერვალში, მას ტელეფონზე დაუკავშირდნენ თანამშრომლები, რომლებმაც მოახსენეს, რომ გააჩერეს ბ-–------------–ი, რომელიც მართავდა ავტომანქანას, ამასთან, ბ-–------------–ი გადავიდა ავტომანქანიდან და მიიმალა, რაზეც თანამშრომლებს უთხრა, რომ ემოქმედათ კანონის შესაბამისად და გამოეძახათ ევაკუატორი. ამის შემდეგ იგი (მოწმე) ნ--------–-----თან ერთად სიტუაციის გაცნობის მიზნით, გავიდა ადგილზე, სადაც ავტომანქანა უკვე აყვანილი იყო ევაკუატორზე, რა დროსაც ბ-–------------–ის მეუღლე წინ გადაუდგა ევაკუატორს და არ აძლევდა გადაადგილების საშუალებას, რაზეც იგი პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს გზის გვერდულზე, რათა ეკაკუატორს გაეგრძელებინა გზა. ადგილზე პოლიციის თანამშრომლებს ბ-–------------–ის მეუღლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, შს ყვარლის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ნ-----–---------–-----მა.
სასამართლოში დაკითხულმა მოწმე ვ----–----------ემ აჩვენა, რომ 2016 წელს, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, ოპერატორის გამოძახების საფუძველზე, გამოცხადდა ყ-----–--------------------–-------ში, საიდანაც უნდა გადაეყვანა ვაზ 2107 მარკის ავტომანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე. ადგილზე მისვლისას მოახდინა ავტომანქანის დათვალიერება და ფოტოგადაღება, რაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმი. ავტომანქანის დათვალიერებისას მასში გარდა სიგარეტისა, არაფერი უნახავს. აღნიშნული სიგარეტიც გაატანეს მეპატრონესთან. ამის შემდეგ ავტომანქანა უნდა გადაეყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე. ევაკუატორის დაძვრისას მას წინ გადაუდგა ქალბატონი, რომელიც არ აძლევდა გადაადგილების საშუალებას, რის შემდეგ ხსენებულ ქალბატონთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, მოარიდეს ავტომანქანას ისე, რომ მის მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია, რის შემდეგაც მოახდინა ავტომანქანის გადაყვანა.
მოწმე ა---------–---–მა სასამართლოში აჩვენა, რომ 2016 წლის თებერვალში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, იმყოფებოდა ყ-----–--------------------–-------ში, მეზობლის ოჯახში. შემოესმა ხმაური, რაზეც გავიდა გარეთ და დაინახა, რომ ბ-–------------–ის ავტომანქანა პოლიციის თანამშრომლებს გადაყავდათ ევაკუტორით. ამის შემდეგ იგი (მოწმე) მივიდა ბ-–------------–თან და აუხსნა, რაც ხდებოდა, რაზეც ბ-–------------–მა უთხრა, რომ ღორებს დაამწყვდევდა და გამოვიდოდა, ხოლო მანამდე სთხოვა, ავტომანქანიდან მისთვის მოეტანა სიგარეტი, რაზეც იგი (მოწმე) მივიდა ევაკუატორთან, საიდანაც ბ-–------------–ს მოუტანა ორი ბლოკი სიგრეტი. როდესაც ავტომანქანა მიყავდათ ევაკუატორით, ამ დროს მათთან მივიდა ბ-–------------–ის მეუღლე, რომელიც ეკითხებოდა, თუ რატომ გადაყავდათ ავტომანქანა, ხოლო, როდესაც ბ-–------------–ი გაიქცა და მას გაეკიდნენ პოლიციელები, ამ დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა ბ-–------------–ის მეუღლეს ჰკრა ხელი, რაზეც ეს უკანასკნელი წაბარბაცდა.
ამრიგად, სასამართლოში წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ზემოხსენებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა შს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ----------------–-–---–ის მიერ მსჯავრდებულ ბ-–------------–ის მეუღლის თ--------–----–---–ის ცემის, კონკრეტულად კი ხელის კვრის შედეგად ამ უკანასკნელის გზისპირა არხში ჩავარდნის ფაქტი, რასაც აცხადებდა გამოძიებაში თავის განცხადება-საჩივრებსა და გამოკითხვის ოქმებში ბ-–------------–ი, რომელიც კანონის შესაბამისად, გაფრთხილებული იყო ცრუ დასმენისთვის მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რითაც ბ-–------------–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ბ-–------------–ისათვის ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ბ-–------------–ის მიმართ, როგორც გამამართლებელ, ისე გამამტყუნებელ ნაწილში, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ-–------------–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე-–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ ბ-–------------–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი ბ-–------------–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ბ-–------------–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ბ-–------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ-–------------–ს 2017 წლის 21 მარტიდან 2017 წლის 10 მაისის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და გათავისუფლდეს მისი შემდგომი მოხდისაგან;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ბ-–------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ბ-–------------–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ ე-–--------------–ის (პირადი №4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N5------------
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ბ-–------------–ის პასპორტი და პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე